Facebook Twitter

საქმე №ას-249-2022 17 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,G-T K-G“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ინდმეწარმე მ. გ-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ინდმეწარმე მ. გ-მა (შემდგომ - მოსარჩელე, გამყიდველი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,G-T K-G-ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მყიდველი, კომპანია, აპელანტი, კასატორი) მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელისათვის 10 214.1 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 30 იანვრიდან - 2018 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში 19694.58 ლარის საქონელი მიაწოდა. მყიდველმა საქონლის ღირებულებიდან მხოლოდ ნაწილი გადაიხადა და დარჩა დავალიანება - 10 214.10 ლარი.

მოპასუხის შესაგებელი:

3. მოპასუხემ საქმეზე წარდგენილი არაკვალიფიციური შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 10214.10 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან აპელანტი სადავოდ ხდიდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ სასაქონლო ზედნადებებს და მიუთითებდა მის სიყალბეზე, სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 385-ე მუხლის მეორე ნაწილისა და პროცესის ეკონომიურობის პრინციპის საფუძველზე, სსსკ-ის 137-ე მუხლი გამოიყენა და 2021 წლის 1 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მტკიცებულებების გამოთხოვა შესთავაზა.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ, 2017-2018 წლებში სხვადასხვა თვის ოპერაციებზე გამოწერილი 15 ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-…, ეა-…, ეა-…, ეა-…, ეა- ..,, ეა-…, ეა-…, ეა-…, ეა-…, ეა-.., ეა-…, ეა-.., ეა-.., ეა-.. და ეა-..) დადასტურებულია მოპასუხის (მყიდველის) მიერ.

9. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 30 იანვრიდან - 2018 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა და მიეწოდა სულ 19 694.58 ლარის საქონელი, საიდანაც მოპასუხეს გადასახდელი აქვს - 10 214.10 ლარი.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, როგორც მტკიცებულება, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს. საქმის მასალებით - საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურით, მყიდველის მიერ საქონლის მიღება დასტურდება.

11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამის საფუძველზე მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება - ელექტრონული ანგარიშფაქტურა წარადგინა. მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში კი, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება ან მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია და მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა.

12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ (აპელანტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისისა (მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დაბრუნების შესახებ) და იმავე წლის 1 ივლისის საოქმო განჩინებების (მტკიცებულებათა დართვისა და მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმებას მოითხოვს.

14. კასატორის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც საქონლის მიწოდებასა და მოპასუხის მიერ მის მიღებას დაადასტურებდა. საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშფაქტურები, რომლებიც თავად მოსარჩელის მიერ არის შექმნილი არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ მოპასუხეს საქონელი მიეწოდა.

15. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის სხდომაზე უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თუმცა 2 დღით ადრე კასატორს მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და განუცხადა, რომ სასამართლომ გადაწყვიტა საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დაბრუნებულიყო. 2021 წლის 1 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ნაცვლად იმისა, რომ მოსამართლეს განემარტა, თუ რა მტკიცებულებების გამოკვლევა სურდა დამატებით, მოსარჩელისგან ახალი მტკიცებულებები მიიღო.

16. კასატორის მითითებით, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, მაშინ სასამართლოს უნდა გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დაებრუნებინა უკან ხელახლა განხილვისათვის შესაბამისი მითითებით, მაგრამ, ნაცვლად ამისა, მიკერძოებული და დაუსაბუთებელი განჩინება მიეღო. ამასთან, როდესაც აპელანტმა განაცხადა სამართლიან სასამართლო უფლებაზე და მოითხოვა მოსამართლის აცილება, სასამართლომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ უთხრა უარი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

17. კასატორის განმარტებით, საქონლის მიწოდების მტკიცების ტვირთი სასამართლოს უნდა გაენაწილებინა მოსარჩელეზე. ამასთან, მხოლოდ საგადასახადო ანგარიშფაქტრისა და ზედნადების არსებობა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასა და ვალდებულების არსებობას არ ადასტურებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

22. განსახილველი დავის საგანი მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან დარჩენილი თანხის - 10 214.1 ლარის დაკისრებაა, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477-ე მუხლის (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცემს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი საქონელი) დანაწესიდან გამომდინარეობს.

23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სასამართლო არასწორად დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (ზედნადებებსა და ანგარიშფაქტურებს), რომლებიც სადავო გარემოებას - მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას ვერ ადასტურებს.

24. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მხარეებს შორის საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურებით სახელშეკრულებო ვალდებულების არსებობა დგინდებოდა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილ ანგარიშფაქტურებს, რაც გამყიდველის მითითებით ადასტურებდა საქონლის მიწოდების შესახებ სადავო გარემოებას და წარმოუშობდა მყიდველს საფასურის გადახდის მოვალობას, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიენიჭა მტკიცებულების მნიშვნელობა სსკ-ის 477-ე მუხლის მიზნებისათვის.

25. საკასაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა, თანახმად სსსკ-ის 105-ე მუხლისა.

26. საკასაციო პალატის მითითებით, ვინაიდან ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმები მოძრავ ნივთებთან (განსახილველ შემთხვევაში, პროდუქცია) რაიმე მითითებას სპეციალური მტკიცებულების არსებობაზე არ შეიცავს, გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურები შესაბამის მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, გასათვალისწინებელია ანგარიშფაქტურების, როგორც ვარგისი მტკიცებულების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ., სუსგ №ას-599-574-2016, 23 სექტემბერი, 2016 წელი; №ას-825-2020, 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება). ამ უკანასკნელ საქმეში საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა სავსებით ადასტურებს პროდუქციის მყიდველის მიერ მიღების ფაქტს და კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში წარმოშობს საფასურის გადახდის ვალდებულებას. ერთ-ერთ საქმეში კი საკასაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა. საგადასახადო ანგარიშფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას (იხ., საქმე №ას-381-381-2018, 2018 წლის 4 მაისის განჩინება).

27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, როგორც მტკიცებულება, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებად სწორად იქნა მიჩნეული, რაც, იმავდროულად, ადასტურებდა მყიდველის მიერ საქონლის მიღებასაც. საპირისპირო მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოპასუხემ (მყიდველი) გადაიხადა მიღებული საქონლის სრული საფასური არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის - 10214.1 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება კანონიერია, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ამ განჩინებაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის.

28. საკასაციო პალატის განმარტებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, ნიშანდობლივია, რომ მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელში მითითებულ გარემოებებს კვალიფიციურად არ შესდავებია. წარმოდგენილი შესაგებელი არ შეიცავს სარჩელში მითითებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის შესაბამის მიზეზებსა და არგუმენტებს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები, მათ შორის, ნასყიდობის ხელშეკრულების წარმოშობის შესახებ, ასევე დასაბუთებულად ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისს საფუძველს.

29. სასამართლო არ იზიარებს მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში, კერძოდ, ვინაიდან სადავო იყო ნასყიდობის ხელშეკრულების წარმოშობა, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილი იყო ნასყიდობის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა მოსარჩელის მხარეზე იყო (სსკ-ის 477-ე და 327-ე მუხლები), ვინაიდან ამ უკანასკნელმა დაამტკიცა, სასყიდლიანი გარიგების საფუძველზე მოპასუხისათვის გარკვეული რაოდენობის საქონლის გადაცემა, შემხვედრი ვალდებულების მტკიცების ტვირთი, ანუ იმ გარემოების არსებობის დადასტურება, რომლებიც გამორიცხავდა ვალდებულების შესრულებას, მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც ამ უკანასკნელმა ვერ დასძლია სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.

30. რაც შეეხება კასატორის მიერ მოთხოვნილი საოქმო განჩინებების გაუქმებას, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისს გამართული სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2021 წლის 1 ივლისს, 12:00 საათზე გადაიდო, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარზე საქმის განხილვა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან განახლდა და სასამართლო სხდომა 2021 წლის 1 ივლისს დაინიშნა, აღნიშნულს კი ის გარემოება დაედო საფუძვლად, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის შესაგებელში მითითებული გარემოება, რომლითაც იგი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა იურიდიულ ძალას სადავოდ ხდიდა.

31. საკასაციო პალატის მითითებით, ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც, უპირველესად, მოდავე მხარეთა ინტერესებშია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმის განხილვა გაეგრძელებინა იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევდა, მით უფრო, სსსკ-ის 216.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას.

32. დასახელებული ნორმის მიზანს წარმოადგენს სასამართლოს მხრდან საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ხელშეწყობა და დარღვეული უფლების ეფექტიანად დაცვა იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სასამართლო ობიექტურად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს ამა თუ იმ საპროცესო სტადიის განმეორების აუცილებლობა, ამდენად, სადავო განჩინებას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, თუ რა ნეგატური შედეგი იქონია საქმის შედეგის მიმართ სადავო საპროცესო მოქმედებამ, კასატორს დამაჯერებლად არ მიუთითებია (იხ., სუგს №ას-455-2019, 22 მაისი, 2020 წელი).

33. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, მაშინ სასამართლოს უნდა გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დაებრუნებინა უკან ხელახლა განხილვისათვის, არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც სსსკ-ის 385-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეუძლია საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს, ამავე ნორმის მეორე ნაწილით შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე და თვითონვე მიიღოს გადაწყვეტილება. როგორც ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა: „საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება, ისევე, როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ გულისხმობს სააპელაციო სასამართლოს შეუზღუდაობას, ნებისმიერი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს საქმე. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, სსსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც მოცემულ შემთხვევაში შებოჭილია სააპელაციო სასამართლო, ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება“... (იხ., სუსგ №ას-151-147-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება; №ას-1132-1088 -2016, 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის სამართლებრივი პრობლემა არ იკვეთებოდა, არ არსებობდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის საქმის დაბრუნების წინაპირობები.

34. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის საოქმო განჩინებასაც, რომლითაც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო --- ბანკიდან ამონაწერი და მოსარჩელის განცხადება, რომლითაც ეს უკანასკნელი --- ს-ს მიმართავს ინფორმაციის გამოთხოვნის მოთხოვნით, მოპასუხის მიერ ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების არსებობის თაობაზე. პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხის ინტერესებიდან გამომდინარე სსსკ-ის 137-ე მუხლის გამოყენების გათვალისწინებით, არსებობდა მტკიცებულებების საქმეზე დართვის საფუძველი, ამასთან, კასატორი ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივ საფუძველსაც.

35. საკასაციო პალატა სსსკ-ის 404.2 მუხლის ფარგლებში აფასებს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განჩინებასაც, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა მოსამართლის აცილებაზე. ამ მხრივ, პალატა, პირველ რიგში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარში არ არის გადმოცემული დასაბუთებული შედავება საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, არამედ, ფორმალურადაა მოთხოვნილი განჩინების გაუქმება. თავად სადავო განჩინებით კი ირკვევა, რომ მოსარჩელის აცილების საფუძვლად მხარე მიიჩნევს იმ განჩინების მიღებას, რომლითაც, საქმე განსახილველად მტკიცებულებათა განხილვის ეტაპზე დაბრუნდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსამართლის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით, საქმეზე შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება არ წარმოადგენს მისი მიკერძოებულად მიჩნევის საფუძველს და მოსამართლის აცილების სსსკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობას არ ქმნის.

36. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

39. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: სუსგ №ას-599-574-2016, 23 სექტემბერი, 2016 წელი; №ას-381-381-2018, 2018 წლის 4 მაისის განჩინება; საქმე №ას-772-2019, 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება).

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე

41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,G-T K-G-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს ,,G-T K-G-ს“ (ს/ნ ---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი --) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 510.70 ლარის (საგადასახადო დავალება №- / გადახდის თარიღი 31.03.2022), 70% - 357.49 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე