Facebook Twitter

საქმე №ას-57-57-2018 21 ივნისი, 2022 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ე. ბ-ის უფლებამონაცვლე გ. კ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ --- საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - ხარაგაულის ს-ლო რ-რი

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – დანიშნული სარჩოს აუღებელი სხვაობის ანაზღაურება და სარჩოს გადაანგარიშება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ე. ბ-მ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... საჯარო სკოლის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ დანიშნული სარჩოს აუღებელი სხვაობის ანაზღაურების და სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება ხარაგაულის ს-ლო რ-რი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით საქმეში აპელანტის - ე. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ. კ-ია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება. ე. ბ-ის უფლებამონაცვლის, გ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ე. ბ-ის უფლებამონაცვლემ, გ. კ-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით ე. ბ-ის უფლებამონაცვლე გ. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2-ე ქვეპუნქტი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ .... საჯარო სკოლისათვის ე. ბ-ის სასარგებლოდ 2016 წლის 1 აპრილიდან სარჩოს სახით ყოველთვიურად 654,42 ლარის დაკისრების შესახებ, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ასევე მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

2022 წლის 4 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა ე. ბ-ის უფლებამონაცვლემ გ. კ-ამ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორება. კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილის 35-ე, 36-ე, 38-ე, 42-ე, 43-ე პუნქტებიდან უზუსტობების ამოღება და აღნიშნა, რომ არასწორად მიიჩნევდა საქმეზე უახლესი პრაქტიკის გამოყენებას და ითხოვდა ახალ პრაქტიკამდე მიღებული ძველი გადაწყვეტილებების, რომლებიც უფრო ახლოსაა სადავო პერიოდთან (2016 წელი), საფუძველზე 2016 წლის სარჩოს გადაანგარიშებას. განმცხადებელი ასევე უზუსტობად მიიჩნევდა იმ ფაქტს, რომ არ არის გამოკვლეული რა ოდენობის სარჩო აქვს გადახდილი სკოლას მოსარჩელისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით ე. ბ-ის უფლებამონაცვლე გ. კ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა.

2022 წლის 2 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კვლავ მომართა ე. ბ-ის უფლებამონაცვლემ გ. კ-ამ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება და აღნიშნა, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში მითითებულია საქმის „იმავე“ სასამართლოში დაბრუნება, მაგრამ არ არის მითითებული რომელ სასამართლოში. განმცხადებლის მოსაზრებით, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის კონტექსტიდან გამომდინარე სიტყვაში „იმავე“ შესაძლებელია ზესტაფონის რაიონული სასამართლოც იგულისხმებოდეს. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა სიტყვის „იმავე“ შეცვლა სიტყვით - „რაიონულ“ ან „ზესტაფონის რაიონულ“-ით, ხოლო თუ საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში სიტყვა „იმავე“-ს შეცვლა სიტყვით „სააპელაციო“ ან „ქუთაისის სააპელაციო“-თი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ე. ბ-ის უფლებამონაცვლის, გ. კ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მითითებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწოროს შეცდომა ან უზუსტობა იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო აქტში დაშვებული იქნა უსწორობა.

თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამავე კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი და დასახელებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში რაიმე შეცდომას ან უზუსტობას ადგილი არ აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ბ-ის უფლებამონაცვლის გ. კ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ბ-ის უფლებამონაცვლე გ. კ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი