Facebook Twitter

საქმე №ას-392-2022 18 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - მ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით:

1.1. მ. მ-ის (შემდეგში - მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელის ნაწილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2020 წლის 17 დეკემბრის წერილი;

1.3. მოპასუხეს დაევალა, არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოსარჩელესთან მიმართებით ახალ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი გამოეცა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით:

- სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა;

- პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა;

- სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა.

3.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ 2022 წლის 21 იანვრის დისტანციურ სხდომაზე მოსარჩელემ სარჩელზე უარი თქვა, რის გამოც საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა.

3.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ზემომითითებული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა.

4. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელის ინტერესი დაკმაყოფილდა, კერძოდ, მას უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულის საფუძველი შექმნა კანონმდებლობაში შესაბამისმა ცვლილებამ, რის გამოც სასამართლომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეს დაკისრებული ჰქონდა წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯისა და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, მხოლოდ ამ ნაწილში საქმის წარმოების გაგრძელება აზრს იყო მოკლებული. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელზე უარი თქვა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლობის ხარჯების ანაზღაურების ნაწილზე, თუმცა სხდომის ოქმში სასამართლომ აღნიშნული არასწორად ასახა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად გააუქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

7. პირველ რიგში, პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები წარმოდგენილია სსსკ-ის 272-ე მუხლში, სადაც ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად დასახელებულია - მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა (სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

8. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის დასაბუთებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, მის მიერ სარჩელზე უარის თქმის თაობაზე არასწორია.

კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ სარჩელზე უარის თქმა მოიცავდა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლის ხარჯების დაკისრების მოთხოვნებს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად არ უნდა გაუქმებულიყო.

9. პალატის განსჯით, სადავო საკითხის სწორად შესაფასებლად რამდენიმე გარემოებაა საყურადღებო;

1). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის ოქმის მიხედვით, მოსამართლის შეკითხვაზე - ამბობდა თუ არა მოსარჩელე სარჩელზე უარს, ამ უკანასკნელის პასუხი ასეთია: „დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, უარს ვამბობ“ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის ელექტრონული ვერსია, 14.30.23). ამავე სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ მოცემული დროისთვის (2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით) მოსარჩელის სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იურიდიული ინტერესი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დაკმაყოფილებული იყო.

2). საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ დაკმაყოფილებაზე მიუთითებს მოსარჩელე კერძო საჩივარშიც. კერძოდ, იგი განმარტავს, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა და ამით მისი იურიდიული ინტერესი მიღწეულია.

ზემომითითებული გარემოებები იმის მაუწყებელია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანის დროისთვის მ. მ-ეს მინიჭებული ჰქონდა უფროსი მასწავლებლის სტატუსი და სასარჩელო მოთხოვნა ამ გზით ფაქტიურად იყო დაკმაყოფილებული.

სწორედ ამავე გარემოებიდან გამომდინარეობდა მოსარჩელის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის სხდომაზე აღძრული შუამდგომლობა, სარჩელზე უარის თქმის თაობაზე. ასეთ პირობებში გაზიარებული ვერ იქნება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ მისი შუამდგომლობა შეეხებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლობის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტას.

ამასთან, რაკი დადგენილია, რომ ზემოხსენებული შუამდგომლობის ჩამოყალიბებისას მოსარჩელის იურიდიული ინტერესი უკვე იყო დაკმაყოფილებული (რასაც მოსარჩელე კერძო საჩივარშიც ადასტურებს), ლოგიკურია, რომ კერძო საჩივრის ავტორს მხოლოდ პროცესუალური ხარჯების ნაწილში კი არ ეთქვა სარჩელზე უარი, არამედ საქმის წარმოების შეყვეტაზე შუამდგომლობა სარჩელის იმ მოთხოვნაზეც აღეძრა, რომლის მიმართაც სამართლებრივი ინტერესი აღარ გააჩნდა.

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე