Facebook Twitter

საქმე №ას-452-2022 21 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ქ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. მ-ემ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ქ-ის (შემდგომში – „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ამ უკანასკნელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე: საჩხერე, სოფელი ---, ს.კ. --- გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

4. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა; საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად სრულყოფილად შევსებული, დასაბუთებული, მოსარჩელის ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადვოკატის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა; ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის word-ის ფაილში შესრულებული ელექტრონული ვერსიის წარდგენა, CD დისკის ფორმით. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღის ვადა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება გაეგზავნა ორჯერ, კანონით დადგენილი წესით, მის მიერ სააპელაციო საჩივარში (იხ. ს.ფ…), ასევე შესაგებელში (იხ. ს.ფ. ..) მითითებულ მისამართზე - საჩხერე, სოფელი --- (იგივე მისამართია სარჩელში მითითებული), თუმცა გზავნილები დაბრუნდა უკან ჩაუბარებლად, კურიერის მინაწერით „არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, ტელეფონის ნომერი გამორთულია“. საქმის მასალებით არ დასტურდება ინფორმაცია მოპასუხის მიერ მისამართის ცვლილების შესახებ.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 73-ე მუხლის პირველი ნაწილით, 76 მუხლით და უწყება (განჩინება) აპელანტისათვის ჩაბარებულად მიიჩნია 2022 წლის 26 იანვარს (მეორედ გაგზავნილი გზავნილის უკან დაბრუნების თარიღი). სასამართლოს განმარტებით, აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 27 იანვრიდან და ამოიწურა იმავე წლის 02 თებერვალს. თუმცა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

11. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

11.1. სინამდვილეს არ შეესაბამება კურიერის მიერ გზავნილში მითითებული ინფორმაცია, რომ მოპასუხე არ ცხოვრობს მის მიერ მითითებულ მისამართზე. სახლი, საიდანაც მოსარჩელე მოპასუხის გამოსახლებას ითხოვს, სწორედ სოფელ --- მდებარეობს. როგორც ჩანს, კურიერი სოფელ --- არ მისულა, თორემ მოპასუხის მოძებნა არ გაუჭირდებოდა;

11.2. მოპასუხე ავადმყოფობის გამო სახლიდან ფაქტობრივად ვერ გადის. დაახლოებით ათი წელია ქმართან და შვილებთან ერთად მუდმივად ცხოვრობს სოფელ ---, სადაც ყველა მეზობელი იცნობს;

11.3. კურიერმა თავისი მოვალეობა კეთილსინდისიერად არ შეასრულა. შესაძლოა, მოპასუხის ტელეფონი გამორთული ყოფილიყო, მაგრამ მისი საცხოვრებელი სახლი სოფელ --- არ შეცვლილა. სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.

15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აპელანტისათვის გზავნილის ჩაბარებისა და შესაბამისად, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ საპროცესო საშუალებათა ჩამონათვალს, თუ რა ფორმით შეუძლია სასამართლოს მხარისათვის შეტყობინების გაგზავნა. კერძოდ, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

19. დასახელებული საპროცესო ნორმა არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად უნდა დაიცვას უწყების გაგზავნის პროცედურა. სასამართლომ უნდა გამოიყენოს ყველა ის საპროცესო საშუალება, რომელიც გონივრულობის დაცვით იძლევა პირის ინფორმირების შესაძლებლობას. ზემოხსენებული ჩამონათვალი, ასევე, ნორმის დანაწესი, რომ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც, მიანიშნებს სასამართლოს ვალდებულებაზე, შეისწავლოს პირველი გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი და ეცადოს, რომ განმეორებითი შეტყობინება მეტად უზრუნველყოფდეს მხარის დაბარებას. ამგვარ წესს, გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოადგენს იმავე ნორმის მე-7 ნაწილით განსაზღვრული - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებისათვის (უბნის ინსპექტორებისათვის) შეტყობინების ჩაბარების დავალდებულება და სწორედ ამგვარი ქმედითი საშუალებების უშედეგოდ განკარგვის შემდგომ შეიძლება ისარგებლოს სასამართლომ ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იხ. სუსგ საქმე №ას-666-622-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).

20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება აპელანტს გაეგზავნა ორჯერ, ფოსტის მეშვეობით, მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: საჩხერე, სოფელი ---. საქმეში არსებულ შეტყობინების ბარათებში (იხ. ს.ფ. ..., ...) გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია ის გარემოება, რომ ადრესატი შესაბამის მისამართზე არ ცხოვრობს. ამდენად, ასეთ შემთხვევაში, ზოგადად, მიიჩნევა, რომ დაცულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფორმალური წინაპირობა - აპელანტს განჩინება გაეგზავნა ორჯერ მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა წინამდებარე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ეს ფორმალური წინაპირობა შესრულებულად ვერ ჩაითვლება.

21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე საქმეში დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: საჩხერის რაიონი, სოფელი ---, გამოთხოვას. ამდენად, განსახილველი დავა მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნულ გზავნილებში მითითებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების ფლობიდან გამომდინარეობს. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს აღნიშნულ უძრავ ქონებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა გახდა. მოპასუხე სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში (შესაგებელი, სააპელაციო საჩივარი, კერძო საჩივარი) მის ფაქტობრივ ადგილსამყოფელად იგივე მისამართს მიუთითებს. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი მის მიერ მისამართის ცვლილების თაობაზე. ამდენად, ცხადია, რომ მოპასუხის საცხოვრებელ ადგილს სწორედ საჩხერე, სოფელი --- წარმოადგენს.

22. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, რათა უზრუნველეყო აპელანტისათვის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება; მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების მხოლოდ ფორმალურად დაცვა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლოს მხარის ინფორმირებისათვის მის ხელთ არსებული საპროცესო საშუალებები ამოწურულად მიეჩნია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა გზავნილი (ხარვეზის დადგენის შესახებ 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება) აპელანტისათვის ჩაბარებულად 2022 წლის 26 იანვარს (მეორედ გაგზავნილი გზავნილის უკან დაბრუნების თარიღი).

23. საკასაციო პალატის განმარტებები და ზემოაღნიშნული დასკვნა, ასევე, ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განზოგადებას. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად განიხილა სასამართლოს მხრიდან იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის გამოყენება და შემდგომში გამოუცხადებელი მხარის განცხადებაზე უარის თქმა, რომლითაც იგი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მართლზომიერად არ განკარგა საპროცესო შეტყობინების წესები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №30459/13). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015 და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016). თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე (ibid.; ასევე იხილეთ mutatis mutandis, ზემოთ ციტირებული საქმე - „ზადოვნიკი“ (Zavodnik), §72).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება და რ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი