საქმე №ა-2012-შ-56-2022 13 ივნისი, 2022 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე. ა. ს-ჯ
მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ჯ. ს.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგება
დავის საგანი – მეუღლეთა ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ს რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგებით ქმარი (ფ. ჯ. ს.) კისრულობს ვალდებულებას, რომ, რეესტრში რეგისტრაციის გზით, 2 წლის განმავლობაში გადასცეს ცოლს (ე. ა. ს-ჯ-თი) საქართველოში, ქალაქ თბილისში, საბურთალოზე, ა.პ-ას ქუჩა --/-/----ში მდებარე ბინა.
2. ადვოკატმა რ. მ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ან უფლებამოსილი ადვოკატის სახელზე სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი; ბ) ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესის დასაბუთება.
4. 2022 წლის 23 მაისს ადვოკატმა რ- მ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობის ავტორის მიერ სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც დასტურდება მარწმუნებლის სახელით სამოქალაქო საქმის წარმოებისა და სასამართლოში სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება, ხოლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინა ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესის დასაბუთება, რომლის თანახმად:
4.1. შუამდგომლობის ავტორის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სრული მოცულობით (100%) მოპოვება. სადავო ქონება მდებარეობს ქ. თბილისში, საბურთალოზე, ა. პ-ას ქუჩა ..-ში, ბინა №.., რომელშიც ამჟამად მისი კუთვნილი წილი შეადგენს 50%-ს, ხოლო წილის მეორე ნახევარი ასახულია მისი ყოფილი მეუღლის, ფ. ჯ. ს-ის სახელზე;
4.2. ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონულმა სასამართლომ 2020 წლის 13 თებერვალს დაამტკიცა ყოფილ მეუღლეებს შორის მორიგება, რომლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორის ყოფილმა მეუღლემ - ფ. ჯ. ს-იმ იკისრა ვალდებულება, რომ რეესტრში რეგისტრაციის გზით, 2 წლის განმავლობაში გადაეცა შუამდგომლობის ავტორისთვის ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაში მისი კუთვნილი 50%-იანი წილი;
4.3. ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონული სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 13 თებერვალს. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორს 2 წლის თავზე ანუ 2022 წლის 13 თებერვლიდან წარმოეშვა უფლება მოეთხოვა საჯარო რეესტრისათვის მის სახელზე ფ. ჯ. ს-ის 50%-იანი წილის დარეგისტრირება, რადგანაც ამ უკანასკნელმა არ შეასრულა მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ დაურეგისტრირა მას თავისი 50%-იანი წილი;
4.4. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნული 50%-იანი წილის რეგისტრაციის მიზნით 2022 წლის 24 თებერვალს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტი ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონული სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შესახებ;
4.5. ამდენად, ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი შეძლებს მორიგებით გათვალისწინებული ბინის დარჩენილი 50%-ის მის სახელზე დარეგისტრირებას და იგი გახდება აღნიშნული ბინის 100%-იანი წილის მესაკუთრე. უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრედ გახდომა კი შუამდგომლობის ავტორს შესაძლებლობას მისცემს ყოველგვარი შეზღუდვისა და მესამე პირის თანხმობის გარეშე განახორციელოს თავისი საკუთრების მართვა და განკარგვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ა. ს-ჯ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
8. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ანალოგიურად, შუამდგომლობის ხარვეზის არსებობისას სასამართლო შუამდგომლობის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ან უფლებამოსილი ადვოკატის სახელზე სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი; ბ) ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესის დასაბუთება. ამასთანავე, მას განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესის დასაბუთების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორს არ გააჩნია აღნიშნული მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა თავისთავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს და ამ შინაარსის შუამდგომლობა გარკვეულწილად გაიგივებულია აღიარებით სარჩელთან, რომელიც ფორმალურად კანონის ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო სასამართლომ ამ აღიარების ნამდვილობის გამორკვევის შედეგად უნდა შეაფასოს მოთხოვნის მართებულობა.
12. სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს [სსსკ-ის 180-ე მუხლი].
13. ამდენად, შუამდგომლობის განსახილველად მიღების ეტაპზე უნდა იკვეთებოდეს მხარის იურიდიული ინტერესის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს განაცხადებს შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე [სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი: სარჩელში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი; 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი: მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით].
14. განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და განმარტავს, რომ ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონული სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულება შუამდგომლობის ავტორის ყოფილმა მეუღლემ არ შეასრულა და 2 წლის განმავლობაში არ დაურეგისტრირა მას თავისი 50%-იანი წილი, რაც შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, წარმოუშობს მას 2 წლის თავზე საჯარო რეესტრისათვის მის სახელზე ფ. ჯ. ს-ის 50%-იანი წილის დარეგისტრირების მოთხოვნის უფლებას.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ცნობა ამავე დოკუმენტის შედეგების სრულფასოვანი განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა და ვერ იქნება მიღწეული შუამდგომლობის ავტორის ინტერესი.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მოცემული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია სათანადოდ და მან ვერ შეძლო ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-ის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესის დასაბუთება, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ სარჩელებზე, რომლებიც საქართველოში მდებარე უძრავ ქონებას ეხება, რაც ამავე კანონის 68.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეიძლება გახდეს ამ ქონებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება (აღნიშნულ საკითხზე იხილეთ სუსგ საქმე №ა-3666-შ-100-2016, 31 ივლისი, 2017 წელი; საქმე №ა-1582-შ-34-2013, 20 მაისი, 2014 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 180-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ა. ს-ჯ-თის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ჰ-გის რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის მორიგების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური