Facebook Twitter

№ას-933-2021

16 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჩ-ს რ-ის ..-ე ბ-ს ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. რ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. რ-ემ (შემდგომში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ის“ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 33 287 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

1.2. მოსარჩელის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ----, სადაც მოპასუხე კომპანიის მიერ სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია.

1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 ნოემბრის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით. ინდივიდუალური მეწარმე ზ. გ-ის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის ოდენობა შეადგენს 33 287 ლარს.

1.4. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დაუსაბუთებელია.

1.5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკირა 25000 ლარის გადახდა. დადგინდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 10000 ლარის დაკისრების ნაწილში.

1.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 33 287 ლარის გადახდა.

2.1. უძრავი ქონება, მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ---, 949 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით: ---, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე.

2.2. მოპასუხე მხარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ --- აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის პროცესში ხორციელდებოდა მიწისქვეშა აფეთქებები.

2.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 ნოემბრის N--- დასკვნის თანახმად (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები), მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია შენობის ფასადის მხარეს მდებარე ნაწილი, შენობის ამ ნაწილის შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. ევროპის მაკროსეისმური სკალის (ESM-98) მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მიეკუთვნება მე-3 ხარისხს, ისინი სპეციფიკური ხასიათისაა და იმის გათვალისწინებით, რომ 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა შესაბამისი სიმძლავრის მიწისძვრები, დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.

2.4. საქმეში ასევე წარმოდგენილია ინდ. მეწარმე „ზ.გ-ის“ მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებით მიყენებული ზიანი 33 287 ლარს შეადგენს.

2.5. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ ზიანის კონკრეტულ ოდენობასთან დაკავშირებით, წარმოდგენილ დასკვნაზე შედავება განახორციელა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ საძირკვლის სამუშაოები კავშირში არ არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში მითითებულ დაზიანებასთან.

2.6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი კომპანია „ე-ის“ დასკვნები ვერ აქარწყლებდა სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლოს ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებულ იმპერატიულ დასკვნას. კერძოდ, კომპანია „ე-ის“ 2017 წლის 20 ივლისის N--.- დასკვნის შინაარსიდან ირკვეოდა, რომ იგი შეეხებოდა ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და იყო მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. დასკვნის შედგენისას არ შესწავლილა მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და შენობა-ნაგებობის სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. მოპასუხის მითითება, რომ კომპანია „ე-ის“ დასკვნის თანახმად, აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში და არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება, არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან, აფეთქებები ატარებდა მრავალჯერად ხასიათს და იწვევდა ნიადაგის ჯდენით პროცესებს. საერთაშორისო კომპანია „ე-ის“ 2019 წლის 4 აპრილის საექსპერტო დასკვნა კი ეფუძნებოდა ამავე კომპანიის 2017 წლის 20 ივლისის N----.- ზემოთ აღნიშნულ დასკვნას.

2.7. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 ნოემბრის დასკვნის შედგენისას გათვალისწინებული იყო კომპანია „ე-ის“ დასკვნაში გამოყენებული მონაცემები და მიჩნეული იყო, რომ კომპანია „ე-ის“ დასკვნაში გამოყენებული თეორიული მიდგომა არასრულყოფილ სახეს ატარებდა და ვერ ასახავდა რეალურ მდგომარეობას. დასკვნაში თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენდა ცხრას, ხოლო რეალურად დაზიანდა ასზე მეტი შენობა. დასკვნაშივე იყო მითითებული, რომ სახლები რომლებიც განთავსებულია აფეთქებითი სამუშაოებიდან 29 მეტრზე მეტი დაშორებით, მიიჩნეოდა დაბალი რისკის შემცველად, რაც ლოგიკურად ნიშნავს, რომ გარკვეული სახის რისკი მაინც არსებობდა და გამორიცხული არ იყო, რომ აღნიშნულ სახლებსაც მისდგომოდათ გარკვეული სახის ზიანი. სწორედ ასეთი რისკების წინასწარ დადგენას ემსახურებოდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, რომელიც ავალდებულებდა მშენებლობის განმახორციელებელ პირებს ახალი მშენებლობის დაწყებამდე მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევას, არსებული დაზიანებების დაფიქსირებასა და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს. იგივე მოთხოვნაა დადგენილი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია „ე-ის“ დასკვნის მე-8 პუნქტში, სადაც მითითებულია, რომ რეკომენდებულია, ზემოქმედების ზონაში მდებარე ყველა ზედაპირული შენობა-ნაგებობა შემოწმდეს და გულდასმით შეფასდეს აფეთქებითი ვიბრაციით გამოწვეული შესაძლო დაზიანებები, ისევე როგორც მოხდეს ახალი შემთხვევებისა და უკვე არსებული გაფართოებების გამოვლენა. აღსანიშნავი იყო, რომ ხსენებული ვალდებულება/რეკომენდაცია მოპასუხის მხრიდან არ შესრულებულა, შესაბამისად, უცნობი იყო, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა გვირაბის სამუშაოების დაწყებამდე, რაც მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა და წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით შევსებული ვერ იქნებოდა.

2.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაზე, რომ რიგ შემთხვევებში გათვალისწინებულ სამუშაოთა ხარჯების აუცილებლობას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არ ითვალისწინებდა და მიუთითა აღნიშნული დოკუმენტის დასკვნით ნაწილზე, სადაც დეტალურად არის განმარტებული მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებები. მითითებული დაზიანებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ გასაზიარებელი იყო მოსარჩელის განმარტება, ინდ. მეწარმე ზ. გ-ის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაზე, სადაც საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების გათვალისწინება უკავშირდება სწორედ ესპერტის დასკვნაში მითითებული დაზიანებების აღმოფხვრას, საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების გარეშე, შეუძლებელია კედლების აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. აღნიშნულ დასკვნაში კატეგორიულად იყო მითითებული სახლის დაზიანების ერთადერთი მიზეზი - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებული სამუშაოები, რაც მოპასუხის მიერ ვერ იქნა უარყოფილი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული არგუმენტების საპირისპირო შედავება მოპასუხეს არ წარუდგენია, რამაც მისი სააპელაციო პრეტენზია აღდგენის ხარჯებთან დაკავშირებით დაუსაბუთებლად აქცია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი და მიიჩნია, რომ მოპასუხის მოქმედების მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 33 287 ლარი.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

3.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მას მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღვის. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აუდიტ-სერვის-ცენტრის დასკვნა, რომელიც ზუსტად ასახავს მოსარჩელის სახლის ექსპლუატაციისათვის საჭირო აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების აღწერას, მითუმეტეს, რომ აღნიშნულ დასკვნას თან ერთვის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

3.2. სასამართლოს მიერ გაზიარებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულია ისეთი სამუშაოები, რომელთა შესრულების აუცილებლობა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნიდან და მოპასუხის მიერ ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე, საჭირო არ არის. რეალურად, სახლზე არსებული დაზიანებების გამოსასწორებლად, აღდგენა-გაძლიერების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ, მოპასუხე მხარის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, აღდგენით სამუშაოების ღირებულება შეადგენს 10243 ლარს.

3.3. შენობაზე არსებული დაზიანებები შესაძლოა გამოწვეული იყოს მშენებლობის ნორმების დარღვევით, ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებით, ტექნიკური მოუვლელობით, მეწყრული მოვლენებით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებით, თუმცა იმის დადგენა, რომელი მოვლენის შედეგად და რა პროცენტულობით იქნა გამოწვეული კონკრეტული დაზიანებები, შეუძლებელია.

3.4. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი აფეთქების მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანია „ე-ის“ დასკვნები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ მიუხედავად აფეთქებითი სამუშაოებისა, მოპასუხე კომპანიას ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანების წარმოქმნაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების შემოწმება. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, ამდენად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.

9. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან.

10. მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად, დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).

11. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 15 ნოემბრის დასკვნაზე მითითებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - საცხოვრებელ სახლზე გვირაბის აფეთქების ზემოქმედების დადასტურება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხაშურის რაიონის სოფელ ---- მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია შენობის ფასადის მხარეს მდებარე ნაწილი და შენობის ამ ნაწილის შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. ექსპერტის შეფასებით, შენობაზე არსებული დაზიანებები ევროპის მიკროსეისმური სკალის (EMS-98) მიხედვით, მიეკუთვნება მე-3 ხარისხს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფ. --- არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შესაძლებელია იმგვარი დასკვნის გამოტანა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ --- მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია №- სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. ამდენად, წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების ერთადერთი მიზეზი - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებული სამუშაოები, რაც მოპასუხის მიერ ვერ იქნა უარყოფილი. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 15 ნოემბრის დასკვნა შედგენილ იქნა საკვლევი ობიექტის ადგილზე დაკვირვების შედეგად. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ წარმოადგინა კომპანია „ე-ის“ და შპს „ა-ტ-ს-ის-ც-რის“ დასკვნები. კომპანია „ე-ის“ 2019 წლის 04 აპრილის საექსპერტო დასკვნა ეფუძნება 2017 წლის 20 ივლისის N---.- დასკვნას, რომელიც შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და მიღებულია კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. აღნიშნული დასკვნის შედგენისას არ შესწავლილა მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა და არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს „ა-ტ-ს-ის-ც-ის“ დასკვნას, მასში საცხოვრებელი სახლის დაზიანების რამდენიმე სავარაუდო მიზეზია მითითებული და არ ასახავს, თუ კონკრეტულად, რომელმა მოვლენამ გამოიწვია დაზიანება. კერძოდ დასკვნაში არ ფიქსირდება ზუსტად, რომელ წლებში არსებული სეისმური და მეტეოროლოგიური მოვლენები მიაჩნია ექსპერტს ნივთის დაზიანების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად, ამავე საფუძვლით დასკვნის დასაბუთების სრულყოფილი გამოკვლევა შეუძლებელია, რაც აღნიშნულ მტკიცებულებაში ასახულ მოსაზრებებს ბუნდოვანს, ხოლო თავად დოკუმენტს არასარწმუნოს ხდის. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო თავის წილი მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები სათანადო ხარისხის მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა.

13. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას დაზიანებული უძრავი ქონების აღდგენისა და შეკეთებისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის კვლევით ნაწილში დეტალურად არის განმარტებული საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები, დაზიანების ერთადერთ საფუძვლად მიჩნეულია მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოები და საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვა სწორედ ზემოაღნიშნული დაზიანებების აღმოფხვრას უკავშირდება, ხოლო სამუშაოების სრულად განხორციელების გარეშე შეუძლებელი იქნება აღდგენითი სამუშოების ჩატარება. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცვას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა შედგენილია შპს „ა-ტ-ს-ს-ც-ის“ მიერ, რომლის დასკვნაც ეწინააღმდეგება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას და განმარტებულია, რომ ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული ზოგიერთი სამუშოები, რომელთა შესრულების აუცილებლობა გამომდინარეობს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 15 ნოემბრის დასკვნიდან, შპს „ა-ტ-ს-ის-ც-ის“ მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საჭირო არ არის. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი დაზიანებების გამოსასწორებლად აუცილებელი სამშენებლო რესურსი და განსახორციელებელი სამუშაოები. მოპასუხეს კი არ წარუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო, სათანადო მტკიცებულება. ასეთად ვერ მიიჩნევა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული დასკვნა, მითუმეტეს, რომ მასში არ არის მითითებული, რის საფუძველზე არ ეთანხმება ექსპერტი შესასრულებელი სამუშაოების აუცილებლობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან, სასამართლომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენისას უპირატესობა მიანიჭა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 15 ნოემბრის დასკვნას (იხ. განჩინების მე-14 პუნქტი), შესაბამისად, აღდგენისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც იზიარებს ი/მ ზ. გ-ძის მიერ შედგენილ საპროექტო-სახარჯტაღრიცხვო დოკუმენტაციას, რომელიც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზემოაღნიშნული დასკვნიდან გამომდინარეობს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, ექსპერტიზის დასკვნაზე და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიადგა ზიანი 33287 ლარის ოდენობით.

15. რადგანაც სახეზეა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მართებულად დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 33287 ლარის ოდენობით.

16. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

17. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ მიერ 2021 წლის 01 ოქტომბერს №---საგადახდო დავალებით გადახდილი 1664.35 ლარის 70% – 1165.04 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჩ-ს რ-ის ---ე ბ-ოს ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ჩ-ს რ-ის --ე ბ-ოს ჯ-ს“ (---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1664.35 ლარის (საგადახდო დავალება N---, გადახდის თარიღი 01.10.2021) 70% – 1165.04 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი