4 მაისი, 2022 წელი, #ას-314-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ. თ. ა.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან სამინისტრო) და შპს „ჯ. თ. ა-ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) შორის 2015 წლის 14 აპრილს დაიდო #... ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის მიხედვით, მოპასუხეს შემსყიდველისათვის 1000 სალაშქრო საწოლის კომპლექტი უნდა მიეწოდებინა. საქონლის ერთეულის ღირებულება - 56.58 ლარით, ჯამურად - 56580 ლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა 2015 წლის 13 ივნისის ჩათვლით განისაზღვრა (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 და მე-8 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).
2. ხელშეკრულების შესრულებას აკონტროლებდა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.
3. მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას, წისაწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრებოდა შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის - ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.15%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. ამასთან, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის გამო დღეების მიხედვით პირგასამტეხლო ვერ დაირიცხებოდა ან დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამი იქნებოდა ხელშეკრულების ღირებულების 9%-ზე ნაკლები, მიმწოდებელს დაეკისრებოდა მხოლოდ ფიქსირებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 9% (იხ. შეთანხმების -. და - პუნქტები).
4. მოპასუხემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეთანხმებული პროდუქცია ვერც დადგენილ ვადაში და ვერც დამატებითი ვადის დაცვით მიაწოდა, რის გამოც, სამინისტროს 2015 წლის 19 აგვისტოს N…-. აქტით, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 9%, სულ - 5092.20 ლარი.
5. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მიმწოდებლისგან შესყიდვის ობიექტის გამოგზავნის დაყოვნებამ განაპირობა. ამასთან, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - 2829 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით და არ არსებობდა აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
11. განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11.1. კასატორის მტკიცებით, კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობდა მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, მით უფრო იმ პირობებში, როცა მოპასუხემ აღიარა ხელშეკრულების პირობის დარღვევა, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
14. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა/მიწოდების განუხორციელებლობა, კანონიერ ძალაშია შესული.
14.1. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო - 2829 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირეს, შესაბამისად, სადავოა პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
15. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოპასუხეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.
16. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
17. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.).
პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
18. მართალია, ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შეთანხმებით, მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადის დაცვით, 2015 წლის 13 ივნისის ჩათვლით, 1000 საველე საწოლის მიწოდების გარანტიას იძლეოდა (იხ. შეთანხმების მე-8 მუხლი). მოსარჩელის ინტერესიც სწორედ მითითებული ვადის დაცვით ამ რაოდენობის საველე საწოლის მიღება წარმოადგენდა.
საყურადღებოა, რომ მოპასუხემ ვერც დადგენილი და ვერც დამატებითი ვადის დაცვით ვალდებულება ვერ შეასრულა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხის, დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირეს და დარღვევისათვის/ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა - 3 960,6 (56580 % 7) ლარია (შდრ.სუსგ. #ას-189-2020, 20.04.2021წ).
19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისათვის - 5092,20 ლარის დაკისრებას ითხოვდა, სწორედ ეს თანხაა დავის საგნის (სარჩელის) ფასიც. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აუნაზღაურდა - 3960,6 ლარი, რაც დავის საგნის ფასის 77,78%-ია და საპროცესო ხარჯებიც მხარეებს შორის ანალოგიური პროპორციით უნდა განაწილდეს (300%77,78=233,34, სსსკ-ის 39.1 „გ“ ქვეპუნქტი).
20. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, მოპასუხეს სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 233,34 ლარის ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „ჯ. თ. ა-ს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს - 3 960,6 ლარის გადახდა;
5. შპს „ჯ. თ. ა-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 233,34 ლარის ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე