9 მაისი, 2022 წელი
თბილისი
საქმე №ას-1510-2019
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერმაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - ვ. ბ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე) - შპს „ვ-ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება (სარჩელში); შრომითი ხელშეკრულებების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ვ-ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, საწარმო, მარწმუნებელი) პარტნიორები არიან: ნ.მ-ვი (34% წილის მქონე პარტნიორი), შ. პ-ლი (33% წილის მქონე პარტნიოერი) და რ. მ-ვი (33% წილის მქონე პარტნიორი), რომელსაც საწარმოს დირექტორის პოზიციაც უკავია.
2. 2013 წლის 19 ივლისს, ვ. ბ-ესა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, რწმუნებული) და საწარმოს დირექტორს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანიც იყო, სამართალწარმოების საქმის წარმართვა პროკურატურაში, სასამართლოში და სხვა შესაბამის ორგანოებში - მარწმუნებლის კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ქონების დასაბრუნებლად.
ამ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, მარწმუნებელმა ვალდებულება იკისრა, რომ მოსარჩელე დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მიეღო და მისთვის საწარმოში არსებული ყველანაირი დოკუმენტაცია მიეწოდებინა, რომელიც საწარმოს უძრავი ქონების არსებობას, აუქციონით გასხვისებასა და მისი დაბრუნების პერსპექტივას შეეხებოდა. ამასთან, მოსარჩელეს უფლება მიენიჭა, რომ საწარმოს სახელით სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ზემოხსენებული ქონების შესახებ საჭირო მასალები მოეპოვებინა. მარწმუნებელმა მოსარჩელეს იმის უფლებაც მისცა, რომ დამოუკიდებლად ემოქმედა საგამოძიებო ორგანოებში, სასამართლოში, საჯარო რეესტრის სააგენტოში, ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა შესაბამის დაწესებულებებში, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მიზნის მისაღწევად ყველანაირი დახმარება აღმოეჩინა. გარდა ამისა, მოპასუხემ ივალდებულა, რომ ჩატარებული სამუშაოს შესახებ პერიოდულად ანგარიში მოესმინა. მოსარჩელემ, თავის მხრივ, ვალდებულება იკისრა, რომ სამუშაოზე მიღების დღიდან ყველანაირი ინფორმაცია მიეღო მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების ეკონომიკის სამინისტროს მიერ არასწორად აუქციონის წესით გასხვისების შესახებ, გაეანალიზებინა და ქონების დასაბრუნებლად ერთობლივი გეგმა შეემუშავებინა. მოსარჩელეს უნდა ემოქმედა საწარმოს სახელით, მოეპოვებინა დამატებითი საჭირო ინფორმაცია და მასალები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად, მოეხდინა გასხვისებული ქონების (მიწა და მასზე განთავსებული შენობები) აუდიტორული შეფასება (კომპანიის ხარჯზე) და მიწის აზომვითი საკადასტრო ნახაზის კოორდინატებისა და ფართობის დაზუსტება, ექსპერტთა დახმარებით. მოსარჩელესვე უნდა მოეპოვებინა მასალები, თუ რა დოკუმენტაციის საფუძველზე გაასხვისა საწარმოს უძრავი ქონება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე, მონაწილეობა მიეღო საგამომძიებო პროცესში, სასამართლო სხდომებსა და სხვა შესაბამის შეხვედრებში.
ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, გაწეული შრომისა და ვალდებულებათა შესრულების სანაცვლოდ, მოპასუხემ (დირექტორი რ.მ-ვი) იკისრა, მოსარჩელისათვის გასამრჯელოს - 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება.
3. 2013 წლის 20 დეკემბერს, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლის საგანიც იყო მოპასუხის უძრავი ქონების (სადავო ქონება) დასაბრუნებლად და შეთანხმებული ანაზღაურების საფასურად სამართალწარმოების საქმის წარმართვა პროკურატურაში, სასამართლოში და სხვა შესაბამის ორგანოებში.
ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, რომ მოსარჩელე ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე მიეღო და საწარმოში არსებული ყველანაირი დოკუმენტაცია (რომელიც შეეხება საწარმოს უძრავი ქონების (მიწის) შეძენას, საკუთრებაში არსებობას, შემდგომში აუქციონით გასხვისებას და მისი დაბრუნების პერსპექტივას) მიეწოდებინა. მარწმუნებელმა მოსარჩელეს უფლება მიანიჭა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, სადავო ქონების შესახებ საწარმოს სახელით ინფორმაცია მოეპოვებინა და მინდობილობები მიეცა, რათა საგამოძიებო ორგანოებში, სასამართლოებში, საჯარო რეესტრის სააგენტოში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა შესაბამის საჯარო დაწესებულებებში, ასევე, ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დამოუკიდებლად ემოქმედა. საჭიროების შემთხვევაში, საწარმოს პრობლემის მოსაგვარებლად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის ყველანაირი დახმარება უნდა აღმოეჩინა და გაწეული მუშაობის შესახებ მოსარჩელისგან პერიოდულად ანგარიში მოესმინა.
ამავე ხელშეკრულებით, მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა, რომ: სამუშაოზე მიღების დღიდან ყველანაირი ინფორმაცია მოეპოვებინა მარწმუნებლის კუთვნილი უძრავი ქონების (სადავო ქონება) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ არაკანონიერად ჩატარებული აუქციონის წესით გასხვისების შესახებ; უძრავი ქონების (200 კვ.მ მიწის ნაკვეთის) დასაბრუნებლად ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეემუშავებინა და გაეანალიზებინა; კომპანიის სახელით ემოქმედა; მასალების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში წარსადგენად დამატებითი საჭირო ინფორმაცია მოეპოვებინა; გასხვისებული ქონების (მიწა და მასზე განთავსებული შენობები) აუდიტორული შეფასება (საწარმოს ხარჯზე) მოეხდინა; აუდიტორთა და ექსპერტთა დახმარებით მიწის აზომვითი საკადასტრო ნახაზის კოორდინატები და ფართობი დაეზუსტებინა; გასხვისებულ მიწაზე ზუსტი კოორდინატები დაედგინა; მასალებით გამოერკვია, თუ რა დოკუმენტაციის საფუძველზე გაასხვისა საწარმოს უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ; დამნაშავე პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა; საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების გამოძიების პროცესში, სასამართლო სხდომებსა და სხვა შესაბამის შეხვედრებში მონაწილეობა მიეღო; საწარმოს კანონიერი ინტერესები ყველა ინსტანციაში დაეცვა; შპს „ს-თან“ წარმოქმნილი პრობლემური საკითხები მოეგვარებინა; დირექტორთან ერთად, ყველაფერი ეღონა, აუქციონით გასხვისებული ქონების დასაბრუნებლად.
ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მიხედვით, მოპასუხემ იკისრა, გაწეული შრომისა და ვალდებულებათა შესრულების გამო მოპასუხისათვის გასამრჯელოს - 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე (ერთ კვირაში). მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ასანაზღაურებელ პირგასამტეხლოზეც, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0.5% ოდენობით გადახდაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საწარმოს სარჩელთან დაკავშირებით (რომლითაც მოთხოვნილი იყო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის მიმართვის ბათილად ცნობა; საწარმოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობა; მარნეულის რაიონში, სოფელ --- მდებარე 322კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ძეს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გაფორმებული 2011 წლის 6 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა) 2013 წლის 28 ივნისს გამართულ სხდომაზე, საწარმოს წარმომადგენლად გამოდიოდა მოსარჩელე (საფუძველი - 2013 წლის 7 ივნისს საწარმოს დირექტორის მიერ განუსაზღვრელი ვადით გაცემული და ნოტარიუს შ.ხ-ას მიერ დამოწმებული მინდობილობა).
5. ზემომითითებულ საქმეზე 2013 წლის 28 ივნისს და შემდეგ ჩატარებულ თორმეტ სხდომაზე, მოსარჩელე საწარმოს ინტერესებს წარმოადგენდა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მონაწილეობით საქმე საწარმოს სასარგებლოდ დასრულდა.
6. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოსა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით.
7. მოგვიანებით, იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხემ, რომელმაც 2013 წლის 19 ივლისისა და 2013 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
8. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 აშშ დოლარის ანაზღაურება;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოც, ყოველდღიურად 5 აშშ დოლარის ოდენობით, 2018 წლის 4 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
- შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში (სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილი) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
10.1. საააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ დავალების ხელშეკრულების შესრულების ფაქტი, კერძოდ, არაერთი მინდობილობის მიხედვით, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მარწმუნებელი საწარმო (მოპასუხე) სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმოედგინა. 2013 წლის 28 ივნისს და შემდეგ ჩატარებულ თორმეტივე სხდომაზე მოსარჩელე საწარმოს ინტერესებს იცავდა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მონაწილეობით საქმე საწარმოს სასარგებლოდ დასრულდა.
რაკი დადგენილად ცნო, რომ საწარმოს დირექტორს მოსარჩელისათვის გაწეული მომსახურების საფასური არ გადაუხდია, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა ევალებოდა, რაც მას გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კანონშესაბამისად დაევალა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 316.1, 709-ე, 710-ე მუხლები).
10.2. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით (რაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის სადავო მოთხოვნა იყო) სააპელაციო სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა:
პირგასამტეხლოს არსიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალია 5 000 აშშ დოლარის 0.5%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს მხარისათვის ყოველდღიურად დაკისრება (სსკ-ის 417-418-ე მუხლები).
შრომითი ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, საწარმოს დირექტორი რ.მ-ვი ვალდებულებას იღებდა, რომ მოსარჩელისათვის 5 000 აშშ დოლარი გადაეხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო, ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 პროცენტის ოდენობით პირგასამტეხლო დაეკისრებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 0.5%-დან 0.1%-მდე უნდა შემცირებულიყო, რაც ყოველდღიურად 5 აშშ დოლარს შეადგენდა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაცო საჩივარი მოსარჩელემ შემოიტანა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მინიმალური ოდენობა 0.2%-ით განისაზღვრება.
საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
11.1. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მხარეთა მიერ განსაზღვრულ პირგასამტეხლოს არსსა და მიზანზე. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო გამდიდრების საშუალება კი არ არის, არამედ იგი ძირითადი ვალის (5 000 აშშ დოლარი) გადაუხდელობისათვის დაწესებული სანქციაა. მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი გასამრჯელო მოსარჩელეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, ოპერაციის გასაკეთებლად საჭირო თანხების განაწილვადება ეთხოვა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
13. 2022 წლის 17 მაისს, კასატორმა წერილობით მომართა საკასაციო სასამართლოს, საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებული პირგასამტეხლოს გაზრდისა და გასული დღეების პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით. ხსენებულ მომართვას მოსარჩელემ მტკიცებულებებიც დაურთო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
17. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი სწორედ კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი მოთხოვნაა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად საფუძვლიანია კასატორის მოთხოვნა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 0.2%-ით დაკისრება.
მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის 5 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია, რაც უცვლელადაა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით. ამდენად, დასახელებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, საკასაციო პალატის კვლევის საგანი ვერ გახდება, რადგან გადაწყვეტილების ეს ნაწილი კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) .
საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი არც შეგებებული სარჩელის მოთხოვნათა (2013 წლის 19 ივლისისა და 2013 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა) მართლზომიერებაა, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილიც, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ხსენებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264.2 მუხლი).
18. პირგასამტეხლოს შესახებ კასატორის (მოსარჩელე) მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 710.1 (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან.
კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).
19. როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორის მოთხოვნაა, მოწინააღმდეგე მხარისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს 0.2%-ით განსაზღვრა, ე.ი. კასატორის იურიდიული ინტერესი ისაა, რომ მოხდეს პირგასამტეხლოს ნაწილობრივ, მისი მოთხოვნის შესაბამისად კორექტირება.
მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ: №ას-176-157-2014).
„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ყველა გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
20. საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე მოწინააღმდეგე მხარისათვის 0.1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება გონივრულია. ამ დასკვნის ჩამოყალიბებისას, პალატა მხედველობაში იღებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგ კასატორს რაიმე პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2 მუხლი) და საკასაციო პალატის მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან, ვადასთან, ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხთან პროპორციულია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება შესაბამისია.
22. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. საკასაციო საჩივრის გაზრდილ მოთხოვნასთან მიმართებით პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 406-ე მუხლის იმპერატიული დათქმით - დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. დასახელებული ნორმის შინაარსი იმის მაუწყებელია, რომ კასატორის მხრიდან მოთხოვნის გაზრდა პროცესუალურად არაა დასაშვები, ამიტომ გაზრდილი მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
25. ამასთან, სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში 2022 წლის 17 მაისს წარმოდგენილ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას, და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან.
26. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. ვ. ბ-ის შუამდგომლობა პირგასამტეხლოს გაზრდისა და გასული დღეების პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
4. ვ. ბ-ეს დაუბრუნდეს 2022 წლის 17 მაისის განცხადებაზე დართული მტკიცებულებები, 100 (ასი) ფურცლად;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე