Facebook Twitter

23 თებერვალი, 2022 წელი,

საქმე №ას-1428-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი (მოპასუხე) - გ. ა-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „..... ბ-ი“

II კასატორი (მოპასუხე) - ა. გ-ნი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „...... ბ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „--- ბ-მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი აღძრა გ. ა-ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან იპოთეკის საგნის მესაკუთრე) და ა. გ-ნის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მოვალე) წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 24 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულიყო, პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული - ქ. ქუთაისში, --- ქუჩის №..-ში მდებარე №..ბინა (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება).

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომლითაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა;

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- დადგინდა, რომ შპს „დ-ის გ-ლი ც-ის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 24 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დარჩენილი დავალიანების (6 213.35 ლარი და 8 160.31 აშშ დოლარი) ამოღების მიზნით განხორციელდეს - პირველი მოპასუხის კუთვნილი, სადავო უძრავი ქონების რეალიზაცია.

4.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

4.1.1. 2007 წლის 12 ნოემბერს, სს „ბ-კ რ-სა“ და მეორე მოპასუხეს (მოვალე) შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება, კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ.

4.1.2. დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში და, მის უზრუნველსაყოფად, 2007 წლის 13 ნოემბერს, პირველ მოპასუხესთან (იპოთეკის საგნის მესაკუთრე), სადავო უძრავ ქონებაზე იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო .

4.1.3. მეორე მოპასუხემ (მოვალე) დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სს „ბ-მა რ-ამ“ საარბიტრაჟო სარჩელით მუდმივმოქმედ არბიტრაჟს მიმართა.

4.1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ივნისის განჩინებით: დაკმაყოფილდა სს „ბ-ი რ-ის“ განცხადება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ; შპს „დ-ის გ-ლი ც-ის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას; მეორე მოპასუხესა და მ. გ-ნს, სს „ბ-ი რ-ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 32 337.05 აშშ დოლარის გადახდა; თანხის ამოსაღებად დადგინდა, იპოთეკით დატვირთული, მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებისა და გირავნობის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

4.1.5. პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციაზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ გამოტანილა, რადგან შესაბამისი იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეებს შორის საარბიტრაჟო შეთანხმება დავის არბიტრაჟისთვის გადაცემის შესახებ არ გაფორმებულა.

4.1.6. 2011 წლის 24 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გასცა, ამავე სასამართლოს 2011 წლის 5 ივნისის განჩინებაზე.

4.1.7. აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვის მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით ნაწილობრივ დაიფარა დავალიანება, ხოლო კრედიტორისათვის გადაუხდელი დარჩა 6 213.35 ლარი და 8 160.31 აშშ დოლარი.

4.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან სადავო არ იყო, 2007 წლის 12 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების (6 213.35 ლარი და 8 160.31 აშშ დოლარი) გადაუხდელობის ფაქტი, ამიტომ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა მოსარჩელის მოთხოვნა - ამ თანხის გადახდევინებაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთული, პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 623-ე, 286.1 და 301-ე მუხლები).

4.3. რაც შეეხებოდა სარჩელის ხანდაზმულობას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რაკი ძირითადი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება კრედიტორმა კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა (რაზეც კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ივნისის განჩინება არსებობდა, რომელიც სრულად არ აღსრულებულა), ამიტომ მასზე ხანდაზმულობის ვადის დინება შეწყდა (სსკ-ის 138-ე მუხლი), ხოლო ამავე მოთხოვნასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ივნისის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლით, სსკ-ის 142-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა ამოქმედდა, რაც სარჩელის შეტანის დროისათვის არ იყო გასული.

აქვე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 153.1 და 145-ე მუხლებზე (აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს) და აღნიშნა, რომ მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ გასული არ არის. მითითებული ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუკი ძირითადი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, აქსესორულ უფლებაზე ვადა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5.1. პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაბუთება ასეთია:

- თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცელი 2011 წლის 24 ივნისს გასცა, თუმცა დავალიანების ნაწილი მაინც გადასახდელი დარჩა. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარეს სწორედ ამ პერიოდიდან წარმოეშვა უფლება - მოეთხოვა პირველი მოპასუხის კუთვნილი სადავო უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა. კრედიტორმა სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 9 აგვისტოს აღძრა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მან კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა დაარღვია.

5.2. მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:

- მხარეთა შორის ძირითადი საკრედიტო ხელშეკრულება 2011 წელს შეწყდა. აქედან გამომდინარე, ხსენებული ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოშობს მის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ბედის განსაზღვრასაც. იმის გამო, რომ პირველი მოპასუხის ქონების რეალიზაცია კრედიტორს 2011 წელს არ მოუთხოვია, ამიტომ მის მიერ 2017 წელს ამ მოთხოვნის აღძვრა დაგვიანებულია. მოსარჩელეს შეეძლო ესარგებლა დავის განხილვის ალტერნატიული გზითაც, როგორც ეს 2017 წელს განახორციელა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრისა და 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად დაკმაყოფილდა მოსარჩელის (კრედიტორი) მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 24 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დარჩენილი დავალიანების (6 213.35 ლარი და 8 160.31 აშშ დოლარი) ანაზღაურების მიზნით, სადავო უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე.

10. განსახილველი დავის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1). 2007 წლის 12 ნოემბერს, სს „ბ-კ რ-სა“ და მეორე მოპასუხეს (მოვალე) შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება, კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ.

2). დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში და, მის უზრუნველსაყოფად, 2007 წლის 13 ნოემბერს, იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო პირველ მოპასუხესთან (იპოთეკის საგნის მესაკუთრე), სადავო უძრავ ქონებაზე.

3). მეორე მოპასუხემ (მოვალე) დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სს „ბ-მა რ-ამ“ საარბიტრაჟო სარჩელით მუდმივმოქმედ არბიტრაჟს მიმართა.

4). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ივნისის განჩინებით: დაკმაყოფილდა სს „ბ-ი რ-ის“ განცხადება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ; შპს „დ-ის გ-ლი ც-ის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას; მეორე მოპასუხესა და მ- გ-ნს, სს „ბ-ი რ-ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 32 337.05 აშშ დოლარის გადახდა; თანხის ამოსაღებად დადგინდა, იპოთეკით დატვირთული, მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებისა და გირავნობის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

5). პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციაზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ გამოტანილა, რადგან შესაბამისი იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეებს შორის საარბიტრაჟო შეთანხმება დავის არბიტრაჟისთვის გადაცემის შესახებ არ გაფორმებულა.

6). 2011 წლის 24 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გასცა, ამავე სასამართლოს 2011 წლის 5 ივნისის განჩინებაზე.

7). აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვის მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით ნაწილობრივ დაიფარა დავალიანება, ხოლო კრედიტორისათვის გადაუხდელი დარჩა 6 213.35 ლარი და 8 160.31 აშშ დოლარი.

ზემომითითებული გარემოებები კასატორებს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

11. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში მოსარჩელის მოთხოვნა წარმატებულია, კერძოდ, დადგენილია, რომ 2007 წლის 12 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანება მეორე მოპასუხის მიერ სრული მოცულობით (6 213.35 ლარი და 8 160.31 აშშ დოლარი) არაა ანაზღაურებული. ვინაიდან აღნიშნული სესხი პირველ მოპასუხესთან 2007 წლის 13 ნოემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებითაა უზრუნველყოფილი, შესაბამისად, სამართლებრივად დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა - ამავე თანხის გადახდევინებაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთული, პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით (სსკ-ის 623-ე, 286.1 და 301-ე მუხლები).

12. გასაზიარებელია გასაჩივრებული განჩინების ის ნაწილიც, სადაც წარმოდგენილია მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის უარყოფის თაობაზე:

12.1. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ, ვინაიდან, ძირითადი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება კრედიტორმა კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა (რაზეც კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ივნისის განჩინება არსებობდა, რომელიც სრულად არ აღსრულებულა), ამიტომ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით მიმდინარე ხანდაზმულობის ვადა შეწყდა (სსკ-ის 138-ე მუხლი).

ხოლო ამავე მოთხოვნასთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ივნისის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლით ამოქმედდა, სსკ-ის 142-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა, რომელიც სარჩელის შეტანის დროისათვის გასული არ იყო.

12.2. მოცემული საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანალიზა სსკ-ის 153.1 და 145-ე მუხლები, რომელთა შინაარსიც ასეთია: აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს; მთავარი მოთხოვნის ვადის გასვლასთან ერთად, ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც, მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთოსამართლებრივი საშუალება, არსებითადაა დაკავშირებული უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან, რაც მის აქცესორულობაზე მიუთითებს, შესაბამისად, იპოთეკის ნამდვილობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს მოთხოვნა (სსკ-ის 153-ე მუხლი); იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება, დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი შესრულების მოთხოვნის უფლებაზე, რომლის დარღვევა, შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, წარმოშობს იპოთეკის უფლების განხორციელების შესაძლებლობას. იპოთეკის წარმოშობის საფუძველი ყოველთვის არის კანონიერ ძალაში არსებული ხელშეკრულება. ძირითადი (უზრუნველსაყოფი) გარიგების გაუქმება გამორიცხავს იპოთეკის უფლების დადგენის ან განხორციელების შესაძლებლობას (იხ. სუსგ: №ას-1345-2018, 15.03.2019; №ას-558-2021, 26.01.2022; №ას-537-2021, 22.02.2022).

განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ძირითადი გარიგებაა, მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2007 წლის 12 ნოემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხსენებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორმა კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა და სახეზეა კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ივნისის განჩინება. გასათვალისწინებელია, რომ სააღსრულებო წარმოების შედეგად კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილება სრულყოფილად ვერ განხორციელდა.

აქვე საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ, თუკი ძირითადი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, აქცესორულ უფლებაზე ვადა ხანდაზმულად ვერ მიიჩნევა. აღნიშნული გამომდინარეობს სსკ-ის 145-ე მუხლის შინაარსიდან, რომელიც ადგენს, რომ მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად, ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც, მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

ზემომითითებული მსჯელობიდან გამომდინარე რაკი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დაკისრების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული, სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის დეფინიციით დამატებით (აქცესორულ) მოთხოვნასთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადაც ამოწურულად არ მიიჩნევა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება კანონშესაბამისია.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხსაც. აღნიშნული განჩინების შესაბამისად კრედიტორ სს ---- ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა #---- სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებული წარმოება.

საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ №..-....-...სამოქალაქო საქმის განხილვა დასრულდა წინამდებარე განჩინების მიღებით და აშკარაა, რომ წარმოქმნილია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. აქედან გამომდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, მეორე მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. რაც შეეხება პირველ მოპასუხეს, სსკ-ის 401.4 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 1 947 ლარი) 70% – 1 362.90 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. გ. ა-ეს (პ/ნ ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. ჯ-ის (პ/ნ ---) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, მთლიანობაში 1 947 ლარის (მათ შორის: 2020 წლის 10 ნოემბერს, ი. ჯ-ის მიერ # - საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი და 2021 წლის 10 თებერვალს, # - საგადასახადო დავალებით გადახდილი 1 647 ლარი) 70% - 1 362.90 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „--- ---“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ---;

4. ა. გ-ნი გათავისუფლებულია, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

5. გაუქმდეს, მოცემულ საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც: #ას-....-.... სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა, #..... სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სააღსრულებო წარმოება.

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე