საქმე №ა-2848-შ-84-2022 28 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. ნ-ლი
მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. ე-ტ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, --- რაიონული სასამართლოს 12.01.2022 წლის გადაწყვეტილება №-- …/…განქორწინების ნაწილში
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, …. რაიონული სასამართლოს 12.01.2022 წლის გადაწყვეტილებით №-- …/… (შემდგომში "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") მეუღლეთა ჰ. ე-სა (დაბადებული: 19.05.19…წ.) და ა.ნ-ლს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შუამდგომლობის ავტორი“) (დაბადებული: 20.12.19…წ.) შორის 02.11.2012 წელს ზ-გის მუნიციპალიტეტის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის № ---) შეწყდა.
2. 06.06.2022 წელს შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა განქორწინების ნაწილში უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. სათანადო წესით დამოწმებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 26.02.2022 წლიდან. შუამდგომლობას ერთვის შუამდგომლობის ავტორის პასპორტის ასლი, რომლითაც დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2022 წლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით მეუღლეთა შორის 02.11.2012 წელს ზ-ის მუნიციპალიტეტის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის № ….) შეწყდა.
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, --- რაიონული სასამართლოს 12.01.2022 წლის გადაწყვეტილება №-- …/…, რომლითაც შეწყდა ჰ. ე-სა და ა. ნ-ლს შორის 02.11.2012 წელს ზ-ის მუნიციპალიტეტის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის № ….).
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია