საქმე №ას-1365-2021 14 აპრილი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი – ზ. ე. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოპასუხე)
II კასატორი – სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ე. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ. ე-მა (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“, „I კასატორი“) თბილისის საქალაქო სამართლოში სარჩელი აღძრა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელის (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“ „II კასატორი“) მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზ. ე-თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის 18 სექტემბრის N….-.ბრძანების ბათილად ცნობა; ზ. ე-ის აღდგენა სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში რეჟისორის თანამდებობაზე; სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან 2018 წლის 18 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1200 (დარიცხული) ლარის ოდენობით.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. ზ. ე-ლი, სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში, დასაქმებული იყო განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 2018 წლის აგვისტოს თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელმა მიიღო ე.წ შეთავაზება ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომლითაც სრულად იცვლებოდა დასაქმებულების სამუშაო პირობები, კერძოდ: დასაქმებულებს სთავაზობდნენ საათობრივად დასაქმების სამუშაო რეჟიმს, როდესაც ანაზღაურება განხორციელდებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. შეთავაზებაში მოცემული იყო დღიური ანაზღაურების ტარიფი, თუმცა გაწერილი არ იყო სამუშაო დღეების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა, რაც ტოვებდა შესაძლებლობას, რომ ფორმალურად დასაქმებულს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ერთი სამუშაო დღეც ვერ მიეღო. ამასთან, დასაქმებულებს შრომის შინაგანაწესით აკრძალული ჰქონდათ სხვა მედია საშუალებაში დასაქმება.
2.2. მოსარჩელის განმარტებით, არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აღნიშნული შეთავაზება რეალურად სამსახურიდან განთავისუფლებას წარმოადგენდა. შეთავაზებაზე უარი იწვევდა სამსახურიდან განთავისუფლებას, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება სამი დღის ვადაში უნდა მიეღოთ.
2.3. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე. დასაქმებულებმა მორიგების პირობად დაასახელეს ხელშეკრულებაში სავალდებულო მინიმალური სამუშაო დღეების განსაზღვრა, ასევე მოითხოვეს განმარტება თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე, ვინაიდან შეთავაზებაში არ იყო დასაბუთებული რა არგუმენტებს ეყრდნობოდა მენეჯმენტი გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც შესაძლო შრომითი დისკრიმინაციის ვარაუდს აჩენდა.
2.4. პროფესიული კავშირის არაერთი მცდელობის მიუხედავად, საკითხის მორიგების გზით გადაწყვეტა, უშედეგო აღმოჩნდა და 2018 წლის 18 სექტემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოსცა ბრძანება დასაქმებულების განთავისუფლების თაობაზე. დასაქმებულებმა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის საფუძველზე მიმართეს დამსაქმებელს და მოითხოვეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი განმარტება, სადაც მიეთითა, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ პუნქტის შესაბამისად.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე უვადო შრომით ხელშეკრულებაზე გადავიდა შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად და არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. სადავო შეთავაზების მიხედვით, იცვლებოდა მხოლოდ სახელფასო ანაზღაურება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ამასთან, თანხა გაანგარიშებული იყო მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურების ოდენობიდან. ხოლო ხელშეკრულების ვადა და სხვა პირობები რჩებოდა უცვლელი.
3.2. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების შესახებ განმარტებები მოსარჩელემ მიიღო და მისთვის ცნობილი იყო შეთავაზების ჩაბარების მომენტში. მოპასუხის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომელთა დასწრება-აღრიცხვის, ე.წ. „ტურნიკეტის“ სისტემის ამოქმედების შედეგად (2018 წლიდან) გამოვლინდა, რომ მთელ რიგ სტრუქტურულ ერთეულებში არათანაბრად იყო გადანაწილებული დატვირთვა ან არსებული დატვირთვა არასწორად იყო ასახული სამუშაო რეჟიმზე. გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში გამოცხადება იყო უაღრესად დაბალი, ნაწილს კი უფიქსირდებოდა მოკლე დროის მონაკვეთით გამოცხადება სამსახურში. სარჩელზე თანდართული მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცალკეული პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, განისაზღვრა საათობრივი დასაქმების რეჟიმი და ამ პოზიციებზე დასაქმებული პირებისთვის შრომის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
3.3. მოპასუხის მტკიცებით, საქმის მასალებით, 2017-2018 წლებში მოსარჩელის ყველა სამსახურეობრივი მივლინების შესახებ ნუსხით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე არ იყო დატვირთული და მიბმული იყო კონკრეტულ პროექტზე. შესაბამისად, მარწმუნებლის მხრიდან საათობრივი ანაზღაურების რეჟიმზე გადაყვანასთან დაკავშირებით შეთავაზება გამომდინარეობდა ობიექტური რეალობიდან, იყო გონივრული და მართლზომიერი. ამიტომ, მოსარჩელის შემთხვევაში არ მომხდარა არა შრომითი პირობების (არსებითი პირობების) გაუარესება, არამედ მოხდა მისი სამუშაო პირობების რეალურ ვითარებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
3.4. მოპასუხის განმარტებით, შეთავაზების განხორციელების დროსვე, მოსარჩელე გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყდებოდა მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ო“ პუნქტის საფუძველზე. ამდენად, დასაქმებულის აზრით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება კანონიერი იყო.
3.5. მოპასუხე ასევე მიუთითებდა, რომ სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იყო დამტკიცებული საშტატო განრიგი და არ არსებობდა ვაკანტური თანამდებობები, ყველა რეჟისორი მიბმული იყო კონკრეტულ პროექტზე, შესაბამისად, სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას და არსებულ სასამართლო პრაქტიკას, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ზ. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის 18 სექტემბრის N….-. ბრძანება; სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს ზ, ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 12 000 ლარის (დარიცხული) ოდენობით; ხოლო ზ. ე-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის, აღდგენამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან მიმართებით განმარტა, რომ დამსაქმებლის მტკიცების საგანი მოიცავდა ისეთი ობიექტური გარემოებ(ებ)ის არსებობის დადასტურებას, რომელიც ამართლებდა დასაქმებულთან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი აცხადებდა, რომ დასაქმებულებს შორის არათანაბრად იყო გადანაწილებული სამუშაო, შესაბამისად სამუშაოს ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის შეთავაზებულ იქნა ახალი შრომითი ხელშეკრულების დადება, რომელიც მათ შორის არსებული უვადო შრომითი ხელშეკრულებისგან არსებითად განსხვავებულ პირობებს ითვალისწინებდა, კერძოდ, განსხვავებულ შრომის ანაზღაურების განსხვავებულ ოდენობასა და წესს, ასევე მუშაობის განსხვავებულ გრაფიკს. საქალაქო სასამართლოს აზრით, ის გარემოება, რომ მოპასუხემ წინასწარ გააფრთხილა მოსარჩელე მის მიერ შეთავაზებულ პირობებზე უარის თქმის შემთხვევაში, მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, არ ამართლებდა მოპასუხის ქმედებას მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელე მოცემულ შემთხვევაში, არ იყო ვალდებული დათანხმებოდა მოპასუხის წინადადებას ახალი შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლის შესახებ.
4.3. საქალაქო სასამართლომ, ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგებთან მიმართებით განმარტა, რომ არ არსებობდა დასაქმებულის სამუშაო ადგილას ან ტოლფას სამუშაო ადგილას აღდგენის წინაპირობები. ეს დასკვნა დაეფუძნა იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ მოპასუხე მიუთითებდა და ადასტურებდა, რომ შესაბამის პოზიციაზე თავისუფალი შტატი არ არსებობდა, რაც ვერ იქნა გაბათილებული საქმეში წარმოდგენილი სხვა მასალებით. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა დამსაქმებელს, ხოლო აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეზე უნდა გადასულიყო იმ გარემოების დამტკიცების მოვალეობა, რომ საშტატო ნუსხაში არსებობდა ტოლფასი სამუშაო ადგილი, მოსარჩელეს კი, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით, არ დაუდასტურებია, თუ რომელი საშტატო ერთეული წარმოადგენდა ტოლფას თანამდებობას, რის გამოც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4.4. რაც შეეხება კომპენსაციის დაკისრების საკითხს, საქალაქო სასამართლოს მითითებით, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, აუცილებელი იყო მხედველობაში ყოფილიყო მიღებული დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება, მისი დასაქმების პერსპექტივა და სხვა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ კომპენსაციის გონივრული ოდენობა ხელფასის ოდენობის, ხელშეკრულების ვადისა და უკვე მიღებული კომპენსაციის გათვალისწინებით - 12 000 ლარს (დარიცხული) შეადგენდა, რაც შეესაბამებოდა 10 თვის განმავლობაში მისაღებ შრომის ანაზღაურების ოდენობას.
4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ გაასაჩივრეს. ზ. ე-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. ზ. ე-ისა და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
5.2. სააპელაციო პალატამ გათავისუფლების მართლზომიერების თაობაზე განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა „სხვა ობიექტური გარემოებები“, თუმცა დამსაქმებელს მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, არ განუხორციელებია კვალიფიციური შედავება და არ მიუთითებია კონკრეტულად რა ფაქტორს მოიაზრებდა დამსაქმებელი ხელშეკრულების შეწყვეტის „სხვა ობიექტურ გარემოებად“, ან რის საფუძველზე მიიჩნევდა მოპასუხე, რომ განუსაზღვრელი ვადით დასაქმებული პირის მხრიდან, შეცვლილი შრომითი ხელშეკრულების პირობებზე უარის თქმა შეიძლება განხილულიყო ხელშეკრულების მართლზომიერად მიჩნევის წინაპირობად. ამასთან, განჩინებაში აღინიშნა, რომ მოპასუხეს არ განუხორციელებია არც იმ გარემოების მითითება, თუ რა აუცილებლობით იყო განხორციელებული მოსარჩელისთვის აღნიშნული შეცვლილი წინადადების შეთავაზება, რომელიც თავისთავად ცვლიდა განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების ბუნებას და აუარესებდა დასაქმებულის მდგომარეობას სტაბილურობის გარანტიის მოსპობით. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მხოლოდ მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინასწარი გაფრთხილება, შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, სადავოდ გამხდარი ბრძანების მართლზომიერად ცნობის საფუძველი ვერ გახდებოდა, ვინაიდან არ არსებობდა მხარეთა ორმხრივი ნება შრომითი ხელშეკრულების პირობების არსებით შეცვლაზე.
5.3. სააპელაციო პალატამ ასევე, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება იმ საკითხის თაობაზე, რომ სამუშაოზე პირის აღდენის შესაძლებლობის დადგენისათვის მნიშვნელობა აქვს იმ საკითხის გამორკვევას, არის თუ არა აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური, ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლოები ვერ იმსჯელებენ ბიზნესის გადაწყვეტილებაზე და ვერ უკარნახებენ მას სხვაგვარ სამეწარმეო და საშტატო პოლიტიკას, დაუშვებელია დამსაქმებლის იძულება შექმნას დამატებითი საშტატო ერთეული. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. დამსაქმებლის მოთხოვნა კონკურენტულ ადამიანურ რესურსებზე, შრომითი ურთიერთობების დინამიურობისა და შრომით ბაზარზე ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია.
5.4. სააპელაციო პალატამ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, ვაკანტური თანამდებობის არსებობის ან/და ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს დააკისრა და განმარტა, რომ რადგან მოსარჩელე ასეთი თანამდებობის არსებობის ფაქტს ვერ ადასტურებდა ამიტომ, შეუძლებელი იყო მისი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა.
5.5. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მიერ მოსარჩელისთვის გადასახდელი კომპენსაციის ასანაზღაურებელ ოდენობად 12 000 ლარის (დარიცხული) განსაზღვრის თაობაზე და დაასკვნა, რომ წარდგენილი ორივე სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
5.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით, როგორც თავდაპირველმა მოსარჩელემ, ასევე თავდაპირველმა მოპასუხემ გაასაჩივრეს.
6. I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. ზ. ე-ლი (მოსარჩელე, I კასატორი) ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
6.2. I კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე არ შეაფასა ის გარემოება, რომ შრომის ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, ის იკავებდა საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობას, ხოლო გათავისუფლების ბრძანებაში "საეთერო ჯგუფი" ნახსენები არ არის, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. ასევე არასწორად დაადგინა, რომ მის მიერ დაკავებული თანამდებობა არ იყო ვაკანტური და არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი.
6.3. კასატორი სადავოდ ხდის საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმადაც ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მისი სამუშაო ადგილი მიიჩნიეს არა როგორც მუდმივი, არამედ კონკრეტულ გადაცემებზე დამოკიდებული, რაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მხარის განმარტებით, იგი რეჟისორის თანამდებობაზე დანიშნული იყო უვადო ხელშეკრულების საფუძველზე და მისი სამუშაო არასოდეს ყოფილა დამოკიდებული ერთ კონკრეტულ გადაცემაზე.
6.4. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ რამდენად შეეძლო სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2018 წლის 18 სექტემბრის N…-… ბრძანებას შეეწყვიტა 2017 წელს დასაქმებულსა და სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელის გენერალურ დირექტორთან დადებული N… შრომის ხელშეკრულება, რადგან მასში არ არის ასახული და მითითებული ის სამუშაო ადგილი, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული.
6.5. კასატორის აპელირებს, მან სასამართლოს წარუდგინა განცხადება, სადაც სთხოვდა ეხელმძღვანელა უზენაესი სასამართლოს Nას-…..-20.. განჩინებაში ასახული მსჯელობით, რომელიც იდენტურ ბრძანებას შეეხებოდა და სადაც დასაქმებულები აღდგნენ მათ მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე. მიუხედავად მხარის ამ მითითებისა, სასამართლომ არ გაიზიარა ეს მსჯელობა და განჩინებაში არც ის მიუთითებია თუ რა მოტივით თქვა უარი მის გაზიარებაზე.
7. II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
7.1. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოპასუხე, II კასატორი) წარდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
7.2. II კასატორის მტკიცებით, სახეზეა დასაქმებულის შრომითი უფლების მართლზომიერი შეწყვეტა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი შეიცვალა და ახალი სამაუწყებლო სეზონის ეფექტიანად განხორციელებისთვის, მაუწყებლობის მენეჯმენტმა დაგეგმა თანამშრომელთა აღრიცხვიანობის, სამუშაო გრაფიკისა და სისტემის მოსაწესრიგებლად საჭირო სხვადასხვა აქტივობები. ე.წ. „ტურნიკეტის“ ამოქმედების შემდეგ გამოჩნდა, რომ წლების განმავლობაში დასაქმებულ თანამშრომელთა შორის სამუშაო არათანაბრად იყო გადანაწილებული, არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც მთელი თვის განმავლობაში საქმე არ ჰქონდათ და ხელფასს მაინც იღებდნენ და ამავდროულად, არსებობდნენ პირები, რომელთაც მეტად გადატვირთული სამუშაო რეჟიმი ჰქონდათ. შესაბამისად, მენეჯმენტისთვის ცხადი გახდა, რომ თანამშრომელთა საქმიაობის ეფექტურობის, ასევე გაუმართლებელი მაღალი დანახარჯების შემცირებისა და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის ეფექტურად დაცვის მიზნით, აუცილებელი იყო გარკვეული მოქმედებებების განხორციერლება, რომლებიც უზრუნველყოფდა თანამშრომელთა კონკურენტუნარიანობისა და მოტივაციის ზრდას, სამუშაოს თანაბარ გადანაწილებას, შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურების გაცემის/მიღების და საერთო ჯამში, მაუწყებლის ეფექტურ მუშაობას, ხოლო მეორე მხრივ, მოახდენდა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვის პრევენციას. ზემოაღნიშნული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, მაუწყებლის მენეჯმენტმა თანამშრომლებს შესთავაზა ანაზღაურების შეცვლილი სისტემა, რომელიც გაეცნოთ დასაქმებულებს და გამოქვეყნდა მაუწყებლის ვებ-გვერდზეც. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ანაზღაურებისა და მუშაობის ახალ სისტემაზე გადასვლა არ ისურვა, მისი არჩევანია და სამსახურიდან გათავისუფლების არამართლზომიერად ცნობის წინაპირობა არ უნდა გახდეს.
7.3. II კასატორი უთითებს, რომ სასამართლოს არ შეუფასებია სათანადოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება იგივე პირობებით გარდაუვალად წარმოშობს თანამშრომელთა შორის დისკრიმინაციული მოპყრობის რისკს, კერძოდ, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუხედავად იმისა, რომ მან შესაძლოა საანგარიშო პერიოდში არ შეასრულოს არანაირი სამუშაო, ჩვეულებრივ მიიღებს ხელფასს, იმავე ოდენობით, რასაც მიიღებდა ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში სრული დატვირთვით იმუშავა. ამიტომ, II კასატორის აზრით, არ იკვეთებოდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით. ასევე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. სუსგ: №ას-921-202, 9 დეკემბერი, 2021წელი; №ას-45-2019, 05.04.2019წ.; №ას-1001-2018, 05.03.2021წ).
11. I კასატორი (ზ. ე-ლი) დავობს სადავოდ გამხდარი ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 38.8-ე (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და ამავე კოდექსის 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 48-ე; 58-ემუხლი).
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ უკანონოდაა ცნობილი, ხოლო საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ, რომელიც სადავოდ ხდის სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობას და შესაბამისად, განაცდურის ოდენობას. მოცემულ შეთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე საზოგადოების დირექტორის 2018 წლის 18 სექტემბრის N….-. ბრძანება, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, არის ბათილი. ამასთან, დადგენილია მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობა. შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 12 000 ლარის (დარიცხული) გადახდა. ამ მიმართებით, I კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად არ გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მხოლოდ მოპასუხის განმარტება მიიჩნია იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის აღსადგენად ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს, მით უმეტეს, წარმოდგენილი არ ყოფილა საშტატო ნუსხა.
13. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ როგორც საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში საშტატო განრიგები მტკიცდებოდა 2005 წლიდან 2011 წლამდე. 2011 წლიდან დამტკიცდა ცალკეული დეპარტამენტების საშტატო განრიგები. ამ პერიოდიდან დღემდე არ არის დამტკიცებული საშტატო განრიგი. ამასთან საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არსებობს რეჟისორის ვაკანტური თანამდებობა და ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლები მიბმული არიან შესაბამის გადაცემებზე/პროექტებზე(იხ. ცნობა, ს.ფ. 150-152; 169).
14. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, როდესაც პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები.
15. რაც შეეხება ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევას, ამ მიმართებით უტყუარად უნდა დადგინდეს ახალი საშტატო განრიგის პირობებში, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს მოსარჩელე, რადგან ამ გარემოების არასათანადო დადგენა, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, დაასახელოს რომელია ტოლფასი თანამდებობა (შდრ: სუსგ №ას-1189-2020, 04 თებერვალი, 2021).
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დასაქმებულმა წარმატებით ვერ გაართვა თავი თავისი მტკიცების ტვირთს - სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა დამსაქმებელ ორგანიზაციაში ტოლფასი თანამდებობის არსებობა (ასევე, ამავე თანამდებობის ვაკანტურობა). (იხ., სუსგ-ები №ას-588-556-2014, 27 აპრილი, 2015 წელი; №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021 წელი; №ას-1189-2020 4 თებერვალი, 2021; №ას-113-2021, 27 აპრილი, 2021 წელი).
17. რაც შეეხება I კასატორის მითითებას, იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შრომის ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, ის იკავებდა საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობას, ხოლო გათავისუფლების ბრძანებაში საეთერო ჯგუფი ნახსენები არ იყო, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა, გაზიარებული ვერ იქნება. საკასაციო პალატა, იმ პირობებში, როდესაც კასატორს მითითებული არ აქვს რა არსებითი განსხვავებაა საეთერო ჯგუფის რეჟისორისა და რეჟისორის თანამდებობებს შორის, მოკლებულია საკუთარი ინიციატივით გამოიკვლიოს ეს გარემოება და განსხვავებული შეფასება მისცეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, გათავისუფლების ბრძანებაში, თანამდებობის დასახელებისთვის განკუთვნილ გრაფაში - რეჟისორის მითითება, ბრძანების შინაარსის მიმართ, არსებითი გავლენის მქონედ ვერ მიიჩნევა.
18. ასევე, გაზიარებული ვერ იქნება I კასატორის აპელირება მასზედ, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მისი სამუშაო ადგილი მიიჩნიეს არა როგორც მუდმივი, არამედ კონკრეტულ გადაცემებზე დამოკიდებული, რაც არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან. მხარის განმარტებით, იგი რეჟისორის თანამდებობაზე დანიშნული იყო უვადო ხელშეკრულების საფუძველზე და მისი სამუშაო არასოდეს ყოფილა დამოკიდებული ერთ კონკრეტულ გადაცემაზე. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო უვადო ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ის ფაქტი მის მიერ შესასრულებელი სამუშაო რა სპეციფიკის იყო, კერძოდ, იგი წარმოადგენდა მუდმივ თუ დროებით საქმიანობას, გათავისუფლების ბრძანების კანონიერების შეფასების მიზნებისთვის არარელევანტურია და საქმის შედეგზე გავლენას არ ახდენს.
19. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს I კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილ უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე Nას-…-2020 და მხარეს განუმარტავს, რომ მითითებულ განჩინებაში დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ პირველი და მეორე მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციები ვაკანტური იყო, რაც გახდა კიდეც მათ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობა. თუმცა განსახილველ შემთხვევაში, როგორც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს და საკასაციო პალატამაც გაიზიარა, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა ვაკანტური არ არის, ასევე არ დგინდება ტოლფასი თანამდებობის არსებობა, რის გამოც კასატორის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემული დავის მიმართ არარელევანტურია და ვერ იქნება გაზიარებული.
20. რაც შეეხება II კასატორის მითითებას, სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ. №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; Nას-1001-2018, 05.03.2021წ.; Nას-861-861-2018, 25.09.2018წ.; Nას-45-2019, 05.04.2019წ.; Nას-640-2019, 05.07.2019წ.). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.).
21. სადავო ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) (ს.ფ. ..).
22. აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (იხ. სუსგ №ას-188-2021, 08.04.2021წ.).
23. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (სუსგ. №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შორის, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ შეწყვეტის საფუძველს აქვს - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა, უფრო კონკრეტულ და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 02.02.2016წ; №ას-545-513-2012, 05.10.2012წ.; №ას-1001-2018, 05.03.2021წ.).
25. პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საიდანაც ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის შეთავაზებულ იქნა ახალი შრომითი ხელშეკრულების დადება, რომელიც მათ შორის არსებული უვადო შრომითი ხელშეკრულებისგან არსებითად განსხვავებულ პირობებს ითვალისწინებდა. კერძოდ, შრომის ანაზღაურების განსხვავებულ ოდენობასა და წესს, ასევე მუშაობის განსხვავებულ გრაფიკს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ მოპასუხემ წინასწარ გააფრთხილა მოსარჩელე მის მიერ შეთავაზებულ პირობებზე უარის თქმის შემთხვევაში, მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ან მითითება იმ გარემოებაზე, რომ დამსაქმებლის მხრიდან ზემოაღნიშნული ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, დასაქმებულები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებოდნენ, რადგან არ ექნებოდათ ერთნაირი დატვირთვა (თანაბარი თანამდებობრივ სარგოს პირობებში), არ ამართლებს მოპასუხის ქმედებას მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; გ) სამუშაო ადგილი; დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი და ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ 2018 წლის 1 ივნისის შრომით ხელშეკრულებაში (ს.ფ. ..-..) მხარეები შეთანხმებულები იყვნენ მის ყველა არსებით პირობაზე, მათ შორის შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობაზეც (უვადო), ანაზღაურების ოდენობასა და გადახდის წესზე (ყოველთვიურად დარიცხული 1200 ლარი) და სხვა. შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების ძალით კი, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. შესაბამისად, ნათელია, რომ მოსარჩელე მოცემულ შემთხვევაში, არ იყო ვალდებული დათანხმებოდა მოპასუხის წინადადებას ახალი შრომითი ხელშეკრულების შესახებ. ამიტომ, მიუხედავად თანამშრომლისთვის მოსალოდნელი შედეგების წინასწარ ცნობებისა, ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერად მიჩნეული ვერ იქნება.
26. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
პროცესის ხარჯები
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, ზ.ე-ლს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N., გადახდის თარიღი 14/01/2022), 70% – 210 ლარი; ხოლო სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N---, გადახდის თარიღი 13/01/2022), 70% – 420 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;
2. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.
3. I კასატორ - ზ. ე-ლს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N., გადახდის თარიღი 14/01/2022), 70% – 210 ლარი; II კასატორ - სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელის დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N…., გადახდის თარიღი 13/01/2022), 70% – 420 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე