საქმე №ას-60-2022 17 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ისი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ა-სსა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „კასატორი“) და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „დეპარტამენტი“)
შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N… ხელშეკრულება, რომლის თანახმად …. რაიონულ სასამართლოს შენობაზე უნდა განხორციელებულიყო დამატებითი ფართის მიშენება და არსებული შენობის სარემონტო სამუშაოები (სამუშაოები მოიცავდა არსებული ერთსართულიანი მიშენების დემონტაჟს).
1.2. ხელშეკრულების 4.1. პუნქტით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა - 1238488,52 ლარი. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში განხორციელდა პროექტის ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, რაც მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა და საბოლოოდ განისაზღვრა 1238149.38 ლარი.
2.3. მხარეთა 2019 წლის 18 ოქტომბრის შეთანხმებით, სამუშოების შესრულების ვადა საბოლოოდ განისაზღვრა 2019 წლის 26 ოქტომბერი.
2.4. 2019 წლის 26 დეკემბრის N…. ურთიერთშეთანხმების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N… ხელშეკრულების 13.1.პუნქტში ცვლილება შევიდა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2020 წლის 01 აპრილის ჩათვლით გაიზარდა.
2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 სექტემბრის N… დასკვნის თანახმად, ქ….., …. ქ.N..-ში მდებარე, … რაიონული სასამართლოს შენობის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, შპს „ა-სის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 229 562,71 ლარს, 2019 წლის 02 ოქტომბრის N…. დასკვნის თანახმად, მეორე ეტაპზე, შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 276 925,87 ლარს, 2019 წლის 22 ნოემბრის N… დასკვნის თანახმად, მესამე ეტაპზე, შესრულებული სამუშაოების - 351 888,56 ლარს, 2019 წლის 25 დეკემბერს გაცემული N… დასკვნის თანახმად, მეოთხე ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 330923,11 ლარს, 2020 წლის 11 მარტის N… დასკვნის თანახმად, მე-5 საბოლოო ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 24 709,67 ლარს.
2.6. 2020 წლის 26 მარტს, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ შპს „ა-სის“ დირექტორს გაეგზავნა წერილი, რომლის თანახმად, სამუშაოების ანაზღაურება მიმდინარეობდა ეტაპობრივად (ჯამში 5 ეტაპი). სამუშაოები დასრულდა 2020 წლის 22 იანვარს. შესრულებული სამუშაოს ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 1 214 009.92 ლარი, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 88 დღე. განემარტა ადრესატს, რომ ხელშეკრულების 12.4 პუნქტის თანახმად, ვადაგადაცილებული თითოეული დღისათვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 1238149,38 ლარის შესაბამისად, რაც 21 791,44 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, შემკვეთმა მოითხოვა, 2020 წლის 31 მარტამდე უზრუნველეყო პირგასამტეხლოს (21791,44 ლარი) მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხვა და ზედმეტად ჩარიცხული 24 139,46 ლარის დაბრუნება.
2.7. შპს „ა-მა“ შემსყიდველს დაუბრუნა 24 139,46 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხის მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხვა არ განუხორციელებია.
3. შპს „ა-სმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიმართ და მოპასუხისათვის 7 308 ლარის დაკისრება (დაზუსტებული მოთხოვნა; 11.03.2021წ. სხდომის ოქმი) მოითხოვა.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და დამატებით წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 21 791, 44 ლარის დაკისრება მოითხოვა.
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს „ა-სსა“ და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შორის 2018 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის აღწერა მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში, სამუშაოები უნდა შესრულდეს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვისა და სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად, ანაზღაურება შესაძლებელი იყო მხოლოდ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების. ის სამუშაოები კი, რაც ხარჯთაღრიცხვით არ იყო გათვალისწინებული, ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელის მხრიდან არც ერთ ეტაპზე არ განხორციელებულა მოთხოვნა, რომ ღირებულების გამო საჭირო იყო ხარჯთაღრიცხვის ცვლილება. შესაბამისად, არ შემდგარა შეთანხმება აღნიშნული ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე. ამასთან, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს (რომლის მიხედვითაც განხორციელდა ანგარიშსწორება) მოსარჩელე დაეთანმა, სადაც არ იყო გათვალისწინებული მის მიერ მოთხოვნილი თანხა.
6. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში წარმოიშვა იმგვარი გარემოებები, რომლებმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზე და რომელიც გამოწვეული იყო შემსრულებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით და რომელიც უპირობოდ უნდა გაეთვალისწინებია შემსყიდველს.
7. … რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 434, 89 ლარის გადახდა.
7.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადახარჯვის ანაზღაურება შედის მენარდის და არა შემკვეთის ინტერესებში, ამიტომ კანონი სწორედ მენარდეს ავალდებულებს, დაუყოვნებლივ აცნობოს შემკვეთს მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ. ამ მოქმედებით მენარდე შემკვეთს ატყობინებს, რომ მას სურს, მიიღოს გადახარჯვის ანაზღაურება, თუ გადახარჯვის მიუხედავად, შემკვეთი მაინც მოისურვებს სამუშაოების დასრულებას. შესაბამისად, მენარდე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს გადახარჯვის ანაზღაურებას, თუ აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ შემკვეთი მოითხოვს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებას გაზრდილი ხარჯთაღრიცხვით, ანუ იგი თანახმა იქნება გადახარჯვის ანაზღაურებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემკვეთს შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება, რა დროსაც იგი ვალდებული იქნება, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მხოლოდ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ა-ის“ სარჩელი სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიმართ 7 308 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2. საქალაქო სასამართლოს დასკვნით, შეუსრულებელი სამუშაო მე-5 ეტაპისათვის შეადგენს 24 709,67 ლარს, ვადაგადაცილებული პერიოდი კი 88 დღეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 0,02%, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 434,89 ლარს (24 709,67-ის 0,02% x88=434,89).
8. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შპს ,,ა-თვის, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით - 21 791,44 ლარის დაკისრება მოითხოვა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - გაუქმდა … რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ა-სს“ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სასარგებლოდ, დამატებით 5824,25 ლარის გადახდა დაეკისრა;
9.1. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან, მე-4 ეტაპის სამუშაოს ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 330 923,11 ლარია, ამ თანხის 0,02% შეადგენს - 66,18 ლარს, შესაბამისად, ვადაგადაცილებულ 88 დღეზე გაანგარიშებით მე-4 ეტაპის სამუშაოსათვის გადასახდელი პირგასამტეხლო - 5824,25 ლარი უნდა განისაზღვროს. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,ა-ისი“-ს, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს, გასაჩივებული გადაწყვეტილებით მე-5 ეტაპის სამუშაოს ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან ერთად, მე-4 ეტაპის სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებისათვის- 5824,25 ლარის გადახდა.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და … რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
10.1. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მე-4 ეტაპის სამუშაოების განხორციელება მოხდა ხელშეკრულებით დადგენილ დროში და ვადებში, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. საკასაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და ობიექტურად შეაფასოს იგი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნაა ნარდობის ხელშეკრულების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ამ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) განმარტებით, მოპასუხემ (შეგებებული სარჩელით) დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა. პალატა განმარტავს, რომ ნების ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების დროს, როგორც წესი, განსაზღვრავენ ვალდებულების სუბიექტები. სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს, საკუთარი ნებისა და თავიანთი ინტერესების შესაბამისად, შეუძლიათ დაადგინონ შესრულების დრო და შესრულების ვადის დასაწყისი. იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრა ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ ხდება, როგორც წესი, გათვალისწინებული უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესი და უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე (იხ. შდრ. სუსგ საქმე №ას-1027-2021; 17 დეკემბერი, 2021 წელი).
18. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მე-4 ეტაპის სამუშაოების განხორციელება მოხდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა იმით გამოიხატა, რომ მან 2019 წლის 26 ოქტომბრამდე, ანუ ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულებისათვის გათვალისწინებულ ვადაში შეასრულა 858 12 377,14 ლარის ღირებულების სამი ეტაპის სამუშაო (იხ. ტ.III. ს.ფ. ….., …), ხოლო მეოთხე და მეხუთე ეტაპის სამუშაოები შესრულდა ვადის გადაცილებით. ამასთან, მე-4 ეტაპზე შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 330 923,11 ლარი (იხ. ტ. III. ს.ფ. …), ხოლო მე-5 ეტაპის სამუშაოებმა 24 709,67 ლარი (იხ. ტ. III. ს.ფ. …). სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლო განისაზღვრა მხოლოდ მე-5 ეტაპის სამუშაოს მოცულობიდან, რაც არასწორია. სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ მენარდე ასევე, ვალდებულია შემკვეთს გადაუხადოს მე-4 ეტაპის შეუსრულებელი სამუშაოსათვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,02%. ვინაიდან, მე-4 ეტაპის სამუშაოს ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 330 923,11 ლარია, ამ თანხის 0,02% შეადგენს - 66,18 ლარს, შესაბამისად, ვადაგადაცილებულ 88 დღეზე გაანგარიშებით მე-4 ეტაპის სამუშაოსათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა 5824,25 ლარი განისაზღვრა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, სამუშაოების ხელშეკრულებით დადგენილ დროში და ვადებში განხორციელებასთან მიმართებით, და მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (2019 წლის 26 ოქტომბრამდე) ვერ შეასრულა სრულად სამუშაოები, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობა, კერძოდ, მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, დაკისრებული ჯარიმა (5824.25 ლარი) მართებულად მიაჩნია.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, #ას-800-756-2015).
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე წარმომადგენლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N…., გადახდის თარიღი - 07.02.2022) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ა-სი“-ს (ს/კ ----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, სახაზინო კოდი --, გადამხდელი კ-ძე შ, პ/ნ ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300.00 ლარის (საგადასახადო დავალება N---, გადახდის თარიღი 2022 წლის 07 თებერვალი), 70% –210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი