Facebook Twitter

საქმე №ას-529-2022 29 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ტ-უსი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს. ა-მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა შპს ,,ტ-სის’’ (შემდეგში მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი 2020 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნეს პირვანდელ - ტექნიკოსის პოზიციაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის მაისის თვიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიური ხელფასის - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე 2013 წლის 01 ივლისიდან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, ჯერ სტაჟიორად, ხოლო 2015 წლის 29 მაისიდან ტექნიკოსის პოზიციაზე. მისი ყოველთვიური ხელფასი დამოკიდებული იყო შეკვეთების რაოდენობაზე და საშუალოდ შეადგენდა ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარს. დასაქმების დღიდან მოსარჩელე სარგებლობდა კორპორაციული დაზღვევით, ჰქონდა გადაცემული კორპორაციული ნომერი, მოპასუხის სახელდების მაისური, ასრულებდა კომპანიის შინაგანაწესით დაკისრებულ ვალდებულებებს, ჰქონდა განსაზღვრული სამუშაო დრო, კვირაში 6 დღე დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, სარგებლობდა შვებულებით, ხელფასის დაბეგვრას, ასევე, მის სამუშაო ადგილზე სათანადო ფორმით გამოცხადების და სამუშაო პროცესის კონტროლს ახდენდა დამსაქმებელი, სარგებლობდა სამსახურებრივი საშვით, რის გამოც თვლიდა, რომ მოპასუხესთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში. ქვეყანაში დაწყებულ პანდემიამდე მუშაობდა ჩვეულ რეჟიმში, 2020 წლის 11 მაისს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კი, 7 ტექნიკოსთან ერთად კომპანიაში გამოცხადების მიუხედავად, დამსაქმებლის გადაწყვეტილებით, მას აღარ მიეცა შრომითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, აეკრძალა მოპასუხის ტერიტორიაზე შესვლა, ჩამოერთვა კორპორატიული ნომერი. საკითხის გარკვევის მიზნით, მოსარჩელემ წერილობით მიმართა როგორც სერვის მენეჯერს, ასევე დირექტორსა და სერვისცენტრს. პასუხად ეცნობა, რომ შემცირებული შეკვეთების გამო, მოპასუხე აღარ საჭიროებდა მის მომსახურებას და შეეძლო ნებისმიერი მიმართულებით დაეწყო მუშაობა. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 2020 წლის 23 ივლისისა და 03 აგვისტოს წერილთა პასუხად, პირს ეცნობა, რომ მოსარჩელე არასდროს იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში მოპასუხესთან, რის გამოც, არ არსებობდა ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთების საჭიროება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი, სხვა ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმებული პირების მსგავსად, როგორც ტექნიკოსი, წლების განმავლობაში ასრულებდა შრომით საქმიანობას, მისთვის არ იყო ცნობილი მომსახურების ხელშეკრულების შესახებ. შესაბამისად, ვინაიდან დამსაქმებელმა 2020 წლის 11 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით მასთან ურთიერთობა, დასაბუთების გარეშე, შეწყვიტა, არსებობს ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე კომპანიასთან არ იმყოფებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში. კერძოდ, მოსარჩელე ცალკეული შეკვეთების საფუძველზე, ასრულებდა ტექნიკურ მომსახურებას, ანაზღაურება დამოკიდებული იყო თითოეული დავალების სირთულეზე, სამსახურებრივი საშვი წარმოადგენდა კომპანიის შენობაში ყოფნისას პირის იდენტიფიცირების საშუალებას, კორპორაციული დაზღვევა გამომდინარეობდა მომსახურების სპეციფიკიდან, კომპანია მხოლოდ მის ორგანიზებას ახდენდა და პრემიას იხდიდა თავად დასაქმებული, საჯარიმო სანქცია, მისი დადასტურების შემთხვევაში, განიხილებოდა, როგორც მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის პირგასამტეხლო, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა კი დაკავშირებული იყო ანაზღაურებადი მომსახურების გაცემასთან, რისი უფლებაც ანაზღაურების გამცემ მხარეს (იურიდიულ პირს) აქვს. მოსარჩელეს შეეძლო სხვა პირის სასარგებლოდ მომსახურების გაწევაც, იგი, როგორც დამოუკიდებელი კონტრაქტორი, მოპასუხესთან ქვენარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებდა, რის გამოც, მათ შორის იმიჯზე ზრუნვაც ევალებოდა. მოპასუხის განმარტებით, 2020 წლის 24 მარტის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა გაყიდვები, შესაბამისად, ტექნიკური მომსახურების საჭიროებაც, რის გამოც, მოსარჩელესთან ურთიერთობა აღარ გაგრძელებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელეს გაეცა წერილობით პასუხი მის მიერ დასმულ კითხვებზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2020 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება, 7 (შვიდი) თვის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით, ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის (გადასახადების ჩათვლით) გათვალისწინებით; სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან ზეპირი გარიგების ფარგლებში იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მოსარჩელე ასრულებდა ტექნიკურ საქმიანობას, კერძოდ, ელექტროტექნიკის შეკეთებასა და მონტაჟს. მისი ანაზღაურება დამოკიდებული იყო შესრულებულ საქმიანობაზე. ანაზღაურებას იღებდა ერთობლივად თვის განმავლობაში შესრულებული საქმის მიხედვით. მოსარჩელე სარგებლობდა ასევე, კორპორატიული ნორმით, პირის მაიდენტიფიცირებელი სამკერდე ნიშნით, კომპანიის სახლდების მაისურით. შემოსავლების სამსახურის მიერ 2020 წლის 10 აგვისტოს გაცემული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელის მიერ 2013 წლის ივლისიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 104399.91 ლარი. აქედან, ძირითადი, ყოველთვიური შემოსავალი - 104 312,41 ლარი, დანიშნულებით ,,ხელფასი“, მიღებულია მოპასუხე კომპანიისაგან. მოსარჩელის საშემოსავლო გადასახადის დაკავება ხდებოდა ანაზღაურების გამცემ კომპანიაში. მოსარჩელე, მოპასუხე კომპანიის ნების გამოვლენით, 2020 წლის 11 მაისიდან აღარ ახორციელებს ზეპირი გარიგების საფუძველზე საქმიანობას. 2020 წლის 20 ივნისს მოსარჩელემ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნა წერილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის სახელზე და ითხოვა მენეჯერის 2020 წლის 11 მაისის მითითების განმარტება.

8. ,,ა-ის უ-თა ც-მა“ 2020 წლის 23 ივლისსა და 2020 წლის 13 აგვისტოს მიმართა მოპასუხე კომპანიას და ითხოვა მოსარჩელესთან არსებული ურთიერთობის შეწყვეტის განმარტება. გაგზავნილ წერილთა პასუხად 2020 წლის 03 აგვისტოსა და 2020 წლის 02 სექტემბერს ,,ა-ის უ-თა ც-რს“ ეცნობა, რომ იგი არ იმყოფება მოპასუხესთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში და მისი მომსახურება დამოკიდებული იყო კონკრეტულ შეკვეთებზე. მოპასუხე კომპანიის იურისტის მიერ 2020 წლის 2 სექტემბერს ელექტრონული წერილის პასუხად მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი პირადი საქმე კომპანიაში არ ინახება, ვინაიდან მასთან არ აქვს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.

9. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ სარჩელი ვერ გააქარწყლა და ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ვერ დაამტკიცა, თუნდაც, ისეთი სახის მტკიცებულების წარდგენის გზით, რაც მისი მტკიცების ტვირთის შესაბამისი იქნებოდა.

10. მოპასუხეს შესაბამის საპროცესო ეტაპზე არ წარუდგენია სასამართლოსათვის მტკიცებულება, რომ სხვა შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელემ, როგორც მენარდემ, მომსახურება გაუწია შემკვეთს, მხარეთა შორის შედგა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი ან მენარდემ შეადგინა მის მიერ შესრულებული სამუშაოების აქტი, მაგრამ შემკვეთმა უარი განაცხადა სამუშაოს მიღებაზე.

11. რაც შეეხება დამსაქმებელი კომპანიის მიერ დასაქმებული პირისათვის მითითებების მიცემას და შრომის ორგანიზაციის მოწესრიგების სხვა პირობებს, ფაქტობრივად თუ რა სახით განახორციელებდა ამას დამსაქმებელი, რა მითითებას აძლევდა, როგორ ზედამხედველობდა შესასრულებელ თუ შესრულებულ სამუშაოს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივად არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს გარემოებები არ განეკუთვნება მოსარჩელის (დასაქმებულის) მტკიცების ტვირთს, თუმცა, მოსარჩელე და მოწმეები განმარტავენ, რომ მათ მიიღეს და ასრულებდნენ იმ წესებს, რაც დადგენილი და შემოთავაზებული იყო კომპანიის მხრიდან, ვინაიდან წლების განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ იყვნენ შრომითი ურთიერთობით დასაქმებული პირები. ხოლო მოპასუხეს ამ მიმართულებით შედავება არ განუხორციელებია და არ წარუდგენია მტკიცებულება სასამართლოსათვის, რომ მოსარჩელეს რაიმე ვალდებულება აქვს დარღვეული რომელიმე კონკრეტული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მოპასუხის მიერ მითითება ჯარიმა მიჩნეულ იქნეს ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის არსებულ პირგასამტეხლოდ არ ადასტურებს, რომ მოსარჩელესთან ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა იყო. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებები კვალიფიციურ შედავებად ვერ იქნება განხილული.

12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობდა ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დაქვემდებარების ნიშნები. მოსარჩელისა და მოწმეთა ჩვენებას სერვისის მენეჯერის მხრიდან მითითებების გაცემის თაობაზე, ამყარებს საქმეში (ს.ფ….-…) წარმოდგენილი სამსახურებრივი მიმოწერაც, სადაც სამსახურში წარმოდგენისა თუ გამოუცხადებლობის შესახებ დავალებებს იძლევა პირი, კომპანიის სახელით.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. მოსარჩელის სს ,,---- ბანკის“ ანგარიშის ამონაწერით (ს.ფ. …..) დასტურდება, რომ მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიისაგან ხელფასის სახით 2020 წლის 11 მაისამდე 6 თვის განმავლობაში მიღებული აქვს შემდეგი შემოსავალი: 18.12.2019წ -1319.05 – 1319.05 ლარი (ნოემბრის თვის გამომუშავებული ხელფასი); 20.01.2020წ - 1621.49 ლარი (დეკემბრის თვის გამომუშავებული ხელფასი); 27.12.2019წ - 460 ლარი (დეკემბრის თვის გამომუშავებული ხელფასი (ავანსი); 20.02.2020წ - 1709.49 ლარი (იანვრის თვის გამომუშავებული ხელფასი); 17.03.2020წ -1217.53 ლარი (თებერვლის თვის გამომუშავებული ხელფასი); 08.05.2020წ - 264 ლარი (მარტის თვის ხელფასის ნაწილი); 27.03.2020წ - 147 ლარი (მარტის თვის ხელფასი); 22.05.2020წ - 429.60 (მარტის თვის გამომუშავებული ხელფასი); 17.06.2020წ - 294 ლარი (აპრილის თვის გამომუშავებული ხელფასი).

14. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის მართლზომიერების დასადგენად მიუთითა სშკ-ის 47-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სშკ-ის 47-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა და ამ ნაწილში, სრულად იყო გასაზიარებელი პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები.

15. რაც შეეხება უკანონოდ დათხოვნილი მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის შესაძლო შემთხვევას, აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობებით და აღნიშნა, რომ თუ პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები.

16. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე კომპანიაში საშტატო განრიგით ტექნიკოსის პოზიცია გათვალისწინებულია არ არის (პირვანდელი სამუშაო ადგილი). ასევე ვერც მოსარჩელემ და ვერც მოპასუხემ ვერ დაასახელეს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი, ვაკანტური და მოთხოვნადი თანამდებობა, ასევე ვერ დაასახელეს მოსარჩელის კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისი ვაკანტური და მოპასუხისათვის მოთხოვნადი თანამდებობა.

17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები. ამ მოცემულობაში, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლით მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა კონკრეტული თანხით კომპენსირება იქნებოდა. ამ თვალსაზრისთ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს კომპენსაციის სახით მიეკუთვნა 7000 ლარის ოდენობით (დარიცხული ოდენობით, 7 თვის ხელფასის ოდენობა).

18. სააპელაციო პალატამ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზეც და აღნიშნა, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ხოლო მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, 2020 წლის 20 ივნისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნა წერილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის სახელზე და ითხოვა მენეჯერის 2020 წლის 11 მაისის მითითების განმარტება. ასევე, ,,ა-ის უ-თა ც-მა“ შპს ,,ტ-სს“ პირველად მიმართა 2020 წლის 23 ივლისს მასთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის და ასევე მისი შეწყვეტის მიზეზების დასაბუთების მოთხოვნით. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, განმეორებით კვლავ იქნა გაგზავნილი წერილი 2020 წლის 13 აგვისტოს. გაგზავნილ წერილთა პასუხები თარიღდება 2020 წლის 03 აგვისტოსა და 2020 წლის 02 სექტემბრით. მათი შინაარსით მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი არ იმყოფება მოპასუხესთან შრომით- სამართლებრივ ურთიერთობაში და მისი მომსახურება დამოკიდებული იყო კონკრეტულ შეკვეთებზე. მოპასუხემ აღნიშნა, რომ გასულია სარჩელის წარდგენის კანონით განსაზღვრული 30 დღიანი ვადა, 2020 წლის 03 აგვისტოს გაცემული ინფორმაციის მოსარჩელისათვის ჩაბარების შესახებ, საქმეში არ არის წარმოდგენილი. საქმეში წარმოდგენილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.09.2020 წლის განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ. მიმდინარე დავაზე სარჩელი წარმოდგენილია 2021 წლის 25 იანვარს, პირველი მიღებაზე უარიდან 6 თვის ვადაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ თავისი სამოქალაქო უფლება კანონით დაცულ ვადაში განახორციელა. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას, რომ მოსარჩელის ორდერით წარმოადგენლობასთან დაკავშირებით, დადგენილი იქნა, რომ საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულება გაცემულია 2021 წლის 05 მარტს. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი, არ იყო უფლებამოსილი აღეძრა სარჩელი. ხანდაზმულობის ვადის დაწყება კი უკავშირდებოდა, სწორედ აღნიშნული საპროცესო მოქმედების განხორციელებას, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით, სწორედ აღნიშნული სპეციალური უფლებამოსილება სჭირდებოდა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებისათვის დასაბუთებული წერილი უნდა გაგზავნოდა და ჩაბარებოდა უშუალოდ მხარეს, რაც აგვისტოსთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილი არ არის.

20. სააპელაციო პალატის მითითებით სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი პრინციპის თანახმად, თითოეულ მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომელზედაც მან მიუთითა. აპელანტმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა გარემოებები, რომელზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნებს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით და გაებათილებინა მტკიცებულებები რომელსაც ეყრდნობა გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება.

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

22. საკასაციო საჩივრის დასაბუთება იმაში მდგომარეობს, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა და დავა არ უნდა გადაწყვეტოლიყო შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

23. კასატორის მოსაზრებით, მხარეებს შორის არსებობდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, მოსარჩელე განმარტავდა, რომ რომ მას თავად უწევდა გადასახადების გადახდა ლიცენზიის შესაძენად. დავალების შერულების შემდეგ კი, დღის დარჩენილი დრო მის განკარგულებაში იყო. მოპასუხისგან დამოუკიდებლად მას შეეძლო შეესრულებინა სხვა პირების სასარგებლოდ ანალოგიური საქმიანობა ანაზღაურების სანაცვლოდ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მხარეებს იმყოფებოდნენ არა შრომითი, არამედ მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობაში. აღნიშნულ გარემოებებზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ.

24. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოოები მტკიცების ტვირთს აკისრებენ მოპასუხეს მასზედ, რომ მას უნდა წარედგინა ისეთი მტკიცებულებები რაც მხარეთა შორის ნარდობის ურთიერთობის არსებობას დაადასტურებდა, კერძოდ, რომ წარედგინა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ გვერდი აუარა მოსარჩელის განმარტებას, რომ ყოველი სამუშაოს შესრულების შემდეგ დგებოდა აქტები და მხოლოდ მათი წარდგენის შემთხვევაში ხდებოდა სამუშაოს ანაზღაურება.

25. კასატორი მიიჩნევს, რომ არასწორად არის გადაწყვეტილი სარჩელის ხანდაზმულობის საკითხიც, კერძოდ, მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 2020 წლის 6 ივლისს. მოსარჩელემ 2020 წლის 20 ივნისს წერილი გაუგზავნა მოპასუხეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთების მოთხოვნით. 2020 წლის 6 ივლისს მოსარჩელემ ელ.ფოსტაზე მიიღო მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელესთან არ განიხილებოდა შრომითი ურთიერთობა. ამ დროიდან 30 დღის ვადაში უნდა მიემართა მოსარჩეს სასამართლოსთვის. ამის ნაცვლად, სასამართლო უთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი 2020 წლის 3 აგვისტოს მოპასუხის მიერ გაცემული ინფორმაციის მოსარჩელისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორი აღნიშნავს, რომ 2020 წლის 23 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა მოპასუხეს, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთება. აღნიშნულლი წერილის პასუხი მოსარჩელის წარმომადგენელს გაეგზავნა და 3 აგვისტოს ჩაბარდა. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ 3 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენლის ინფორმიება არ უნად ჩაითვალოს სარჩელის აღძვრის 30 დღიანი ვადის ათვლის დროს, რადგან წარმომადგენელი სარჩელის აღძვრის უფლებით არ სარგებლობდა (სსსკ-ის 98-ე მუხლი), არამედ ორფდერის საფუძველზე ახორციელებდა წარმომდგელობას. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობა უნდა აითვალოს 2020 წლის 6 ივლისიდან, როდესაც პირველად გაეცა პასუხი მოსარჩელეს და არა 2020 წლის 2 სექტემბრიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

28. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 58-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ- ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს(იხ. სადავო პერიოდიში მოქმედი შრომის კოდექსის 38-ე; 44-ე მუხლები).

29. კასატორის პრეტენზია მხარეებს შორის არა შრომით, არამედ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას ეფუძნება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების მომიჯნავე კონსტრუქციაა ნარდობა, კერძოდ: ა) ნარდობის საგანს წარმოადგენს მენარდის შრომის შედეგი (რეზულტატი). შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ვალდებულია შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო დაკავებული თანამდებობის, პროფესიის თუ კვალიფიკაციის მიხედვით, მაგრამ სამუშაოს შედეგი, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების საგანს; ბ) ნარდობის ხელშეკრულებაში მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება. შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ექვემდებარება ადმინისტრაციას (დამსაქმებელს); გ) ნარდობის ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, დასაქმებული კი ყოველთვის ფიზიკური პირია (შდრ. ზ. ძლიერიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი 2001,238,239; ზ. შველიძე, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), I, თბილისი, 2011, 91) (შდრ: სუსგ ას-1079-2020, 28 სექტემბერი, 2021 წელი, პ. 11).

30. როგორც ნარდობის, ისე _ შრომითი ხელშეკრულების უმთავრესი მსგავსება სამუშაოს შესრულებაა (მომსახურების გაწევა), თუმცა ამ ორ სამართლებრივ ურთიერთობას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაცაა: შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის გენერალური პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა).

31. რაც შეეხება ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას, აღნიშნული საკითხი სრულად რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629-ე-656-ე მუხლებით, ასევე, სახელშეკრულებო სამართლის ყველა იმ ზოგადი დანაწესებით, რომლებიც ზემოხსენებული სპეციალური ნორმებით არაა მოწესრიგებული. ამ ურთიერთობის ნამდვილობისათვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი ისაა, რომ ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი ურთიერთობა ხასიათდება კონსესუალური ბუნებით, ანუ წარმოშობილად ითვლება მხარეთა მიერ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან (სკ-ის 327.1 მუხლი) და ნარდობის მთელი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებულია მისი სუბიექტების თანასწორობა (დამოუკიდებლობა), რომელიც ორიენტირებულია ხელშეკრულების მიზნის მიღწევაზე და არ ახასიათებს ორგანიზაციული დაქვემდებარება, ხოლო შრომითი ურთიერთობა, შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, წარმოშობილად ითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ვალდებულების დარღვევის თვალსაზრისით, განსხვავებულია კრედიტორისა და მოვალის როგორც პირველადი, ისე _ მეორადი მოთხოვნებიც: თუკი შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული სანქციები ან ცალმხრივად შეწყვიტოს ურთიერთობა (შკ-ის 37-ე მუხლი), ნარდობიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისას, იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს, გამოიყენება, როგორც სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული, ისე _ უშუალოდ ნარდობის სპეციალური რეგულაციები (სკ-ის 636-ე-637-ე; 642-ე-644-ე მუხლები) (იხ. სუსგ.-ები №ას-141-2021 , 27 მაისი, 2021 წელი; №ას-1079-2020, 28 სექტემბერი, 2021 წელი; ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ;).

32. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის შედავებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა, ვინაიდან დასაქმებულის მხრიდან ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო სშკ-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ურთიერთობაზე მიუთითებს და არა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ მხარეთა შეთანხმებაზე.

33. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული ნორმების მართებულობასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების წარდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა მოპასუხესთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში და მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა სხვა სამართლებრივ ურთიერთობას, მოპასუხის მხარეზე იყო, რისი მტკიცების რეალიზება, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო.

34. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე ასრულებდა ტექნიკურ საქმიანობას, კერძოდ, ელექტროტექნიკის შეკეთებასა და მონტაჟს. მისი ანაზღაურება დამოკიდებული იყო შესრულებულ საქმიანობაზე. ანაზღაურებას იღებდა ერთობლივად თვის განმავლობაში შესრულებული საქმის მიხედვით. მოსარჩელე სარგებლობდა ასევე, კორპორატიული ნორმით, პირის მაიდენტიფიცირებელი სამკერდე ნიშნით, კომპანიის სახლდების მაისურით. შემოსავლების სამსახურის მიერ 2020 წლის 10 აგვისტოს გაცემული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელის მიერ 2013 წლის ივლისიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 104399.91 ლარი. აქედან, ძირითადი, ყოველთვიური შემოსავალი - 104 312,41 ლარი, დანიშნულებით ,,ხელფასი“, მიღებულია მოპასუხე კომპანიისაგან. მოსარჩელის საშემოსავლო გადასახადის დაკავება ხდებოდა ანაზღაურების გამცემ კომპანიაში.

35. რაც შეეხება კასატორის შედავებსა ხანდაზმულობის საკითხზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც ამ ნაწილია საკასაციო საჩივარი დასაშვები.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია. შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობას სასამართლო იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას სათანადო წესით წარდგენილი შესაგებლით უარყოფს (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2017, მუხლი 128, გვ. 723). იგივე პრინციპი მოქმედებს შრომითსამართლებრივ დავებში შრომის კოდექსით დადგენილი ბრძანების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მიმართაც (შდრ. სუსგ №ას-64-2021, 18.11.2021 წელი;№ას-928-2021, 28 თებერვალი, 2022 პ.29).

37. სსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 130-ე მუხლი (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ). ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეულ არცოდნასაც ითვალისწინებს - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთთან თანხვდენილია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. შრომის კოდექსი უფლების რეალიზაციის ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს უკავშირებს (შდრ. სუსგ. #ას-1298-1218-2015, 15.03.2016წ; #ას-905-871-2016, 02.11.2016წ; 2021 წლის 20 მაისის #ას-790-2020, 20.05.2021წ; #ას-920-2021, 27.10.2021წ).

38. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი, გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს. და ი. ხ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც, შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

39. ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება (იხ. სუსგ Nას-1210-2018, 15.02.2019წ), რომლის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა, ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობითი დოკუმენტის შექმნა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლისა და გასაჩივრების წესის თაობაზე. მეორე მხრივ, კი დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან, თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა. დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30- დღიანი ვადით.

40. ზემოაღნიშნული ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, და ყველაზე გვიან აღნიშნული 30-დღიანი ვადა აითვლება დასაქმებულის მოთხოვნის საპასუხოდ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიზეზის დასაბუთების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან. სხვა სამოქალაქო საქმეზე განიმარტა, რომ „კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს“ (შდრ: სუსგ-ები №ას-11-11-2018, 4.03.2019წ. პ-34;№ას-1061-2021,18 თებერვალი , 2022 პპ:31,32).

41. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლომ მსჯელობას, რომ არ არსებობდა მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, სარჩელი ხანდაზმული არ არის. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ, 2020 წლის 20 ივნისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნა წერილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის სახელზე და ითხოვა მენეჯერის 2020 წლის 11 მაისის მითითების განმარტება.

42. ასევე, ,,ა-ის უ-თა ც-მა“ შპს ,,ტ-სს“ პირველად მიმართა 2020 წლის 23 ივლისს მასთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის და ასევე მისი შეწყვეტის მიზეზების დასაბუთების მოთხოვნით. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, განმეორებით კვლავ იქნა გაგზავნილი წერილი 2020 წლის 13 აგვისტოს. ზემოთაღნიშნულ - გაგზავნილ წერილთა პასუხები თარიღდება 2020 წლის 03 აგვისტოთი და 2020 წლის 02 სექტემბრით.

43. აღსანიშნავია, რომ წერილთა პასუხების შინაარსით მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი არ იმყოფება მოპასუხესთან შრომით- სამართლებრივ ურთიერთობაში და მისი მომსახურება დამოკიდებული იყო კონკრეტულ შეკვეთებზე.

44. 2020 წლის 03 აგვისტოს გაცემული ინფორმაციის მოსარჩელისათვის ჩაბარების შესახებ, საქმეში არ არის წარმოდგენილი.

45. საქმეში წარმოდგენილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.09.2020 წლის განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ. მიმდინარე დავაზე კი, სარჩელი წარმოდგენილია 2021 წლის 25 იანვარს, პირველი სარჩელის მიღებაზე უარიდან 6 თვის ვადაში.

46. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს რომ მოსარჩელემ თავისი უფლება კანონით დაცულ ვადაში განახორციელა.

47. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, მოსარჩელის ორდერით წარმოადგენლობასთან დაკავშირებით, ამ ნაწილში, კასატორს ამომწურავად გაეცა პასუხი სააპელაციო სასამართლოს მიერ, კერძოდ, დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულება გაცემულია 2021 წლის 05 მარტს. შესაბამისად, ა-ის უ-თა ც-ის ადვოკატი, არ იყო უფლებამოსილი აღეძრა სარჩელი. ხანდაზმულობის ვადის დაწყება კი უკავშირდებოდა, სწორედ აღნიშნული საპროცესო მოქმედების განხორციელებას, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით, სწორედ აღნიშნული სპეციალური უფლებამოსილება სჭირდებოდა.

48. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებისათვის დასაბუთებული წერილი უნდა გაგზავნოდა და ჩაბარებოდა უშუალოდ მხარეს, რაც აგვისტოს თვეში ჩაბარებული არ არის.

49. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,ტ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს ,,ტ-სს“ (ს.კ: ----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ა. თ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 350 ლარის (საგადახდო დავალება N-, გადახდის თარიღი 2022 წლის 15 აპრილი), 70% – 245 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ეკატერინე გასიტაშვილი