Facebook Twitter

18 მაისი, 2022 წელი,

საქმე №ას-73-2017 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. მ-ის უფლებამონაცვლე ლ. ზ-ლი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ლი (მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში); საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ა. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე) მ-ბი არიან ძმები. მამა ს. (ი.) მ.ლი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელისა და მოპასუხის მამა ან კომლის უფროსი) გარდაიცვალა 1999 წლის 11 იანვარს, ხოლო დედა ქ. მ.ლი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელისა და მოპასუხის დედა ან მჩუქებელი) - 2011 წლის 13 მაისს.

2. თელავის რაიონის სოფელ ----- საკომლო წიგნით, 1992 წლამდე მოსარჩელის, მოპასუხისა და მათი მამის კომლები ცალ-ცალკე იყო აღრიცხული.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), დედისა და ძმის/მოსარჩელის წინააღმდეგ საკოლმეურნეო კომლის წევრად აღდგენის შესახებ ა.მ-ლის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

4. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2010 წლის 7 სექტემბრის საარქივო ცნობით, 1996-2000 წლების (მითითებული წლები აღნიშნულია გარე ყდაზე, ხოლო შიგნით მხოლოდ 1996 წელია მითითებული) საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია მოსარჩელისა და მოპასუხის მამა (ხაზი აქვს გადასმული და მითითებულია, რომ 1999 წლის 1 იანვარს გარდაიცვალა), ცოლი - ქ. მ-ლი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1 ჰა მიწა და 80 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.

4.1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2010 წლის 7 სექტემბრის საარქივო ცნობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

5. თელავის რაიონის სოფელ --- საკრებულოს ამონაწერით/ფრაგმენტით (რომელიც წარდგენილია ასლის სახით), კომლს მინიჭებული აქვს 1-ლი კატეგორია და პრივატიზაციის შემდგომ მიწის ფართობი შევსებული აქვს 1 ჰა-მდე, ამავე კომლზე მიწერილია მოპასუხე, თუმცა თავადვე ადასტურებს (იხ. სხდომის ოქმი), რომ მითითებული სიით გათვალისწინებული მონაცემები საკომლო წიგნში არ გადატანილა.

6. 1992 წლამდე არსებული საკომლო წიგნების ჩანაწერის საფუძველზე, 2010 წლის 4 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლი (ს/კ-ით #----) და 0,25 ჰა საკარმიდამო ნაკვეთი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება) მჩუქებლის სახელზე აღირიცხა.

7. 2010 წლის 25 ოქტომბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელისა და მოპასუხის დედამ მოსარჩელეს გადასცა სადავო უძრავი ქონება და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ (სსკ-ის 524-ე მუხლი).

8. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ ხელშეშლის აღკვეთისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ.

9. მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.

10. თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა თელავის რაიონში, სოფელ --- მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის სარგებლობის უკანონო ხელშეშლა და გამოსახლებული იქნა სადავო ქონებიდან; შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.

11. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით; სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი - დაუსწრებელი გადაწყვეტილება; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მჩუქებელს შორის დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების 2/3 ნაწილში, შეგებებული მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ქონების 2/3 ნაწილისა და #--- მიღება-ჩაბარების აქტით მამის/კომლის უფროსის სახელზე რიცხული 0.75 ჰა ვენახის (----) 3/4-ის მესაკუთრედ; შეგებებული სარჩელი 0.25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის 1/3-ისა და 0.75ჰა ვენახის (---) 1/4-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ ასევე ძირითადი სარჩელი უარყოფილ იქნა.

13. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-4, მე-5, და მე-7 პუნქტების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელესა და მჩუქებელს შორის 2010 წლის 25 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი სადავო ქონების 4/9 ნაწილში;

შეგებებული სარჩელი 0.25 ჰა მიწის ნაკვეთის 2/9-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ 1/3 ნაწილთან ერთად შეადგენდა 5/9 ნაწილს, უარყოფილ იქნა.

15. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2013 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება - 0.25 ჰა მიწის ნაკვეთის 5/9 ნაწილისა და 0.75 ჰა მიწის ნაკვეთის 1/4-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში, რადგან მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილება მოპასუხეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2013 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის საოქმო განჩინებით, მოპასუხის გარდაცვალების გამო საქმეში მის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ლ. ზ-ლი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის უფლებამონაცვლე).

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

20. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხის უფლებამონაცვლემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

20.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეა და სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო, რითაც დაირღვა მისი ქონებრივი ინტერესი და საკუთრების უფლება.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისისს განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონებაზე (საკომლო ქონება) შეგებებული მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობისა და სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის წარუმატებლობა სსკ-ის 173.1, 1513-ე, ასევე, 1964 წლის რედაქციის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლებით და „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებით ასევე სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტით გათვალისწინებული შემადგენლობის არარსებობამ განაპირობა.

24. შეგებებულმა მოსარჩელემ სადავოდ გახადა შეგებებული მოპასუხის საკუთრების უფლების მართლზომიერება და მოითხოვა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება იმ საფუძვლით, რომ მას, როგორც კომლის წევრს, ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები წესრიგდებოდა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად - საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. ამავე კოდექსის 123-ე (საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებს კომლის ყველა წევრის თანხმობით) მუხლის მიხედვით კი, საკოლმეურნეო კომლში ახალი წევრი მიიღება კომლის ყველა წევრის თანხმობით.

26. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის # 949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის # 29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ, სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა.

კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის # 128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მონაცემებით რიცხული კომლების მიხედვით.

27. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2010 წლის 7 სექტემბრის საარქივო ცნობით, 1996-2000 წლების (მითითებული წლები აღნიშნულია გარე ყდაზე, ხოლო შიგნით მხოლოდ 1996 წელია მითითებული) საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია მოსარჩელისა და მოპასუხის მამა (ხაზი აქვს გადასმული და მითითებულია, რომ 1999 წლის 1 იანვარს გარდაიცვალა) და ცოლი ქ. მ-ლი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1 ჰა მიწა და 80 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.

აღნიშნული ჩანაწერი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, რომ 1993 წლამდე კომლის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით მამის კომლს მიეკუთვნა. აქედან გამომდინარე შეგებებული მოსარჩელე 1992 წლის 1 იანვრის მონაცემებით არ იყო, მამის კომლის წევრი და მას კომლის ქონებაზე საკუთრების უფლებაც არ წარმოშვებია.

28. შეგებებული მოსარჩელის დასკვნით, თელავის რაიონის მიწის რეფორმის კომისიამ მამის კომლს მიაკუთვნა, დედასთან ერთად კომლის წევრი იყო და, როგორც კომლის უკანასკნელ წევრს, კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა.

აღნიშნულ მსჯელობას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, შემდეგს: მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათს არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას და მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ აქვთ უფლება, სადავო გახადონ აღნიშნული გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ფაქტები.

28.1. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის წარუმატებლობას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების არსებობაც განსაზღვრავს.

კერძოდ, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 05 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა. მ-ლი ი. მ-ლის კომლის წევრს არ წარმოადგენდა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა სადავო უძრავი ქონების წილის მიკუთვნებასთან მიმართებით ვინაიდან დაასკვნა, რომ მოპასუხე მამის კომლის წევრი არ იყო.

29. კასატორის მოსაზრებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი როგორც პირველი რიგის მემკვიდრის უფლება, კერძოდ არაა გათვალისწინებული, რომ წარმოადგენს მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეს და სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი ფლობით, რითაც დაირღვა მისი ქონებრივი ინტერესი და საკუთრების უფლება.

29.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407.1 მუხლის (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს მხოლოდ ის მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მიღებულია და დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ, რამდენადაც მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

29.2. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებაა და მათი აღრევა დაუშვებელია. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, „მეორე გამოცემა“, თბ., 2004, 42.)

29.3. ამდენად, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ახალ ფაქტებზე მითითების შესაძლებლობას. როგორც მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, კასატორს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში სათანადო სტადიაზე, სასამართლოსთვის არ მიუთითებია სამემკვიდრეო სამართლის საფუძვლებიდან გამომდინარე ქონებიდან წილის მიკუთვნების შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, სადავო ფაქტების შეფასებისას შეზღუდულია საპროცესო წესების დაცვით და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მიღებული განმარტებების ფარგლებით, ვინაიდან არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

31. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

32. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ის უფლებამონაცვლე ლ.ა ზ-ლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე