Facebook Twitter

საქმე №ას-75-2022 21 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „მ-ლი“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ-ი ე. ე. გ-პ“ (თავმჯდომარე - მ. შ-ი), მ. შ-ი, ხა. შ-ი, მ.ა-ია, მ. ფ-ლი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „მ-მა“ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ამხანაგობა „ქ-ი ე. ე. გ-ის“, მ. შ-ის, ნ. შ-ის, ხ. შ-ის, მ. ა-სა და მ. ფ-ის მიმართ, მოპასუხეთათვის 211 866,84 ლარის დაკისრების მოთხოვნით. ამასთანავე, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იშუამდგომლა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით შპს „მ-ის“ მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე: მ. ა-ას, მ. ფ-ლს, ნ.შ-ლს, ხ. შ-ს და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ-ი ე. ე. გ-ს“ აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული, ბ-ი, --- ქ. №---ის მიმდებარედ არსებული უძრავი ნივთის (ს/კ ----) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; მ. ა-იას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, თ-ი, შ. ---- №---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ---) მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ნ. შ-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ბ---ი, --- ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ---) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; მ. ფ-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ---, ჯ. ---- №--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ----) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ-ი ე. ე. გ-ს“, მ. შ-ლს, ნ. შ-ლს, მ. ფ-ლს, მ.ა-ასა და ხ. შ-ს შპს „მ-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 211 866,84 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ნ. შ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ. შ-ლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი-ა „ქ-ი ე. ე. გ-ის“ (თავმჯდომარე - მ.შ-ლი), მ. ფ-ის, მ.ა-ას, ნ. შ-ის, მ. შ-ისა და ხ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი-ა „ქ-ი ე. ე.გ-ს“ (თავმჯდომარე - მ. შ-ი), მ. ფ-ს, მ. ა-ას, ნ. შ-ლს, მ.შ-სა და ხ. შ-ლს შპს „მ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 156 803,84 ლარის გადახდა. დასახელებული განჩინება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით ი-ა „ქ-ი ე. ე. გ-ს“, მ. შ-ის, ხ. შ-ის, მ. ა-სა და მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად; ხოლო 18 მარტის განჩინებით - შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

2022 წლის 17 ივნისს მხარეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მორიგების აქტი წარმოადგინეს და მისი, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, დამტკიცების თაობაზე იშუამდგომლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, დადგენილია, რომ მხარეებს უფლება აქვთ, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამრიგად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს მინიჭებული აქვთ თავისუფლება, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, მათ შორის, საქმე მორიგებით დაასრულონ.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილია უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც:

- ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ-ი ე. ე. გ-ის“ თავმჯდომარე, წევრი და ნ. შ-ის სამართალმემკვიდრე - მ. შ-ლი, ასევე, ამხანაგობა „ქ-ი ე. ე. გ-ის“ წევრები მ. ფ-ლი, მ. ა-ია და ხ. შ-ილი იღებენ ვალდებულებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხის ნაცვლად, სოლიდარულად გადაუხადონ შპს „მ-ს“ არანაკლებ 212 000 (ორას თორმეტი ათასი) ლარი, რაც მთლიანობაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 70 000 (სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს;

- აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში: 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის, რაც არ უნდა იყოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე ნაკლები, მორიგების აქტზე მხარეთა ხელის მოწერიდან არაუგვიანეს 18 (თვრამეტი) თვისა; ხოლო დარჩენილი ფულადი თანხის დავალიანების ანაზღაურება - ამავე მორიგების აქტზე მხარეთა ხელის მოწერიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) თვისა;

- მორიგების აქტში აღნიშნული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, შპს „მ-ის“ სასარგებლოდ, საჯარო რეესტრში იპოთეკით იტვირთება მ. შ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ---, --- ქუჩა №--, ფართი (მშენებარე), ბინა №70, სართული 10-11 (დუპლექსი), 366.30 მ2. მხარეები ადასტურებენ, რომ ქონების მდგომარეობა უფლებრივად უნაკლოა;

- იმ შემთხვევაში, თუ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ-ი ე. ე. გ-ი“, მ.შ-ი (თავად და როგორც ნ. შ-ის სამართალმემკვიდრე), მ. ფ-ი, მ. ა-ია და ხ. შ-ლი დაარღვევენ მოცემული მორიგების აქტით დადგენილ გრაფიკს ან გადასახდელი თანხის ოდენობას, შპს „მ-ი“ აიღებს სასამართლოდან სააღსრულებო ფურცელს, რითაც მას მიეცემა უფლება, ზემოთ მითითებული პირების მისდამი არსებული ფულადი დავალიანების ამოღების მიზნით, განახორციელოს მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, მ. შ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. ამოსაღებ თანხას გამოაკლდება ის ფულადი თანხები, რაც ზემოთ მითითებული პირებს გადახდილი ჰქონდათ შპს „მ-ის“ ამ უკანასკნელის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე;

- მხარეები თანახმანი არიან, მოცემული მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; უნდა მოხდეს ამავე განჩინებით დადგენილი შეზღუდვების (მ. ა-ას, მ. ფ-ლს, ნ. შ-ლს, ხ. შ-ლს და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ-ი ე. ე. გ-ს“ აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული, ----, --- ქ. №----ის მიმდებარედ არსებული უძრავი ნივთის (ს/კ ---) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; მ. ა-იას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ----, შ. --- №--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ----) მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ნ. შ-ლს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ----, --- ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ----) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; მ. ფ-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ---, ჯ. ---- №--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ----) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა) მოხსნა და აღნიშნულის ასახვა საჯარო რეესტრში;

- მორიგების აქტში გადმოცემული პირობების შესრულების შემთხვევაში მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ ექნებათ პრეტენზიები;

- მორიგების აქტში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა წერილობითი ფორმით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით;

- მხარეები ადასტურებენ, რომ მათ შორის არ არსებობს სხვა სახის რაიმე ვალდებულებები და პრეტენზიები, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულისა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს სხვა პირთა ინტერესებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობებით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეებს, რომ საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

რაც შეეხება სასამართლო ხარჯების განაწილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 399-ე, 372-ე, 218-ე მუხლებით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 266-ე მუხლით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მხარეებს - შპს „მ-ს“ (ს/ნ ----), ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ-ი ე. ე. გ-ის“ (ს/ნ ----) თავმჯდომარეს, წევრსა და ნ. შ-ის უფლებამონაცვლე - მ. შ-ლს (პ/ნ -----), ამხანაგობის წევრებს - მ. ფ-ლს (პ/ნ ----), მ. ა-სა (პ/ნ ----) და ხ.შ-ლს (პ/ნ -----) შორის 2022 წლის 17 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტი, შემდეგი პირობებით:

1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ-ი ე. ე. გ-ის“ თავმჯდომარე, წევრი და ნ. შ-ის სამართალმემკვიდრე - მ. შ-ი, ასევე, ამხანაგობა „ქ-ი ე. ე. გ-ის“ წევრები მ.ფ-ლი, მ. ა-ია და ხ.შ-ლი იღებენ ვალდებულებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხის ნაცვლად, სოლიდარულად გადაუხადონ შპს „მ-ს“ არანაკლებ 212 000 (ორას თორმეტი ათასი) ლარი, რაც მთლიანობაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 70 000 (სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს;

აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში: 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის, რაც არ უნდა იყოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე ნაკლები, -მორიგების აქტზე მხარეთა ხელის მოწერიდან არაუგვიანეს 18 (თვრამეტი) თვისა; ხოლო დარჩენილი ფულადი თანხის დავალიანების ანაზღაურება - ამავე მორიგების აქტზე მხარეთა ხელის მოწერიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) თვისა;

2. მორიგების აქტის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, შპს „მ-ის“ (ს/ნ ----) სასარგებლოდ, საჯარო რეესტრში იპოთეკით იტვირთება მ. შ-ის (პ/ნ ----) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ----, --- ქუჩა №--- ფართი (მშენებარე), ბინა №70, სართული 10-11 (დუპლექსი), 366.30 მ2. მხარეები ადასტურებენ, რომ ქონების მდგომარეობა უფლებრივად უნაკლოა;

3. იმ შემთხვევაში, თუ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ-ი ე. ე. გ-პ“, მ. შ-ლი (თავად და როგორც ნ. შ-ის სამართალმემკვიდრე), მ. ფ-ი, მ. ა-ია და ხ. შ-ლი დაარღვევენ მოცემული მორიგების აქტის პირველი პუნქტით დადგენილ გრაფიკს ან გადასახდელი თანხის ოდენობას, შპს „მ-ი“ აიღებს სასამართლოდან სააღსრულებო ფურცელს, რითაც მას მიეცემა უფლება, ზემოთ მითითებული პირების მისდამი არსებული ფულადი დავალიანების ამოღების მიზნით, განახორციელოს მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, მ.შ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების (მდებარე ----, ----ს ქუჩა №--- ფართი (მშენებარე), ბინა №--- სართული 10-11 (დუპლექსი), 366.30 მ2) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. ამოსაღებ თანხას გამოაკლდება ის ფულადი თანხები, რაც ზემოთ მითითებული პირებს გადახდილი ჰქონდათ შპს „მ-ის“ ამ უკანასკნელის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე;

4. მხარეები თანახმანი არიან, მოცემული მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით (საქმე №------) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; უნდა მოხდეს ამავე განჩინებით დადგენილი შეზღუდვების (მ. ა-იას, მ. ფ-ს, ნ. შ-ლს, ხ. შ-ლს და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ-ი ე. ე.გ-ს“ აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული, ----, --- ქ. №----ის მიმდებარედ არსებული უძრავი ნივთის (ს/კ ----) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; მ. ა-იას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ----, შ. --- №--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ---) მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ნ. შ-ლს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ---, -- ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ---) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; მ. ფ-ლს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ---, ჯ. --- №--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ----) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა) მოხსნა და აღნიშნულის ასახვა საჯარო რეესტრში;

5. მორიგების აქტში გადმოცემული პირობების შესრულების შემთხვევაში მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ ექნებათ პრეტენზიები;

6. მორიგების აქტში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა წერილობითი ფორმით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით;

7. მხარეები ადასტურებენ, რომ მათ შორის არ არსებობს სხვა სახის რაიმე ვალდებულებები და პრეტენზიები, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულისა.

2. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებები;

3. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

5. შპს „მ-ს“ (ს/ნ ----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2753,15 ლარი (საგადასახადო დავალება №-, გადახდის თარიღი - 04.03.2022 წ.);

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე