Facebook Twitter
საქმე №ას-1284-2021 3 ივნისი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. კ.

დავის საგანი - იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

I აღწერილობითი ნაწილი:

1. თ. კ-ემ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №----- სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ კი, სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ 5400 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ. კ-ძე აღდგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 27 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1400 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით, რომელსაც უნდა გამოაკლდეს 5741,02 ლარი; სხვა ნაწილში ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

4. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. თ. კ-ძე 2006 წლის 30 იანვრიდან 2007 წლის 15 თებერვლამდე დასაქმებული იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხაშურის სამსახურში სპეციალისტის თანამდებობაზე; 2007 წლის 15 თებერვლიდან 2012 წლის 16 ივლისამდე - მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2012 წლის 16 ივლისიდან 2020 წლის 27 თებერვლამდე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

4.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №---- ბრძანებით დაიწყო სააგენტოს რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც გაერთიანდა ხაშურის, გორის, კასპის, ქარელისა და ახალგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები და ჩამოყალიბდა შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური. ამასთან, რეორგანიზაციამდე ხუთივე სამსახურში ჯამში 16 მთავარი სპეციალისტი იყო დასაქმებული, ხოლო შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის საშტატო პოზიცია 21 ერთეულით განისაზღვრა;

4.3. რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში გადასაყვანი და გასათავისუფლებელი თანამშრომლების გამოსავლენად ჩატარდა კონკურსი;

4.4. კონკურსის ფარგლებში თ. კ-ემ ზოგადი უნარების გამოცდაზე მიიღო 62 ქულა (საერთო მაჩვენებლით იყო მე-5 შედეგი, ხოლო ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელთა შორის - პირველი), ქართული ენის გამოცდაზე - 65 ქულა (საერთო მაჩვენებლით იყო მესამე შედეგი, ხოლო ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელთა შორის - მეორე), პროფესიულ გამოცდაზე - 49 ქულა (საერთო მაჩვენებლით - მესამე შედეგი, ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელთა შორის - პირველი);

4.5. თ. კ-ეს, ასევე, ჩაუტარდა გასაუბრება, რომლის მიმდინარეობის შესახებაც მხოლოდ წერილობითი ოქმია წარმოდგენილი. ოქმი არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას კანდიდატის მიერ გაცემული პასუხების თაობაზე, თუმცა აღნიშნულია, რომ დასაქმებულთა ნაწილს გაუჭირდა შეკითხვებზე პასუხის გაცემა და ამიტომ დაესვათ დამატებითი შეკითხვები, მათ შორის, თ. კ-აც, რომელმაც სამსახურებრივი საქმიანობის სპეციფიკის თაობაზე დასმულ შეკითხვას ბუნდოვანი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ არ არის დატვირთული; შეკითხვაზე, დამატებით რა საქმის შესრულება შეუძლია იმავე სამსახურში, კანდიდატს პასუხი არ ჰქონდა. ოქმის თანახმად, თ.კ-ძე, გასაუბრებაზე ჩამოყალიბებული შთაბეჭდილების გათვალისწინებით, ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ ამოცანას და მისი შემდგომი დასაქმება სააგენტოში არ იყო მიზანშეწონილი;

4.6. სწორედ რეორგანიზაციის საფუძვლით, გასაუბრების შედეგებზე მითითებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის სადავო ბრძანებით თ. კ-თან შრომითი ურთიერთობა შეწყდა;

4.7. დამსაქმებელმა თ. კ-ეს ერთი თვის კომპენსაცია გადაუხადა;

4.8. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში შტატით გათვალისწინებული მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულთა ანაზღაურება არის - 1400 ლარი (4 თანამშრომელი), 1300 ლარი (1 თანამშრომელი); 1200 ლარი (3 თანამშრომელი), 1100 ლარი (10 თანამშრომელი) და 1000 ლარი (3 თანამშრომელი);

4.9. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გათავისუფლების შემდეგ თ.კ-ძე დასაქმდა და მისმა შემოსავალმა 2020 წლის 10 აპრილიდან 2020 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით შეადგინა ჯამში 5741,02 ლარი.

5. სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლდა, ვინაიდან უშუალოდ თ.კ-ის მიერ დაკავებული პოზიციის - მთავარი სპეციალისტის შტატების ოდენობა გაიზარდა 5 ერთეულით. ამასთან, მთავარი სპეციალისტის ფუნქციები არ შეცვლილა. ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობის საკითხი არ წამოჭრილა. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თ.კ-ის საკონკურსო შედეგებზე და აღნიშნა, რომ არც მათი გათვალისწინებით იკვეთებოდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართებულობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული ბრძანება უკანონოდ მიიჩნია. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ სადავო თანამდებობის არავაკანტურობა სათანადო წესით ვერ დაადასტურა, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე სამუშაოზე აღადგინა.

6. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას თან სდევს. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიჩნეულ იქნა ბათილად და მოსარჩელე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე, გამოიკვეთა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის გაცემის საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გათავისუფლების შემდეგ თ. კ-ძე დასაქმდა და მისმა შემოსავალმა 2020 წლის 10 აპრილიდან 2020 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით შეადგინა ჯამში 5741,02 ლარი, რის გამოც სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 27 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1400 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით, რომელსაც გამოაკლდება 5741,02 ლარი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით მხოლოდ სააგენტომ გაასაჩივრა. ამრიგად, იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

8. კასატორმა სადავოდ გახადა სასამართლოს მიერ იძულებითი განაცდურის გაანგარიშების სისწორე. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს განაცდური უნდა განესაზღვრა არა 1400 ლარის ოდენობით, არამედ 900 ლარის (გათავისუფლებამდე მოსარჩელის ხელფასი) ოდენობით. გარდა ამისა, სასამართლოს მოსარჩელის მიერ სხვა დამსაქმებლისგან მიღებული ხელფასი იძულებითი განაცდურის საერთო ოდენობისთვის უნდა გამოეკლო არა 5 თვის განმავლობაში მიღებული ხელფასის ოდენობით, არამედ 6 თვის განმავლობაში მიღებული ანაზღაურების მოცულობით. ასევე, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ განაცდურის გამოთვლისას არასწორად არ გაითვალისწინა სააგენტოს მიერ მოსარჩელისთვის გათავისუფლების შემდეგ გაცემული ერთი თვის კომპენსაცია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის შესახებ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება; ხოლო იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. მხარეებს ეცნობათ, რომ არსებითად განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივარი მათი დასწრების გარეშე განიხილებოდა.

II სამოტივაციო ნაწილი:

11. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისთვის დაკისრებული იძულებითი განაცდურის ოდენობის განსაზღვრის მართებულობა.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 44-ე მუხლზე (მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი), რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

14. საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. მაშასადამე, პირის მიერ ბრალეულად (რაც შეიძლება გამოხატულ იქნეს როგორც განზრახვაში, ისე გაუფრთხილებლობაში) მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა წარმოშობს შედეგად სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველს.

15. განსახილველ შემთხვევაში კი, მოცემულ საქმეზე მიღებული, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადასტურებულია თ. კ-ან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობა, რის გამოც მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამრიგად, არსებობს მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა.

16. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ოდენობას, მისი გაანგარიშებისას გაითვალისწინება პირის სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდიდან სამსახურში აღდგენამდე მისაღები ხელფასის მოცულობა. სადავო შემთხვევაში კი, კასატორს რომ მოსარჩელე სამსახურიდან უკანონოდ არ გაეთავისუფლებინა, თ. კ-ძე, როგორც მთავარი სპეციალისტი, 2020 წლის 27 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე აიღებდა ხელფასს 1400 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით. ამდენად, იძულებითი განაცდურის სახით მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1400 ლარის (დასაბეგრი) ანაზღაურება თანამდებობაზე აღდგენამდე (იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის №ას-235-2021 განჩინება).

17. ამასთანავე, ვინაიდან დამსაქმებელს თ. კ-ვის სამსახურიდან გათავისუფლებისას გადახდილი აქვს ერთი თვის კომპენსაცია, რომელსაც მოსარჩელე მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში ხელფასის პარალელურად ვერ მიიღებდა, გადახდილი ერთი თვის კომპენსაციის ოდენობა უნდა გამოაკლდეს იძულებითი განაცდურის ასანაზღაურებელ ოდენობას. ამდენად, კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელისთვის გადახდილი ერთი თვის კომპენსაციის ოდენობა, საფუძვლიანია.

18. მოსარჩელის მიერ სხვა დამსაქმებლისგან მიღებული ხელფასის იძულებითი განაცდურის საერთო ოდენობიდან გამოკლებული მოცულობის სიმცირის თაობაზე კასატორის არგუმენტთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ იძულებითი განაცდურის ოდენობას გამოაკლო მოსარჩელის მიერ მიღებული ხელფასის ის ოდენობა (5741,02 ლარი), რომელიც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა. ამდენად, კასატორის მოსაზრება უსაფუძვლოა და მისი გაზიარება მოსარჩელის უფლებების უკანონო და დაუსაბუთებელ შელახვას გამოიწვევს.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული იძულებითი განაცდურის ოდენობას უნდა გამოაკლდეს სააგენტოს მიერ თ. კ-თვის გადახდილი ერთი თვის კომპენსაციის ოდენობა.

20. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით ნაწილობრივ დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო წინამდებარე განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 902,94 ლარის ნახევრის (451,47 ლარის) 70% - 316 ლარი; ამასთან, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, მეორე ნახევრიდან (451,47 ლარიდან) 5%-ის - 22,57 ლარის ანაზღაურება კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად (საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარისთვის დაკისრებული, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობისა და გაანგარიშების წესის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ბაჟის ოდენობის შეცვლის (შემცირების) წინაპირობა არ არსებობს).

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე, 401-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი (არსებითად განსახილველად დაშვებულ ნაწილში) ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება არსებითად განსახილველად დაშვებულ ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.4 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 27 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1400 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით, რომელსაც უნდა გამოაკლდეს 5741,02 ლარი და სააგენტოს მიერ თ. კ-თვის გადახდილი ერთი თვის კომპენსაცია;

5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 902,94 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №---, გადახდის თარიღი - 15.12.2021წ.) ნახევრის (451,47 ლარის) 70% - 316 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ----;

7. თ. კ-ეს (პ/ნ ----) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ ----) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან (902,94 ლარიდან) 22,57 ლარის ანაზღაურება;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე