Facebook Twitter

საქმე №ას-693-2021 24 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – .. თ-ის ს-ო კ-ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ლი, ლ. ნ-ძე (მოსარჩელეები)

თავდაპირველი მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – გ. ჩ-უა, ნ. ხ-ლი, ა. მ-ლი, ი. ჟ-ია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კრების ოქმისა და დადგენილების კანონიერად ცნობა, კოოპერატივის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ა. მ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და ლ. ნ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში .. თ-ის ს-ლო კ-ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „კოოპერატივი“ ან „კასატორი“) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვეს:

- კოოპერატივის 26.01.2018 წლის წარმომადგენელთა კრების ოქმისა და ამავე კრების დადგენილების კანონიერად ცნობა;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.07.2018 წლის №--- და 05.07.2018 წლის №-- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, კოოპერატივის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 26.01.2018 წელს „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კოოპერატივის წესდების მოთხოვნათა დაცვით გაიმართა კოოპერატივის წარმომადგენელთა კრება, რომლის შესახებ განცხადება გამოქვეყნებული იყო გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. კრება მოწვეული იყო კოოპერატივის გამგეობის მიერ, რაც დასტურდება გამგეობის 08.12.20.. წლის №.. სხდომის ოქმით, რომელიც ხელმოწერილია გამგეობის თავმჯდომარის - გ. ჩ-ას მიერ. ოქმს თან ერთვის კრების ჩატარების ღონისძიებათა გეგმა. კრების მოწვევა განაპირობა კოოპერატივის გამგეობის უფლებამოსილების ვადის გასვლამ, რადგან მოქმედი გამგეობა არჩეული იყო 2012 წლის წარმომადგენელთა კრებაზე ხუთი წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.07.2017 წლის განჩინებით დავალებული იყო წარმომადგენელთა კრების მოწვევა, ახალი გამგეობისა და თავმჯდომარის არჩევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედი გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიიჩნეოდა ბათილად.

2.2. წარმომადგენელთა კრება გახსნა გამგეობის თავმჯდომარე გ. ჩ-მ, კრება გამოცხადდა გადაწყვეტილებაუნარიანად, რადგან კოოპერატივის 51 წარმომადგენლიდან მას 49 წარმომადგენელი ესწრებოდა. კრებამ აირჩია კრების თავმჯდომარე და მდივანი, დაამტკიცა დღის წესრიგი და კრების რეგლამენტი. კრებამ მიიღო დადგენილება ხმის დამთვლელი კომისიის არჩევნების ოქმის დამტკიცების შესახებ, რის შემდეგაც აირჩიეს გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარე.

2.3. 07.02.2018 წელს კრების ოქმი და დადგენილება წარედგინა საჯარო რეესტრს, კოოპერატივის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, კერძოდ, ახლად არჩეული გამგეობისა და თავმჯდომარის დარეგისტრირების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და დაადგინა ხარვეზი. ხარვეზის შევსების მიზნით საჯარო რეესტრს წარედგინა ამომწურავი წერილობითი ინფორმაცია, თუმცა საჯარო რეესტრი ცვლილებებს არ არეგისტრირებს იმ მოტივით, რომ ვერ დაადგინა კრება მოწვეულ იქნა თუ არა კანონისა და წესდების მოთხოვნათა დაცვით. 18.05.2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პირველმა მოსარჩელემ კოოპერატივის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე ხელმეორედ წარუდგინა განცხადება, თუმცა უშედეგოდ.

3. მოპასუხეთა პოზიცია:

3.1. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქმედებს კანონის შესაბამისად და არ არსებობს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები (იხ. ტ.1, ს.ფ. …-…; ტ.2, ს.ფ. …-…).

3.2. სარჩელი არ ცნო არც მეორე მოპასუხემ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.10.2019 წლის განჩინებით, საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მოპასუხის მხარეს ჩაბმულ იქნენ: გ. ჩ-ა, ნ. ხ-ლი, ა. მ-ლი და ი. ჟ-ა (ტ.2, ს.ფ….-…).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.07.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კანონიერად იქნა ცნობილი კოოპერატივის 26.01.2018 წლის წარმომადგენელთა კრების ოქმი და ამავე კრების დადგენილება. განისაზღვრა, რომ კოოპერატივის რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილება დარეგისტრირებულიყო. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

5.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საქმის განხილვის დროისთვის რეგისტრირებული, 05.06.2018 წლის მონაცემების თანახმად, კოოპერატივი რეგისტრირებულია 29.01.1996 წლიდან, მისი სამართლებრივი ფორმაა კოოპერატივი და საიდენტიფიკაციო ნომერი - ---. კოოპერატივის მმართველობის ორგანოა გამგეობა და საერთო კრება (წარმომადგენლობითი კრება). კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე გ. ჩ-აა, ხოლო გამგეობის წევრები არიან გამგეობის თავმჯდომარე - გ. ჩ-ა, მეორე მოსარჩელე, ნ. ხ-ლი, ა. მ-ლი და ი. ჟ-ია. მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებით, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, რომ კოოპერატივში რეგისტრირებულია 250 მეპაიე და კოოპერატივს 51 წარმომადგენელი ჰყავს.

5.2. საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.07.2017 წლის განჩინებით დადგენილია, რომ, ერთი მხრივ, ი. ჟ-ია, ო. ჩ-ძე, ჯ. ც-ძე (წარმოდგენილი გ. წ-ვას მიერ), გ. კ-ია და, მეორე მხრივ, კოოპერატივი (წარმოდგენილი ქ. გ-ის მიერ), გ. ჩ-ა და მეორე მოსარჩელე შეთანხმდნენ მასზე, რომ 15.12.2017 წლამდე ჩატარდებოდა კოოპერატივის ტერიტორიული პრინციპით შექმნილი კოოპერატიული უბნების კრებები, რომლებზეც კანონის შესაბამისად აირჩეოდნენ წარმომადგენლები და სათადარიგო წარმომადგენლები. ამის შემდეგ, კანონითა და წესდებით განსაზღვრული წესით, მოწვეული იქნებოდა კოოპერატივის წარმომადგენელთა კრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედი გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჩაითვლეოდა ბათილად.

5.3. კოოპერატივის გამგეობის 08.12.20.. წლის №- სხდომის ოქმით დადგენილია, რომ კრებამ განიხილა კოოპერატივის წარმომადგენელთა კრების მოწვევის საკითხი და დაადგინა, რომ კოოპერატივის წარმომადგენელთა კრება ჩატარდებოდა 26.01.2018 წელს, შემდეგი დღის წესრიგით: კოოპერატივის გამგეობის არჩევნები, კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის არჩევნები, კოოპერატივის სარევიზიო კომისიის არჩევნები. აღნიშნულ სხდომის ოქმს ხელს აწერს გ. ჩ-ა.

5.4. კოოპერატივის წარმომადგენელთა კრების 26.01.2018 წლის სანოტარო წესით დამოწმებული ოქმისა და ამავე კრების დადგენილების თანახმად, 26.01.2018 წელს ჩატარდა კოოპერატივის წარმომადგენელთა კრება, რომლის გადაწყვეტილებითაც, კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარედ კრებისთვის შეთავაზებული ორი კანდიდატურიდან (გ. ჩ-ა და პირველი მოსარჩელე) ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნა პირველი მოსარჩელე, ხოლო კოოპერატივის გამგეობის წევრებად - პირველი მოსარჩელე, გ. ლ-ძე, ნ. მ-ძე, მეორე მოსარჩელე და ბ. კ-ძე. სადავო კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე მ. კ-ძე, კრების მდივანი ე. ჩ-ძე, პირველი მოსარჩელე, გ. ლ-ძე, ბ. კ-ძე, ნ. მ-ძე და მეორე მოსარჩელე. 26.01.2018 წლის სადავო კრების დადგენილებაში კრების მიერ კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარისა და კოოპერატივის გამგეობის წევრების არჩევის ფაქტია კონსტატირებული. მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებითა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, რომ კოოპერატივის 51 წარმომადგენლიდან სადავო კრებას 49 წარმომადგენელი ესწრებოდა.

5.5. 29.01.2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართეს გ. ჩ-მ, ნ. ხ-მა, ი. ჟ-ამ და მოითხოვეს, რომ კოოპერატივის რეგისტრირებულ მონაცემებში არ განხორციელებულიყო ცვლილებები კოოპერატივის 26.01.2018 წლის წარმომადგენელთა კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, რადგან კრება პროცედურული დარღვევებით წარიმართა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, კოოპერატივის სადავო კრების ოქმის რეგისტრაცია შეჩერდა.

5.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.07.2018 წლის №--- სადავო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 21.05.2018 წლის №---/- გადაწყვეტილება და მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურს №--- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო გარემოება, რომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, დაინტერესებულ პირს არ წარმოუდგენია ახლადაღმოჩენილი ან ახლადგამოვლენილი გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებული პირის სასარგებლოდ შეცვლიდა გარემოებებს.

5.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2018 წლის №--- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ პირველ მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც განმცხადებელი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 25.05.2018 წლის №---/-გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და სადავო კრების ოქმის შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციას ითხოვდა. ამავე გადაწყვეტილებით პირველ მოსარჩელეს განემარტა, რომ გადაწყვეტილება ძალაში შედის დაინტერესებული მხარის მიერ გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე და განმცხადებელი უფლებამოსილია, გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

5.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კოოპერატივის 26.01.2018 წლის წარმომადგენელთა კრების ოქმი და ამავე კრების დადგენილება კანონშესაბამისია და ექვემდებარება მეწარმეთა რეესტრში რეგისტრაციას. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენს და სარჩელში დეტალურად და თანმიმდევრობით უთითებს გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებს სადავო აქტების კანონის მოთხოვნათა ზედმიწევნით დაცვით მიღების ფაქტს, კოოპერატივი კი მოსარჩელეთა მიერ მითითებულ არცერთ ფაქტობრივ გარემოებას შესაგებლით არ შესდავებია. უფრო მეტიც, კოოპერატივის წარმომადგენელი არც საქმის ზეპირი განხილვის დროს არ შესდავებია არსებითად და არგუმენტირებულად მოსარჩელეთა მიერ მითითებულ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას და მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ კოოპერატივი სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ მოთხოვნებს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, რადგან სადავო აქტები უკანონოა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების პირველი ნაწილებით, ამავე კოდექსის 201-ე მუხლით და მიუთითა, რომ კოოპერატივმა ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო აქტები კანონსაწინააღმდეგოა.

5.9. სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5¹ მუხლის მე-2 პუნქტით, მე-9¹ მუხლის პირველი პუნქტით, „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით, კოოპერატივის წესდების 7.1, 7.2, 7.8 - 7.10 მუხლებით და მიუთითა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა 200-ზე მეტია, სადავო კრების ოქმი და მისი დადგენილება წარმომადგენელთა მიერ არის მიღებული, კრება მოწვეულია გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებით, 51 წარმომადგენლიდან კრებას 49 წარმომადგენელი ესწრებოდა და, კრება იყო როგორც გადაწყვეტილებაუნარიანი, ასევე - უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება სადავო ოქმით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე. სადავო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესების შესაბამისად, შედგენილია ოქმი, სადაც მითითებულია კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი და ოქმის შესაბამისი დადგენილება ხელმოწერილია კრების თავმჯდომარისა და გამგეობის დამსწრე წევრების მიერ.

5.10. სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა განსახილველ დავაში მეორე მოპასუხის პროცესუალურ სტატუსზე და აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება ან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი სამართლებრივი შედეგის მომტანი მხოლოდ კოოპერატივთან სამართლებრივად დაკავშირებული პირებისთვის არის. საჯარო რეესტრი კი, კოოპერატივთან სამართლებრივად დაკავშირებული სუბიექტი არ არის, ის მხოლოდ მეწარმე სუბიექტებთან დაკავშირებული მონაცემების მარეგისტრირებელი ორგანოა. შესაბამისად, სადავო აქტების კანონიერების საკითხს სასამართლო განიხილავს მხოლოდ დაინტერესებული პირების - მოსარჩელეებისა და კოოპერატივის მიერ მითითებული ფაქტებისა და პოზიციების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, საჯარო რეესტრი არ წარმოადგენს მოსარჩელეთა მოთხოვნების უშუალო ადრესატს და განსახილველ დავაში მისი მოპასუხედ მითითების აუცილებლობა არ არსებობს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით დადგენილ ზოგად წესზე, რომლის თანახმად, აქტის ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება არა აქტის ბათილად ცნობა, არამედ სარჩელის განხილვის შედეგი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.03.2017 წლის გადაწყვეტილება, საქმე №ას-664-635-2016, პ. …-…). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნის იურიდიული შედეგის მიღწევისთვის, საჯარო რეესტრის სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის დამოუკიდებლად დაყენება საჭირო არ არის.

6. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კრება მოწვეულ იქნა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნების გზით, 51 წარმომადგენლიდან კრებას ესწრებოდა 49, რაც იმას ნიშნავს, რომ კრება იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება ოქმით გათვალისწინებულ საკითხებზე. ოქმი პასუხობს წესდებით დადგენილ მოთხოვნებს, მასში მითითებულია კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი; კრების ოქმი და შესაბამისი დადგენილება ხელმოწერილია კრების თავმჯდომარისა და გამგეობის დამსწრე წევრების მიერ. აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ კი, რაიმე დასაბუთებული არგუმენტები და მტკიცებულებები, პირველ მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის აღნიშვნით, სასამართლო არასწორად უთითებს, რომ კოოპერატივი მოსარჩელის მიერ მითითებულ არცერთ ფაქტობრივ გარემოებას არ შესდავებია შესაგებლით და არც საქმის ზეპირი განხილვისას. კოოპერატივის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში ყველა ფაქტობრივი გარემოება არის სადავოდ გამხდარი. აღნიშნული პოზიცია მხარემ გააჟღერა სასამართლოს სხდომაზე, სადაც მიუთითა, რომ სრულად ეთანხმება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით (სუსგ №ას-948-2021, 17.12.2021წ., პ. 67). ფაქტებზე მითითება, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა (შდრ. სუსგ №ას-1190-2021, 22.02.2022წ., პ. 104).

13. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ. 48). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ., პ. 202).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი]. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.).

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს, შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ შეცდომას სასამართლო ვერ გამოაწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს თუ შესაგებელს (სსსკ-ის მე–4 მუხლი) (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო პროცესუალური სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 214). საკასასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით), დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (სუსგ №ას-354-2021, 25.06.2021წ., პ. 101, 102).

16. მოცემულ შემთხვევაში, კოოპერატივს სარჩელში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილ შესაგებლებში კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებია. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებმა სარჩელში მიუთითეს კოოპერატივის 26.01.2018 წლის წარმომადგენელთა კრების ოქმისა და ამავე კრების დადგენილების კანონიერების დამადასტურებელ კონკრეტულ ფაქტებზე, შესაგებელში მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ კოოპერატივი არ ეთანხმება ამ გარემოებებს, საკმარისი არ იყო. სსსკ-ის 201.4 მუხლის თანახმად, კოოპერატივი ვალდებული იყო, სრულყოფილად აესახა თავისი მოსაზრება, როგორც სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე ამ გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ამ უფლების არასაპატიო მიზეზით განუხორციელებლობით კი, მან ფაქტობრივად დაკარგა სამომავლოდ სარჩელზე შედავების სამართლებრივი შესაძლებლობა (შდრ. სუსგ №ას-1763-2018, 30.04.2020წ., პ.9). ამრიგად, კვალიფიციური შედავების არარსებობის გამო სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). ფაქტები, რომლებიც შესაგებლით შედავებული არ ყოფილა, გამოკვლეული ვერ იქნება საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს კოოპერატივის 26.01.2018 წლის წარმომადგენელთა კრების ოქმისა და ამავე კრების დადგენილების კანონშესაბამისობის თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. .. თ-ის ს-ლო კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. .. თ-ის ს-ლო კ-ივს (ს/ნ: ---) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №---, გადახდის თარიღი 03.08.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე