Facebook Twitter

ას-2-2022

24 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. შ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ს-ფო ზ-სა და ტ-გის მ-თა, დ-თა დ-ის ს-ო (განმცხადებელი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ ბავშვის მიტოვებულად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ... რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ ს-ფო ზ-ისა და ტ-ის მ-თა, დ-თა დ-ის ს-ოს შიდა…. რეგიონულმა ცენტრმა (შემდგომში განმცხადებელმა) და მოითხოვა ბ. შ-ის მიტოვებულად აღიარება.

განცხადება ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:

1.1. არასრულწლოვანი იმყოფება მინდობით აღზრდაში და მის ბიოლოგიური დედას - ნ. შ-ეს, წელიწადზე მეტია არ უნახავს შვილი. დედის საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია სააგენტოსთვის უცნობია. შესაბამისად, სააგენტოს მცდელობის მიუხედავად შეუძლებელია მასთან დაკავშირება.

1.2. არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა ბავშვის მიტოვებულად აღიარებას, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მისანიჭებლად.

1.3. .... რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, სასამართლომ განსახილველ საქმეში ადვოკატად ჩართო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური და ბ. შ-ეს დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.

1.4. ... რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ ს-ფო ზ-ისა და ტ-ის მ-თა, დ-თა დ-ის ს-ოს შიდა … რეგიონული ცენტრის განცხადება დაკმაყოფილდა და ბ. შ-ძე (დაბადებული 2016 წლის .. დეკემბერს, პ/ნ ----) აღიარებულ იქნა მიტოვებულად.

1.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. აპელანტი მიუთითებდა, რომ სააგენტოს მიერ იგი არ იყო ინფორმირებული ბავშვის შესაძლო გაშვილების შესახებ, ხოლო მის მიერ ბავშვის მონახულება ვერ მოხერხდა ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობის გამო. სასამართლომ არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოება, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვს დედასთან. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელი იყო მიმღები მშობლის - მ. გ-ლის პროცესზე მოწვევით, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია. აპელანტი ასევე მიიჩნევდა, რომ დედას როდესაც სურს შვილთან ურთიერთობა, არ შეიძლება ბავშვი ჩაითვალოს მიტოვებულად. ბავშვთან ურთიერთობის სურვილი აქვს ასევე პაპას, რომელმაც მას შემდეგ, რაც ბავშვის არსებობის შესახებ შეიტყო სისტემატური ურთიერთობა აქვს მასთან. აპელანტი მიუთითებდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე და აღნიშნავდა, რომ ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული ბავშვის ბიოლოგიურ დედასთან და ნათესავებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. ბ. შ-ის (დაბადებული ...--.2016 წელს, პ.ნ. ----) ბიოლოგიური დედა არის ნ. შ-ძე (დაბადებული --.--.2000 წელს; პ.ნ. ---); მამის შესახებ ინფორმაცია ბ. შ-ის შესახებ არსებულ სააქტო ჩანაწერში მითითებული არაა.

2.2. 2017 წლის 27 იანვარს ნ. შ-ემ განცხადებით მიმართა დ…ბე-ჩ….ის სერვის ცენტრს და ბ. შ-ის დროებით სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსება ითხოვა. ნ. შ-ის განმარტებით, მას არ გააჩნდა სამსახური, პროფესია, ასევე არც თანადგომის ქსელი. სურდა, რომ დაუფლებოდა პროფესიას.

2.3. ბ. შ-ძე 2017 წლის 24 თებერვლიდან იმყოფება მინდობით აღზრდაში, ნ. შ-ძე კი, მისი სურვილისამებრ განთავსდა --- საოჯახო ტიპის სახლში, სადაც რამდენიმე დღე გაატარა და შემდეგ თვითნებურად დატოვა. 6 კვირის გასვლის შემდეგ ნ. შ-ძე ამოირიცხა საოჯახო სახლიდან. ნ. შ-ძე დაქორწინდა და ის და მისი მეუღლე აფიქსირებდნენ წერილობით, რომ ბ-ეს წაიყვანდნენ, თუმცა ასეთი ქმედება მას არ განუხორციელებია.

2.4. ….რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ნ. შ-ძე 20.. წლის 5 თებერვალს გაიპარა მეუღლის სახლიდან და მიატოვა მეორე ახალშობილი გოგონა. ამის შემდეგ ნ. შ-ემ ორჯერ ნახა ბავშვი და ერთხელ ცრუ მისამართი დაასახელა. მეორედ კი დამალა ადილსამყოფელი და აღნიშნა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ყავს მესამე შვილი და იმყოფებოდა თ-ში. 2018 წელს ნ. შ-ძე დაუკავშირდა მეუღლეს და აცნობა, რომ იმყოფებოდა ბ-ში. მისამართი არ დაუკონკრეტებია.

2.5. ნ. შ-ის მიმართ რეგისტრირებულია სამი დაბადების სააქტო ჩანაწერი, სადაც ის ფიქსირდება სტატუსით „დედა“: 2016 წელს რეგისტრირებულია სააქტო ჩანაწერი ბ. შ-ის მიმართ, 2017 წელს ა. ს-ის მიმართ (გაცემული --- სამოქალაქო რეესტრის მიერ), ხოლო 2019 წელს - ნ. ს-ის მიმართ (გაცემული თ-ის სამოქალაქო რეესტრის მიერ).

2.6. სააგენტოს განმარტებით, ნ. შ-ეს მიეწოდა ინფორმაცია არსებული კანონმდებლობის შესახებ და ეცნობა, რომ ბავშვს (ბ. შ-ეს) შესაძლოა, მინიჭებოდა გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. სააგენტოს სოციალური მუშაკის განმარტებით, 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ნ. შ-ეს ბ. შ-იძე აღარ მოუნახულებია.

2.7. საქართველოს შსს … რაიონული სამმართველოს 2020 წლის 4 აგვისტოს ინფორმაციის თანახმად, ნ. შ-ძე მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არ ცხოვრობს და მათთვის უცნობია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 2 მარტის ინფორმაციის თანახმად, ნ. შ-ეს 2019 წლის 29 ივლისს უარი ეთქვა საქართველოდან გასვლაზე--- … გავლით. ამავე ორგანოს ინფორმაციით, ნ. შ-ძე არის პრობაციონერი და ძებნაში მყოფი პირი.

2.8. სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ნ. შ-ძეს სავარაუდო ადგილსამყოფელად დასახელებული შემდეგი მისამართი: თბილისი, -- -- ... ასევე, სავარაუდო ტელეფონის ნომერიც. აღნიშნულ მისამართზე ნ. შ-ძე სააგენტოს მიერ ვერ იქნა მოკვლეული, ხოლო ნომერზე სააგენტოს მიერ გაიგზანა მოკლე ტექსტური შეტყობინება, მათ შორის განხორციელდა ზარიც, თუმცა უშედეგოდ. (სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომის მსვლელობის დროსაც განხორციელდა ზარი ამ ნომერზე, თუმცა, უცნობმა მამაკაცმა დაადასტურა, რომ ის არ იცნობს ნ. შ-ეს და რომ ეს ნომერი შეიძინა ბათუმში). სასამართლოს სხდომაზე სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ მოიკვლიეს ინფორმაცია, რომ ზემოხსნებულ მისამართზე ცხოვრობს ნ. შ-ის ერთერთი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც დატოვებულია მის ბიოლოგიურ მამასთან. ამ უკანასკნელის განმარტებით, მან არ იცის ნ. შ-ის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი და არც საკონტაქტო ინფორმაცია გააჩნია.

2.9. საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს 2021 წლის 22 მარტის წერილის თანახმად, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს წარმოებაშია ახალციხის რაიონული სასამართლოს 10.09.2019 წლის განაჩენი ნ. შ-ის მიმართ. ის ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) და სასჯელის სახედ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. განაჩენში მითითებულია ნ. შ-ის საცხოვრებელი ადგილი - …, რაიონი სოფელი …, თუმცა, ოფიცრის ვიზიტისას გაირკვა, რომ ამ სოფელში ნ. შ-ძე არ ცხოვრობს. მსჯავრდებული არ ცხადდება ბიუროში და ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მასზე ძებნაა გამოცხადებული. სხვა საკონტაქტო ინფორმაცია ბიუროსთვის უცნობია.

2.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტსა და ამავე მუხლის მეორე ნაწილზე (ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ: ბავშვის მშობელმა (მშობლებმა) საკუთარი მოქმედებით ან უმოქმედობით გამოხატა (გამოხატეს) მისი მიტოვება ან /და ის (ისინი), სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვზე 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის ხანგრძლივობა აღემატება 3 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობისა ან მშობლის (მშობლების) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეზღუდული ან შეჩერებული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება -მოვალეობები. თუ დადგინდა, რომ მშობელი არასაპატიო მიზეზით არ იჩენს სისტემატურ ყურადღებას ბავშვის მიმართ და ცნობილია მშობლის საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია გააფრთხილოს მშობელი, რომ უყურადღებობის გამო ბავშვი შეიძლება მიტოვებულად აღიარონ და გააშვილონ. თუ გაფრთხილებიდან 2 თვის ვადაში მშობელი კვლავ არ ინტერესდება ბავშვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია განიხილოს ბავშვის მიტოვებულად აღიარების ან ამ ბავშვის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი) და მიიჩნია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განცხადება მისი მიტოვებულად აღიარების შესახებ, მართებულად იყო დაკმაყოფილებული.

2.11. სასამართლომ მიუთითა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციაზე“, რომელმაც შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კერძოდ, აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

2.12. სააპელაციო პალატის მითითებით „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ გათვალისწინებული ბავშვთა ძირითადი უფლებების განხორციელების და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მესამე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში განმარტებულია, თუ რა იგულისხმება ბავშვის საუკეთესო ინტერესში - ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით. კოდექსის მეხუთე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას და მათ მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, ყველა შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

2.13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.

2.14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დედასთან და ნათესავებთან ურთიერთობის შენარჩუნება წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერსს, ხოლო მისი მიტოვებულად აღიარება ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და რეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადება საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამებოდა ბავშვის დაუკეთესო ინტერესებს.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. შ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

3.1. კასატორის მითითებით, პირველი ინსნტანციის სასამართლომ ისე განიხილა არასრულწლოვნის მიტოვებულად აღიარების საკითხი, რომ არ უზრუნია სათანადო წესით ნ. შ-ის ინფორმირებაზე.

3.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ნ. შ-ის სურვილი, მზაობა და მცდელობა, რომ არ მომხდარიყო ბავშვის მიტოვებულად აღიარება. ბავშვს ჰყავს დედა და პაპა, რომლებიც პერიოდულად ნახულობენ და კითხულობენ ბავშვს, იღებენ ბავშვის ცხოვრებაში მონაწილეობას. კასატორის მოსაზრებით, ბავშვს არ უნდა წაერთვას იმის უფლება, რომ ჰქონდეს ოჯახი, ჰყავდეს ბიოლოგიური დედა და პაპა.

3.3. საკასაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ ნ. შ-ეს აქვს სურვილი ურთიერთობა იქონიოს ბავშვთან, არასდროს უთქვამს, რომ არ უნდა შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის გაჩენის დროს თავადაც იყო არასრულწლოვანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

5. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩვარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები და სსიპ სახელმწიფო ზ-ა და ტ-ის მ-თა, დ-თა დ-ის ს-ოს განცხადება დარჩეს განუხილველი.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, აღნიშნული ნორმით გარანტირებულია ყოველი პირისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვებს. კერძოდ, ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

7. სსსკ-ის 310-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ. აღნიშნული კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია XXXV–XLII თავებით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს.

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11931 მუხლის თანახმად, ბავშვის მიტოვებულად აღიარების წესი განისაზღვრება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით.

9. სსსკ-ის 311-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, უდავო წარმოების წესით საქმეთა წარმოების დროს არის მხოლოდ განმცხადებელი და არ არიან მხარეები, კერძოდ, მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირები, თანამონაწილეები და ამ თავით განსაზღვრული არ არის ამ პირების პროცესში მონაწილეობით განპირობებული საქმეთა განხილვის წესები, მაგრამ საპროცესო კოდექსის აღნიშნული თავი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაადგინოს ამ საქმის განხილვით დაინტერესებული პირები და მოიწვიოს ისინი.

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ზ-ა და ტ-ის მ-თა, დ-თა დ-ის ს-ოს ტერიტორიული ერთეულის - .. ...რეგიონული ცენტრის მიერ .... რაიონულ სასამართლოში 2021 წლის 05 ივლისს წარდგენილი განცხადებით ირკვევა, რომ 2021 წლის .. მაისს დაახლოებით 10-11 საათზე ნ.შ-ძე, ბ. შ-ის მინდობით აღმზრდელთან - მ. გ-თან ერთად გამოცხადდა სსიპ - სახელმწიფო ზ-სა და ტ-ის მ-თა, დ-თა დ-ის ს-ოს ტერიტორიული ერთეულის - ... ... რეგიონულ ცენტრში და აღნიშნა, რომ პრეტენზია ჰქონდა ბ. შ-ის მიტოვებულად აღიარებაზე. აღნიშნულის შემდგომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. შ-ის დედამ - ნ. შ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანით, როგორც დაინტერესებულმა პირმა, გამოხატა პრეტენზია განცხადებაში მითითებულ უფლებასთან დაკავშირებით. ამდენად, ბ. შ-ის დედის - ნ. შ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენით, სადავო საკითხი გასცდა უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეს და მხარეებს წარმოეშვათ სასარჩელო წესით საქმის წარმოების დაწყების უფლება. მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უდავო წარმოების გზით აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნას და ასევე ზოგადად უდავო წარმოების არსს, რომელიც არსებითად განსხვავდება სასარჩელო წარმოებისგან. კერძოდ, სასარჩელო წარმოებისაგან განსხვავებით, უდავო წარმოება შესაძლოა მიჩნეული იქნას უდავოდ მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ამ დროს არ არსებობს დავა უფლებაზე; უდავო წარმოების დროს დგინდება ფაქტები და არა ამ ფაქტების სამართლებრივი შედეგები. მოცემულ შემთხვევაში, კი ნ. შ-ის მიერ უფლების სადავოდ გახდომის შემდგომ, განმცხადებლის მოთხოვნა უდავო წარმოების ფარგლებში ვეღარ მოექცევა.

12. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის პრეტენზიებზე, ვინაიდან, განცხადების განუხილველად დატოვების პირობებში მათ საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები და სსსკ-ის 311-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ზ-ა და ტ-ის მ-თა, დ-თა დ-ის ს-ოს განცხადება დარჩეს განუხილველი. ამასთან, დაინტერესებულ პირებს განემარტოთ, რომ მათ უფლება აქვთ წარადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.

14. სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, არ არსებობს სასამართლო ხარჯების განაწილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 311.2-ე, 408.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და ... რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ს-ო ზ-ისა და ტ-ის მ-თა, დ-თა დ-ის სააგენტოს განცხადება დარჩეს განუხილველი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე