საქმე №ას-598-2022 20 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - მ. ბ, გ. ბ. (გ.ბ-ის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. მ. (ს. მ-ის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.06.2018 წლის გადაწყვეტილებით ს. მ.ის სარჩელი გ. ბ.ისა და მ. ბ.ის მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელის მიერ გამოსყიდულ იქნა და საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი,- ----ს ქ. N--, ს/კ ----, ½ წილი, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხეების სახელზე, სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის, თანხის 3579 აშშ დოლარის მოპასუხეებისთვის გადახდის სანაცვლოდ (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ…-2..). გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.05.2019 წლის განჩინებით პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ.ბ-ლი (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. ..-…).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.07.2019 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ….-…). გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.06.2020 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ….-..).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ლ. მ-მა მიმართა განცხადებით და მოითხოვა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობა და სარჩელთან დაკავშირებით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე დეპონირებული ფულადი თანხის 2080 აშშ დოლარის დაბრუნება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ლ. მ-ი და მასვე დაუბრუნდა მოსარჩელის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 2080 აშშ დოლარი (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ….-..).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მ. ბ-მა და გ. ბ-მა (გ.ბ.ის უფლებამონაცვლე) .
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2022 წლის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ.: განჩინება, ს.ფ. …-…).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
10. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2022 წლის განჩინება კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა - ნ. ო-მა 06.06.2022 წელს ჩაიბარა (იხ.: მინდობილობები, ტ.2, ს.ფ….., ..-..; ჩაბარების დასტური, ტ.2, ს.ფ. ..).
11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
13. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებიათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 07.06.2022 წელს და ამოიწურა 16.06.2022 წელს. ამდენად, მათ ხარვეზი 16.06.2022 წლის ჩათვლით უნდა შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.
14. სსსკ-ის 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-455-2022, 06.06.2022წ., №ას-347-2022 , 16.05.2022, №ას-451-2022, 10.05.2022წ.). სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) განუხილველი დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ისა და გ. ბ.ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე