საქმე №ას-820-2021 02 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ….-…. გამზირი №.., კვარტალი ., კორპუსი №.., ბინა . (საკადასტრო კოდი: №…..) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) წარმოადგენს მ.შ-ის (შემდგომში − „მოსარჩელე“ ან „მესაკუთრე“) საკუთრებას (ტ. 1, ს.ფ. ..-..).
2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს ნ. მ-ლი (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სადავო უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - მოსარჩელეს.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტები, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 311-ე, 312.1, 168-ე, 170.1 და 172.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად (ტ. 1, ს.ფ. ..-..). უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ნივთით უკანონო სარგებლობასა და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ნივთს ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
9. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის მიხედვითაც, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
10. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს.
11. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იხილავდა მესაკუთრის ვინდიკაციურ სარჩელს. პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ნივთის ფლობა სადავოდ არ გაუხდია, ამ უკანასკნელმა სარჩელის დაკმაყოფილების გამოსარიცხად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ უძრავი ნივთი მოსარჩელის სახელზე უკანონოდ აღირიცხა, რასთან დაკავშირებითაც შეგებებული სარჩელის აღძვრას აპირებდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, წინამდებარე საქმის ფარგლებში მოპასუხემ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა, რა დროსაც ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარება მოითხოვა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მას შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი არ იყო გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (დამოწმების თარიღი: 16.07.2019წ) გამომდინარე ურთიერთობები, ამასთან, უდავო იყო, რომ წინამდებარე საქმის განხილვის მიმდინარეობისას სადავო ქონებაზე მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი არც სხვა სასამართლო წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით გაბათილებული არ ყოფილა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში მოპასუხის პრეტენზიას სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭებოდა, რადგან მისი გაზიარების შემთხვევაშიც კი, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში იყო აღრიცხული, მოპასუხის მიერ სადავო ქონების ფლობა მართლზომიერად ვერ ჩაითვლებოდა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
13. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
13.1. მოცემულ საქმეზე კასატორს წარდგენილი ჰქონდა შეგებებული სარჩელი, რომელიც წარმოებაში არ მიიღო სასამართლომ იმ მოტივით, რომ კასატორის მიერ ხდებოდა სასამართლო სხდომის გაჭიანურება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სწორედ იმ გარიგების გაუქმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა სადავო საცხოვრებელი სახლი. მოცემული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი დადგებოდა საპირისპირო შედეგი და კასატორს არ მოუწევდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოწინააღმდეგე მხარისთვის საცხოვრებელი სახლი;
13.2. სასამართლოს შეგებებული სარჩელის ფარგლებში შეეძლო ემსჯელა გარიგების ნამდვილობაზე. სასამართლომ შეგებებული სარჩელი არ მიიღო წარმოებაში, რითაც მოპასუხეს მოუსპო შესაძლებლობა ედავა მისი დარღვეული უფლების აღსადგენად. სასამართლომ კასატორს შესაძლებლობა არ მისცა დაემტკიცებინა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება გააჩნდა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
20. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას [სსკ-ის 170.1 მუხლი]. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება [სსკ-ის 172.1 მუხლი]. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
21. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. 1, ს. ფ. ..-..), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული პრეტენზიების ფარგლებში ფაქტობრივად სადავოდ ხდის შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის კანონიერებას.
24. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინება.
25. გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე უკვე იმსჯელა ზემდგომმა სასამართლომ, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონიერება [სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები: კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში; ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება].
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
27. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 15 ოქტომბერს №…. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ. მ-ლს (პ.ნ. ….) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 15 ოქტომბერს №… საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …., მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი ….;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი