საქმე №ას-1178-2018 18 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „----- ბანკი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ბ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ე. ბ-ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სს „-----ბანკის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „ბანკი“ ან „კასატორი“) №… სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა 2002 წლის 1 ივლისიდან. მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულება.
2. ბანკში 20.. წლის 19 ივლისის №…. ბრძანებით განხორციელდა რეორგანიზაცია საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის სერვის ცენტრებში. რეორგანიზაციის შედეგად დაიხურა 10 სერვის ცენტრი, ხოლო 39 სერვის ცენტრმა შეიცვალა კატეგორია და გადაკეთდა ექსპრეს სერვის ცენტრად (ტ. І. ს.ფ. …).
3. რეორგანიზაციის შედეგად №… სერვის ცენტრი არ დახურულა და აღნიშნულ სერვის ცენტრში მენეჯერის თანამდებობა არ გაუქმებულა.
4. დამსაქმებლის 20.. წლის 19 ივლისის №…-კ ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიეცა კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით.
5. 2017 წლის 21 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2017 წლის 19 ივლისის N…-კ ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაოზე - ბანკის N… სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 24 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე, თვეში 2200 ლარის ოდენობით.
6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 19 ივლისის N…-კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ბანკის N… სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის სახით, ყოველთვიურად 2200 ლარის, ანაზღაურება 2017 წლის 24 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანებით დამსაქმებლის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ორგანიზაციული ცვლილებების გამო. მოპასუხის განმარტებით, ორგანიზაციული ცვლილებები განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ახალი სერვის მოდელის დანერგვის პირობებში, ოპერირების პროცედურის ოპტიმიზაციის მიზნით, განხორციელდა რეორგანიზაცია საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის სერვის ცენტრებში, შესაბამისად, ნათელია, რომ სერვის ცენტრების დახურვამ, ასევე სერვის ცენტრების ექსპრეს სერვის ცენტრებად ტრანსფორმაციამ თავისთავად გამოიწვია შტატების შემცირება.
12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის №ას-762-730-2014 განჩინებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ რეორგანიზაცია საწარმო/დაწესებულება/ორგანიზაციის შიდა ორგანიზაციული ცვლილებაა, რომელიც პირის სამსახურიდან გათავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაედოს საფუძვლად, თუ პირის სამსახურიდან გაშვება რეორგანიზაციის შედეგებმა განაპირობა და არა უშუალოდ რეორგანიზაციის პროცესმა. საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტით დამსაქმებელს ყოველთვის შეეძლებოდა კანონით აკრძალული საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება და აღნიშნული პროცესის ე.წ. „შიდა ორგანიზაციული ცვლილებით“ გამართლება. მარტოოდენ რეორგანიზაცია დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების საფუძველი არ უნდა გახდეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს. ამდენად, მხოლოდ რეორგანიზაცია დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების მტკიცების ტვირთისგან არ ათავისუფლებს, მით უფრო, თუ რეორგანიზაციას შტატების შემცირება, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამსახურისათვის დასაქმებულის უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია ან სხვა ისეთი გარემოება არ სდევს თან, რაც დასაქმებულის სამსახურიდან გაშვებას შეიძლება დაედოს საფუძვლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შედეგად, დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება, რა დროსაც, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაცია. ამ მიზნით დამსაქმებლის მიერ მარტოოდენ რეორგანიზაციაზე აპელირება დისკრიმინაციას არ გამორიცხავს.
13. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის განხორციელება, კერძოდ, იმის დამტკიცება, რომ ორგანიზაციულმა ცვლილებებმა გამოიწვია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საჭიროება. მართალია, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად დაიხურა 10 სერვის ცენტრი, ხოლო 39 სერვის ცენტრმა შეიცვალა კატეგორია და გადაკეთდა ექსპრეს სერვის ცენტრად, თუმცა №… სერვის ცენტრი, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, არ დახურულა და არც ამ სერვის-ცენტრის მენეჯერის თანამდებობა გაუქმებულა. შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო აღნიშნული სერვის ცენტრიდან მოსარჩელის გათავისუფლების აუცილებლობა იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდებოდა სადავო თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის ფაქტობრივი გარემოება.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 2017 წლის 19 ივლისის ბრძანებით ინიცირებული ორგანიზაციული ცვლილებების თანახმად, რომლითაც საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორს დაევალა რეორგანიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის საჭირო სერვის ცენტრების დახურვა/განახლების უზრუნველყოფა, სერვის ცენტრების პოზიციების განახლება/ოპტიმიზაცია და საჭირო კადრებით დაკომპლექტება, ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე შტატების შემცირება. აღნიშნულის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცა საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 19 ივლისის ბრძანება, რომლის თანახმად, ბანკის №…-ე სერვის ცენტრის მენეჯერს -მოსარჩელეს 2017 წლის 24 ივლისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება რეორგანიზაციის საფუძვლით (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას). სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება 2017 წლის 19 ივლისის მდგომარეობით (მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის) და მანამდე არსებული, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ამ დროისათვის მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა. საქმის მასალებში ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ აუცილებელი იყო სამუშაო ძალის შემცირება (მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა).
15. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, მოპასუხემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული ზემოაღნიშნული მტკიცების ტვირთის განხორციელება, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ორგანიზაციული ცვლილებების მართლზომიერებაზე. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 115-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 19 ივლისის №…-კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სშკ-ის 38.8 მუხლით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე გათავისუფლებამდე ბანკის №… სერვისცენტრის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ასევე, დადგენილია, რომ №… სერვისცენტრი არ გაუქმებულა და მისი მენეჯერის თანამდებობა დღემდე არსებობს. მოპასუხე არ მიუთითებდა და საქმის მასალებითაც არ დგინდებოდა მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობა და ამისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
17. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 44-ე და 32.1 მუხლებზე, ასევე სსკ-ის 408.1 და 411-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა. სასამართლომ მიუთითა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2200 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოსარჩელეს 2 თვის კომპენსაცია უკვე მიღებული ჰქონდა, ბანკს მართლზომიერად დაეკისრა განაცდური ხელფასის სახით 2200 ლარის ანაზღაურება 2017 წლის 24 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
19.1. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა რეორგანიზაციის არსი, რითაც მოუსპო დამსაქმებელს უფლება განახორციელოს რეორგანიზაცია და ეფექტურად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, რაც არსებობს საფინანსო ბაზარზე. ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლის დანერგვა, მათ შორის, ახალი სერვის მოდელის, იწვევს სამუშაო ძალების შემცირებას. შესაბამისად, თუ რეორგანიზაციის შედეგად, რომელიც იწვევს სამუშაო ძალების შემცირებას, შეუძლებელი იქნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სწორედ ამ მიზეზით, ცალსახად ხელი შეეშლება ახალი ტექნოლოგიების და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების პროცესის დანერგვას, რაც, თავის მხრივ, ასევე შეაფერხებს საფინანსო სექტორის განვითარების პროცესს. საფინანსო სექტორის განვითარების შეფერხება კი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე;
19.2. საქართველოს საბანკო ბაზარზე კონკურენტუნარიანობა იზრდება, შესაბამისად, ბანკები მაქსიმალურად ცდილობენ მოერგონ მომხმარებლების საჭიროებებს და შესთავაზონ კლიენტებს მათზე მორგებული სერვისები. ეს ყველაფერი კი საჭიროებს ბანკის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ცვლილებების სწრაფად და მოქნილად გატარებას. ამ სახის ცვლილებების განხორციელების დროში დაყოვნებამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს თავად ბანკის მომხმარებლებს, რაც დაუშვებელია. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა 20.. წლის 19 ივლისს ჯერ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის №…, ხოლო მის საფუძველზე საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის №… ბრძანებების გამოცემა ერთსა და იმავე დღეს;
19.3. ორივე ინსტანციის სასამართლომ, სადავო გადაწყვეტილებით, დამსაქმებელს მოუსპო მუშა-მოსამსახურეთა არჩევის უფლება;
19.4. სასამართლო ჯერ აპელირებს, რომ მოსარჩელის პირვანდელი სამუშაო ადგილი "აღარაა ვაკანტური" და იგი დაკავებულია უკვე სხვა პირის მიერ, ხოლო შემდგომ ხაზს უსვამს, რომ ის თანამდებობა, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, არ გაუქმებულა და "ვაკანტურია", რის გამოც იგი აღდგენილი უნდა ყოფილიყო პირვანდელ პოზიციაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ობიექტური გარემოება, რომ ბანკში დაწყებული რეორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და იგი ჯერ არ დასრულებულა. სასამართლოს აპელირება იმ ფაქტზე, რომ №… სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიცია ამ დრომდე არ გაუქმებულა, აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ამ პოზიციას ვინმე სხვა დაიკავებს. რეორგანიზაციის პროცესის დაუსრულებლობის გამო არის, რომ ამ დრომდე არის ხსენებული ვითარება №… სერვის ცენტრში. არ არის გამორიცხული, რომ ეს სერვის ცენტრი საერთოდ გაუქმდეს, როგორც დანარჩენი 10 სერვის ცენტრი გაუქმდა ან კიდევ შეეცვალოს კატეგორია, როგორც 39 სერვის ცენტრის შემთხვევაში და გადაკეთდეს ექსპრეს სერვის ცენტრად. შესაბამისად, ამ კონტექსტში სასამართლოს მსჯელობა არ არის სამართლიანი;
19.5. რეორგანიზაცია ხორციელდება კონკრეტული იურიდიული პირის ფარგლებში და არა - ცალკე აღებულ მის რომელიმე სერვის ცენტრში. აღნიშნული გარემოება ასევე ცალსახად დასტურდება სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებითაც. კერძოდ, დგინდება ის გარემოება, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ფარგლებში და არა - რომელიმე კონკრეტულ სერვის ცენტრში. ეს მონაცემები ასახავდა მხოლოდ ცნობის გაცემის თარიღისთვის არსებულ რეალობას, რაც შეიცვლებოდა, რადგან რეორგანიზაციის პროცესი არ იყო დასრულებული. ის ფაქტი, რომ №… სერვის ცენტრი არ დახურულა, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ სერვის ცენტრს რეორგანიზაციის პროცესი არ შეხებია. მოსარჩელე არსად უთითებს, რომ მის მიმართ როდესმე ადგილი ჰქონია დისკრიმინაციულ მიდგომას ბანკის მხრიდან და, რომ რეორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა შეფარული დისკრიმინაცია.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. კასატორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესამოწმებელია მის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.
27. დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო პალატამ ბანკს მოუსპო რეორგანიზაციის განხორციელების და მუშა-მოსამსახურეთა არჩევის უფლება, რაც შეაფერხებს საფინანსო სექტორის და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან, ბანკში დაწყებული რეორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და იგი ჯერ არ დასრულებულა. რეორგანიზაცია ხორციელდება კონკრეტული იურიდიული პირის ფარგლებში და არა - ცალკე აღებულ მის რომელიმე სერვის ცენტრში. ის ფაქტი, რომ №… სერვის ცენტრი არ დახურულა, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ სერვის ცენტრს რეორგანიზაციის პროცესი არ შეხებია.
28. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოებმა ძალზედ ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმსჯელონ სასამართლო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტული საწარმოს ბიზნეს გადაწყვეტილებასა და სამეწარმეო პოლიტიკაზე, რათა კონსტიტუციის 26-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების - მეწარმეობის თავისუფლების - ხელშეწყობა მოხდეს (შეად. სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი). თუმცა, ეს როდი ნიშნავს, რომ წახალისდეს უსაფუძვლოდ, ობიექტური საფუძვლის გარეშე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება და ამით უგულებელყოფილ იქნეს კონსტიტუციითა და სშკ-ით გარანტირებული შრომითი უფლება დასაქმებაზე.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ. სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი).
30. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).
31. დადგენილია, რომ დამსაქმებლის 20… წლის 19 ივლისის №-კ ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი). სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური. ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას (იხ. სუსგ №ას-414-391-2014, 29 ივნისი, 2015 წელი; სუსგ №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).
33. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბანკში 20… წლის 19 ივლისის №… ბრძანებით განხორციელდა რეორგანიზაცია საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის სერვის ცენტრებში. რეორგანიზაციის შედეგად დაიხურა 10 სერვის ცენტრი, ხოლო 39 სერვის ცენტრმა შეიცვალა კატეგორია და გადაკეთდა ექსპრეს სერვის ცენტრად. ასევე დადგენილია ისიც, რომ რეორგანიზაციის შედეგად №… სერვის ცენტრი არ დახურულა და აღნიშნულ სერვის ცენტრში მენეჯერის თანამდებობა არ გაუქმებულა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2-მე-3 პუნქტები).
34. ამდენად, მართალია, საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის სერვის ცენტრებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად 10 სერვის ცენტრი დაიხურა, ხოლო 39 სერვის ცენტრმა კატეგორია შეიცვალა, თუმცა, რეორგანიზაციას შედეგად კონკრეტულად მოსარჩელის შტატის შემცირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა რეორგანიზაციის შედეგად №… სერვის ცენტრი არ დახურულა და აღნიშნულ სერვის ცენტრში მენეჯერის თანამდებობა არ გაუქმებულა, ბანკს მოეთხოვებოდა მყარი არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რატომ გაათავისუფლა კონკრეტულად აღნიშნული თანამშრომელი ან რა პრინციპით იხელმძღვანელა, ვინ უნდა გათავისუფლებულიყო მენეჯერების შტატების შემცირების გამო, რაც მან ვერ შეძლო. დამსაქმებელმა მოცემულ შემთხვევაში ვერ განახორციელა თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაში სასამართლოს დარწმუნება.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
36. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (ცნობა N… გაცემული 20.. წლის 24 ივნისს სს „-----ბანკის“ ადამიანური კაპიტალის ოპერაციული დირექტორის თ. კ-ის მიერ) „1“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. …).
38. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 20.. წლის 21 სექტემბრის №… საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის და 20.. წლის 08 ოქტომბრის №---საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1020 ლარის, საერთო ჯამში 1320 ლარის 70% – 924 (ცხრაას ოცდაოთხი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „--- ბანკის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სს „--- ბანკს“ (ს/კ: ----) დაუბრუნდეს მის მიერ 20.. წლის 21 სექტემბრის №--- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის და 20.. წლის 08 ოქტომბრის №--- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1020 ლარის, საერთო ჯამში 1320 ლარის 70% – 924 (ცხრაას ოცდაოთხი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;
3. კასატორს სს „--- ბანკს“ დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (ცნობა N--- გაცემული 20-- წლის 24 ივნისს სს „--- ბანკის“ ადამიანური კაპიტალის ოპერაციული დირექტორის თ. კ-ის მიერ) „1“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. …);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე