საქმე №ას-1132-2018 8 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ. ს-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ხ. ს-ესა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მსესხებელი“ ან „კასატორი“) და ნ. გ-ეს (შემდგომში - „მოპასუხე“, „გამსესხებელი“ ან „აპელანტი“) შორის 2013 წლის 26 ივნისს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელეს სამი თვის ვადით 8 000 აშშ დოლარი ასესხა, ყოველთვიურად 4% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,3 %-ის ოდენობით.
2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება.
3. მოსარჩელემ მოპასუხეს 2015 წლის 11 ივნისს გადაუხადა 4 500 აშშ დოლარი, რაზეც გაფორმდა ხელწერილი (იხ. ტ. I, ს.ფ. ..).
4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 16 მაისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 8000 აშშ დოლარი; სარგებელი - 640 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 24 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2013 წლის სექტემბრიდან აღსრულებამდე (ტ. I, ს.ფ. ..-..).
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 16.05.2016წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და ძირითადი თანხის ნაცვლად 8000 აშშ დოლარისა 3500 აშშ დოლარით განსაზღვრა. მოსარჩელის განმარტებით, მას ნაწილობრივ შესრულებული აქვს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც არ არის სააღსრულებო ფურცელში ასახული.
6. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხიდან დაიფარა სესხზე დარიცხული ჯარიმები.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა ნოტარიუს ქ. ბ-ს მიერ 2016 წლის 16 მაისს გაცემულ №--- სააღსრულებო ფურცელში და ძირითადი დავალიანება განისაზღვრა 4 140 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საპროცენტო დავალიანების ნაწილში სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა; დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელი.
8. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა ნოტარიუს ქ. ბ-ის მიერ 2016 წლის 16 მაისს გაცემულ №--- სააღსრულებო ფურცელში და ძირითადი დავალიანება განისაზღვრა 6 600 აშშ დოლარით; საპროცენტო დავალიანების - 640 აშშ დოლარის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელად.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, რა ვალდებულება დაიფარა 11.06.2015 წელს გადახდილი 4 500 აშშ დოლარით. მოსარჩელის მტკიცებით ამ თანხით მან დაფარა ძირითადი დავალიანება, რასაც მოპასუხე უარყოფს. მისი განმარტებით, ამ თანხის გადახდით ძირი თანხის დაფარვა ვერ მოხდებოდა, ვინაიდან ვადაგადაცილების გამო მსესხებელს უწევდა როგორც სარგებლის, ისე პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე და გადახდილი თანხით სარგებლის დაფარვის თაობაზე.
12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან 11.06.2015წ. ხელწერილში მითითებულ იქნა სარგებლის მიღების თაობაზე, მისთვის 4 500 აშშ დოლარის გადახდით მხარეები 26.06.2013წ. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
13. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილი, 328-ე მუხლი და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების ცვლილება, ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე დასახელებული ნორმებისაგან განსხვავებულ რეგულაციას. ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება სანოტარო ფორმით იყო დადებული, 26.09.2013 წლის შემდეგ დადებული შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი იყო კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საგულისხმოა, რომ თავად ხელშეკრულებით მხარეები ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით რთულ წერილობით ფორმაზე შეთანხმდნენ (იხ. ტ. I, ს.ფ. ..).
14. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის სამი თვის ვადით დადებული სესხის ხელშეკრულება საპროცენტო სარგებლის სახით 4 %-ის გადახდას ითვალისწინებდა. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, რაც ხელშეკრულების სამთვიანი ვადის გათვალისწინებით, 960 აშშ დოლარს შეადგენდა. უდავოა, რომ მსესხებლის მიერ გადახდილია მხოლოდ ერთი თვის სარგებელი. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ მსესხებელს წარმოეშვა ორი თვის სარგებლის გადახდის, ასევე, სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება. გარდა ამისა, 4500 აშშ დოლარის გადახდის მომენტისათვის - 2015 წლის 11 ივნისისათვის მოსარჩელეს გარდა სესხის ძირითადი თანხისა და ორი თვის სარგებლისა, ასევე, წარმოშობილი ჰქონდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც, ვინაიდან სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვადაგადაცილება იმ დროისათვის შეადგენდა 615 დღეს (ვადაგადაცილების პერიოდი - 2013 წლის 26 სექტემბრიდან 2015 წლის 11 ივნისამდე). შესაბამისად, მხოლოდ ამ დავალიანების დაფარვის შემდგომ შეიძლება დადგეს ძირითადი თანხის დაფარვის საკითხი. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულებით მხარეები დავალიანების დაფარვის რიგითობაზე იყვნენ შეთანხმებულები. კერძოდ, გადახდილი თანხით პირველ რიგში უნდა დაფარულიყო პირგასამტეხლო, შემდეგ პროცენტი, ბოლოს კი სესხის ძირითადი თანხა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, სასამართლომ მხოლოდ ორი თვის სარგებლის ოდენობა (640 აშშ დოლარი) გამოაკლო 4 500 აშშ დოლარს, ხოლო სხვაობა მიაქცია ძირითადი თანხის დასაფარად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში 4 500 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს როგორც ორი თვის სარგებელი - 640 აშშ დოლარი, ასევე პირგასამტეხლო.
16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე და 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,3% - წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და უნდა შემცირდეს და განისაზღვროს გადაუხდელი ძირითადი თანხის - 8000 აშშ დოლარის 0,05%-ის ოდენობით, რაც ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან (26.09.2013წ.) 4500 აშშ დოლარის გადახდამდე (11.06.2015წ.) პერიოდზე (ე.ი. ვადაგადაცილებულ 615 დღეზე) შეადგენს 2460 აშშ დოლარს.
17. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2015 წლის 11 ივნისს კრედიტორის სასარგებლოდ 4500 აშშ დოლარის გადახდით დაიფარა ორი თვის საპროცენტო სარგებელი - 640 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2460 აშშ დოლარის ოდენობით, დარჩენილი სხვაობა - 1400 აშშ დოლარი კი, მიიჩნია, რომ უნდა მიექცეს სესხის ძირითადი თანხის - 8000 აშშ დოლარის დასაფარად. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ 16.05.2016წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ძირითადი სასესხო ვალდებულების მოცულობა უნდა განისაზღვროს 6600 აშშ დოლარით, ნაცვლად 8000 აშშ დოლარისა, ხოლო სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულება სარგებლის - 640 აშშ დოლარისა და 2013 წლის 26 სექტემბრიდან 2015 წლის 11 ივნისამდე პერიოდისათვის პირგასამტეხლოს ნაწილში შესრულებულად უნდა ჩაითვალოს.
18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.
19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
19.1. სესხის თანხა შეადგენდა 8000 აშშ დოლარს, საიდანაც მოსარჩელემ გადაიხადა 4500 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელში ძირითადი დავალიანება განსაზღვრა 6600 აშშ დოლარით, რაც არასწორი და უსამართლოა;
19.2. მოსარჩელე, მიუხედავად მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობისა, თანახმაა დროის უმოკლეს ვადაში გადაიხადოს ის თანხა, რაც მას პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკისრა - 4 140 აშშ დოლარი;
19.3. დაუსაბუთებელი და რეალობას აცდენილია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 4.3. პუნქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა და გაზარდა პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც წინააღმდეგობაშია კანონთან და სასამართლო პრაქტიკასთან.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. მოცემულ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
26. კასატორის პრეტენზია დავალიანების ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს ოდენობას შეეხება, თუმცა მისი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებებს.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
28. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს. შესაბამისად, კასატორის მიერ წარმოდგენილი არაკვალიფიციური საკასაციო შედავების პირობებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილების მართებულობა და იმსჯელოს დასაშვებობის წინაპირობების არსებობაზე.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-14-17 პუნქტები) და მართებულად განსაზღვრა სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია მსგავს სამართლებრივ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-684-655-2016, 30 იანვარი, 2017 წელი; №ას-232-2019, 27 მაისი, 2019 წელი; №ას-705-2019, 12 ივლისი, 2019 წელი), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ხ. ს-ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე