Facebook Twitter

საქმე №ას-1188-2018 18 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ-ო-ტ-ს ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ტი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს ,,ს-კსა“ (ამჟამად შპს ,,ს-ტი“) (შემდგომში - მოსარჩელე“ ან „შემკვეთი“) და შპს ,,გ-ო-ტ-ს ჯ-ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „შემსრულებელი“, „მენარდე“ ან „კასატორი“) შორის 2016 წლის 13 იანვარს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება შემკვეთისათვის თავისი ნედლეულით დაემზადებინა 1500 ერთეული სამშენებლო ბლოკისა და ფილის პადონი. მოპასუხეს 500 ერთეული პადონი შემკვეთისათვის 2016 წლის 15 თებერვლამდე უნდა გადაეცა. ხელშეკრულების საგნის გადაცემა უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

2. ხელშეკრულების საგნის ღირებულება განისაზღვრა 32 500 ლარით. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, შემკვეთს 9 750 ლარი უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი დღის ვადაში ავანსის სახით, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა შემდეგი წესით: 6500 ლარი შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, ხოლო დარჩენილი 16 250 ლარი ხელშეკრულების საგნის მთლიანად მიღების შემდეგ.

3. მოსარჩელეს ავანსის სახით გადახდილი აქვს 12 750 ლარი.

4. მხარეთა შორის 2016 წლის 24 თებერვალს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც მხარეებმა შესრულების ახალი ვადა განსაზღვრეს - არაუგვიანეს 2016 წლის 15 მარტისა. მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ ჯარიმისა და პირგასამტეხლოს გადახდის წესზე, რომლის თანახმად, დამკვეთის მიერ ხელშეკრულების -.-.-. და -.-.-. პუნქტების შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია დაუბრუნოს შემკვეთს მიღებული ავანსის თანხა და გადაიხადოს ჯარიმა ხელშეკრულების საგნის მთლიანი ღირებულების 10%-ის ოდენობით, ხოლო ნასყიდობის საგნის მიწოდების დაგვიანების შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია შემკვეთს გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით გადახდილი ავანსის თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5. მოსარჩელემ 2016 წლის 19 აპრილის წერილით მოპასუხეს აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და განუსაზღვრა 5 დღიანი ვადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. გაფრთხილების წერილი ჩაბარდა მოპასუხის დირექტორს იმავე დღეს.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 12 750 ლარის გადახდის დაკისრება; ასევე, ჯარიმის - 3250 ლარისა და პირგასამტეხლოს - 682,50 ლარის გადახდის დაკისრება.

7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 750 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე, დაეკისრა ჯარიმის სახით 325 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 68,25 ლარის გადახდა.

9. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, პადონების დამზადება არ დაასრულა 2016 წლის მარტში, ასევე, დადგენილ ვადაში არ გადასცა მოსარჩელეს 500 ცალი პადონი.

13. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 352-ე და 405-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ხელშეკრულების პირობების მნიშვნელოვანი დარღვევა, ხელშეკრულების დარღვევის პერიოდის გათვალისწინებით კი, უშედეგოა დამატებითი ვადის დაწესება, რაც ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ავანსის სახით გადახდილი თანხა 12 750 ლარის ოდენობით.

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად განსაზღვრა.

15. სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხეს არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით, წინამდებარე სარჩელის ფარგლებში, რომლითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე ავანსის სახით გადახდილი თანხის დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა, სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის აუცილებელ წინაპირობებზე.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. მოპასუხის მიერ წარდგენილ იქნა მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, ხოლო იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელზეც მას ვერ ექნებოდა წვდომა, მან არაერთხელ დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლოს გამოეთხოვა ან მოწინააღმდეგე მხარისათვის დაევალებინა წარედგინა მოსარჩელის მიერ შესყიდული პირველი პადონის, რომლის საფუძველზეც მან ბლოკი აწარმოა, და პირველად გაყიდული ბლოკის სასაქონლო ზედნადებები. აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად, ასევე, იმ შემთხვევაში თუკი მოსარჩელე აღნიშნულ დოკუმენტაციას ვერ წარადგენდა, თვალსაჩინო გახდებოდა მოპასუხის მიერ პადონების მიწოდების ფაქტი, კერძოდ, ის, რომ მოსარჩელემ სწორედ მოპასუხის მიერ მიწოდებული პადონებით მოახდინა ბლოკების წარმოება და რეალიზაცია. გარდა ამისა, შესადარებლად საჭირო იყო შეფასებულიყო მოსარჩელის მიერ შესყიდული პადონებისა და მის მიერ გაყიდული ბლოკების რაოდენობებისა და დროში თანხვედრის საკითხი;

17.2. მოწმეებმა ზ. მ-სმა, ა. ს-მა და პ. ა-ემ თავიანთ ჩვენებებში აღნიშნეს, რომ პირველ ეტაპზე მათ მიერ დამზადდა 185 ცალი პადონი, ხოლო მეორე ეტაპზე 215 ცალი, რომელიც წაიღო მოსარჩელის უფლებამოსილმა პირმა. გაუგებარია რატომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, რაც მისი მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევაზე მიუთითებს;

17.3. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და უმსჯელია მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ასანაზღაურებელ 6800 ლარზე, რომელიც მას უნდა გადაეხადა მოპასუხის მიერ დამზადებული 400 პადონის სანაცვლოდ. გარდა ამისა, მოსარჩელესთან იმყოფება 1900 ლარის რკინის მასალა, რაც კასატორის საკუთრებაა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

25. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 13 იანვარს დადებული ნარდობის ხელშეკრულებისა და 2016 წლის 24 თებერვალს გაფორმებული დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელისათვის, არაუგვიანეს 2016 წლის 15 მარტისა, უნდა დაემზადებინა 1500 ერთეული სამშენებლო ბლოკისა და ფილის პადონი; დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელეს/შემკვეთს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ავანსის სახით გადახდილი აქვს 12 750 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და პადონები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ მიაწოდა, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

27. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის არსებობისას შემკვეთს ეკისრება ხელშეკრულების დადებისა და ნარდობის საფასურის გადახდის, ხოლო მენარდეს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მტკიცების ტვირთი.

28. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენა, რომ მოპასუხემ/მენარდემ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და 2016 წლის 15 მარტამდე მოსარჩელეს/შემკვეთს დაუმზადა და გადასცა 1500 ერთეული სამშენებლო ბლოკისა და ფილის პადონი; საქმეში არ მოიპოვება ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 19 აპრილს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა მოპასუხეს, რომლითაც ვალდებულების შესასრულებლად დამატებით 5 დღიანი ვადა განუსაზღვრა და აცნობა, რომ აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყვეტილად ჩაითვლებოდა. მენარდეს შემკვეთის მიერ დაწესებულ დამატებით ვადაში ვალდებულება არ შეუსრულებია.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე/შემკვეთი უფლებამოსილი იყო ვალდებულების დარღვევის საფუძვლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის შესაბამისად, უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე, რაც იმავე კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით, წარმოშობს შესრულების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

30. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია 400 პადონის დამზადების სანაცვლოდ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ასანაზღაურებელ 6800 ლარზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელესთან იმყოფება მოპასუხის კუთვნილი 1900 ლარის რკინის მასალა.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელისაგან მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითად საშუალებას წარმოადგენს შესაგებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე. შესაგებლის მიზანს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების გაქარწყლება ან/და უარყოფა წარმოადგენს. მოპასუხის საპროცესო თავდაცვის კიდევ ერთ საშუალებას შეგებებული სარჩელი წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ: ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება. შესაგებლისგან განსხვავებით შეგებებული სარჩელის აღძვრა მოპასუხის უფლებას წარმოადგენს.

32. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს, მან წარადგინა მხოლოდ შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და უარყო სარჩელში მითითებული გარემოებები. შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი და მართებულად არ იმსჯელა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მოთხოვნებზე.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

35. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-605-564-2017, 30 ივნისი, 2017 წელი; Nას-589-589-2018, 06 ივლისი, 2018 წელი; №ას-194-2019, 27 მაისი, 2019 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 685 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 27,84 ლარი და დარჩენილი 657,16 ლარის 70% – 460,01 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „გ-ო-ტ-ს ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „გ-ო-ტ-ს ჯ-ს“ (ს/კ ---) დაუბრუნდეს ბ. ს.ის (პ/ნ ...) მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს №- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 685 (ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 27,84 (ოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარი და დარჩენილი 657,16 (ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის 70% – 460,01 (ოთხას სამოცი ლარი და ერთი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ...., მიმღების ანგარიშის №...., სახაზინო კოდი . ...;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე