Facebook Twitter

11 მაისი, 2022 წელი,

საქმე №ას-770 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს-ს რ-ზა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ .-. მ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2017 წლის 7 ივნისს, სს „ს-ს რ-ასა“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან მეიჯარე) და შპს „.-. მ-ლს“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოიჯარე) შორის იჯარის ხელშეკრულება (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მოპასუხემ დროებით სარგებლობაში მიიღო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სატვირთო საწყობი (საერთო ფართი, 1 080კვ.მ).

2. ხელშეკრულების 1.4 და 2.1 პუნქტების მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წლით, ხოლო საიჯარო ქირა - ყოველთვიურად 5 500 ლარით (დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით) განისაზღვრა, რომელიც მოპასუხეს მოსარჩელისთვის ყოველი საანგარიშსწორებო თვის 10 რიცხვამდე უნდა გადაეხადა.

3. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის ან/და დავალიანების ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად და ჯეროვნად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

4. 2017 წლის 10 ივლისიდან მოპასუხემ დაარღვია იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის შესახებ.

5. 2017 წლის 15 აგვისტოს და 2017 წლის 3 ოქტომბერს, მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა მიმართვები დავალიანების ნებაყოფლობით გადახდის მოთხოვნით.

6. 2018 წლის 25 ოქტომბერს, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შესასრულებლად, მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 5 000 ლარი. 2018 წლის 27 ოქტომბერს, ამავე მიზნით, მოიჯარემ მეიჯარეს 5 000 ლარი აუნაზღაურა.

7. 2018 წლის 11 იანვარს, იჯარის ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა.

8. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება საიჯარო ქირის დავალიანება - 28 984.97 ლარი.

9. 2018 წლის 24 იანვარს, მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა - იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული დავალიანების - 31 052.64 ლარის გადახდის მოთხოვნით.

10. მოიჯარის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღძრა მეიჯარემ, რომელმაც მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დავალიანების - 28 984.97 ლარის, ასევე, 2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 2 608.34 ლარისა და 2018 წლის 10 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 28.98 ლარის ოდენობით.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28 984.97 ლარის ანაზღაურება;

- მოიჯარეს მეიჯარის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა, 2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო, 652 ლარი;

- გარდა ამისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა გადაწყვეტილების აღსრულებამდე მაგრამ მხოლოდ 2019 წლის 3 აგვისტოს ფარგლებში, პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7.20 ლარის ანაზღაურება.

12. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც ხსენებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული იყო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები).

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

14.1. სსკ-ის 420-ე მუხლის შინაარსით პირგასამტეხლოს შემცირება საქმის გარემოებების გათვალისწინებითაა დასაშვები. ეს იმას გულისხმობს, რომ სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტებს, გარიგების შინაარსს და ყველა დეტალის კვლევის შედეგად უნდა შეაფასოს, პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობა. რაკი მოსარჩელე ქვეყნის სტრატეგიული ობიექტია, მის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ კეთილსინდისიერად შესასრულებელი ვალდებულებები. შესაბამისად, მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლით, მოსარჩელეს ნდობა გაუჩნდა, რომ მოიჯარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას კეთილსინდისიერად შეასრულებდა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარესთან შეთანხმებით კასატორმა გაითვალისწინა პირგასამტეხლო, რომელიც მოსალოდნელი სანქციების რისკს უზრუნველყოფდა.

14.2. მოპასუხის მიერ გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანება 28 984.97 ლარია, რაც მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს არ აუნაზღაურებია. მოიჯარეს მხოლოდ ორი თვის საიჯარო ქირა (ჯამურად, 10 000 ლარი) აქვს გადახდილი.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

2022 წლის 4 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი სწორედ კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი მოთხოვნაა.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნა - პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაა, ე.ი. კასატორის იურიდიული ინტერესი ისაა, რომ არ მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება და მისი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს.

ამდენად, საკასაციო პალატის მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად მართლზომიერია მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე - 2 608.34 ლარი და 2018 წლის 10 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 28.98 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრება.

17. კასატორის განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც), მე-400 (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებშია წარმოდგენილი.

18. მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი:

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ №ას-176-157-2014).

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27.01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222-209-2015, 6.05.2015).

ამრიგად, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

19. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, სამართლიანი, გონივრული და დასაბუთებულია. აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას, პალატა მხედველობაში იღებს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:

ა). სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობის სუბიექტები კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან, რომელთაგან ერთ-ერთი (მეიჯარე) - სტრატეგიული ობიექტია და მის გამართულად მუშაობაზეა დამოკიდებული, როგორც ქვეყნის სარკინიგზო მომსახურების ნორმალურად ფანქციონირება, ასევე, არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;

ბ). ვალდებულების დარღვევის შინაარსი ასეთია: იჯარის ხელშეკრულება მხარეებმა 2017 წლის 7 ივნისს დადეს, ხოლო საიჯარო ქირის (ყოველთვიურად 5 000 ლარი) გადახდის ვალდებულება მოიჯარემ 2017 წლის 10 ივლისიდან დაარღვია და აქედან წარმოშობილი დავალიანება 28 984.97 ლარია.

გ). ჯამურად მოპასუხის მიერ გადახდილი საიჯარო ქირის მოცულობა 10 000 ლარს შეადგენს, ე.ი. მოიჯარეს ძირითადი ვალდებულება მხოლოდ მითითებული თანხის ფარგლებში აქვს შესრულებული.

დ). პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია, უფრო მეტიც, იგი არც პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე არ გამოცხადებულა. ეს გარემოება იმის მაუწყებელია, რომ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მოპასუხე არ შედავებია, მაშინ როდესაც მისი მტკიცების ტვირთში შედიოდა ამ ფაქტების უარყოფაც და მათი გაქარწყლებაც.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის ვალდებულება - განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე (სსსკ-ის 201.1 მუხლი). ამასთან, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201.4 მუხლი). გარდა ამისა, სსსკ-ის 4.1 (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) და 102-ე მუხლები (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით) იმის ნათელი დადასტურებაა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, მას უფლებას ართმევს, ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს შეასრულოს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. იხ.: სუსგ №ას-664-635-2016, 2.03.2017). ამდენად, შექმნილი მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე სარჩელში მითითებულ ფაქტებს მათ შორის პირგასამტეხლოს მოცულობის ნაწილში სრულად დაეთანხმა.

ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, რადგან მათ წინააღმდეგ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2 მუხლი). ამასთან, დასახელებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%) - ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ: იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის საპირწონეა, იგი სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებს და იმ მიზანს ემსახურება, რომ თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები. საკითხის ამგვარად გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-189-2020, 20.04.2021).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობაზე აქვს სამართლებრივად ვარგისი საფუძველი. შესაბამისად, კასატორის მიერ პირგასამტეხლოს ანგარიშში მოთხოვნილი თანხა ის თანხაა, რომლის კასატორის სასარგებლოდ გადახდადაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, რაკი წინამდებარე გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, ამიტომ მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. ამასთან, მოპასუხისათვის დასაკისრებელ თანხას უნდა გამოაკლდეს 1 012.2 ლარი, რომლის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდაც მოპასუხეს უკვე დაეკისრა ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით (რომლითაც საიჯარო ქირის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა), მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. ზემომითითებული გაანგარიშებით მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 2 165.75 ლარს შეადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 264.3, 257.1, 253-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „ს-ს რ-ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები სს „ს-ს რ-ას“ სარჩელი შპს „.-. მ-ის“ წინააღმდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს სრულად;

4. შპს „.-. მ-ს“ სს „ს-ს რ-ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 2 608,34 ლარი;

5. შპს „.-.მ-ს“ სს „ს-ს რ-ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 10 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 28.98 ლარი.

6. შპს „.-. მ-ს“ სს „ს-ს რ-ას“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟები სულ - 2 165,75 (874,55+574,84+716,36) ლარი;

7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე