Facebook Twitter

საქმე №ას-398-2022 10 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ფ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ-ია (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – თ. ლ-ძე, თ. მ-ლი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ. ხ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ფ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „კასატორი“), ასევე თ. ლ-ის, თ. მ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, „მესამე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 4800 ლარის დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.11.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 4 800 ლარის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

2.1. 30.07.2016 წელს მოსარჩელესა და შპს „ს-ო კ-ია ს-ოს“ (შემდეგში „მსესხებელი“) შორის, გაფორმდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება N---, რომლის საფუძველზე მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 4 800 ლარი. სესხი გაიცა ოთხი თვის ვადით. მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია.

2.2. მსესხებელთან დაკავშირებულმა პირებმა დანაშაულებრივი გზით გაფლანგეს მოსარჩელის მიერ სარგებლიანი სესხის სახით მიღებული თანხები. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N---. 14.12.2016 წლის დადგენილებით მოსარჩელე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 31.07.2017 წლის განაჩენით საქმეზე N-/…-… დამნაშავედ ცნობილი იქნენ მოპასუხეები. განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.05.2018 წლის განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.2018 წლის განჩინებით მსჯავრდებულების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

2.4. მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, მოსარჩელეს მიაყენა ზიანი 4800 ლარის ოდენობით.

2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) XXXIV3 თავით გათვალისწინებული წესები გამოიყენება მაშინ, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ანუ როდესაც დანაშაულის ჩადენის შედეგად პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე აღარ იკვლევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დადასტურებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული დასკვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 30920-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, მიიჩნევა თუ არა დადასტურებულად ზიანის ოდენობა და სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს თუ არა ზიანის ოდენობით, როგორც დადასტურებული ფაქტით. სსსკ-ის 30917 მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე დასართავ მტკიცებულებათა წრეს, კერძოდ, სარჩელი უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულს შეიძლება მოიცავდეს თვით განაჩენი ან კიდევ, შესაძლებელია, მითითებული მტკიცებულების დამოუკიდებლად შექმნა და სარჩელზე დართვა.

2.6. განაჩენის თანახმად, მსესხებლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. მის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა მესამე მოპასუხე, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა მეორე მოპასუხე. მსესხებლის საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა მესამე მოპასუხის მეუღლე - პირველი მოპასუხე, ანუ კასატორი. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, მსესხებელი აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში მსესხებელმა მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, მსესხებლის დირექტორმა (მეორე მოპასუხემ) რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, პირველი მოპასუხის წაქეზებით და მესამე მოპასუხის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად პირველი მოპასუხის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით პირველ მოპასუხეზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "გ-ზე"- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და პირველმა მოპასუხემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, მსესხებელმა ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება.

2.7. დაზარალებულად ცნობის თაობაზე დადგენილებით, განაჩენის და მოპასუხეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შინაარსის კვლევით დგინდება მოპასუხეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ჩადენილი ქმედების შინაარსია სამეწარმეო სუბიექტის კუთვნილი სახსრების გაფლანგვა, რაც მოპასუხედ დასახელებული პირების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია. დანაშაულის ჩადენამ გამორიცხა სახელშეკრულებო მოთხოვნის კონტრაჰენტისადმი წაყენების შესაძლებლობა, მოთხოვნა კი ტრანსფორმირდა დელიქტურად.

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 317-ე, 992-ე, 998-ე, 408-ე, 463-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი. მოპასუხეები სოლიდარულად წარმოადგენენ მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტებს.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2022 წლის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ არსებობს. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია შეაფასოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ Nა-1915-ბ-8-2015 , 22.07.2015წ.; სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.).

9. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას სასამართლოების მხრიდან კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან - სსკ-ის 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე მუხლი (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით), 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).

10. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019).

11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ 31.07.2017 წლის განაჩენზე, რომლითაც მსესხებლის დამფუძნებელი (მესამე მოპასუხე), დირექტორი (მეორე მოპასუხე) და ფაქტობრივი მმართველი (პირველი მოპასუხე) მეანაბრეთა, მათ შორის მოსარჩელის, კუთვნილი თანხების გაფლანგვის გამო, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.05.2018 წლის განაჩენით (ტ.1, ს.ფ. …-…). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.2018 წლის განჩინებით მსჯავრდებულების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად (ტ.1, ს.ფ. …-…).

12. განაჩენის თანახმად, მსესხებლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. მის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა მესამე მოპასუხე, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა მეორე მოპასუხე. მსესხებლის საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა მესამე მოპასუხის მეუღლე - პირველი მოპასუხე, ანუ კასატორი. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, მსესხებელი აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში მსესხებელმა მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, მსესხებლის დირექტორმა (მეორე მოპასუხემ) რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, პირველი მოპასუხის წაქეზებით და მესამე მოპასუხის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად პირველი მოპასუხის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით პირველ მოპასუხეზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "გ-ზე"- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და პირველმა მოპასუხემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, მსესხებელმა ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება (ტ.1, ს.ფ. ..-….).

13. პალატა მიუთითებს, რომ 24.09.2010 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა, სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნეს განხილული (სუსგ №ას-1263-2019, 13.03.2020), მოპასუხეს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება.

14. სსსკ-ის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.).

15. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ზიანის ოდენობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული თანხა უნდა იქნეს მიჩნეული.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ. ფ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია