Facebook Twitter

29 ივნისი 2022 წელი

№ას-1296-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „ჯ-ნ ფ-ლ კ-ტ ჯ. ე. ს.“

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. კ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შ.პ.ს. „ჯ-ან ფ-ლ კ-ტ ჯ. ე. ს.“-მ სარჩელი აღძრა შ. კ-ის მიმართ და მოითხოვა ყოველთვიური პროცენტის სახით სესხის ძირითადი თანხის 25 000 ლარის 3%-ის _ 750 ლარის გადახდა სააღსრულებო წარმოების დაწყების თარიღიდან _ 2018 წლის 11 ივლისიდან, მოპასუხის მიერ სესხის იძულებით ან ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. ასევე მოითხოვა დაკისრებული თანხების ამოღება და გადახდევინება იპოთეკის საგნის ს/კ ------ იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა ვერ დაფარავდა მოთხოვნას სრულად, მაშინ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან გადახდევინების განხორციელება.

მოპასუხე შ. კ-ემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ჯ-ან ფ-ლ კ-ტ ჯ. ე. ს.“-ს სარჩელი მოპასუხე შ.კ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ჯ-ან ფ-ალ კ-ტ ჯ. ე. ს.“-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით, შ.პ.ს. „ჯ-ნ ფ-ლ კ-ტ ჯ. ე. ს.“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. კ-ემ და შ.პ.ს. „ჯ-ან ფ-ლ კ-ტ ჯ. ე. ს.“-ს წარმომადგენელმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ჯ-ნ ფ-ალ კ-ტ ჯ. ე. ს.“-ს საკასაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

2022 წლის 28 ივნისს შ.პ.ს. „ჯ-ნ ფ-ალ კ-ტ ჯ. ე. ს.“-ს წარმომადგენელმა გ. მ-ემ (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. ...-...) და შ. კ-ემ ერთობლივი განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სარჩელის გამოხმობა და მისი განუხილველად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის გახმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა ერთობლივი განცხადებით მომართეს სასამართლოს, მოპასუხე ეთანხმება შუამდგომლობას, რაც სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შ.პ.ს. „ჯ-ნ ფ-ლ კ-ტ ჯ. ე. ს.“-ს შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შ.პ.ს. „ჯ-ნ ფ-ლ კ-ტ ჯ. ე. ს.“-ს სარჩელი დარჩეს განუხილველად. ამასთან, მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 831, 372-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ჯ-ნ ფ-ლ კ-ტ ჯ. ე. ს.“-ს შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შ.პ.ს. „ჯ-ნ ფ-ლ კ-ტ ჯ. ე. ს.“-ს სარჩელის გამო სამოქალაქო საქმეზე მოპასუხე შ.კ-ის მიმართ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20... წლის 21 ივლისის N......-... გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20... წლის 07 ოქტომბრის N.....-.... განჩინება.

3. შ.პ.ს. „ჯ-ნ ფ-ლ კ-ტ ჯ. ე. ს.“-ს სარჩელი მოპასუხე შ. კ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად სარჩელის გამოხმობის გამო.

4. შ.პ.ს. „ჯ-ნ ფ-ლ კ-ტ ჯ. ე. ს.“-ს (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2021 წლის 29 ნოემბერს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 1350 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გიორგი მიქაუტაძე