Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-23-გ-03 5 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

განიხილა ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 11.10.99წ. გადაწყვეტილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... მდებარე ოროთახიანი ბინა ირიცხებოდა თ. დ-ას სახელზე, რომლის პრივატიზაცია მან 28.07.92წ. მოახდინა. ბინის პრივატიზაციის განხორციელებაზე თანხმობა განაცხადეს ოჯახის წევრებმა: ნ. მ-მა და ფ. ო-ამ. 23.07.93წ. გარდაიცვალა თ. დ -ია. 30.06.98წ. ფ. ოჩიგავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ და მოითხოვა ბინის ½1/2-ის მესაკუთრედ ცნობა. მთაწმინდის რაიონის სასამართოს 12.01.99წ. გადაწყვეტიოებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ფ. ო-ა ცნობილი იქნა სადავო ბინის ½1/2-ის მესაკუთრედ, დამხმარე სათავსოები დარჩენილ იქნა ორივე მხარის საერთო სარგებლობაში. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქნმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 25.02.99წ. დადგენილებით საქმე ხელახალი გამხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 11.10.99წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ფ. ო-ა ცნობილი იქნა, მესაკუთრედ 41/662 კვ.მ ბინის 20/662კვ.მ, ხოლო მოპასუხე ნ. მ-ი ცნობილ იქნა მესაკუთრედ 41/662 კვ.მ ბინის 21/662 კვ.მ ფართზე. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 05.01.2000წ. განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 11.10.99წ. გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 11.08.2000წ. განჩინებით სააპელაციო პალატის 05.01.2000წ. განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 21.12.2000წ. განჩინებით გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართოს 11.10.99წ. გადაწყვეტილება, ფ. ო-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილი იქნა სადავო ბინის 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 10.10.01წ. განჩინებით გაუქმდა სააპელაციო პალატის 02.12.2000წ. გადაწყვეტილება, საქმე განსახილველად გადაეგზავნა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ბინაზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 08.07.92წ. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც აწ გარდაცვლილი თ. დ-ა საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ. სადავო ბინაში საკუთრების უფლებით წილის გამოყოფა შეუძლებელია პრივატიზაციის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გარეშე. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან პრივატიზაციის ხელეშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, ამ უკანასკნელის დადება ან მასში ცვლილებების შეტანა სასკ-ს მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.04.03წ. განჩინებით საქმე კვლავინდებურად გადაეგზავნა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას. განჩინებაში აღინიშნა, რომ აპელანტმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ იგი სადავოდ არ ხდის 28.07.92წ. ადმინისტრაციული გარიგების ნამდვილობას, რის გამო დავა კერძოსამართლებრივი ხასიათისაა და განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 24.04.03წ. განჩინებით საქმე პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ბინაზე საკუთრების შეძენის სამართლებრივი საფუძველია 28.07.92წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მხარე იყო ადგილობრივი მმართველობის ორგანო. დავის საგანს წარნმოადგენს ქ. თბილისში, ... არსებული ოროთახიანი ბინის 1/3-ის იდიალური წილის მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს პრივატიზაციის მომენტში ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა. ამდენად, დავის გადაწყვეტა საჭიროებს სარჩელის საფუძვლის შემოწმებას, რომელიც პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებას უკავშირდება. სასკ-ს მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება, რის გამო სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების დაცვით.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საქმე განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ს მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება. ფ. ო-ა სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა ქ. თბილისში, ... მდებარე ოროთახიანი პრივატიზებული ბინის იდიალური წილის მესაკუთრედ ცნობას. ფ. ო-ას სასარჩელო განცხადება არ შეიცავს თ. დ-ას სახელზე განხორციელებული სადავო ბინის პრივატიზების ბათილად ცნობის მოთხოვნას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბინის პრივატიზაცია თ. დ-ას სახელზე აღირიცხა მოსარჩელის და ნ. მ-ის წერილობითი თანხმობის შედეგად, ბინა აღირიცხა თ. დ-ას საკუთრებად, ხოლო თითოეულ მათგანს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.04.92წ. დადგენილების მე-4, 22.12.93წ. დადგენილების მე-12 მუხლის თანახმად, წარმოეშვად საერთო საკუთრების უფლება პრივატიზებულ ბინაზე. ამდენად, ფ. ო-ას მოსაზრების გაზიარების, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ წარმოიქმნება ბინის პრივატიზების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის საჭიროება, ასეთი არც მოსარჩელეს _ ფ. ო-ას მოუთხოვია, ფ. ო-ა თვლის, რომ იგი ბინის პრივატიზაციის შემდგომ ინარჩუნებდა უფლებას ბინის წილზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს მხოლოდ თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას და სადავოდ არ გაუხდია პრივატიზების კანონიერება. ამდენად, განსახილველი საქმის დავის საგანს წარმოადგენს თბილისში, ... არსებული ოროთახიანი ბინის 1/3-ის იდეალური წილის მესაკუთრედ ცნობა, მაშასადამე არ არსებობს სასკ-ს 2 მუხლის 2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დავის საგანი, დავა კერძოსამართლებრივი ხასიათისაა, რის გამოც იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით, სსკ-ს 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

2. საქმის მასალები განსახილველად გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.