Facebook Twitter

საქმე №ას-514-2022 21 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ კ. ხ-ი, ნ. ხ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში – „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ხ-ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „აპელანტი“) და ნ. ხ-ის (შემდგომში – „მეორე მოპასუხე“ ან „აპელანტი“) მიმართ ამ უკანასკნელთა უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა იშუამდგომლა სხვა, ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აგვისტოს ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით ზემოაღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, --- ქ. №--/ --- ქ. №-, სართული -, ბინა №--, ს.კ. ----, გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

6. მოპასუხეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს; მოპასუხეებმა, ასევე, მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აგვისტოს ადგილზე თათბირით მიღებული განჩინების გაუქმება, რომლითაც მათ უარი ეთქვათ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინებით აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ პირველი მოპასუხის სარჩელზე მოსარჩელის (ადმინისტრაციულ საქმეში მოპასუხე) მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე (საქმე №-/….-… და №./…-..).

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2022 წლის 22 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე აპელანტების წარმომადგენელმა მოსაზრების წარდგენის ეტაპზე მხარი დაუჭირა საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე წარდგენილ საჩივარს.

9. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველი სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ემყარება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, მოპასუხე კი მას უკანონოდ ფლობს. ხოლო, აპელანტი საქმის წარმოების შეჩერებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის (საქმე №./…-..) და 2021 წლის 05 აგვისტოს (საქმე №./…-..) განჩინებებით პირველი მოპასუხის სარჩელი მოსარჩელის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა წარმოებაში.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ ვინაიდან სამოქალაქო დავის ფარგლებში მოთხოვნილია იმ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა სადავო უძრავი ქონება, ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ და უშუალო გავლენას იქონიებს განსახილველ საქმეზე, სადაც წარდგენილია ვინდიკაციური სარჩელი და მისი დაკმაყოფილებისათვის კანონით განსაზღვრული სამი კომპონენტის (მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; მოპასუხეს არ უნდა გააჩნდეს ნივთის ფლობის უფლება) ერთობლივად არსებობაა აუცილებელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებებით სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის აუცილებელ ერთ-ერთ წინაპირობას, მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნას, გამოეცლება საფუძველი, აღნიშნული კი გავლენას მოახდენს მოცემული დავის შედეგზე.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

12. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

12.1. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და არ ასახავს მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დამკვიდრებულ პრაქტიკას;

12.2. როგორც აპელანტის მიერ წარდგენილი მასალებით დასტურდება, №./….-.. საქმეში პირველი მოპასუხის მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.01.2021წ. №…-.. გადაწყვეტილებისა (რომლითაც უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა) და 06.04.2021წ. №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ხოლო, №./…-.. საქმეში მოსარჩელის 25.12.2020წ. №./.-… ბრძანებისა და 19.07.2021წ. №.-./… ბრძანების ბათილად ცნობა. აღნიშნული სარჩელებით პირველი მოპასუხე ითხოვს სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმებას, თუმცა მას სადავო ქონებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნია. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ვერც აპელანტების წარმომადგენელმა მიუთითა, რის საფუძველზე აცხადებს პირველი მოპასუხე სადავო ქონებაზე პრეტენზიას;

12.3. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და ემყარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე პირველი ნაწილის დანაწესს. ამდენად, ამგვარ საქმეში სასამართლოს შეფასების საგანია მფლობელის ფლობის უფლება, ფლობის მართებულობა. მოპასუხე მხარეს არ წარუგენია იმგვარი მტკიცებულება, რაც სასამართლოს თუნდაც შინაგან რწმენას შეუქნიდა, რომ პირველი მოპასუხის მიერ სადავო ქონების ფლობის უფლება მართლზომიერია და მას აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მოთხოვნათა სრული უგულებელყოფით, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა სადავო განჩინება;

12.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და არ არსებობს განსახილველ დავაზე საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების მართლზომიერება.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

18. დასახელებულ ნორმაში არსებული ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

19. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიც არის, მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - საპროცესო ეკონომიის, რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ბევრჯერ შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ას-429-406-2014, 06 ივნისი, 2014 წელი).

20. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-551-519-2012, 11 ივნისი, 2012 წელი; №ას-624-591-2015, 22 ივლისი, 2015 წელი).

21. მოცემულ შემთხვევაში განსახილველი სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის წარმატებისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნულ წინაპირობებს სასამართლო მითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს, შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, მან უნდა დაადგინოს არის თუ არა მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრე.

22. საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ამონაწერში მითითებულია მოსარჩელის 25.12.2020წ. №./.-…ბრძანება (განცხადების რეგისტრაციის №…, თარიღი - 31.12.2020; უფლების რეგისტრაციის თარიღი 08.01.2021) (იხ. ს.ფ. ..-..). მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინება (საქმე №./…-..), საიდანაც ირკვევა, რომ პირველმა მოპასუხემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ამ უკანასკნელის 08.01.2021წ. №…-.. და 06.04.2021წ. №… გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი; ასევე, იმავე სასამართლოს 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინება (საქმე №./..-..), საიდანაც ირკვევა, რომ პირველმა მოპასუხემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის მიმართ მოსარჩელის 25.12.2020წ. №./…-. ბრძანებისა და 19.07.2021წ. №.-./… ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი (იხ. ს.ფ. ..-..). ამდენად, პირველი მოპასუხის მიერ აღძრული ადმინისტრაციული სარჩელით სადავოდ არის გამხდარი იმ ბრძანების მართლზომიერება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა.

23. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა, ხოლო პირველი მოპასუხის ადმინისტრაციული სარჩელებით გასაჩივრებულია უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ და უშუალო გავლენას იქონიებს განსახილველ საქმეზე. კერძოდ, პირველი მოპასუხის ადმინისტრაციული სარჩელების დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღარ იარსებებს მოსარჩელის მოთხოვნის მთავარი საფუძველი - უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება მართებულად შეაჩერა. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი