2 მარტი, 2022 წელი
თბილისი
საქმე №ას-90-2021
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. ფ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჩ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ფ.ის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორს, თ. მ-სა და თ. ლ-ეს, ე. ჩ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სასარგებლოდ სოლიდარულად 2 726.52 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი დაეკისრათ.
2. კასატორის პრეტენზიით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ დელიქტურ ვალდებულებად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნის საპირისპიროდ დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულება, ამასთან, მოსარჩელეს კომპანიასთან ჰქონდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და კასატორის მიმართ პრეტენზიები დაუსაბუთებელია.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლისგანჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. 2016 წლის 3 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს-ო კ-ია ს-ოს“ (შემდეგში: კომპანია) მოსარჩელემ გადასცა 4 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით, წლიური 28% სარგებლის დარიცხვით, რაც საერთო ჯამში შეადგენდა - 532.02 აშშ დოლარს. 2017 წლის წლის 5 სექტემბერს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მან ასევე გადასცა 7 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 12 თვე, ხოლო წლიური საპროცენტო სარგებელი 33%-ით, რაც საერთო ჯამში შეადგენდა - 2 194.50 აშშ დოლარს.
7.2. კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია. კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა დანაშაულებრივი გზით გაფლანგეს აღნიშნული თანხები, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს ამ საკითხის ძიება. კერძოდ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N------.
7.3. დაზარალებულად ცნობის შესახებ 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილების თანახმად, მოსარჩელე დაზარალებულადაა ცნობილი და მისი რიგითი ნომერია N---. მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომლითაც მოპასუხეები ცნობილი არიან დამნაშავედ.
7.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოდ 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოში მოპასუხეთათვის 13 726.52 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა, საიდანაც სესხად გაცემული თანხა 11 000 აშშ დოლარი, ხოლო, საპროცენტო სარგებელი 2 726.52 აშშ დოლარი იყო. ვინაიდან, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეებს მხოლოდ სესხის ძირითადი ნაწილი - 11 000 აშშ დოლარი დაეკისრათ, ხოლო, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მოსარჩელემ გაასაჩივრა, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს კასატორისთვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის მართლზომიერება წარმოადგენს.
10. კასატორის პრეტენზიის, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დელიქტურ ვალდებულებად და მის პასუხისმგებლობად სადავო ურთიერთობა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლი „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“, 998-ე მუხლი „თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით“, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.
11. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019).
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა, სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ განვიხილოთ (სუსგ №ას-1263-2019, 13.03.2020), განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება.
13. სსსკ-ის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.).
14. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას ზიანის ოდენობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული ძირი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი უნდა იქნეს მიჩნეული. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში უკვე დაკისრებული სესხის ძირითადი თანხასთან ერთად, დასაბუთებულია ამავე თანხაზე დაგროვილი საპროცენტო სარგებლის კასატორისთვის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 47-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე