Facebook Twitter

02 მარტი 2022 წელი

საქმე №ას-1030-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. მ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

2. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №---/- ბრძანება, მოსარჩელე აღდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 27 თებერვლიდან სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენამდე, ყოველთვიურად 1400 ლარის ოდენობით.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1.1. 2006 წლის 30 იანვრიდან მოსარჩელე დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის სპეციალისტად.

5.1.2. 2007 წლის 15 თებერვლიდან მოსარჩელე დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

5.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 24 ნოემბრის №--- ბრძანებით, მოსარჩელე 3 თვის ვადით დაინიშნა ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ში უფროსის თანამდებობაზე.

5.1.4. სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2012 წლის 17 ივლისის №---/- ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობაზე 2013 წლის 16 იანვრამდე, ხოლო 2013 წლის 11 იანვრის №---/- ბრძანებით, მოსარჩელეს 2013 წლის 16 იანვრიდან შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდა განუსაზღვრელი ვადით.

5.1.5. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1400 ლარს.

5.1.6. მოსარჩელეს სააგენტოში მუშაობის პერიოდში (2006-2020წწ.) დისციპლინური სახდელი შეფარდებული არ ჰქონია, ამასთან, მის მიმართ მოქალაქეთა მხრიდან სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის საჩივარი.

5.1.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №---/- ბრძანების საფუძველზე, დაიწყო ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 29 ნოემბრიდან 2020 წლის 01 თებერვალი. ამავე ბრძანებით, სააგენტოს თანამშრომლები გაფრთხილებული იქნენ რეორგანიზაციის გამო სააგენტოს შტატების მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების, ასევე შრომითი ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის/გაგრძელების თაობაზე. ბრძანებით განისაზღვრა სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა/ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველყოფა.

დადგინდა, რომ თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად უნდა განხორციელებულიყო ტესტირება (სახელმწიფო ენის მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრება - პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის №---/- ბრძანების საფუძველზე, რეორგანიზაცია დაიწყო 2019 წლის 29 ნოემბერს, დასრულების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2020 წლის 27 თებერვალი.

5.1.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 17 დეკემბრის №---/- ბრძანებით, განისაზღვრა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმები. სტრუქტურული ერთეულების: ქ. თბილისის №-, №-, №-, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმისა და ქ. რუსთავის ქ-ის ს-ის, ასევე სააგენტოს ამავე ფუნქციების განმახორციელებელი ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად განისაზღვრა უნარ-ჩვევები და გასაუბრება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 06 იანვრის №---/- ბრძანებით, თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით შეიქმნა კომისია.

5.1.9. 2020 წლის 27 თებერვლის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №---/- ბრძანების საფუძველზე, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსი - მოსარჩელე, 2020 წლის 27 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

5.1.10. მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას დამსაქმებელმა საფუძვლად დაუდო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის პირველი ნაწილი (გათავისუფლების დროს მოქმედი რედაქცია). 2020 წლის 28 იანვრის ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციდან გამომდინარე მისი სტრუქტურული ერთეულის, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის, ტერიტორიული სამსახურების, ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ისა და ამავე ფუნქციის განმახორციელებელი ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებთან ჩატარებული გასაუბრების კომისიის №-- ოქმი.

5.1.11. სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 ივლისის წერილის თანახმად, ტესტირებებზე გამსვლელი ქულა - მინიმალური ზღვარი, არ განსაზღვრულა. უმაღლესი ქულა ზოგად უნარებში იყო 80, თითოეული ტესტი ფასდებოდა ერთი ქულით. მოსარჩელის მიერ მიღებული შეფასება ზოგად უნარებში, ტესტირების შედეგად შეადგენდა - 40 ქულას. ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავისა და ქ. ბათუმის ქ-ის ს-ის თანამშრომლებთან რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ტესტირების (ზოგადი უნარები) შედეგად ქ. თბილისის №- ქ-ის ს-ის უფროსის შეფასება შეადგენდა -- ქულას, №- ქ-ის ს-ის უფროსის შეფასება - --ქულას, რუსთავის ქ-ის ს-ის უფროსის --- ქულას, ბათუმის ქ-ის სახლის უფროსის (დაეკისრა უფროსის მოვალეობები) - -- ქულას. ქუთაისის ქ-ის ს-ის ოპერატორის შეფასება შეადგენდა - -- ქულას, ბათუმის ქ-ის ს-ის ოპერატორის შეფასება შეადგენდა - -- ქულას.

5.1.12. 2020 წლის 14 იანვარს, მოსარჩელესთან ჩატარდა გასაუბრება. ქუთაისის ქ-ის ს-ის თანამშრომელებთან ჩატარებული გასაუბრების №-- ოქმის ამონაწერის თანახმად, გასაუბრების მსვლელობისას მოსამსახურეებს დაესვათ საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი კითხვები: რა იყო მათი ფუნქცია-მოვალეობანი, როგორი იყო მათი სამუშაო გამოცდილება, მათი სამუშაო დატვირთვა, რა ცვლილებები იყო განსახორციელებელი სამსახურის უკეთ ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე პროფესიული კითხვები მათი ფუნქცია-მოვალეოებებისა და პოზიციის გათვალისწინებით.

ოქმის თანახმად, კანდიდატებს ზემოხსენებულ კითხვებზე გაუჭირდათ არგუმენტირებული პასუხის გაცემა, შესაბამისად, დაესვათ დამატებითი შეკითხვები. რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში მიღებული დაბალი ქულების თაობაზე, კომისიის მხრიდან დასმულ კითხვაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზოგადი უნარების ტესტი ძალიან გაუჭირდა, იმის გამო, რომ დაწესებული არ იყო მინიმალური ბარიერი, მომზადება არ ჩათვალა საჭიროდ და მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსი ატარებდა ფორმალურ ხასიათს. ამასთან, აღნიშნა, რომ მიუხედავად დაბალი ქულისა, მიღებული შეფასებით იგი უკმაყოფილო არ იყო, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ქულები ზეგავლენას არ იქონიებდა მისი შემდგომი საქმიანობის ხარისხზე. კომისიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ზოგადი უნარების ტესტებში მიღებული ქულის გათვალისწინებით, კომისიის მხრიდან არ იყო რეკომენდირებული მისი შემდგომი დასაქმება ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

5.1.13. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სააგენტოს გამართულად/ეფექტურად ფუნქციონირებისა და არსებულ სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია, ქვედანაყოფების/სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება. სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიულ სამსახურებში მენეჯერული პოზიციები, მათ შორის შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციამდე საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა 615 ერთეული, თვის ფონდი - 813200 ლარი, წლიური ფონდი - 9758400 ლარი. რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა - 530 ერთეულით, თვის ფონდი - 749900 ლარით, წლიური ფონდი - 9000000 ლარით. სადავო არ იყო, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობა არ გაუქმებულა.

5.1.14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები. ცვლილება არ შეხებია ქუთაისის ქ-ის ს-ლს, არ შემცირებულა ის სამუშაო სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, ასევე არ შემცირებულა სახელფასო ფონდი. დამსაქმებელმა მოსარჩელის გათავისუფლება დაუკავშირა მხოლოდ მის კვალიფიკაციას, ტესტირების შედეგებსა და გასაუბრებას. მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნული დამატებითი კრიტერიუმებით მოწმდებოდა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ თანამშრომლების საქმიანობის სპეციფიკა/დატვირთულობა, მოტივაცია. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მათი როლი/ხედვა სააგენტოს მომავალ საქმიანობაში. მოცემულ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი იყო როგორ შეაფასა დამსაქმებელმა ტესტირებისა და აღნიშნული ფორმით გასაუბრების შედეგების საფუძველზე მოსარჩელის კვალიფიკაცია, რატომ არ შეესაბამებოდა მოსარჩელის უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია დაკავებულ თანამდებობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ ორგანიზაციულმა ცვლილებებმა გამოიწვია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საჭიროება. საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დადგინდებოდა, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღება, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, რის საფუძველზე მიიჩნია მოპასუხემ, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების პირობებში.

5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა შრომითი ხელშეკრულებიდან. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

5.3. მართალია, დამსაქმებელს აქვს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის უფლება, მაგრამ მან ეს უნდა განახორციელოს იმ წესების მკაცრად დაცვით, რაც განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. დამსაქმებელს რომ არ მიეცეს „თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო და უპირობო განთავისუფლების საფუძველი“, უნდა დადგინდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი (უზენაესი სასამართლოს განჩინებები №ას-545-513-2012 5.10. 2012წ., №ას-106-101-2014, 2.10. 2014 წელი; №ას 893-851-2013 , 7.11.2013).

5.4. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას (ახალი რედაქციით 47-ე მუხლი). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე.

შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, 2020 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის პირობებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობის (შტატის) შენარჩუნების მიუხედავად, რის გამო დადგა დამსაქმებელი ამ კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმებული მუშაკის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე. აღნიშნული განაპირობა თუ არა კადრის არაკვალიფიციურობამ და დამსაქმებლის მიერ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ტესტირებისა და გასაუბრების შედეგები ქმნიდა თუ არა დასაქმებული პირის უნარ–ჩვევების ობიექტურად შეფასების საფუძველს, ასევე ადგილი ხომ არ ჰქონდა დასაქმებულისადმი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას.

5.5. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე 2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო 2012 წლიდან იგი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობაზე. იგი ამ პოზიციაზე 2013 წლიდან დაინიშნა განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, საყურადღებო იყო, რომ ამ თანამდებობაზე მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, დასაქმებულს რაიმე გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელი არ შეფარდებია და მის მიმართ არც მოქალაქეთა მხრიდან ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის საჩივარი სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში. შესაბამისად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და გულისხმიერებით ეკიდებოდა შრომითი მოვალეობების შესრულებას და ამასთან, მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად და კვალიფიციურად. ნიშნადობლივია, რომ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ აპელანტს (მოპასუხეს) რაიმე არგუმენტზე არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულება წარუდგენია.

5.6. უდავოდ დადგენილი იყო, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2019წ. N323 განკარგულებით დამტკიცდა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის ბიუჯეტი, რომლის თანახმადაც, შტატით გათვალისწინებული თანამდებობის რაოდენობა 637–ით განისაზღვრა, ხოლო წლიური წლიური სახელფასო ფონდი შეადგენდა 10 000 000 ლარს. ამასთან, ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობა (გარდა ქ. თბილისისა) განსაზღვრული იყო 3 საშტატო ერთეულით, მათთვის გასაცემი შრომის ანაზღაურება კი - 4200 ლარით (იხ. ტ.1, ს.ფ. ------).

5.7. საქართველოს მთავრობის 28.02.2020წ. N417 განკარგულებით დამტკიცდა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის ბიუჯეტი, რომლის თანახმადაც, შტატით გათვალისწინებული თანამდებობის რაოდენობა იყო 615, წლიური შრომის ანაზღაურება კი - 9 000 000 ლარი. ამასთან, ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობა (გარდა ქ. თბილისისა) განსაზღვრული იყო 3 ერთეულით, ხოლო მათთვის გასაცემი შრომის ანაზღაურება - 4200 ლარით (იხ. ტომი 1, ს.ფ ---).

5.8. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 31.03.2020წ. წერილის თანახმად, რეორგანიზაციამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა – 615 ერთეული, 1 თვის სახელფასო ფონდი შეადგენდა 813 200 ლარს, წლიური სახელფასო ფონდი - 9 758 400 ლარს. რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა - 530 ერთეულით, თვის ფონდი - 749 900 ლარით, წლიური ფონდი - 9000000 ლარით (იხ. ტ.1, ს.ფ --).

5.9. დადგენილი იყო და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად, ცვლილება არ შეხებია ქუთაისის ქორწინების სახლს, არ შემცირებულა ის შტატი – თანამდებობა, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, ასევე, არ შემცირებულა სახელფასო ფონდი და ამ პოზიციაზე შრომის ანაზღაურების ოდენობა. ამასთან, იმ თანამდებობაზე, რომელსაც იკავებდა მოსარჩელე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, არავინ დასაქმებულა და იგი ვაკანტურია.

ამდენად, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მართალია განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რის შედაგადაც წინა წელთან შედარებით გარკვეულწილად შემცირდა საშტატო ერთეული და მის შესაბამისად, სახელფასო ფონდიც, თუმცა არ გაუქმებულა და არ შემცირებულა ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობის რაოდენობა (მათ შორის ქუთაისის ქ-ბის ს-ის უფროსის თანამდებობა) და სახელფასო ანაზღაურების ოდენობა. ის შტატი, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა არ გაუქმებულა/არ შემცირებულა, ასევე არ შემცირებულა თანამდებობრივი ანაზღაურების ოდენობა. ასეთ ფონზე, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, დამსაქმებლის მტკიცება, რომ მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნა განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში - ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო, რომლებიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას.

5.10. ამასთან, აღსანიშნავი იყო, რომ დამსაქმებელმა მოსარჩელის გათავისუფლება დაუკავშირა მის კვალიფიკაციას. კერძოდ, ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად მიღებული შედეგების გათვალისწინებით, დამსაქმებელმა მიიჩნია, რომ არ იყო რეკომენდებული მოსარჩელის შემდგომი დასაქმება ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია დამსაქმებლის აღნიშნული არგუმენტი, იმ ვითარებაში, როდესაც, უდავოდ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა მრავალწლიანი გამოცდილება სააგენტოში, კონკრეტულად კი, ქ-ის უფროსის თანამდებობაზე წარმატებული მუშაობისა, რა დროსაც, მას არცერთხელ შეფარდებია დისციპლინური სახდელი სამუშაოს არაჯეროვანი შესრულებისათვის.

5.11. ნიშნადობლივი იყო, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად არ დადებია დასაქმებულის კვალიფიკაციისა ან პროფესიული უნარჩვევების შეუსაბამობა, მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან, რაც გათვალისწინებულია შრომის კოდექსის 37.1 მუხლის. „ვ“ ქვეპუნქტით. სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მტკიცება, რომ მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი გახდა ტესტირებისა და გასაუბრების შედეგები, რომელიც მეტყველებდა საკმარისი კვალიფიკაციის არარსებობასა და დაკავებულ პოზიციასთან მის შეუსაბამობაზე, დაუსაბუთებლად მიიჩნია. ამ მხრივ, პალატამ მიზანშეწონილად ჩათვალა, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, შეეფასებინა არსებობდა თუ არა მოსარჩელის მიმართ ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველი. დადგენილი იყო, რომ ზოგად უნარებში ტესტირებაში მაქსიმალური 80 ქულიდან მოსარჩელემ მიიღო 40 ქულა, რაც არ იძლეოდა დასაქმებულის არაკვალიფიციურობის შესახებ დასკვნის გამოტანის საკმარის საფუძველს. ზეპირი გასაუბრების შედეგების თაობაზე პალატამ აღნიშნა, რომ გასაუბრების ოქმში ასახული ზოგადი ხასიათის მითითება დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით მიღებული არადამაკმაყოფილებელი პასუხების შესახებ (კონკრეტული შეკითხვისა და მიღებული პასუხის ფიქსირების გარეშე), ასევე, არ ქმნიდა საკმარის საფუძველს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, წარმატებული მუშაკის არაკვალიფიცურობის შესახებ დასკვნის გამოსატანად, მით უფრო იმ იმის გათვალისწინებით, რომ გასაუბრების ოქმში მითითებული გარემოებები უარყოფილია დასაქმებულის მხრიდან, ამ გარემოებათა ნამდვილობა კი არ დადასტურებულა სხვა რაიმე უტყუარი/სანდო მტკიცებულებით, მაგალითად, გასაუბრების ამსახველი ვიდეო მასალით და ა.შ.

5.12. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერად მიჩნევის საფუძველს არ ქმნიდა აპელანტის მითითება იმ გარემოებაზეც, რომ ქ-ის ს-ის სხვა უფროსებმა მიიღეს უფრო მაღალი შეფასებები, ვიდრე მოსარჩელემ, ასევე, ქუთაისის ქ-ის ს-ში დასაქმებულმა სპეციალისტმა მიიღო გაცილებით მაღალი შეფასება ვიდრე მოსარჩელემ. ამ მხრივ პალატამ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, დასტურდებოდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად ერთერთი ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობაზე (თუნდაც მოვალეობის შემსრულებლად) დასაქმებულმა პირმა მიიღო გაცილებით დაბალი შეფასება ტესტირებაში ვიდრე მოსარჩელემ, ამასთან, ამავე ქ-ის ს-ში დასაქმებულ სპეციალისტს, მიღებული აქვს უფრო მაღალი შეფასება ტესტირებაში, ვიდრე ქუთაისის ქ-ის ს-ში სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულ პირს, თუმცა ეს გარემოება, მოსარჩელის შემთხვევისაგან განსხვავებით, დამსაქმებელს კონკრეტულ პირთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად არ მიუჩნევია. შესაბამისად, მოპასუხის მიდგომა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით შესაძლოა ქმნიდეს იმგვარი აღქმის საფუძველს, რომ ის მოქმედებდა განსხვავებული სტანდარტებით ანალოგიურ პირობებში მყოფ დასაქმებულებთან მიმართებით.

5.13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის პოზიციას, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, არ გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციული იყო. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, სადავო ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

5.14. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობა კვლავაც არსებობს და ის ვაკანტურია პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება, იმ პერიოდში მოქმედი რედაქციის შრომის კოდექსის 38–ე მუხლის მე–8 ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ (შრომის კოდექსის ახალი რედაქციით 48-ე მუხლი).

5.15. დადგენილი იყო, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი 1400 ლარს შეადგენდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა, მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ყოველთვიურად მისაღები ხელფასის ოდენობით, საფუძვლიანი იყო და ის მართებულად დაკმაყოფილდა სამოქალაქო კოდექსის 408.1–ე მუხლისა და სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით შრომის კოდექსის 32.1 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

5.16. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა პოლიტიკური მოტივი – ერთერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერთან მისი ახლო ნათესაური ურთიერთობა, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონით და შრომის კოდექსით დაცულ ნიშანს.

შრომის კოდექსის 2.3 მუხლით შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოების პროცედურა კი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე, 3633-ე და 3635-ე მუხლებით. დასახელებული ნორმების მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ განახორციელა დისკრიმინაციული მოპყრობა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 3633-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან კონკრეტული დისკრიმინაციის განსახილველ ფაქტის (ფაქტების) მითითება, რაც მისი შეხედულებით მასთან მიმართებით დისკრიმინაციულია, ასევე ასეთის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებების დართვა, რის შემდგომაც მოსარჩელის მიერ სავარაუდო დისკრიმინაციის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებით უარყოფის (გაქარწყლების) ვალდებულება მოპასუხეზე გადადის (მტკიცების ტვირთის შებრუნება). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის განმარტებით, კონკრეტული ფაქტები სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ, ასევე ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ასეთ ვითარებაში, მოპასუხეს შებრუნებული მტკიცების ტვირთი ვერ დაეკისრებოდა, სასამართლო კი, მოსარჩელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს დადასტურებულად ვერ მიიჩნევდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დაარღვია შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები, არ ქმნიდა მისი ქმედების დისკრიმინაციულად მიჩნევის საკმარის საფუძველს.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. მოსარჩელის ტესტირების შედეგები, მისი მენეჯერული პოზიციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სხვა ქ-ის ს-ის უფროსების მიერ მიღებულ ქულებს, ამასთან მან ნაკლები შედეგი მიიღო იმავე სამსახურში დასაქმებულ ოპერატორთან შედარებით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საჭირო იყო თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირება სააგენტოს ქუთაისის ქ-ის ს-ში, მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, სამართლიანი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებაა.

6.2. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მიიღო საქართველოს მასშტაბით ყველა ქ-ბის ს-ის უფროსთან შედარებით დაბალი ქულა და მეტიც, ეს ქულა ბევრად დაბალი იყო ვიდრე მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლისა და ამავდროულად მან გასაუბრებაზე კომისიას ვერ დაუტოვა დადებითი შთაბეჭდილება, სასამართლოს საპირწონე არგუმენტად მხოლოდ კომპეტენციის ზღვარის დაუწესებლობა ვერ მიიჩნევა დასაბუთებულად.

6.3. ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით სააგენტოს ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსის პოზიციაზე არავინ არის დანიშნული და ამ თანამდებობისთვის განსაზღვრულ მოვალეობას ასრულებს ამავე სამსახურის ის ოპერატორი, რომელმაც საკმაოდ მაღალი ქულა მიიღო ტესტირების ეტაპზე, ვერ გამოდგება მოსარჩელის მიმართ სააგენტოს ქმედების უკანონოდ კვალიფიკაციისთვის, ვინაიდან სწორედ სააგენტოს მენეჯმენტური გადაწყვეტილებაა, რომ უფროსის თანამდებობისთვის კადრი შეარჩიოს სათანადო დაკვირვების შემდეგ და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

6.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ იმ ფაქტის რეორგანიზაციის პროცესის საწინააღმდეგო არგუმენტად გამოყენება, რომ თვიური სახელფასო ფონდი კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში არ შემცირებულა, არის უსაფუძვლო და მონაცემთა არასწორი ინტერპრეტაცია. მართალია, ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსის პოზიცია და მისი თანამდებობრივი სარგო კვლავ არსებობს, თუმცა, რადგანაც ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ში ორის ნაცვლად მუშაობას აგრძელებს მხოლოდ ერთი თანამშრომელი, სააგენტო ამ მხრივ ზოგავს სახელფასო რესურსს.

6.5. ტესტირების ეტაპზე მინიმალური ბარიერის დაუწესებლობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოსარჩელის სამსახურიდან არალეგიტიმური გათავისუფლების საფუძვლად, ვინაიდან თანამშრომლის შეფასება და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა ხდებოდა ტესტირების შედეგების, კვალიფიკაციისა და გასაუბრების შედეგად - თანამშრომლის კომპლექსური შეფასებით.

6.6. ფაქტია, რომ ს.ს.ი.პ. - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ი 2020 წლის 27 თებერვალს შემცირდა სამუშაო ძალა ორიდან ერთ ერთეულამდე და მის შემდგომ აღნიშნული ოდენობა არ გაზრდილა. შესაბამისად, სახეზეა სააგენტოს სამუშაო ძალის რეალური და არა მოჩვენებითი, მხოლოდ რეორგანიზაციის დასრულების დღეს არსებული შემცირება. სააგენტოს რეალურად არ ჰქონია სამუშაო ძალის გაზრდის საჭიროება, ქ. ქუთაისის ქ-ს ს-ლი ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს შესაბამისი მომსახურების გაწევას, შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მენეჯმენტური თვალსაზრისითაც აბსოლუტურად გამართლებულია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

10.1. მოსარჩელე 2006 წლის 30 იანვრიდან დასაქმებული იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურში სპეციალისტის, შემდგომ მთავარი სპეციალისტის, ხოლო 2009 წლის 24 ნოემბრიდან - ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობაზე. 2013 წლის 16 იანვრიდან მასთან შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობაზე შეადგენდა 1400 ლარს.

10.2. მოსარჩელეს მოპასუხესთან მუშაობის პერიოდში (2006-2020წწ.) დისციპლინური სახდელი შეფარდებული არ ჰქონია, ამასთან, მის მიმართ მოქალაქეთა მხრიდან სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის საჩივარი.

10.3. 2019 წლის 29 ნოემბერს დაიწყო ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეორგანიზაცია. სააგენტოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ რეორგანიზაციის გამო სააგენტოს შტატების მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების, ასევე შრომითი ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის/გაგრძელების თაობაზე.

10.4. რეორგანიზაციის ფარგლებში, ქ. თბილისის №., №., №., ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმისა და ქ.რუსთავის ქ-ის ს-ის, ასევე, სააგენტოს ამავე ფუნქციების განმახორციელებელი ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლების კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით ჩატარდა ზოგად უნარებში ტესტირება და გასაუბრება. ტესტირებებზე გამსვლელი ქულა - მინიმალური ზღვარი, არ განსაზღვრულა, ხოლო უმაღლესი ქულა იყო 80.

10.5. მოსარჩელის მიერ მიღებული შეფასება ზოგადი უნარების ტესტირებაში შეადგენდა - 40 ქულას, ქ. თბილისის №- ქ-ის ს-ის უფროსის შეფასება - .. ქულას, №. ქ-ის ს-ის უფროსის შეფასება - -ქულას, რუსთავის ქ-ის ს-ის უფროსის -- ქულას, ბათუმის ქ-ის ს-ის უფროსის (დაეკისრა უფროსის მოვალეობები) -- ქულას; ქუთაისის ქ-ის ს-ის ოპერატორის შეფასება - - ქულას, ბათუმის ქ-ის ს-ის ოპერატორის შეფასება - -ქულას.

10.6. გასაუბრებაზე, რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში მიღებული ძალიან დაბალი ქულების თაობაზე, კომისიის მხრიდან დასმულ კითხვაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ ზოგადი უნარების ტესტი ძალიან გაუჭირდა, იმის გამო, რომ დაწესებული არ იყო მინიმალური ბარიერი, მომზადება არ ჩათვალა საჭიროდ და მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსი ატარებდა ფორმალურ ხასიათს. ამასთან, აღნიშნა, რომ მიუხედავად დაბალი ქულისა, მიღებული შეფასებით იგი უკმაყოფილო არ იყო, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ქულები ზეგავლენას არ იქონიებდა მისი შემდგომი საქმიანობის ხარისხზე.

10.7. გასაუბრების კომისიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ზოგადი უნარების ტესტებში მიღებული ქულის გათვალისწინებით, არ იყო რეკომენდირებული მისი შემდგომი დასაქმება ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

10.8. 2020 წლის 27 თებერვლის სახელმწფო სერვისების განვითარების სააგენტოს №---/- ბრძანების საფუძველზე, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსი - მოსარჩელე, 2020 წლის 27 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

10.9. მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას დამსაქმებელმა სამართლებრივ საფუძვლად დაუდო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის პირველი ნაწილი (გათავისუფლების დროს მოქმედი რედაქცია), ხოლო ფაქტობრივ საფუძვლად - თანამშრომლებთან გასაუბრების ოქმი.

10.10. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ცვლილება არ შეხებია ქუთაისის ქ-ის ს-ლს, არ გაუქმებულა ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობა, არ შემცირებულა სახელფასო ფონდი.

11. საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, კერძოდ, არსებობდა თუ არა დამსაქმებლის მიერ რეორგანიზაციის საფუძვლით ხელშეკრულების მოშლის წინაპირობა.

12. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს მოპასუხე საწარმოში რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება. კერძოდ, რეორგანიზაციის (შტატების შემცირების) მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია საქართველოს შრომის კოდექსის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ.სუსგ №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).

13. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების შემოწმება კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; სუსგ №ას-416-399-2016, 29.06.2016წ). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.). შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის განმაპირობებელი გარემოებები, რომლებიც არ ყოფილა სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი.

14. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას).

15. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია დამსაქმებელ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობის გამო მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რაც შეეხება დასაქმებულის კვალიფიკაციისა ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან, ეს უკანასკნელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველია (საქართველოს შრომის კოდექსის 37.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი), რომლის წინაპირობების გამოკვლევა ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატას არარელევანტურად მიაჩნია (შდრ. სუსგ №ას-952-2020, 05.03.2021წ; N ას-190-2021, 15.10.2021წ.).

16. სადავო ბრძანებაში მითითებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებელმა კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: 1) საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1440-2020, 28.04.2021წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

17. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.

18. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (სუსგ. Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.).

19. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

20. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც, რეორგანიზაციის შედეგად, ცვლილება არ შეხებია ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ლს, არ გაუქმებულა ქ. ქუთაისის ქ-ის ს-ის უფროსის თანამდებობა და არ შემცირებულა სახელფასო ფონდი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელმა დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება მართებულად ცნეს ბათილად.

21. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31.05.2019წ.; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).

ვინაიდან, სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და დადგენილია, რომ ის თანამდებობა, რომელსაც იკავებდა მოსარჩელე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, ვაკანტურია, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად განხორციელდა მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა.

22. საქართველოს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა. იძულებით მოცდენად უნდა ჩაითვალოს შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტით გამოწვეული მოცდენა, როცა დასაქმებული ვერ იღებს შრომის ანაზღაურებას. შესაბამისად, იძულებითი მოცდენის დროს მიუღებელი ხელფასის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

უდავოა, რომ მოსარჩელის ხელფასი დაკავებულ თანამდებობაზე შეადგენდა 1400 ლარს.

ამდენად, ვინაიდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2020 წლის 27 თებერვლიდან სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენამდე, ყოველთვიურად 1400 ლარის ოდენობით.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1260 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1260 ლარის 70% – 882 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ ----) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1260 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №---, გადახდის თარიღი 25.10.2021წ.) 70% – 882 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია