საქმე №ას-491-2022 20 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ფ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. მ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ფ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
გ-ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.
გ-ის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განჩინებით გ-ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით ა. ფ-ეს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2022 წლის 6 მაისს და ამავე წლის 7 მაისს ჩაბარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში არსებულ მისამართზე - ქ. გ-ი, ---- ქ. N--, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება რომ, გზავნილი 2022 წლის 7 მაისს ჩაბარდა პირადად ადრესატს (იხ. ს.ფ. ---).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 8 მაისს დაიწყო და ამავე წლის 13 მაისს ამოიწურა. ამ დროის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. ფ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ა. ძაბუნიძე