Facebook Twitter

საქმე №ას-636-2020 17 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ. მ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-ს ფ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. მ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს-ს ფ-ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის მოპასუხისათვის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე კომპანიის მეშვეობით, მისთვის ძვირფას ადამიანს (შემდგომ - ადრესატი) ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუგზავნა საჩუქარი - 1129-ლარიანი სპორტული ფეხსაცმელი.

3. გზავნილი დაიკარგა და ადრესატმა საჩუქარი ვერ მიიღო.

4. მოსარჩელის მტკიცებით, გზავნილის დაკარგვამ უარყოფითაც იმოქმედდა მისი და გზავნილის ადრესატის ურთიერთობაზე. ამით გამოწვეულმა ნეგატიურმა სულიერმა განცდებმა უარყოფითად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზეც და მორალური ზიანი მიაყენა.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გაგზავნილი ნივთის სახეობა არ დგინდება. ამასთან, ამ უკანასკნელმა ამანათის გაგზავნისას შედგენილ დეკლარაციაში მიუთითა, რომ შიგთავსის ღირებულება 50 აშშ დოლარი იყო.

6. მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა გზავნილის გაგზავნის საფასური 66.90 ლარი და შიგთავსის ღირებულება წონის მიხედვით - 165 ლარი.

7. მოპასუხე მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მოსარჩელის მიერ გაგზავნილი ამანათი დანიშნულების ქვეყნის ტერიტორიაზე დაიკარგა. ვინაიდან საქართველო საფოსტო კონვენციის წევრი ქვეყანაა და მოპასუხე საქართველოს უნივერსალური საფოსტო ოპერატორია, მსოფლიოს საფოსტო კონვენციის შესაბამისად, იგი ნებისმიერი გზავნილს ანაზღაურებს საერთაშორისო საფოსტო რეგულაციებისა და კომპანიის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მოპასუხის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ამ რეგულაციების თანახმად, ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, თუ ის არ იქნება დაზღვეული გამგზავნის მიერ, ანაზღაურდება ამანათის წონის და არა - მისი ღირებულების მიხედვით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დაკარგული ნივთი 1129 ლარი ღირდა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, კერძოდ, პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასაქონლო ზედნადები და გადახდის ქვითარი ამ საქმისათვის არსებით მტკიცებულებებს არ წარმოადგენდა, ვინაიდან, მათი საშუალებით შეუძლებელი იყო გაგზავნილი ნივთის იდენტიფიცირება. სასაქონლო ზედნადებსა და გადახდის ქვითარზე დატანებული მონაცემებით არ დგინდებოდა, რომ ამანათით გაიგზავნა სწორედ ის ნივთი, რაც წარმოდგენილ დოკუმენტებში იყო მითითებული. პალატამ მიუთითა საფოსტო გზავნილის შესახებ დეკლარაციაზე, რომელშიც გაგზავნილი ნივთის ღირებულებად თავად მოსარჩელემ მიუთითა 50 აშშ დოლარი. ამ მტკიცებულების გასაქარწყლებლად კი, მოწმის ჩვენება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, შეუსაბამო მტკიცებულებად მიიჩნია.

12. პალატის მოსაზრებით, ამ სადავო გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, სასარჩელო მოთხოვნას დაკმაყოფილების პერსპექტივა არ ექნებოდა. ვინაიდან საქმე დაკავშირებულია საერთაშორისო საფოსტო ურთიერთობებთან, უნდა გავრცელდეს მსოფლიოს საფოსტო კონვენციის დებულებები. მსოფლიო საფოსტო კონვენციის მეხუთე თავი აწესებს საფოსტო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის წესსა და საფუძვლებს. დასახელებული კონვენციის 34-ე მუხლში ჩამოთვლილია ის გარემოებები, როდესაც საფოსტო ადმინისტრაცია პასუხს აგებს მიყენებული ზიანისათვის. ხსენებული ნორმის 1.1 პუნქტით ადმინისტრაცია პასუხს აგებს შეკვეთილი გზავნილებისა და ფასგამოცხადებული გზავნილების დაკარგვაზე, დაზიანებასა და დატაცებაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადრესატს აღჭურავს უფლებით, მოითხოვოს ანაზღაურება დაზიანებული ან დატაცებული შეკვეთილი ან ფასგამოცხადებული გზავნილების მიღების შემდეგ.

13. პალატამ მიუთითა მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის 2016 წლის 12 სექტემბრის №..-../… ბრძანებით დამტკიცებულ „მომხმარებლის სახელმძღვანელოზეც“, რომლის თანახმადაც, ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, თუ ის არ არის დაზღვეული გამგზავნის მიერ, ანაზღაურდება ამანათის წონის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო არ იყო გარემოება, რომ ამანათის ჩაუბარებლობის გამო მოსარჩელეს აუნაზღაურდა გადაგზავნისა და ამანათის შიგთავსის ღირებულება, წონის მიხედვით, რითაც მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

14. საკასაციო სასამართლომ მორალურ ზიანთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1 მუხლსა და ამავე კოდექსის მე-18 მუხლზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრების წინაპირობები, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა გზავნილის დაკარგვის გამო მძიმე სულიერი ტანჯვის ფაქტი, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოსარჩელის ჯანმრთელობაზე.

კასატორის მოთხოვნა:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

16. საქმისათვის მნიშვნელობის არმქონეა ის გარემოება, რომ ამანათი დაზღვეული არ იყო, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელისათვის ტვირთის დაზღვევის შეთავაზებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ განმარტების დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა დაკარგული ფეხსაცმლის 1129 ლარად ღირებულების შესახებ მოსარჩელის მტკიცება, რაც დასტურდება როგორც საქმეზე წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებითა და გადახდის ქვითრით, ისე - მოწმის ჩვენებით.

17. სასამართლომ არასწორად გადაიტანა მტკიცების ტვირთი არაკვალიფიციურ სუბიექტზე, მომხმარებელზე, მაშინ, როდესაც მოპასუხე სახელმწიფოსაგან დელეგირებულ უფლებას ახორციელებს და, აქედან გამომდინარე, წარმოადგენს კვალიფიციურ სუბიექტს, რომელსაც მომხმარებლის მიმართ გულისხმიერების მაღალი სტანდარტით მომსახურების გაწევის ვალდებულება აკისრია.

18. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს მორალური ზიანი არ მისდგომია. ამანათი განკუთვნილი იყო მოსარჩელისათვის ძვირფასი და პატივსაცემი ქალბატონისათვის. ადრესატმა ვერ მიიღო საჩუქარი, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოსარჩელისა და ადრესატის ურთიერთობაზე. ამან, ცხადია, მოსარჩელეს მიაყენა მორალური ტკივილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მას წარმოეშვა გაგზავნილი ნივთის მოპასუხე კომპანიის მიერ დაკარგვით. მოსარჩელის მტკიცებით, ნივთის ღირებულება 1129 ლარი იყო.

22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მსოფლიო საფოსტო კონვენციის“ 34-ე მუხლის 1.1. პუნქტზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაცია პასუხს აგებს შეკვეთილი გზავნილებისა და ფასგამოცხადებული გზავნილების დაკარგვაზე, დაზიანებასა და დატაცებაზე და ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომელიც ადრესატს აღჭურავს უფლებით, მოითხოვოს ანაზღაურება დაზიანებული ან დატაცებული შეკვეთილი ან ფასგამოცხადებული გზავნილების მიღების შემდეგ. პალატა მიუთითებს, რომ კონვენციის მეხუთე თავი აწესებს საფოსტო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საფუძვლებს, თუმცა, კონვენცია არ შეიცავს ისეთ დებულებას, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის პასუხისმგებლობას გამორიცხავდა. ამასთან, მხარეები საფოსტო ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი ამანათის დაკარგვისა და, შესაბამისად, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტზე არ დავობენ. ზიანის ანაზღაურების წინაპირობები სადავო არ არის და მხარეები მხოლოდ ზიანის ანაზღაურების ოდენობაზე დავობენ.

23. პალატის განსჯით, რაკი „მსოფლიო საფოსტო კონვენცია“ არ აწესრიგებს გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში გამგზავნისათვის ზიანის ანაზღაურების წესს (გარდა კონვენციის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შეკვეთილი, ფასგამოცხადებული და კონტროლირებადი დატარებით გზავნილის დაკარგვისა თუ დაზიანების შემთხვევებისა) და მხარეთა შორის დადებული საზღაურის გადახდის სანაცვლოდ ამანათის დანიშნულების ადგილზე გადატანის თაობაზე ხელშეკრულება, თავისი შინაარსით (ხელშეკრულებით დასახული მიზნის მისაღწევად ნაკისრი შესრულება) ყველაზე ახლოს გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულებასთანაა და სწორედ ამ ხელშეკრულების ელემენტებს მოიცავს, სადავო საკითხის გადაწყვეტა გადაზიდვის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებს უნდა დაექვემდებაროს, რომლის სსკ-ის 686.1 მუხლის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის, ხოლო, სსკ-ის 669.3 მუხლის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ სადვო ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო კომპანიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობებით, რომელიც მოპასუხის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. პალატა მიიჩნევს, რომ ე.წ. „მომხმარებლის სახელმძღვანელო“, რომელიც მოპასუხის ინტერნეტ ვებ.გვედზეა გამოქვეყნებული და რომელიც გამგზავნის პასუხისმგებლობას დაუზღვეველი ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებას მისი წონის მიხედვით ზღუდავს, მითითებულ დანაწესს ეწინააღმდგება. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურებულიყო არა წონის, არამედ გაგზავნილი ტვირთის ღირებულების მიხედვით.

24. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ტვირთის ფასი - 50 აშშ დოლარი იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეული ზემოაღნიშნული გარემოება საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებისათვის სავალდებულო ძალისაა, რამდენადაც კასატორს ამ გარემოების თაობაზე დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. დადგენილია, რომ მოსარჩელემ გზავნილის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტში (ზედნადებში) ტვირთის ღირებულებად 50 აშშ დოლარი თავად მიუთითა. შესაბამისად, პრეზუმირებულია, რომ ამანათის შიგთავსის ღირებულება 50 აშშ დოლარი იყო. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე წონადი და სათანადო მტკიცებულება, რომელიც ამ პრეზუმფციას გააბათილებდა და სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ტვირთის ფასი უფრო მაღალი იყო. უდავოა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს დაკარგული ამანათის ღირებულება - 165 ლარი გადაუხადა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებოს მოპასუხისათვის 1129 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების წინაპირობა.

25. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ნივთის დაკარგვის შედეგად ნეგატიური სულიერი განცდებით ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებას აფუძნებს. პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო სხეულისა თუ ჯანმრთელობის დაზიანებამ მხოლოდ მაშინ შეიძლება, წარმოშვას მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, როდესაც დარღვეული სახელშეკრულებო ვალდებულება კონტრაჰენტის ამ სიკეთეს იცავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეუსრულებლობა მაშინაც კი არ განაპირობებს მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, როდესაც თავად ხელშეკრულება არამატერიალურ ინტერესს ემსახურებოდა (შდრ. გ.რუსიაშვილი, ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, მუხ. 413, ელმისამართი - gccc.ge).

26. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოპასუხის ჯანმრთელობას არ იცავდა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს რომც დაემტკიცებინა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად განცდილმა სულიერმა ტკივილმა თუ ტანჯვამ მას ჯანმრთელობა დაუზიანა, მოპასუხეს მორალური ზიანის ანაზღაურება მაინც არ დაეკისრებოდა, რადგან მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მორალური ზინის დაკისრების თაობაზე მოთხოვნას არ ამართლებს (ასევე - შდრ სუსგ №ას-1156-1176-2011, 20.01.2012წ.: „განსახილველი ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო, და არა - ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ქონებრივი ვალდებულების დარღვევისას განცდილი სულიერი ტანჯვის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებაზე. მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად და ა.შ., რაც ყოვლად დაუშვებელია“).

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე