საქმე №ას-714-2019 14 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. თ-ლი, მ. შ-ლი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ვი, თ. უ-კო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2019 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. თ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და მ. შ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. კ-ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და თ. უ-ოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვეს: მოსარჩელეებსა და პირველ მოპასუხეს შორის 21.04.2017 წელს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 40 000 აშშ დოლარის დაკისრება; მოპასუხეთა შორის 26.12.2017 წელს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 08.06.2018 წლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ….). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2019 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ…-..). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ჯერ მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად, შემდგომ კი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. 14.06.2022 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა შეადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე. მორიგების აქტი ხელმოწერილია ერთი მხრივ, მოსარჩელეების წარმომადგენლების - შ. ქ-სა და გ. ფ-ის (იხ.: მინდობილობები საქმეზე მორიგების უფლებით, ტ.1, ს.ფ …, ტ.2, ს.ფ. ..-..; ....) და მეორეს მხრივ, მოპასუხეებისა და მათი წარმომადგენლის - ნ. ჩ-ის მიერ (იხ.: მინდობილობა, ტ.2, ს.ფ….).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
7. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
8. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).
9. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
10. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. სუსგ №ას-1504-2020, 22 აპრილი, 2021წ.)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, ე. თ-სა და მ. შ-ლს (მოსარჩელეები/კასატორები), მეორე მხრივ, ნ. კ-სა და თ. უ-კოს (მოპასუხეები/მოწინააღმდეგე მხარე) შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. მიწის ნაკვეთი, მდებარე ბორჯომში, დაბა ---, ს/კ ---, ფართით 800 კვ.მ. აღირიცხოს ნ.კ-ის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში.
1.2. თ. უ-კო კისრულობს ვალდებულებას, ამ მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების დღიდან 30 (ოცდაათი) თვის ვადაში გადაუხადოს 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარი ე. თ-სა და მ.შ-ლს.
1.3. თანხის გადახდაზე მორიგების აქტით გათვალისწინებული თ. უ-ოს ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძალაში დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის N../…-.. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თ. უ-ოს აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე ბორჯომის რაიონი, დაბა--- --- ქ. N…, ს/კ -----, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
2. გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
3. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-…-20...
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. მ. შ-ლს (პ/ნ: ---) და ე. თ-ლს (პ/ნ: ---), უკან დაუბრუნდეთ დ. შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5589 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება #.., გადახდის თარიღი: 25.06.2019წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი