საქმე № ას-750-2021 23 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს ე-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „……. ბანკი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ამხანაგობა „ტ-ას“ სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემდეგ 2009 წლის 10 ივლისს, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი, - შპს „ს-დ ჯ-ია“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჩაანაცვლა შპს „ე-იმ“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კომპანია ან კასატორი) და ამხანაგობის დამფუძნებელი/მონაწილე წევრები გახდნენ: დ. ს-ლი, მოსარჩელე კომპანია და მ. თ-ია. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება, მისამართზე: თბილისი, …. და …. ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთის # …, #... და #...). კომპანია ვალდებული იყო უზრუნველეყო კონკრეტულ ვადაში საცხოვრებელი სახლის აშენება ორგანიზაციული და ფინანსური თვალსაზრისით.
2. სს „… ბანკსა“ (შემდეგში: მოპასუხე, ბანკი) და ვ. მ-ს (შპს „ს-დ ჯ-იას“ დირექტორს) შორის 2009 წლის 14 ივლისს დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება §…., რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი და საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1 500 000 აშშ დოლარით, 120 თვით. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სხვა უძრავ ქონებებთან ერთად იპოთეკით დაიტვირთა ასევე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და ამხანაგობა „ტ-ა ვ-ას“ კუთვნილი უძრავი ქონება.
3. მოსარჩელე კომპანიასა და ბანკს შორის, 2009 წლის 14 ივლისს დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N…-., რომლის თანახმად, ერთიანი საკრედიტო ლიმიტი შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, მოქმედების ვადა - 120 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 5%-დან 25%-მდე კრედიტებისთვის და 3%-დან 12%-მდე დოკუმ. ოპერაციებზე. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო როგორც იპოთეკის, ასევე თავდებობის ხელშეკრულებები.
4. მხარეთა შორის 2009 წლის 14 ივლისს დაიდო 7 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება:
4.1. 2009 წლის 14 ივლისის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება §…-.- ... მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი - 1 000 000 აშშ დოლარი. კრედიტის მიზნობრიობა - მას შემდეგ რაც შპს „ს-ის სესხზე (….) მოხდება სარგებლის სრულად დაფარვა, ძირითადი თანხის შემცირების შემდეგ 1 000 000 აშშ დოლარამდე, მოხდეს აღნიშნული სესხის რეფინანსირება შპს „ე-ის“ სესხით 0%. შეთანხმებული გრაფიკის თანახმად, კრედიტის დაფარვა შპს „ე-ის“ 6 თვის შემდეგ უნდა დაეწყო;
4.2. 2009 წლის 7 აგვისტოს შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება §…-.- ... მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი - 1 000 000 აშშ დოლარი. კრედიტის მიზნობრიობა - სამშენებლო სამუშაოების შესრულება ამხანაგობა „ტ-ა ვ-ას“ ობიექტებზე, … და … ქუჩებს შორის. შეთანხმებული გრაფიკის თანახმად, კრედიტის დაფარვა მოსარჩელეს 6 თვის შემდეგ უნდა დაეწყო;
4.3. ასევე დაიდო შემდეგი ხუთი საკრედიტო ხელშეკრულება: 1. ხელშეკრულება §---, კრედიტის ოდენობა - 620 000 აშშ დოლარი; 2. ხელშეკრულება §---, კრედიტის მოცულობა - 75 000 აშშ დოლარი; 3. ხელშეკრულება §---, კრედიტის მოცულობა - 212000 აშშ დოლარი; 4. ხელშეკრულება §---, კრედიტის მოცულობა - 550 000 აშშ დოლარი; 5. ხელშეკრულება §---, კრედიტის მოცულობა - 460 000 აშშ დოლარი.
5. მხარეთა შორის 2010 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება §…-.-…, რომლითაც მოხდა მხარეებს შორის 14.07.2009 წლის გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში მანამდე დადებული 7 სესხის რეფინანსირება. რეფინანსირებისას, აღნიშნული 7 სესხიდან გამომდინარე დავალიანება განისაზღვრა 3 979 386,94 აშშ დოლარით.
6. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებები:
6.1. 2010 წლის 7 დეკემბრის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება §…- …. მსესხებლების: მოსარჩელე კომპანიისა და ხ. გ-ის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი - 3 100 000 აშშ დოლარო, 2012 წლის 28 სექტემბრამდე; კრედიტი გაიცა 3 ტრანშად: I ტრანში - 389 000 აშშ დოლარით უნდა გახარჯულიყო #--- კრედიტის დასაფარად; II ტრანში - 1 000 000 აშშ დოლარით გაიხარჯოს კომპანიის სესხებზე მომავალში დარიცხული საპროცენტო ხარჯების დასაფინანსებლად; III ტრანში - 1 711 000 აშშ დოლარით (წლიური 18% სარგებლის დარიცხვით) გაიხარჯოს სამშენებლო სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად.
6.2. 22.06.2011 წლის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება §….. მსესხებლების: კომპანიის და ხ. გ-ის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი - 600 000 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით. მიზნობრიობა - ვ. მ-ის სესხების დაფარვა. კრედიტის თანხა მსესხებლებს კრედიტის მოქმედების ვადის ბოლოს უნდა დაეფარათ;
6.3. 29.06.2011 წლის საკრედიტო ხელშეკრულება §….. აღნიშნული ხელშეკრულებით დამტკიცებული კრედიტის გადაფარვა მოხდა ბანკსა და ხ. გ-ს შორის 14.06.2012 წელს გაფორმებული §--- საკრედიტო ხელშეკრულებით.
6.4. 2012 წლის 26 ივნისს ბანკს, ამხანაგობა „ტ-ა ვ-ას“, მოსარჩელესა და ხ. გ-ს შორის გაფორმდა შეთანხმება. შეთანხმებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ 14.07.2009 წლის §… გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული: 01.11.2010 წლის §…-.…. ხელშეკრულებიდან, 7.12.2010 წლის §…. ხელშეკრულებიდან, 22.06.2011 წლის §…. ხელშეკრულებიდან და 29.06.2011 წლის §… ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლების - კომპანიისა და ხ. გ-ის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 8 437 483,88 აშშ დოლარს. გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა … და … ქუჩების მიმდებარედ არსებული 37 ფართი. აღნიშნული გარიგებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: უძრავ ნივთებზე ბანკის საკუთრების უფლება ჩაითვლებოდა მოპოვებულად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კომპანიისა და ხ. გ-ის ვალი ბანკის წინაშე ჩაითვლებოდა ნაწილობრივ შესრულებულად (ბანკის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვალა 4 311 740 აშშ დოლარის ნაწილში). მესაკუთრე კისრულობს ვალდებულებას, ბანკს საკუთრების უფლებით გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო უძრავი ნივთები.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ბანკსა და მოპასუხეებს: კომპანიას, ნ. მ-ეს, ამხანაგობა „ტ-ა ვ-ას“, მ. თ-ას და დ. ს-ლს შორის დამტკიცდა მორიგება. მორიგების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ძირითად პირობებზე: 1. მოპასუხეებმა დაადასტურებს, რომ 14.07.2009 წლის §…. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეულია და კომპანიის დავალიანება ბანკის მიმართ არის 5 005 997.68 აშშ დოლარი და 31 914 ლარი; 2. მორიგების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, არსებული პროექტის შესაბამისად, სრულად იქნება დასრულებული საცხოვრებელი კორპუსები (I-IV კორპუსი), მდებარე თბილისი, … და … ქუჩების მიმდებარედ (რაც გულისხმობს მის ექსპლუატაციაში მიღებას, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადებითი დასკვნის გაცემას ან/და აღნიშნულის ბანკის მიერ დადასტურებას); 3. მორიგების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 24 თვის ვადაში, კომპანიის ან/და მის მიერ დასახელებული პირის მიერ დაიფარება კომპანიის დავალიანება ბანკის მიმართ, არანაკლებ 1 478 768 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, 15.09.2014 წლიდან დავალიანება ყოველკვარტალურად უნდა შემცირდეს არანაკლებ 200 000 აშშ დოლარით; 4. მორიგების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 24 თვისა, კომპანიის ან/და მის მიერ დასახელებული სხვა პირის მიერ სრულად იქნება შეძენილი მოსარგებლისგან 5 582 კვ.მ. უძრავი ქონება (მდებარე თბილისი, … და …. ქუჩების მიდებარედ). 1 კვ.მ.-ის ღირებულება განისაზღვრება 662 აშშ დოლარით (დღგ-ს ჩათვლით). ამასთან, 15.09.2014 წლიდან მოსარჩელისგან ყოველკვარტალურად შეიძენს არანაკლებ 900 კვ.მ. ფართს. მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი განახორციელოს აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მორიგების აქტის გაფორმებიდან გასულია 24 თვე, ან/და 24 თვის ვადაში დარღვეულია მორიგების აქტის რომელიმე პირობა; 5. უძრავი ქონების შეძენის უფლებამოსილება ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად და ჯეროვნად იქნება შესრულებული მშენებლობის დასრულების პირობები; თავის მხრივ, ბანკი კისრულობს ვალდებულებას გამოათავისუფლოს მის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკისგან უძრავი ქონება - 1 კვ.მ. ფართის 662 აშშ დოლარის ოდენობით სესხის შემცირების სანაცვლოდ. 6. შპს „ე-ის“ მიერ მორიგების პირობების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ბანკი იღებს ვალდებულებას, მის წინაშე არსებული ვალდებულება ჩათვალოს შესრულებულად. ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი წერილი იპოთეკით დატვირთულ და დაგირავებულ ქონებაზე შეზღუდვის შეწყვეტის თაობაზე; 7. მორიგების აქტის ნებისმიერი პირობის დარღვევისას ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც: კომპანიასა და ნ. მ-ეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრებათ 50 059 97,68 აშშ დოლარი; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცევა ამხანაგობა „ტ-ა ვ-ას კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე თბილისი,--- და --- ქუჩების მიმდებარედ ნაკვეთი N---, ს/კ ----; ნაკვეთი --- კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ს/კ ---; ნაკვეთი N--, ს/კ ---); ასევე, კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე; --- --- დასახლება, --- ქ-ის ტერიტორია, ს/კ --- და ---. ასევე, დაგირავებული მოძრავი ნივთები. აღსასრულებლად იქნება მიქცეული ასევე სხვა ქონებებიც, რაც წარმოადგენს N----ა ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულ ან/და დაგირავებულ ქონებას; თუ რეალიზაციით მიღებული თანხა (ან თუ შეუძლებელია მათი რეალიზაცია) საკმარისი არ აღმოჩნდება ბანკის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცევა კომპანიისა და ნ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.
8. მორიგების დამტკიცების შესახებ აღნიშნული განჩინება მოიცავს კომპანიასა და ბანკს შორის 2014 წლის 18 ნოემბრამდე არსებულ, N….-ა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში დადებულ, ყველა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას.
9. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.11.2014 წლის განჩინებაზე და დაიწყო იძულებითი აღსრულება. უძრავი ქონებების აუქციონის წესით რეალიზაციის შემდეგ 1 ქონების გარდა, ყველა ქონება ბანკმა შეიძინა.
10. აღსრულების დროისთვის ნაწილ იპოთეკის საგანზე რეგისტრირებული იყო კომპანიის სასარგებლოდ მომავალი საკუთრების უფლება. აღნიშნული ვალდებულება გაუქმდა ახალი მესაკუთრის განცხადების საფუძველზე და ბანკის სახელზე დარეგისტრირდა აღნიშნული შეზღუდვის გარეშე.
11. სარჩელის მოთხოვნა
11.1. კომპანიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოპასუხისათვის 10 392 386 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30 865 386 ლარის დაკისრება მოითხოვა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13. კომპანიის სააპელაციო მოთხოვნა
13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
14.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).
14.3. სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველად, კომპანიის სამართლებრივ მდგომარეობაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მიმართ დაწყებული იყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და დანიშნული იყო მეურვე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. კომპანია არ იყო გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში და საქმის განხილვის ეტაპზე კომპანიის დირექტორს (ასევე მის მიერ გაცემული რწმუნებულებით უფლებამოსილ პირს) ჰქონდა კომპანიის წარმომადგენლობის უფლებამოსილება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე.
14.4. დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ #....-… ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის გრაფიკის დარღვევის გამო, ბანკმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს კომპანიის წინააღმდეგ, ხოლო, სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, განჩინება კი შესულია კანონიერ ძალაში.
14.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კომპანია სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში ბანკის მხრიდან განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც წინ უძღოდა მხარეთა შორის მორიგებას. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სადავოდ გახადოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის კანონიერება, რადგან მოსარჩელის პოზიცია ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მოთხოვნებს და სასამართლო ვერ შევა იმ გარემოებების კვლევაში, რომლის დავის ფარგლებში დამტკიცდა მორიგება.
14.6. კომპანია ითხოვდა ბანკისთვის 10 392 386 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი 30 865 386 ლარის დაკისრებას, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ბანკის მხრიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელდა არამართლზომიერი ქმედებები, კომპანიის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას ბანკმა შეუშალა ხელი არაკეთილსინდისიერი ქმედებით, ბანკის ხელყოფის კონდიქცია გამოიხატა უმოქმედობაში, მაშინ როდესაც კომპანიას არ მისცა სესხი, რაც მშენებლობის დასრულების შესაძლებლობას მისცემდა მას, ბანკმა არ მისცა თანხმობა მოსარჩელეს გაესხვისებინა ფართები და დაეფარა ვალდებულება, მორიგების აქტით განსაზღვრულ გადასახდელ თანხაზე ბევრად მეტი ღირებულების ქონება მიიღო ბანკმა აუქციონის შედეგად და უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
14.7. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო კონდიქციური ვალდებულება, დადგენილი იყო, რომ ბანკი ქონების მესაკუთრე გახდა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელებული იძულებითი აუქციონის შედეგად. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების შეფასება და საბაზრო ღირებულება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბანკის განმარტება, რომ არ მომხდარა უძრავი ქონების არამართლზომიერი ხელყოფა, ქონების შეძენა მოხდა აუქციონის წესით, კანონთან შესაბამისად, ქონების რეალიზაციის მიზეზი იყო მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულება მოსარჩელემ სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგებით აღიარა.
15. კომპანიის საკასაციო საჩივარი
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
15.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება, რომ ბანკმა სადავო ქონებები აუქციონზე დაბალ ფასად შეიძინა, რის გამოც მას უნდა დაკისრებოდა თითოეულ გაყიდულ ბინაზე აუდიტის დასკვნის მიერ ფართებზე დადგენილ საბაზრო ფასსა და ბანკის მიერ აუქციონზე შეძენილ ფასს შორის სხვაობა. ბანკმა არ მისცა მოსარჩელეს უფლება ბინები საბაზრო ფასად გაეყიდა, რა შემთხვევაშიც კომპანიას საშუალება მიეცემოდა ბანკისთვის ასანაზღაურებელი ფასის ზემოთ დარჩენილი თანხა მოგების სახით დაეტოვა. საპირისპიროდ სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომლის მიხედვითაც არ მომხდარა ქონების არამართლზომიერი ხელყოფა და ბინების შეძენა მოხდა აუქციონის წესით, კანონის შესაბამისად. კასატორის განმარტებით, ბანკი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ამასთანავე, ბანკის ქმედებით მიადგა ზიანი.
15.3. კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, თავად ბანკმა შეუწყო ხელი, როდესაც არ გასცა კომპანიაზე სესხი, სადავო უძრავი ქონებებისათვის საბოლოო სახის მისაცემად. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ბანკმა დუმილით ან სიტყვიერი დაპირებებით ხელი შეუშალა კომპანიას ვალდებულებების შესრულებაში.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ
18. საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
20. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მიმდინარე დავის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება, აღნიშნული განჩინება კი კანონიერ ძალაშია შესული.
24. სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი აღარ უნდა დამტკიცდეს ხელახლა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობენ. იგივე მხარეებში იგულისხმებიან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეში მონაწილე პირები, მიუხედავად იმისა, რა სტატუსით მონაწილეობენ ისინი სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, მაგალითად, ახალ დავაში მოსარჩელე შეიძლება მოპასუხე იყოს ან - პირიქით. მთავარია, რომ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე სუბიექტები მონაწილეობდნენ (იხ. პაატა ქათამაძე, ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი“, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვ. 994). სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტები გულისხმობს ისეთ იურიდიულად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი“, მუხლი 106, თბილისი, GIZ, 2020, გვერდი 574). პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე - ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (სსსკ-ის 106-ე მუხლის განმარტების თაობაზე იხილეთ: სუსგ-ები N ას-547-510-2017, 04.05.2018. პ.3.4; N ას-827-791-2014, 13.11.2015; N ას-58-56-2016, 26.02.2016წ).
25. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალაც, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლისშესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ.პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვ. 998). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს. „გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი“ (შეად. სუსგ N ას-710-2011-09, 07.09.2009წ.). ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) - იხ. სუსგN ას-827-791-2014, 13.11.2015წ.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), გამოტანილი იმავე მხარეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში), არამედ მატერიალურსამართლებრივ კრიტერიუმებსაც (გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს, რომელი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) - იხ. პაატა ქათამაძე, ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი,“ მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვ. 999. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მატერიალური ასპექტი ნათლად წარმოაჩენს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უპირობოდ არ უნდა მიიღოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიჩნეული ფაქტები, როგორც პრეიუდიციული ძალის მქონე. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი მატერიალური მხარე და გამოარკვიოს ნამდვილად ამ ფაქტს ეყრდნობა თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება). შემოწმება უნდა განხორციელდეს როგორც პროცესუალური (პროცესუალური წინაპირობებია: (1) კანონიერ ძალაშია თუ არა შესული სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება); (2) გამოტანილია თუ არა იგი სამოქალაქო საქმეზე; (3) იგივე მხარეები მონაწილეობენ თუ არა განსახილველ საქმეშიც, რომელთა მიმართ გამოტანილია გადაწყვეტილება (განჩინება), ასევე, მატრიალური კომპონენტების კუთხით (ესაა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსი (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ე.ი. რაც გახდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველი). მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მხარის მიერ მითითებული ფაქტი პრეიუდიციულად შეფასდეს და მტკიცების საგნიდან ამოირიცხოს. შესაბამისად, ფაქტის პრეიუდიციულად მიჩნევა სასამართლოს უფლებაა. სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ წარმოადგენს პრეიუდიციულ ფაქტს და ჩვეულებრივ ექვემდებარება მტკიცებას ისევე, როგორც მხარეთა მიერ შედავებული დანარჩენი ფაქტები. ასეთი მიდგომა ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისას მიღებული სასამართლო აქტის სავალდებულო ძალის, ასევე, ამ აქტისადმი სანდოობის პრინციპის შენარჩუნებას და, რაც მთავარია, განსაზღვრულობის პრინციპს. ივარაუდება, რომ იმ სასამართლომ, რომელმაც ერთხელ უკვე იმსჯელა მხარეებს შორის არსებულ სამართალურთიერთობაზე და დაადგინა გარკვეული ფაქტები, სასამართლოს დასკვნები ამ ფაქტებთან მიმართებით ემყარება მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შემოწმების შედეგს. შესაბამისად, თუ იგივე ფაქტები მათი შეფასება-დადგენის კუთხით კვლავ გახდებოდა სხვა სასამართლოს მიერ სხვა სამართალწარმოების პროცესში მსჯელობის საგანი, ამით სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა, როგორც დასახელებული პრინციპების დაცვას, ასევე, ზოგადად მართლმსაჯულების სტაბილურობას (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 193-196. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვნტალიანი; აგრეთვე შეად. სუსგ-ები №ას-455-769-09, 03. 12.2009 წ; №ას-146-140-2012, 12.07. 2012 წ.; №ას-74-68-2015, 27.02. 2015 წ; N ას-1190-2018, 12.04.2019წ; N ას-578-2019, 28.06.2019წ; N ას-879-2018, 23.07.2019წ; N ას-1705-2019, 27.11.2020წ: N ას-1181-2018, 18.02.2021წ; N ას-1198-2019, 25.06.2021წ).
27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბანკი სადავო ქონების მესაკუთრე გახდა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელებული იძულებითი აუქციონის შედეგად. აღსრულების პროცესში მხარეს სადავოდ არ გაუხდია არც ქონების შეფასება და არც ამავე ქონების საბაზრო ღირებულება. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის პრეტენზიები მოცემული დავის ფარგლებში, სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომლებიც შესაბამის ეტაპზე არ გაუსაჩივრებია, ხოლო, საქმის ძირითადი გარემოებების შესახებ მხარეები მორიგდნენ, რაც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
28. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, ის პირობები,რომელიც მხარეთა შორის მორიგების აქტით დადგინდა სავალდებულოა შესასრულებლად, ამასთან, ამავე მხარეებს შორის ერთხელ უკვე ნამსჯელ და დადგენილ გარემოებებზე ხელახალი დავა დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების სტაბილურობას. კასატორის პრეტენზია, რომ სადავოა ქონების საბაზრო ღირებულება, რაც რეალურად გაცილებით მეტია იმ შეთანხმების დროს არსებულ ფასთან, რის გამოც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, უსაფუძვლოა, ამასთან, როგორც აღინიშნა სასამართლო, უკვე დადგენილი და დამტკიცებული მორიგების აქტის არსებობის პირობებში, ხელახლა ვერ შეაფასებს მტკიცებულებებს.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
30. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ე-ის“ (---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ქ-ის მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №---, გადახდის თარიღი 2022 წლის 1 თებერვალი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე