Facebook Twitter

საქმე №ას-663-2020 30 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ა-ლი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. გ-ია (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - დ. ა-ლი, ზ. ა-ლი, ზ. ა-ლი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. გ-იას (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მოპასუხეები გ. ა-ლი (შემდგომში - „კასატორი“ ან „მოპასუხე“), ზ. ა-ლი, ზ. ა-ლი და დ. ა-ლი თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლებული იქნენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან (მდებარე: ქ. ახალციხე, ი. ---- ქ. №---, საკადასტრო კოდი: ----) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“).

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გ. ა-მა, ზ. ა-მა და ზ. ა-მა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხეების გ, ზ და ზ. ა-ბის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა; შეჩერდა მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე №-/…..--/…..(მოსარჩელეები - ზ, ზ და გ. ა-ები, მოპასუხეები - კ. გ-ია, ე. ა-ლი, დ. ა-ლი, ს. ე-ლი და გ. ჩ-ძე, დავის საგანი: ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაუქმება) მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება განახლდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 20 ოქტომბერს №-/….-./….-.. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. კერძოდ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ, ზ და ზ.ა-ბის სარჩელი მოპასუხეების - ე. ა-ის, კ. გ-ას, ს. ე-ის და დ. ა-ის მიმართ, უძრავ ნივთზე - საკადასტრო კოდი -----, ე. ა-სა და ს. ე-ლს შორის 2013 წლის 02 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ამავე უძრავ ქონებაზე ს. ე-ლსა და კ. გ-ას შორის 2013 წლის 22 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავ ნივთზე - საკადასტრო კოდი ---, გ, ზ და ზ. ა-ბის საზიარო საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე გ, ზ და ზ. ა-ის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით, დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ახალციხე, ქუჩა --- ---- №…, დაზუსტებული ფართობი: 500.00 კვ.მ., ს/კ ----, მესაკუთრედ აღრიცხულია მოსარჩელე;

7.2. აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელემ შეიძინა ს. ე-გან 2013 წლის 22 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;

7.3. უძრავ ქონებას, მდებარე: ქალაქი ახალციხე, ქუჩა--- ---- №…დაზუსტებული ფართობი: 500.00 კვ.მ., ს/კ ----, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170.1, 172.1, 183-ე, 311-ე, 312.1 მუხლებით და მიუთითა, რომ მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა ან კანონისმიერი საფუძველი მესაკუთრის უფლების შებოჭვისათვის და, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

9. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა მოპასუხეების მოსაზრების გაზიარების საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ და ს. ე-მა უძრავი ქონება ბათილი გარიგებების საფუძველზე შეიძინეს და რომ, თავის მხრივ, ე. ა-ილი არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. სასამართლომ მიუთითა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც უდავოდ არის დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. 2006 წლის 01 მარტს ე. ა-სა და დ. ა-ლს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ ე. ა-ლი და დ. ა-ლი;

9.2. 2010 წლის 08 თებერვლის ახალციხის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა 2006 წლის 01 მარტს ე. ა-სა და დ. ა-ლს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება;

9.3. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ახალციხე, --- ----ს ქ. №…., დაზუსტებული ფართი 500.00 კვ.მ., ს/კ ----, 02.03.2006 წლიდან - 02.05.2013 წლამდე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირიცხებოდა ე. ა-ის საკუთრებად და აღნიშნული ჩანაწერები გაუქმებული არ ყოფილა;

9.4. 2013 წლის 29 აპრილს ე. ა-სა და ს. ე-ლს შორის გაფორმდა ვალის აღიარების სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება 35 000 აშშ დოლარის ოდენობით;

9.5. 2013 წლის 02 მაისს ე. ა-სა და ს. ე-ლს შორის გაფორმდა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ახალციხე, --- --- ქ. №…, დაზუსტებული ფართი 500.00 კვ.მ., ს/კ ---, ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული ქონება აღირიცხა ს. ე-ის სახელზე;

9.6. 2013 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელესა და ს. ე-ლს შორის გაფორმდა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ახალციხე, ------ ქ. №…, დაზუსტებული ფართი 500.00 კვ.მ., ს/კ ---, ნასყიდობის ხელშეკრულება.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არსებობდა დასახელებული გარიგებების (2013 წლის 02 მაისს ე.ა-სა და ს. ე-ლს და 2013 წლის 22 ოქტომბერს კ. გ-სა და ს. ე-ლს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები) ბათილობის სამართლებრივი საფუძველი და განმარტა შემდეგი:

10.1. ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად შეფასებისათვის მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს მხარეთა (განსახილველ შემთხვევაში, გამყიდველის) მოტივი. მოტივი გარკვეული ფაქტის მიმართ პირის სუბიექტური დამოკიდებულებაა, რომლის მტკიცებისას და დადგენისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ის ვითარება, რომელშიც იმყოფებოდა გამყიდველი ხელშეკრულების გაფორმების დროს. ასეთ დროს კი, მნიშვნელოვანია, სასამართლომ შეაფასოს მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები - თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც აღწერენ და ადასტურებენ წინაპირობებს, რაც წინ უძღოდა სადავო გარიგების დადებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ვალის აღიარების ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ ე. ა-ლს ს. ე-ის მიმართ ვალდებულება ჰქონდა აღებული. კერძოდ, მას ჰქონდა ს.ე-ის ვალი 35 000 აშშ დოლარის ოდენობით;

10.2. მოსარჩელე მხარის მიერ, გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერ იქნა წარდგენილი უშუალო მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების მოჩვენებითობის ფაქტს;

10.3. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2013 წლის 02 მაისს ე. ა-სა და ს. ე-ლს შორის და 2013 წლის 22 ოქტომბერს კ. გ-ასა და ს. ე-ლს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე;

10.4. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ახალციხე, --- --- ქ. №…, დაზუსტებული ფართი 500.00 კვ.მ., ს/კ ---- მდგომარეობით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იყო ე. ა-ის სახელზე, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ს. ე-ზე;

10.5. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ახალციხე, --- --- ქ. №…, დაზუსტებული ფართი 500.00 კვ.მ., ს/კ ----, 02/05/2013 წელს აღირიცხა ს. ე-ის საკუთრებაში, რომელმაც იგი 2013 წლის 22 ოქტომბერს ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა კ.გ-ზე;

10.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ შემძენს არ უნდა მოეთხოვოს იმაზე მეტის ცოდნა, რაც გონივრულ შესაძლებლობებს სცილდება. აქედან გამომდინარე, იმ ფაქტზე აპელირება, რომ, ერთ შემთხვევაში, ს. ე-მა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, კ. გ-იამ იცოდნენ, რომ აღნიშნული სადავო ქონება რეალურად წარმოადგენდა არა ე. ა-ის, არამედ - დ. ა-ის საკუთრებას, არ არის ისეთი გარემოებანი, რომელთა არსებობაც შეარყევდა რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციას. მით უმეტეს, რომ, როდესაც პირი ქონებას იძენს რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული გამსხვისებლისაგან, იგი არაკეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებს მისი კეთილსინდისიერების გამომრიცხავი ზემოთ მითითებული გარემოებების არსებობას. შემძენის არაკეთილსინდისიერების მტკიცების ტვირთი აწევს შემძენის მოწინააღმდეგე მხარეს და არა - შემძენს. მოსარჩელე მხარის მიერ მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ს. ე-ლი და კ.გ-ია წარმოადგენენ არაკეთილსინდისიერ შემძენებს.

11. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტსა და 266-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს მოცემული დავის მიმართ გააჩნდათ პრეიუდიციული ძალა და, შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული წინამდებარე დავაში. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გ, ზ და ზ. ა-ის სარჩელი მოპასუხეების – ე. ა-ის, კ. გ-ას, ს. ე-ის და დ. ა-ის მიმართ, უძრავ ნივთზე - საკადასტრო კოდი ----, ე. ა-სა და ს. ე-ლს შორის 2013 წლის 02 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ამავე უძრავ ქონებაზე ს. ე-ლსა და კ. გ-იას შორის 2013 წლის 22 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავ ნივთზე - საკადასტრო კოდი ---, გ, ზ და ზ. ა-ის საზიარო საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ კვლავ დარჩა მოსარჩელე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

13.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ 2013 წლის 22 ოქტომბერს ს. ე-სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. მათ ბათილი გარიგებების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება ე. ა-გან. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს;

13.2. კასატორმა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სასამართლოში წარადგინა, თუმცა სასამართლომ იგი არ შეაფასა და არ გაიზიარა;

13.3. როგორც პირველი, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოებმა საქმის განხილვის დროს უგულებელყვეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მასზე უფრო მეტი მნიშვნელობა საჯარო რეესტრში განხორციელებულ უკანონო რეგისტრაციის ფაქტს მიანიჭეს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

20. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას [სსკ-ის 170.1 მუხლი]. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება [სსკ-ის 172.1 მუხლი]. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

21. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. I, ს. ფ. ..-..), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

23. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ 2013 წლის 22 ოქტომბერს ს. ე-სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. მათ ბათილი გარიგებების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება ე. ა-ან. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არსებობდა 2013 წლის 02 მაისს ე. ა-სა და ს. ე-ლს და 2013 წლის 22 ოქტომბერს კ. გ-ასა და ს. ე-ლს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელე მხარის მიერ მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ს. ე-ლი და კ. გ-ია წარმოადგენდნენ არაკეთილსინდისიერ შემძენებს. შესაბამისად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გ, ზ და ზ. ა-ბის სარჩელი მოპასუხეების - ე. ა-ის, კ. გ-ას, ს. ე-ის და დ. ა-ის მიმართ, უძრავ ნივთზე - საკადასტრო კოდი ---, ე. ა-სა და ს. ე-ლს შორის 2013 წლის 02 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ამავე უძრავ ქონებაზე ს. ე-სა და კ. გ-ას შორის 2013 წლის 22 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავ ნივთზე - საკადასტრო კოდი ---, გ, ზ და ზ. ა-ის საზიარო საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

25. მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ [სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი]. წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (იხ. სუსგ საქმე №ას-58-56-2016, 26 თებერვალი, 2016 წელი).

26. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი [სსსკ-ის 266-ე მუხლი]. აღნიშნული მუხლით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

27. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიანიჭა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს მოცემული დავის მიმართ პრეიუდიციული ძალა. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის თაობაზე უსაფუძვლოა.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

29. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 5 ოქტომბერს №---- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. გ. ა-ლს (პ/ნ: ----) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 5 ოქტომბერს №---- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ----;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი