Facebook Twitter

საქმე №ას-854-854-2018 1 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „….. ბ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. გ-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იპოთეკის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ხ. გ-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მსესხებელი“ ან „აპელანტი“) სს „… ბ-ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „ბ-ი“ ან „კასატორი“) მიმართ სასამართლოში აღძრული სარჩელით მოითხოვა მასსა და ბ-ის …. ფილიალს შორის 2008 წლის 28 მაისს დადებული №…..-…. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 2015 წლის 26 დეკემბრიდან და მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. …., ….. გამზ. №.., ბანკის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული №….-. იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. 2008 წლის 28 მაისს მხარეთა შორის დაიდო №…-… საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მიიღო სესხი 7000 აშშ დოლარის (9800 ლარი) ოდენობით, 10 წლის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 აშშ დოლარი, ასევე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ-ში;

2.2. მოსარჩელეს 2015 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით გადახდილი აქვს 11 500 აშშ დოლარი, ანუ 21 000 ლარზე მეტი, რაც სესხად აღებულ 9 800 ლარს ორჯერ აღემატება. შესაბამისად, მოსარჩელეს ვადაზე ადრე, 91 თვეში ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და გადამეტებით აქვს დაფარული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა და პროცენტი;

2.3. მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არის მართლსაწინააღმდეგო, ამორალური და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფუძველზე დადებული.

3. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

4. თ-ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

5. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; … რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გააწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; 2015 წლის 26 დეკემბრიდან შეწყვეტილად იქნა აღიარებული მოსარჩელესა და ბანკის …. ფილიალს შორის 2008 წლის 28 მაისს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; გაუქმდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. …., … გამზ. №…, რეგისტრირებული იპოთეკის ხელშეკრულება.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლი ადგენს იმ სავალდებული პირობათა ერთობლიობას, რომელთა არსებობისას სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, მოპასუხეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სარჩელი, თანდართული მასალებით; მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ უნდა ჰქონდეს წარდგენილი და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ სარჩელი თანდართული მასალებით მოპასუხეს/ბანკს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა მას შესაგებელი არ წარუდგენია. მოსარჩელე მისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მან ვადაზე ადრე, კეთილსინდისიერად და გადამეტებით შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მხრიდან დამატებითი შესრულების მოთხოვნა არის ამორალური. ამდენად, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მხარე რეალურად ითხოვს არა ხელშეკრულების ბათილად ცნობას, არამედ ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტილად აღიარებას კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების მოტივით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, უდავოდ მიანიშნებს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

10.1. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მსესხებელს ვალდებულება შესრულებული აქვს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, ხოლო ბანკის მხრიდან დამატებითი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა არის ამორალური. კასატორმა მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი და განმარტა, რომ როდესაც მოსარჩელე ვალდებულებას ასრულებდა, იმ პერიოდში მოხდა ვალუტის კურსის ზრდა და ნაცვლად იმისა, რომ მას კურსის ცვლილების შესაბამისად დაეფარა დავალიანება, თავდაპირველი კურსის მიხედვით განაგრძო გადახდა. აქედან გამომდინარე, მართალია, მოსარჩელეს დავალიანების ნაწილი გადახდილი აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავალიანება სრულად არის დაფარული. ბანკს წარდგენილი აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ვალდებულების არსებობას ადასტურებს. თუნდაც, დავალიანება სესხის გაცემის დროს არსებული კურსით იქნეს დათვლილი, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხა მაინც გაცილებით ნაკლები გამოდის;

10.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ბანკს არც ვადაში და არც შემდგომ შესაგებელი არ წარუდგენია. მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა;

10.3. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულების ბათილად ცნობას, სასამართლომ შეცვალა დავის საგანი, რითაც უხეშად დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა და მოწინააღმდეგე მხარის უფლებები;

10.4. მოსარჩელე სარჩელში ვალდებულების შესრულებაზე მიუთითებს, ხოლო მის სასარჩელო მოთხოვნას ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენს, შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. იგი, ასევე, სადავოდ ხდის შესაგებლის წარუდგენლობას.

16. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილება მოპასუხის მხრიდან სწორედ შესაგებლის წარუდგენლობას ემყარება. შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

17. დასახელებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად განემარტოს 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას.

18. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ. სუსგ საქმე №ას-1250-1172-2015, 05 თებერვალი, 2016 წელი).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება, საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ. ტ. I, ს.ფ. ..), თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის.

21. კასატორი მიუთითებს, რომ მან შესაგებელი წარადგინა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მოპასუხეს შესაგებელი არც სარჩელის და არც სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ წარუდგენია.

22. საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სარჩელზე შესაგებლის წარდგენის ვადას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ფოსტის უკუგზავნილიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2016 წლის 31 მარტს (იხ. ტ. I, ს.ფ. ..), ხოლო მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა 2017 წლის 10 აპრილს წარდგენილი განცხადებით (იხ. ტ. I, ს.ფ. ..), ანუ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, კასატორის მითითების დადასტურების შემთხვევაშიც, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ შესაგებლის წარდგენა ვერ იქნებოდა მიჩნეული საპროცესო ვალდებულების შესრულებად.

23. მოსარჩელე სარჩელში მისი მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მან ვადაზე ადრე, კეთილსინდისიერად შეასრულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, სარჩელში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კანონის ძალით დამტკიცებულად ითვლება.

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა.

25. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის საგნის შეცვლასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს სწორედ ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტილად აღიარება წარმოადგენდა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების მოტივით. იგი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა 2015 წლის 26 დეკემბრიდან, ანუ იმ დროიდან, როცა მან შეწყვიტა ბანკის მიმართ თანხის გადახდა, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საფუძვლით. მას მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული კი, არა ხელშეკრულების ბათილად ცნობის, არამედ სწორედ ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობას წარმოადგენს.

26. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტებულია, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.

27. ამასთან, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით უნდა გამოარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-1242-2018, 16 იანვარი, 2019 წელი; №ას-1338-2018, 25 იანვარი, 2019 წელი).

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

29. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

30. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1250-1172-2015, 05 თებერვალი, 2016 წელი; №ას-341-319-2017, 23 ივნისი, 2017 წელი; №ას-1569-2018, 13 მაისი, 2019 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 379,85 ლარის 70% – 265,89 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „…. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „… ბ-ს“ (ს/კ: ….) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 2 ივლისის №… საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 379,85 ლარის 70% – 265,89 (ორას სამოცდახუთი ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ,,,,, მიმღების ანგარიშის №,,,,, სახაზინო კოდი ,,,,,,,;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე