თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. წ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „- და - ს-სი“
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:მ. წ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „- და - ს-ის“ მიმართ და მოითხოვა კომპანიის 2019 წლის 17 სექტემბრის №---- ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას - ქსელის მონიტორინგის ცენტრის (NOC-ის) ინჟინრის თანამდებობაზე აღდგენა, მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან თანამდებობაზე აღდგენამდე ყოველთვიურად 1000 (დაბეგრილი) ლარის ოდენობით) და მოსარჩელის მიერ გამოუყენებელი შვებულების (2015 წლის 11 მაისიდან 2019 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდის) ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. წ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „- და - ს--ს“ მ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. წ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მ. წ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლდა პროექტის დასრულებასა და სამუშაოს ოპტიმიზაციაზე მითითებით, თუმცა მოსარჩელე არ ყოფილა დასაქმებული კონკრეტული პროექტის ფარგლებში, ასევე, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ არსებობდა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საჭიროება; კასატორის მოსაზრებით, კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი რეალურად და მართლზომიერად არ წარმართულა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება სასამართლომ ბათილად უნდა ცნოს, მოსარჩელე უნდა აღდგეს გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული პოზიციის ტოლფას - ქსელის მონიტორინგის ცენტრის (NOC-ის) ინჟინრის თანამდებობაზე და უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან დასაქმების პერიოდში არ უსარგებლია ანაზღაურებადი შვებულებით, სრულად უნდა აუნაზღაურდეს გამოუყენებელი შვებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება და მოსარჩელისთვის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამრიგად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერად მიჩნევისთვის უნდა დასტურდებოდეს როგორც კანონში ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილების არსებობა, ისე შედეგად შტატების შემცირების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა.
ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის საკითხის შეფასებისას კი, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მართალია, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-735-2021 და 2018 წლის 28 დეკემბრის №ას-1687-2018 განჩინებები). სადავო შემთხვევაში კი, კასატორის მიერ დასახელებული არგუმენტები დასაბუთებულ პრეტენზიად ვერ იქნება განხილული.
საქმეზე კი დადგენილია შემდეგი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები:
- მ. წ-ი შპს „- და - ს-ში“ დასაქმებული იყო ტექნიკურ სპეციალისტად;
- კომპანიის 2019 წლის 17 სექტემბრის სადავო ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან, რეორგანიზაციის საფუძვლით;
- რეორგანიზაცია კომპანიაში ჩატარდა არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, რასაც ადასტურებს დამოუკიდებელი აუდიტორის 2020 წლის 30 ოქტომბრის დასკვნა, რომლის თანახმადაც, 2018-2019 წლებში კომპანიამ მუშაობა ზარალით დაასრულა, მოგება არ მიუღია და შემცირდა საზოგადოების გაუნაწილებელი მოგებაც;
- რეორგანიზაციის შედეგად ტექნიკურ განყოფილებაში, 71 შტატის ნაცვლად, მხოლოდ 3 შტატი დარჩა. ამასთან, გაუქმდა ტექნიკური სპეციალისტის საშტატო ერთეული, ხოლო დარჩენილი სამი შტატი მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის იდენტური/მსგავსი პოზიცია არ არის.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კომპანიაში რეალურად ჩატარდა რეორგანიზაცია საზოგადოებაში არსებული მძიმე ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე. ამასთან, რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების გაუქმება, რაც კომპანიაში არსებული სირთულეების გადაჭრის აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ამდენად, რეორგანიზაცია წარიმართა მართლზომიერად და გამოიწვია იმ დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლება, რომელთა მიერ დაკავებული საშტატო ერთეულებიც გაუქმდა. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა მის მიერ დაკავებული შტატის სრულად გაუქმების და არა საშტატო ერთეულების რაოდენობის შემცირების საფუძვლით. ამდენად, არც სხვა დასაქმებულებთან კონკურენცია წარმოშობილა და არც ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა, რადგან კომპანიაში მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის იდენტური/მსგავსი შტატიც კი აღარ არსებობს. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად აღნიშნეს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა კანონიერად, რაც გამორიცხავდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობას, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას.
რაც შეეხება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების საკითხს, საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით; 25-ე მუხლის თანახმად კი, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით აუნაზღაურდა გათავისუფლების წელს გამოუყენებელი შვებულება. რაც შეეხება წინა წლებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა ვერც მოთხოვნილ წლებში შვებულების მოთხოვნის თაობაზე ნების გამოვლენა და დამსაქმებლის მიერ მისი უგულებელყოფა, ვერც კუთვნილი შვებულების მომდევნო წელს გადატანა (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის №ას-6-2020 და 2017 წლის 30 იანვრის №ას-557-532-2016 განჩინებები). ამდენად, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი 2015-2018 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება;
3. მ. წ-ს (პ/ნ ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 24 იანვრის №- საგადასახადო დავალებით ზ. ა-ის (პ/ნ ----) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე