Facebook Twitter

საქმე №ას-414-2022 29 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „თ-ის ზ-ის ჰ-ლი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ქ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. ქ-ამ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „თ-ის ზ-ის ჰ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან მოპასუხე ჰოსპიტალი ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით 33 935.14 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) და პირგასამტეხლოს სახით, შრომის ანაზღაურების დავალიანების - 33 935.14 ლარის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრება, ანგარიშსწორების ყოველი დაყოვნებული დღისთვის, 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ 2016 წლიდან მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყოს მოპასუხე ჰ-ში ექიმი ანესთეზიოლოგის, ექიმი ჰემატოლოგ- ტრანსფუზიოლოგის, კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სამედიცინო დირექტორის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ტრანსფუზიოლოგის პოზიციებზე და იღებდა შრომის ანაზღაურებას. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დაუგროვდა გარკვეული პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანება.

3. 2019 წლის 28 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება სახელფასო დავალიანების გადანაწილების შესახებ, რომლითაც მოპასუხე აღიარებდა, რომ მოსარჩელის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება 36 418,93 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით და რომლის გადახდაც მოხდებოდა ეტაპობრივად 2019 წლის მარტის თვიდან. მოსარჩელეს გადასახადების გამოკლებით, უნდა მიეღო 29 135.14 ლარი.

4. მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა არ ჩაურიცხა.

5. მოსარჩელე 2019 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე კომპანიაში, ასევე იყო დასაქმებული ექიმი ტრანსფუზიოლოგის პოზიციაზე, ერთი წლის ვადით. მისი ყოველთვიური ანაზღაურება, ხელზე ასაღები, გადასახადების გამოკლებით, ყოველთვიურად შეადგენდა 800 ლარს. მოპასუხემ, ამ ნაწილშიც დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ ერიცხება 2019 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვის (6 თვის) სახელფასო დავალიანება, რაც შეადგენს 4 800 ლარს, საშემოსავლო გადასახადის გარეშე. მას შემდეგ, რაც მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოადგინა მოსარჩელისათვის 2019 წლის მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის სახელფასო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები, მოსარჩელის წარმომადგენელმა, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში (იხ. 21.04.2021 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

6. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 1 იანვარს მხარეთა შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა და მოპასუხეს, ერიცხება შრომის ანაზღაურების დავალიანება 33 935.14 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

7. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი მოთხოვნის - სახელფასო დავალიანების ნაწილში (იხ. ს.ფ …-…).

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით 33 935.14 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა შრომის ანაზღაურების დავალიანების 33 935.14 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

9. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ ცნო მოსარჩელის მუშაობის ფაქტი მოპასუხე ჰოსპიტალში. დადგენილად ცნო, რომ სადავო პერიოდში შრომის ანაზღაურება მოსარჩელის მიმართ არ განხორციელებულა, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-3 მუხლით, რომლის მიხედვით მოპასუხის უფლებაა ცნოს სარჩელი, ასევე, სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიიჩნია, რომ 33 935.14 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ნაწილში, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

10. იმავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება, მოსარჩელის სასარგებლოდ , 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის 2016 წლიდან არსებობდა შრომითი ურთიერთობა. 2019 წლის 28 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება სახელფასო დავალიანების გადანაწილების შესახებ, რომლის მიხედვითაც აპელანტმა აღიარებდა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ მას გააჩნდა სახელფასო დავალიანება 36 418,93 ლარის ოდენობით. დასაქმებულს გადასახადების გამოკლებით, უნდა მიეღო 29 135.14 ლარი.

14. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე 2019 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიაში, დასაქმებული იყო ექიმი ტრანსფუზიოლოგის პოზიციაზე, ერთი წლის ვადით. მისი ყოველთვიური ანაზღაურება, ხელზე ასაღები, გადასახადების გამოკლებით, ყოველთვიურად შეადგენდა 800 ლარს. მოპასუხეს, მოსარჩელის მიმართ, ერიცხება 2019 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვის (6 თვე) სახელფასო დავალიანება 4 800 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

15. მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები და მოსარჩელეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი თანხა არ ჩაურიცხა.

16. მოდავე მხარეებს შორის 2020 წლის 1 იანვარს მხარეთა შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

17. მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებით, აპელანტ კომპანიას, დასაქმებულის სასარგებლოდ, ერიცხება შრომის ანაზღაურების დავალიანება 33935.14 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის/მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია ფორმალური შესაგებელი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, დაადასტურა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების 33 935.14 ლარის არსებობა და ამ ნაწილში, სარჩელი ცნო, რაც სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი ამ ნაწილში, სწორად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 33 935.14 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

20. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სადავო პერიოდში მოქმედი) თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების, თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. აღნიშნულ ნორმას ემყარებოდა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით შრომის ანაზღაურების დავალიანების 33 935.14 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში.

21. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.

22. მოცემულ შემთხვევაში, დაყოვნებულ თანხად განიხილება მოსარჩელისათვის შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით გადასახდელი ხელფასი, რაც 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 33 935.14 ლარს, რომელსაც 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლოს სახით 0.07 პროცენტი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

23. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ სარჩელი ამ ნაწილშიც საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა, აპელანტს/მოპასუხეს სწორად დაეკისრა დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხემ) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

25. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ მოპასუხე ჰოსპიტალის ფულადი თანხის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხა. შესაბამისად, წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია სახელმწიფოსაგან მისაღები თანხის დამუშავებასა და შემდგომ, მის ჩარიცხავზე, კერძოდ, შესაძლებელია პროგრამის განმახორციელებლის მიერ დაკორექტირდეს წარდგენილი შესრულება და ნაცვლად მოთხოვნილი თანხისა, სხვა თანხის აღიარება მოხდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

27 საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

26. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებას, რომლითაც უარყოფილი იქნა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების 33 935.14 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) და დავალიანების თანხის 0.07 პროცენტის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ დავალიანების არსებობა განპირობებულია მოპასუხე ჰოსპიტალის დაფინანსების თავისებურებით, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ მოპასუხე ჰოსპიტალის ფულადი თანხის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხა. შესაბამისად, წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია სახელმწიფოსაგან მისაღები თანხის დამუშავებასა და შემდგომ, მის ჩარიცხავზე, კერძოდ, შესაძლებელია პროგრამის განმახორციელებლის მიერ დაკორექტირდეს წარდგენილი შესრულება და ნაცვლად, მოთხოვნილი თანხისა სხვა თანხის აღიარება მოხდეს.

27. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს ამ განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავებით სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კერძოდ, დადგენილია მოსარჩელის მუშაობის ფაქტი მოპასუხე ჰოსპიტალში. დადგენილია ისიც, რომ სადავო პერიოდში შრომის ანაზღაურება მოსარჩელის მიმართ არ განხორციელებულა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხემ განკარგა კანონით მინიჭებული შესაძლებლობა ძირი დავალიანების ნაწილში სარჩელის ცნობით (სსსკ-ის მე-3, 83-ე და 208.3 მუხლები). აღნიშნული კი, 33 935.14 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის ცნობის საკითხი, კასატორს საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ, საკასაციო საჩივარი სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით პრეტენზიას არ შეიცავს (შდრ სუსგ №ას-415-2020, 28 თებერვალი, 2022 წელი, პ.10.2.).

29. რაც შეეხება სახელფასო დავალიანების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც არსებობდა კომპანიის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. კერძოდ, სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს (იხ., №ას-1068-2021, 18 მარტი, 2022წ.; №ას-1798-2019, 23 თებერვალი, 2022 წელი). შესაბამისად, მოპასუხეს სწორად დაეკისრა დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება (სუსგ-ები №ას-1295-2021, 2 მარტი, 2022 წელი; №ას-963-2021, 9 დეკემბერი, 2021 წელი).

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თ-ის ზ-ს ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს „თ-ის ზ-ის ჰ-ლს“ (ს.კ:----) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 18.04.2022-ში N--- საგადახდო დავალებით გადახდილი 2670 ლარის 70% – 1869 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ეკატერინე გასიტაშვილი