თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ს. კ.
მოწინააღმდეგე მხარე (განმცხადებელი) - გ. ა.
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ს. კ-მა 2018 წლის 30 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ს. კ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონება აღრიცხული იყო გარდაცვლილი პირის - ა. ხ. ა-ის სახელზე, რომლის სამკვიდროს მიღების მოთხოვნითაც ნოტარიუსისთვის მემკვიდრეებს არ მიუმართავთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; თბილისში, ---- შესახვევ №--ში მდებარე უძრავი ქონება (ერთი ოთახი - 24.86 მ2, შუშაბანდი - 12.59 მ2, დამხმარე ფართი - 1.16 მ2, სამზარეულო და ტუალეტი - 2.65 მ2 და სხვენი 4.55 მ2) ცნობილ იქნა უმკვიდროდ და ს. კ-ს, შპს „ვ-ა 20----ის“ აზომვითი ნახაზის მიხედვით, უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტს განცხადებით მიმართა გ. ა-მა, რომელმაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ის ა. ხ. ა-ის შვილიშვილია და სადავო ქონება მემკვიდრეობით ჯერ განმცხადებლის მამამ მიიღო ფაქტობრივი ფლობით, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - განმცხადებელმა, რის გამოც სასამართლო პროცესი მისი მონაწილეობით უნდა წარმართულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე სარჩელის განხილვის ეტაპიდან დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ყაზახეთის რესპუბლიკის ტ----ს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დგინდება, რომ პაპა, მამა და შვილიშვილი: ა. ხ.ა-ვი, მ. გ-ზ ა-ვი და გ. ა-ვი 1950 წლამდე უწყვეტად ცხოვრობდნენ თბილისში, --- შესახვევ №----ში მდებარე, ა. ხ. ა-ის მიერ 1901 წელს შეძენილ უძრავ ქონებაში. ა. ხ. ა-ი გარდაიცვალა 1914 წლის 1 სექტემბერს.
სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირად მიიჩნია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებში მსჯელობდა იმ უძრავი ქონების მიკუთვნებაზე, რომელიც უშუალოდ და კონკრეტულად განმცხადებლის უფლებებს შეეხებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება ს. კ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის თანახმად, განმცხადებელმა დაარღვია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა. ამასთან, განმცხადებელს სამკვიდროს მიღება სათანადო წესით არ დაუდასტურებია. ასევე, მისი მოთხოვნა უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე ხანდაზმულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ს. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობასა და აღსრულებასაც უზრუნველყოფს. თუმცა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამავე დროს, „ახდენს არასწორად მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობის გარანტირებას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობისა და შეუქცევადობის პრეზუმფცია იმთავითვე პირობადებულია ახლად აღმოჩენილი გარემოებებით საქმის განახლების შესაძლებლობით. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობა დაცულია მანამ, სანამ კანონით განსაზღვრული წესით არ დადგინდება მისი მცდარობა. სათანადო პროცედურის პირობებში, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მცდარობის დადგენის შემთხვევაში მისი გაუქმება, არათუ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ ამ უფლების პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-40).
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომლის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მითითებული ქვეპუნქტი „ეხება არასათანადო მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელისა თუ არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ დავის შემთხვევაში, სათანადო მოსარჩელეს/მოპასუხეს, როდესაც ვერ მოხდა მათი გამოვლენა და არ/ვერ მოხდა მათი პროცესში ჩართვა, ასევე, მესამე პირებს, რომელთა ინტერესებსაც უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება და რომლებიც ასევე არ იყვნენ მოწვეული საქმის განხილვაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თ. ჯ-ი, ნ. ჯ-ი, ი. ჯ-ი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გ. წ-ძე და ვ. ლ-ია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-10). ამრიგად, პირებს, რომლებიც არ ყოფილან საქმის განხილვაში ჩაბმულნი, თუმცა მათ უფლებრივ მდგომარეობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა და მათ კანონიერ ინტერესებს შეეხო, აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის უფლება, რათა არათანაზომიერად და დაუსაბუთებლად არ დაირღვეს ასეთი პირების კანონიერი უფლებები, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლებაც.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვდა ქონების უმკვიდროდ ცნობას იმ საფუძვლით, რომ უძრავი ნივთის რეგისტრირებული მესაკუთრე - ა. ხ. ა-ი გარდაცვლილია და მისი ქონება მემკვიდრეობით არავის მიუღია. სწორედ ამ მიზეზით, მოპასუხედ დასახელებულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ასევე, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო ქონება მიჩნეულ იქნა უმკვიდროდ და საკუთრებაში გადაეცა ს. კ-რს.
აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა გ. ა-მა მოითხოვა, როგორც ქონების მესაკუთრემ, რომელიც საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით განიკარგა მისი კუთვნილი ნივთი.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ გ. ა-ვი წარმოადგენს ა. ხ. ა-ის გარდაცვლილი შვილის - მ. გ.-ზ ა-ის შვილს. განმცხადებელი განმარტავს, რომ მამამისს ა. ხ. ა-ის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული, ხოლო თავად განმცხადებელმა მამის ქონება მემკვიდრეობით ნოტარიუსისთვის მიმართვით მიიღო. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე წარმოდგენილ სარჩელში თავადაც ახსენებდა ა. ხ. ა-ის შვილის (განმცხადებლის მამის) არსებობას (ტ. I, ს.ფ. …). აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა დაადასტურა დავაში მონაწილეობის მიმართ მისი რეალური ინტერესი, რადგან სასამართლო გადაწყვეტილება შეეხო იმ ქონებას, რომლის მიმართაც მას სამართლებრივი პრეტენზია გააჩნია. შესაბამისად, განმცხადებლის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებების დარღვევის გამოსარიცხად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების აუცილებლობა წარმოიშვა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გ. ა-ის მიერ სადავო ქონების მემკვიდრეობით მიღების ფაქტის დაუდასტურებლობასა და მისი მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ხსენებული საკითხების შეფასება და გადაწყვეტა უნდა მოხდეს საქმის ხელახალი, არსებითი განხილვის (და არა წარმოდგენილი კერძო საჩივრის) ფარგლებში.
გ. ა-ის მიერ განცხადების საპროცესო ვადის დარღვევით წარმოდგენასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
სადავო შემთხვევაში, გ. ა-მა წარმოდგენილ განცხადებაში დეტალურად მიუთითა, როდის გახდა მისთვის ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე და დაასაბუთა განცხადების ერთთვიანი ვადის დაცვით წარმოდგენა (ტ. III, ს.ფ.--). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მის მიერ საპროცესო ვადის დარღვევა არ დასტურდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და განაახლა საქმის წარმოება. ამრიგად, არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე