Facebook Twitter

საქმე №ას-30-2019 9 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს-ს რ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. რ-ლი (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ნ. ო-ლი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისში, --- ქუჩაზე, 2016 წლის 06 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა გ. რ-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება „…._... .. …“, სახელმწიფო ნომრით ..-.. (იხ. ს.ფ. .., ..-..).

2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა ნ. ო-ლი (შემდგომში - "მოსარგებლე" ან "მძღოლი") (იხ. ს.ფ. ..-..).

3. ავტოსატრანსპორტო საშუალება „… …“, სახელმწიფო ნომრით …-…, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარგებლე მართავდა, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს „ს-ს რ-ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სახელზე (იხ. ს.ფ. ..-..).

4. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარგებლე მოპასუხესთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, კერძოდ, იგი იყო ორგანიზაციის მძღოლი (იხ. ს.ფ. ..-..).

5. დაზიანებული ავტომობილისათვის - „…_... …“, სახელმწიფო ნომრით … …, ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ოდენობა, საორიენტაციოდ, შეადგენს 4500 ლარს (იხ. ს.ფ. ….).

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, 4500 ლარის გადახდის დაკისრება; ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომზე გადაყვანისა და ავტოსადგომიდან გამოყვანის ხარჯის - 159 ლარის დაკისრება.

7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, იგი არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს. გამოძიებით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა მოსარგებლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მოპასუხის მხარეს ჩაება მოსარგებლე.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4500 ლარის გადახდა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის აღმოფხვრის მიზნით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს დაემატა 3.1. პუნქტი, რომლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომზე გადაყვანისა და ავტოსადგომიდან გამოყვანის ხარჯის - 159 ლარის ანაზღაურება.

11. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე მუხლებით, ასევე, 999-ე მუხლის პირველი, მე-4 ნაწილებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულად მიიჩნია.

15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ახორციელებდა. სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი და განმარტა, რომ აპელანტს აღნიშნული პოზიცია არც შესაგებელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე გაუჟღერებია. მან ამ გარემოების შესახებ მხოლოდ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მიუთითა. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მხოლოდ აპელანტის ახსნა-განმარტება კი სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. მოპასუხე არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს. გამოძიებით დადასტურდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოსარგებლის ბრალით და არა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;

17.2. მართალია, მოსარგებლე მოპასუხის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა მისივე თანხმობით, რადგან იყო მძღოლი, თუმცა იგი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირს უკანონოა და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლს, რომელიც სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

24. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი], 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები [მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი; თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან] და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება].

25. კასატორი დავობს, რომ იგი არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარგებლე სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ახორციელებდა, აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის საფუძველზე, გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას.

26. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევას წარმოადგენს, რომელიც რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას (იხ. სუსგ საქმე №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010 წელი).

27. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების მიხედვით, შესაძლებელია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად ზიანის დადგომაში მისი ბრალეულობისა: როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირების წინაშე იურიდიული მფლობელის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელია ტრანსპორტის სამართალდამრღვევი მძღოლისათვის სარგებლობაში გადაცემა, მაშინაც კი, როდესაც მოსარგებლის შემდგომი ქმედებები ეწინააღმდეგება იურიდიული მფლობელის ნებას.

28. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდ არის მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-494-463-2010, 09 ნოემბერი, 2010 წელი).

29. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზიანი მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ გამოიწვია. ამასთან, სადავო არ არის, რომ მოსარგებლეს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება სამართავად გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან, კერძოდ, იგი იყო მოპასუხე ორგანიზაციის მძღოლი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც მოპასუხისათვის, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისათვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

31. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს-ს რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „ს-ს რ-ას“ (ს/კ ---) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 29 იანვრის №--- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი -----;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე