Facebook Twitter

3გ-ად-25-გ-02 29 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გელა გ.-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 11.06.02წ. ¹83 ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის I პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის I პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად სამსახურეობრივ მოვალეობათა ბრალეული და არაჯეროვანი შეუსრულების გამო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მოვალეობის შემსრულებელი გ. გ.-ი.

გ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 08.07.02წ. განჩინებით გ. გ.-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან ეხება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებას ანუ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. გ.-ის სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილ სასამართლოში, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქართველოს სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის _ საქართევლოს იუსტიციის მინისტრის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.07.02წ. განჩინებით გ. გ.-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მართალია, მოპასუხე არის ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ დავა თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოშობილია შრომითი ურთიერთობიდან და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა აგრეთვე, რომ დავა ადმინისტრაციული ხასიათის რომც ყოფილიყო, იგი მაინც არ იქნებოდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე რაიონულ და საოლქო სასამარტლოთა განჩინებების გაცნობის შედეგედ მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული დავა განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემული დავა შრომით-სამართლებრივი ხასიათს ატარებს და განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს, სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათავლისწინებული შემთხვევები.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სადავო 11.06.02წ. ¹83 ბრძანება მიღებულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის საფუძველზე, რომლიც საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს. განსახილველ დავაში მოსარჩელეა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს აღმასრულებლის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი გ. გ.-ი, რომელიც «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, იყო საჯარო მოსამსახურე, ხოლო მოპასუხეა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, სამთავრობო დაწესებულებას წარმოადგენს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით სამინისტრო ადმინისტრაციული ორგანოა და რადგან სადვო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს სამინისტრო წარმოადგენს, განსახილველი საქმე ადმინისტრაციულ კატეგორიათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის სადავო ¹83 ბრძანება გ. გ.-სა და სამინისტროს შორის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას ეხება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილებოდა. ამასთან, 2000წ. პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა ზოგადმა ადმინისტრაციულმა კოდექსმა შემოიღო ადმინისტრაციული გარიგების ინსტიტუტი (თავი V), კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის მიხედვით ადმინისტრაციული გარიგება არის: «ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება». განსახილველ შემთხვევაში ფიზიკურ პირს _ გ. გ.-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის, სამინისტროს ¹83 ბრძანებით, შეწყდა საჯარო-სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამისად, სარჩელი წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, რომელიც ადმინისტრაციული სამართლწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 11.06.02წ. ¹83 ბრძანება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, სახელდობრ, ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის საფუძველზე, არის ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის და კონკრეტულად გ. გ.-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ სამინისტროს შორის საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება. ამასთანავე, ბრძანების სამართლებრივ შედეგს და მიზანს წარმოადგენს საჯარო-შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ, თავისი არსით, არ არის ადმინისტრაციული აქტი. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სადავო ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე, მისი «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონთან, «შრომის კანონთა კოდექსთან» და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-V თავთან შესაბამისობაზე. ამდენად, პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, გ. გ.-ის სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ.-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.

2. გ. გ.-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.