Facebook Twitter

3გ-ად-23-გ-02 21 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა

შემადგენლობა:

ლადო ჭანტურია (თავმჯდომარე),

ვალერი ხრუსტალი,

ბადრი მეტრეველი,

მერაბ ტურავა,

ნანა კლარჯეიშვილი,

მაია ვაჩაძე,

ბესიკ კობერიძე,

ნუგზარ სხირტლაძე,

ირაკლი ბიბილაშვილი.

დავის საგანი: სარჩელის განსჯადობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 26 აპრილს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ¹13-კ ბრძანებით მოსარჩელე ზ. ფ.-ი დაინიშნა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის უფროსის თანამდებობაზე. 2002წ. 10 იანვარს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ¹09/1-კ ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო იმავე რიცხვის ¹10/1-კ ბრძანებით მას დაევალა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება 2002წ. 11 იანვრიდან _ 1 მარტამდე. იმავე მინისტრის 2002წ. 5 მარტის ¹66/1-კ ბრძანებით, ზ. ფ.-ს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების ვადა 1 მარტიდან გაუგრძელდა 12 მარტამდე. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002წ. 12 მარტის ¹66-კ ბრძანებით ზ. ფ.-ი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

ზ. ფ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების უხეში დარღვევით, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002წ. 12 მარტის ¹66-კ ბრძანების ბათილად ცნობა, ცვლილების შეტანა 2002წ. 10 იანვრის ¹10/1-კ ბრძანებაში, რომლითაც იგი დროებით დაინიშნა სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ და მოპასუხისაგან მორალური ზიანის სახით 200000 ლარის ანაზღაურება.

რაიონულ სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, მოსარჩელის წარმომადგენელმა შუამდგომლობა დააყენა საქმის განსჯადობის მიხედვით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის განჩინებით. ვინაიდან “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, სამინისტრო წარმოადგენს სამთავრობო დაწესებულებას და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “გ” პუნქტებით მინისტრის ბრძანება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, აღნიშნული დავა სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმედ მიიჩნია, რომელიც ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განაჯადია და 26-ე მუხლის შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ საქმე განსახილველად განსჯადობით გადაუგზავნა განსჯად სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია 2002წ. 22 ივლისის განჩინებით არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მსჯელობას საქმის კოლეგიური და ადმინისტრაციული წესით განხილვის თაობაზე, რის გამოც ზ. ფ.-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საოლქო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. სასამართლომ მიუთითა, მართალია, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო ადმინისტრაციული ორგანოა, მაგრამ დავა არის შრომის სამართლებრივი ხასიათის, ამიტომ იგი მიეკუთვნება არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავათა რიცხვს, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად, შრომითი დავები, როგორც კერძო ხასიათის დავები, განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

2. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა ადმინისტრაციული წესით განსჯადიც რომ იყოს, იგი მაინც არ შეიძლება განიხილოს საოლქო სასამართლოს კოლეგიამ, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციით განიხილავენ სარჩელს «სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე» და არა მათი ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის «ა» პუნქტის მიხედვით, საოლქო სასამართლოები განიხილავენ დავებს, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს, ხოლო მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, ამიტომ სარჩელი მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განსჯადია.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და განსჯადობის თაობაზე რაიონულ და საოლქო სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ფ.-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე ზ. ფ.-ი ითხოვს:

ა) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002წ. 10 იანვრის ¹10/1-კ ბრძანებაში ცვლილების შეტანას, რომლითაც იგი დროებით დაინიშნა სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ;

ბ) მინისტრის 2002წ. 12 მარტის ¹66-კ ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან;

გ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროდან მორალური ზიანის სახით 200000 ლარის ანაზღაურებას.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემული დავა შრომის სამართლებრივი ხასიათისაა და განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. საქართველოს სსკ-ს მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს და შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც დავის ადმინისტრაციულ _ სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგი სამი პირობის არსებობა:

· სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა;

· სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო;

· ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათავლისწინებული შემთხვევები.

1. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სადავო ბრძანებები მიღებულია «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ», «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ», ასევე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონებისა და «საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. ¹279 ბრძანებულების საფუძველზე, რომლებიც სამართლებრივად საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას წარმოადგენენ და ამდენად, განსახილველი დავაც ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

2. მოცემულ დავაში მოსარჩელეა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე ზ. ფ.-ი, რომელიც «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, იყო საჯარო მოსამსახურე, ხოლო მოპასუხეა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, რომელიც «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, სამთავრობო დაწესებულებაა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის მიხედვით კი სამინისტრო ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს და რადგან დავაში ერთ-ერთ მხარეს, მოპასუხეს, ადმინისტრაციული ორგანო _ სამინისტროც წარმოადგენს, პროცესუალური სუბიექტების ე.წ. სამართალსუბიექტობის პრინციპის მიხედვითაც აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავაა.

3. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის სადავო ¹10/1-კ ბრძანება ეხება მოსარჩელე ზ. ფ.-ის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დროებით დანიშვნას, ხოლო ¹66-კ ბრძანება _ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვას. ამდენად, ორივე ბრძანება ზ. ფ.-სა და სამინისტროს შორის შრომით სამართლებრივ ურთიერთობას ეხება.

შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა და შრომითი ხელშეკრულება კერძო სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა და მისგან წარმოშობილი დავები, სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილებოდა, მაგრამ 2000წ. პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა ზოგადმა ადმინისტრაციულმა კოდექსმა ნოვაციის სახით გაითვალისწინა ახალი სამართლებრივი ინსტიტუტი – “ადმინისტრაციული გარიგება”, თავი V. სახელდობრ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული გარიგება არის: «ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება». განსახილველ შემთხვევაში ფიზიკურ პირს _ ზ. ფ.-სა და ადმინისტრაციულ ორგანო _ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს შორის ¹10/1-კ ბრძანებით წარმოიშვა საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, რომელიც ¹66-კ ბრძანებით შეწყდა.

ამდენად, დიდი პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობაა ადმინისტრაციული გარიგება _ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვადიანი საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, ხოლო დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგების _ ვადიანი საჯარო შრომითი ურთიერთობის დადება-შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

4. მოსარჩელე ზ. ფ.-ი ადმინისტრაციული გარიგების უკანონო შეწყვეტით, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან ასევე ითხოვს 200000 ლარის ანაზღაურებას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, უდავოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავაა.

ამრიგად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი, მეორე ნაწილის «ბ» და «გ» პუნქტების შესაბამისად, ეთანხმება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებას, რომ ფ.-ის სარჩელი სამართლებრივად წარმოადგენს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, რომელიც განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, მაგრამ არ იზიარებს მის მოსაზრებას, საქმის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისათვის განსჯადობით გადაცემის შესახებ.

5. მართალია, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, განსახილველი დავის საგანია ზ. ფ.-სა და ადმინისტრაციულ ორგანო _ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს შორის ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის დადება და შეწყვეტა, რასაც მინისტრის სადავო ¹10/1-კ და ¹66-კ ბრძანება ეხება. აღნიშნული ბრძანებები ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს: ბრძანებები ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მიერ მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ «საჯარო სამსახურის შესახებ», «აღმასრულებელ ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონების საფუძველზე; არის ინდივიდუალურ სამართლებრივ ხასიათის და კონკრეტულად ზ. ფ.-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ სამინისტროს შორის ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის დადება-შეწყვეტას ეხება, მაგრამ ვინაიდან სადავო ¹10/1-კ ბრძანების სამართლებრივი შედეგი არის ზ. ფ.-თან ვადიანი საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის დადება, ხოლო ¹66-კ ბრძანების შედეგია საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ, დიდი პალატის აზრით, არ არის ადმინისტრაციული აქტი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც მიმართულია საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციული გარიგების დადება-შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავები კომპლექსურად, ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული, როგორც ადმინისტრაციული გარიგების დადება-შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა, ამიტომ ამგვარი ბრძანების კანონიერების განხილვისას არ უნდა იქნეს გამოყენებული არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IVთავის «ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი» და არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონთან, «შრომის კანონთა კოდექსთან» და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-V თავთან შესაბამისობაზე.

6. ამასთან, საკასაციო პალატა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტისა და V თავის «ადმინისტრაციული გარიგება» თანახმად, განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, როგორც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის, ასევე «შრომის კანონთა კოდექსის» საფუძველზე ფიზიკურ პირთან დადებული საჯარო შრომითი ხელშეკრულება (გარიგება) იმისდა მიუხედავად, ფიზიკური პირი წარმოადგენს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული «საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით» გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეს (მოხელეს).

ამდენად, დიდი პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობაა ადმინისტრაციული გარიგება _ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირთან საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა; დავის საგანიაAარა ადმინისტრაციული აქტის _ მინისტრის ბრძანების კანონიერება, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტა და მისგან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოსგან ზიანის ანაზღაურება; მოპასუხეა ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო; ხოლო მოსარჩელე _ ფიზიკური პირი ზ. ფ.-ი (ყოფილი საჯარო მოსამსახურე), ამიტომ პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, ზ. ფ.-ის სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «ბ» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ფ.-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს;

2. ზ. ფ.-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.