საქმე №ას-897-2020 23 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ. ჯ-ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. №------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ეკუთვნის მ. ბ-ლს (შემდგომში − „მოსარჩელე“ ან „მესაკუთრე“).
2. ხ. ჯ-ლი (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სადავო ქონებას ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
3. 2018 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, საგარეჯოს რაიონში, სოფელ ---- მდებარე უძრავი ქონების (4141.00 კვ.მ., ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N--/- საცხოვრებელი, გაშენების ფართი 186 კვ.მ., N-/- დამხმარე - 320 კვ.მ.), საკადასტრო კოდი --- (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“), მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტები, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე და 312-ე მუხლების პირველი ნაწილებით და აღნიშნა, რომ მოპასუხე სადავო ნივთზე საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერს და მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებია, მეტიც, მას სასამართლოსათვის ის ფაქტებიც კი არ მიუთითებია, რომლებიც დავის საგანზე მოსარჩელის უფლებებს გამორიცხავდა. ამრიგად, საჯარო რეესტრის მონაცემები ნამდვილია და მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა.
9. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ მესაკუთრე დასაბუთების გარეშეც უფლებამოსილია, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ მისი საკუთრებით სარგებლობა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა უფლების ბოროტად გამოყენება არ არის. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის, უფლებები შეიძლებოდა მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში შეზღუდულიყო. თუმცა, სახელმწიფოს მიერ გამოცემული, შესასრულებლად სავალდებულო აქტი, რომელიც მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლებას მიანიჭებდა ან მხარეთა შორის დადებული მსგავსი ხელშეკრულება არ არსებობს და აღნიშნულის თაობაზე არც მოპასუხეს მიუთითებია. ამის გამო, დავის საგანზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, მოპასუხესთან მიმართებით, შეზღუდული არ არის და მას მოპასუხის მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
11.1. კასატორი ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მიუთითებდა, რომ მოსარჩელის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმ სესხის დაბრუნება, რომლის სანაცვლოდ შეიძინა მოპასუხის საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მას აუცილებლად ესაჭიროებოდა სადავო უძრავი ქონებით სარგებლობა, რასაც ვერ ახერხებს მოპასუხის ბინაში ცხოვრების გამო;
11.2. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 115-ე მუხლის, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ასევე გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, კასატორი მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში. ამავდროულად, დასაშვებია საკუთრებით სარგებლობა მაშინ, როდესაც გამოკვეთილია მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა. აღნიშნულ ნორმათა საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მესაკუთრე დასაბუთების გარეშეც უფლებამოსილია არ დაუშვას სხვა პირთა მიერ მისი საკუთრებით სარგებლობა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა უფლების ბოროტად გამოყენება არ არის, რასაც კასატორი არ ეთანხმება;
11.3. კასატორის ლეგიტიმურ ინტერესს უპირისპირდება მესაკუთრის ინტერესი, სარგებლობდეს საკუთრებით და არ დაუშვას მესამე პირთა მხრიდან მისი საკუთრებით სარგებლობა, თუმცა, მოცემულ საქმეზე არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, ასევე სარჩელის შეტანის გზით საკუთრების უფლების დაცვის რეალური ინტერესი. განსახილველ საქმეზე კასატორი მიუთითებდა, რომ ცხოვრობს მოხუც დედასთან ერთად და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, სადავო ბინიდან მისი გამოსახლება გამოიწვევს მისი უფლებების არსებით დარღვევას. მოსარჩელემ კი ვერ შეძლო დაესაბუთებინა მოპასუხისგან უძრავი ნივთის გამოთხოვის აუცილებლობა. სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
18. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას [სსკ-ის 170.1 მუხლი]. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება [სსკ-ის 172.1 მუხლი]. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
19. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს. ფ. ..), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
21. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმ სესხის დაბრუნება, რომლის სანაცვლოდ შეიძინა მოპასუხის საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მას აუცილებლად ესაჭიროებოდა სადავო უძრავი ქონებით სარგებლობა, რასაც ვერ ახერხებს მოპასუხის ბინაში ცხოვრების გამო.
22. ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების შინაარსი ასევე მოიცავს პირის უფლებას, არ ისარგებლოს თავისი საკუთრებით. სსკ-ის 170.1 მუხლი მესაკუთრეს ანიჭებს უფლებას კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. შესაბამისად, მესაკუთრე არ არის ვალდებული დაადასტუროს ნივთით სარგებლობის საჭიროება.
23. რაც შეეხება კასატორის მითითებას მოსარჩელის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების მარეგულირებელი სანივთოსამართლებრივი ნორმები აზუსტებს საკუთრებით ბოროტად სარგებლობის ინსტიტუტს. ამგვარად განიხილება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. მოცემულ შემთხვევაში იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შედეგად მოსარჩელეს სრული შესაძლებლობა ექნება თავისუფლად ისარგებლოს საკუთარი ქონებით, მისი მოთხოვნა არ შეიძლება განხილულ იქნეს უფლების ბოროტად გამოყენებად, ვინაიდან თავად კასატორის ქმედება (სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობა) წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს (იხ. სუსგ №ას-241-2019, 25 აპრილი, 2019 წელი).
24. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სადავო უძრავი ქონება მის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენს და მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე [1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. 2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.], ასევე გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტზე [წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით], რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ პირის უფლება სოციალურ უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საცხოვრებელი ბინით, სახელმწიფოსა და თავად ამ პირის ურთიერთობის ფარგლებში ექცევა და ვერ გახდება სხვა პირის უფლებების შეზღუდვის საფუძველი.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
26. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს კ. ხ-ის მიერ 2020 წლის 3 ივლისს №---- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ხ. ჯ-ლს (პ/ნ: ---) დაუბრუნდეს კ. ხ-ის (პ/ნ: ----) მიერ 2020 წლის 3 ივლისს №---- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ----;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე