Facebook Twitter

საქმე Nას-166-2022 15 ივნისი, 2022 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი. ხ-ვა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ-ი ა-ს ს-ლო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს „…. ბანკის“ სარჩელი მოპასუხეების - შპს „ო-რი ვ-ის“, ვ. ო-ის, ზ. რ-ის, თ. ბ-ის, ნ. წ-ის, თ. კ-ის, ი. ა-ის, ი. ბ-ის, ლ. ა-ის, ვ. რ-ის, რ. გ-იას, შპს ,,..ბ“-ის, თ. ჩ-ის, ი. ხ-ას, რ. კ-ის, დ. ე-ის, შპს „პ-ის“, თ. ღ-ის, ნ. ნ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეების, შპს „ო-ურ ვ-ვის“ და ი. „ო-ი ვ-ის“ წევრების - ი. ა-ის, გ. ა-ის, ზ. რ-ის და ნ. რ-ის, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განჩინებით სს "… …ს" უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს "ლ-ი ჯ-ი.". ამავე სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განჩინებით შპს "ლ-ი ჯ-ი."-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს "ლ-ი ა-ს ს-ო".

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.

საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს ზ. ჭ-ას ჩაბარდა 2022 წლის 17 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ზ. ჭ-ას ჩაბარდა 2022 წლის 17 მარტს.

საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის თანახმად, თუ მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინება საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის საფუძველზე, უნდა ჩაითვალოს ჩაბარებულად.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე, 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ხ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი