Facebook Twitter

საქმე №ას-500-2022 29 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ბ. ე-ლი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „---- ბანკის“ უფლებამონაცვლე შპს „---- კ-ლი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „---- ბანკმა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ე-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს 2017 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების - 4964.98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2078.74 ლარი, პროცენტი - 2386.24 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 500 ლარი, ასევე, 2020 წლის 13 ოქტომბრიდან, 2017 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2078.74 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 83.14 ლარს.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 14 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი --- --- --- 2000-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 13 რიცხვი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარი და ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება მოსარჩელის ინტერნეტ გვერდზე განთავსებულ ფიზიკური პირების საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებით.

3. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელმა დაარღვია აღნიშნული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, და დავალიანება არ დაფარა. 2020 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 5793.28 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2078.74 ლარი, პროცენტი - 2386.24 ლარი და ჯარიმა - 1328.30 ლარი. მოსარჩელემ შეამცირა ჯარიმის ოდენობა და საბოლოოდ ითხოვა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 4964.98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2078.74 ლარი, პროცენტი - 2386.24 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 500 ლარი.

4. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისთვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტირებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი, ასევე, უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ამჟამად უმუშევარია, სარგებლობს სოციალურად დაუცველის სტატუსით და მისი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რის გამოც ვერ ახერხებს ვალდებულების შესრულებას. მან აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად მისი უძრავი ქონება მთლიანად განადგურებულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2017 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების - 4964.98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2078.74 ლარი, პროცენტი - 2386.24 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 500 ლარი, სასარჩელო მოთხოვნა 2020 წლის 13 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირ თანხაზე - 2078.74 ლარზე წლიური სარგებლის - 48%-ის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 148.94 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის გადახდა, რაც სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 14 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა საკრედიტო ბარათი 2 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.

9. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით.

10. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 13 რიცხვში.

11. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარი და - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მსესხებელმა 2017 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია და დავალიანება არ დაფარა.

13. 2020 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 5 793.28 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2 078.74 ლარი, პროცენტი - 2 386.24 ლარი და ჯარიმა - 1 328.30 ლარი. მოსარჩელემ შეამცირა ჯარიმის ოდენობა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისათვის 4964.98 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2078.74 ლარი, პროცენტი - 2386.24 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 500 ლარი.

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ასევე, მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შეაფასებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით.

15. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხის გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები) მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (სუსგ #ას-932-882-2015, 15.03.2016წ.).

16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, კრედიტორს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო, მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სსკ-ის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.).

17. სსკ-ის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით გაანგარიშების საფუძველზე, ამდენად, მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - #ას-1385 -1307 -2012, 07.02.2013წ; #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.).

18. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2017 წლის 14 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელესთან დადო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მასზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2000-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 13 რიცხვში.

19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა. ძირითადი მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ ვალდებულება სრულად ცნო. შესაბამისად, გამსესხებელს ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე წარმოეშვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით დარიცხული სარგებლის (წლიური 48%) ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

20. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 625-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს (ეს ნორმა მითითებული რედაქციით ამოქმედდა 2018 წლის 01 სექტემბრიდან. სადავო სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს (14.02.2017 წელს) მოქმედი რედაქციით კი, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო).

21. ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით კონკრეტულად განისაზღვრა სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი, რომლის დაცვაც სავალდებულო გახდა ხელშეკრულების ძლიერი მხარისათვის.

22. წინამდებარე საქმეში სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია 48%-ის ოდენობით. შესაბამისად, სადავო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით მხარეთა მიერ სარგებელზე შეთანხმება შესაბამისობაშია სსკ-ის 625-ე მუხლის დანაწესთან. ამასთან, სარგებლის ოდენობა არ ეწინააღმდეგება კონტრაჰენტის კეთილსინდისიერი ქცევისა და გონივრულობის სტანდარტს, რის გამოც იგი იურიდიული ძალის მქონეა და სავალდებულოა შესასრულებლად. ამავდროულად, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა.

23. სსკ-ის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

24. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.

25. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის გარემოება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად 20 ლარი და შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,5%.

26. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და შეთანხმებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობამ 1328.30 ლარი შეადგინა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს მითითებული ოდენობა თავისი ინიციატივით შეამცირა და საბოლოოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის დაკისრება მოითხოვა.

27. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მიუთითებს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

28. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა - 1328.30 ლარი მოსარჩელემ თავისი ინიციატივით შეამცირა და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით მხოლოდ 500 ლარის დაკისრება მოითხოვა, რაც გაზიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

29. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდა ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით - მხედველობაში იქნა მიღებული ხელშეკრულების ტიპი, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, ვადაგადაცილების პერიოდი, ასევე, ის ეკონომიკური ინტერესი, რაც კრედიტორს (მოპასუხეს) ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ გააჩნდა. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

30. სააპელაციო პალატამ ასევე, არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაათავისუფლა მოპასუხე მხარე მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების ანაზღაურებისაგან.

31. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს აწესიგებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 53-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

32. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის განაწილებულია სსსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის კანონისმიერი საფუძველი.

33. რაც შეეხება, აპელანტის იმ პრეტენზიას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხის მხრიდან ამგვარი შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის ფაქტი. სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი ასეთ მითითებას არ შეიცავს, საქმეში არ არსებობს აღსრულების განაწილვადებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება და არც გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს რაიმე მსჯელობას ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, პალატა მოკლებულია საფუძველს, იმსჯელოს მითითებული სააპელაციო პრეტენზიის დასაბუთებულობაზე.

34. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის შესახებ მოთხოვნით მოპასუხეს შეუძლია მიმართოს იმ სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება (მოცემულ შემთხვევაში - თბილისის საქალაქო სასამართლო; სსსკ-ის 263-ე მუხლი).

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

35. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი, პროცენტი - 2386,24 ლარი და სასამართლო ხარჯები. ამავდროულად, კასატორმა მოითხოვა, დავალიანების ძირი თანხის - 2078,74 ლარის გადახდის განაწილვადება 24 თვეზე შემდეგი საფუძვლებით:

36. კასატორმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ კასატორი სოციალურად დაუცველია, მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია, მისი სახლი დამწვარია და ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

38. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განჩინებით შპს „----კ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას შპს „--- კ-ი“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

39. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

41. 2017 წლის 14 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა საკრედიტო ბარათი 2 000-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.

42. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით.

43. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 13 რიცხვში.

44. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარი და - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

45. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მსესხებელმა 2017 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია და დავალიანება არ დაფარა.

46. 2020 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 5 793.28 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2 078.74 ლარი, პროცენტი - 2 386.24 ლარი და ჯარიმა - 1 328.30 ლარი. მოსარჩელემ შეამცირა ჯარიმის ოდენობა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისათვის 4964.98 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2078.74 ლარი, პროცენტი - 2386.24 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 500 ლარი.

47. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი, პროცენტი - 2386,24 ლარი და სასამართლო ხარჯები - 3205,18 ლარი. ამავდროულად, კასატორმა მოითხოვა, დავალიანების ძირი თანხის - 2078,74 ლარის გადახდის განაწილვადება 24 თვეზე.

48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

49. განსახილველი დავის საგნიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო ურთიერთობებში ხელშეკრულების არსებითი პირობაა შეთანხმება სარგებელსა და პირგასამტეხლოზე, რაც კანონიერია, არ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს, საჯარო წესრიგს ან სამართლებრივ ფასეულობებს. ამგვარ გარიგებათა ლეგიტიმაცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგად, ისე სპეციალურ სამართალურთერთობათა მარეგულირებელ ნორმებში, რაც სრულიად გამორიცხავს ვარაუდს მისი არალეგიტიმურობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი). ერთერთ საქმეში საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია: „სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (შეად.: სუსგ-ებს: №ას-226-2019, 24 აპრილი, 2020; Nას-725-693-2014; Nას-914-864-2015; Nას-932-882-2015). შესაბამისად, გასაზიარებელი არაა კასატორის შედავება, რომ საკრედიტო დაწესებულების მხრიდან ადგილი აქვს მსესხებლის არაკეთილსინდისიერ ქმედებას საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისა და დაკისრების ნაწილში.

50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

51. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ: ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).

52. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

53. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).

54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები. იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197. Lindacher, in Sorgel BGB Kommentar, Band 5/3, 13.Aufl. §340, Rn 11; Rieble in Staudinger BGB Kommentar, Buch 2, Neubearbeitung, 2009, §340, Rn 71.).

55. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს“.

56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპების დაცვის მიზნით, არსებობს ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობაც.

57. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ხასიათის ნორმებით. იმპერატიული ხასიათის ნორმები ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ა) მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება სამართლებრივ მართლწესრიგს: ბ)იმპერატიული ნორმები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს და უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების დადება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს.

58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგჯერ თავად ნორმის მიზნიდან გამომდინარე დგინდება მისი იმპერატიული ხასიათი. ნორმისათვის გვერდის ავლას, სწორედ ამ ნორმის მიზანი შეიძლება კრძალავდეს. მაგალითის სახით გამოდგება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აუცილებელია მხარეები გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ.

59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე.

60. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასამართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი, №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).

61. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. პირგასამტეხლოს ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება.

62. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს. (შდრ. ირ. რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.).

63. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

64. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირიადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გარდა ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ, გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო მას შეუსაბამოდ მაღლად არ მიაჩნია (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).

65. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

66. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი, საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).

67. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ ფაქტის გასაქარწყლებლად, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი საკრედიტო ვალდებულება, კერძოდ, მას სრულად არ დაუფარავს კრედიტის არც ძირი თანხა, ასევე არ გადაუხდია სარგებელი და პირგასამტეხლო.

68. სარგებლის ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებლის ოდენობა შეესაბამება სსკ-ის 625-ე მუხლით განსაზღვრულ დანაწესს.

69. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა თავად მოსარჩელემ, რის გამოც, სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენებისა და პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების მართლზომიერება საკასაციო საჩივრით დასაბუთებული არ არის.

70. სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

71. დასახელებული ნორმა უფლებამოსილებას ანიჭებს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროის მანძილზე გააწილვადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი და გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად.

72. აღნიშნული შეღავათის გავრცელებისას კანონმდებელი ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესს. სწორედ ამით აიხსენება ზემოთ მითითებული ნორმის დისპოზიციაში საშეღავათო ზღვრული ვადის დაწესება, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, ირჩევს ისეთ ვადასა და პირობებს, რომლებიც არც კრედიტორის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას არ გამოიწვევს (სუსგ 11.10.2017წ. საქმე №ას-1174-1094-2017).

73. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა უფლებამოსილი არ არის, მოპასუხისათვის დაკისრებული ძირითადი დავალიანების გაწილვადებაზე იმსჯელოს, რადგან განსახილველ საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნით მხარეს სწორედ დასახელებული ინსტანციისათვის უნდა მიემართა.

74. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

75. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

76. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

77. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

78. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ე-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

ლევან მიქაბერიძე