საქმე № ას-395-2021 20 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე - ე. შ-ძე (მოსარჩელე)
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ს ნ-სა და გ-ს კ-ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება/გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2012 წლის 2 მარტს ე. შ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) შეიძინა ყაზბეგის რაიონში, დაბა ---- მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ: ---) - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, საფუძველს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება N---, გაფორმების თარიღი: 02/03/2012; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. განცხადების რეგისტრაციის ნომერი N---; თარიღი: 02/03/2012 (ტ.1,ს.ფ. ...).
3. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს კვეთს ხაზობრივი ნაგებობა - მაგისტრალური გაზსადენი. საკადასტრო კოდი: ---; ობიექტის სიგრძე: 129 428.43მ. დაფარვის ზონა: მცხეთა-მთიანეთი. მესაკუთრე: სააქციო საზოგადოება - სს ს-ს ნ-სა და გ-ს კ-ია (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი), საფუძველი: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N..., დამოწმების თარიღი: 20/04/1997; საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს N../... წერილი, დამოწმების თარიღი: 30/03/2011; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის N.......ბრძანება, დამოწმების თარიღი: 04/10/2006; ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს N...დადგენილება, დამოწმების თარიღი: 26/06/1997; განცხადების რეგისტრაციის #......, თარიღი: 30/08/2013 (ტ.1, ს.ფ. ...; ....).
4. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს კვეთს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობა გაზსადენი, საკადასტრო კოდი: ---. ობიექტის სიგრძე: 129 428.43მ. დაფარვის ზონა: მცხეთა-მთიანეთი. (ტ.1,ს.ფ. ...); და ხაზობრივი ნაგებობა ელექტროგადამცემი ხაზი, ობიექტის აღწერა: 110 კვ.მ. ე.გ.ხ. „დ-ი“, ობიექტის სიგრძე: 13 680.92 მ. დაფარვის ზონა: ყაზბეგის რაიონი, დაბა ----, დ-ი, 110 კვ. ქვესადგური „ყ-ი“ – „.... ...“ დამატებითი მახასიათებლები: ე.გ.ხ. დაცვის ზონა შეადგენს 20 მეტრს, ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენიდან. მესაკუთრე: შპს „ს-ს ს-ო ე-ემა“, (საიდენტიფიკაციო ნომერი: ---), საფუძველი: სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს წერილი N----, გაფორმების თარიღი: 27/07/2009; სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანება N...., გაფორმების თარიღი: 08/11/2002; განცხადების რეგისტრაციის N....; თარიღი: 11/08/2009 (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის წერილი და თანდართული ზედდება ხაზობრივ ნაგებობებთან და ორთოფოტო; ტ.1, ს.ფ. ....);
5. მოპასუხის 2019 წლის 19 ივლისის .....და 31 ივლისის N....წერილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ....., მიწის ნაკვეთს კვეთს „... ...-....“ DN 1200 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი, ხოლო მინიმალური დაშორება „....-...“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენიდან შეადგენს 23 მეტრს. შესაბამისად, „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილების თანახმად, ნაკვეთი მდებარეობს მაგისტრალური გაზსადენის დაცვის პირველ (ვრცელდება მაგისტრალური გაზსადენის ღერძიდან 4 მეტრზე ორივე მხარეს), მეორე (ვრცელდება დაცვის პირველი ზონის გარე საზღვრიდან 21 მეტრზე ორივე მხარეს) და უსაფრთხოების მესამე (ვრცელდება დაცვის მეორე ზონის გარე საზღვრიდან 175 მეტრზე ორივე მხარეს) ზონებში. დასახელებული დადგენილების თანახმად დაცვის პირველ და მეორე ზონაში მაგისტრალური გაზსადენის (DN 1200 მმ-იანი) ღერძიდან ორივე მხარეს 25 (ოცდახუთი) მეტრში იკრძალება ყოველგვარი სამშენებლო და სხვა ნებისმიერი სამუშაოები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური გაზსადენის ნორმალური ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე, მოპასუხე კომპანია, რომელიც ახორციელებს N....საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მაგისტრალური გაზსადენის ოპერირებას, არ არის წინააღმდეგი აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მაგისტრალური გაზსადენის ღერძიდან 25 მეტრის შემდეგ, (უსაფრთხოების მესამე ზონაში) დარჩენილ 10 596 კვ.მ ფართობზე განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები (სასტუმროს კომპლექსი). მაგისტრალური გაზსადენის, რომელიც კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, დაცვის ზონაში მოქცეული N.....მიწის ნაკვეთის ნაწილის ფართი შეადგენს 13 220 – 10 596=2 624 კვ.მ-ს. დაცვის პირველ ზონაში, ოპერატორ კომპანიასთან შეთანხმებით, შესაძლებელია ერთწლიანი კულტურების და ბუჩქოვანი მცენარეების დარგვა, ხოლო დაცვის მეორე ზონაში დაბალი ტანის ხეხილის გაშენება. ამავე ზონაში ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის (არაკაპიტალური) ღობის მოწყობა. ამასთანავე, კომპანიას უფლება აქვს, უპირობოდ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში დაუბრკოლებლად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, შევიდეს მაგისტრალური გაზსადენის 50 (ორმოცდაათი) მეტრიან დერეფანში, გეგმიურ-პროფილაქტიკური ან სხვა გადაუდებელი (ავარიული სიტუაცია) სამუშაოების ჩატარების მიზნით (ტ.1,ს.ფ. ...);
6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 24 ივნისის N.... საინჟინრო ექპერტიზის დასკვნის თანახმად ყაზბეგის რაიონი, დაბა .... მდებარე ე. შ-ის კუთვნილ N....საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე დღეისათვის განთავსებულია მაღალი ძაბვის ხაზის ერთი საყრდენი ბოძის ნაწილი, ნაკვეთზე გამავალი მაღალი 16 ძაბვის ხაზისათვის დაცვის ზონა 110 კვ. ძაბვის შემთხვევაში არის 20 მეტრი სადენის ორივე მხარეს. აღნიშნულ 20 მეტრიან დაცვის ზონაში მოქცეული N.....მიწის ნაკვეთის ნაწილის ფართი არის 6 500 კვ.მ, ხოლო 220 კვ. ძაბვის ნომინალის შემთხვევაში იქნება 25 მეტრი სადენის ორივე მხარეს. აღნიშნულ ოცდახუთ მეტრიან დაცვის ზონაში მოქცეული N......მიწის ნაკვეთის ნაწილის ფართი არის 7 419 კვ.მ (ტ.1, ს.ფ. ....);
7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 24 ივნისის N.... საინჟინრო ექპერტიზის დასკვნის თანახმად ყაზბეგის რაიონი, დაბა .... მდებარე მოსარჩელის კუთვნილ N....საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მაღალი ძაბვის ხაზის ერთი საყრდენი ბოძის ნაწილი, ნაკვეთზე გამავალი მაღალი ძაბვის ხაზისათვის დაცვის ზონა 110 კვ. ძაბვის შემთხვევაში არის 20 მეტრი სადენის ორივე მხარეს. აღნიშნულ 20 მეტრიან დაცვის ზონაში მოქცეული N....მიწის ნაკვეთის ნაწილის ფართი არის 6 500 კვ.მ, ხოლო 220 კვ. ძაბვის ნომინალის შემთხვევაში იქნება 25 მეტრი სადენის ორივე მხარეს. აღნიშნულ ოცდახუთ მეტრიან დაცვის ზონაში მოქცეული N.....მიწის ნაკვეთის ნაწილის ფართი არის 7 419 კვ.მ (ტ.1, ს.ფ. ...);
8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 აგვისტოს N... სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ყაზბეგის რაიონში, დაბა .... მდებარე, ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი შეზღუდვების არ მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: ..., ფართობი 13 220 კვ.მ.) 1 კვ.მ. -ს საბაზრო ღირებულება 2019 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 54 აშშ დოლარს, შესაბამისად მთლიანი 13 220 კვ.მ.-ის ღირებულებამ შეადგინა 713 880 აშშ დოლარი, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (2.9360) შეადგენს 2 095 952 ლარს.
9. ყაზბეგის რაიონში, დაბა ... მდებარე, ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარმოდგენილი შეზღუდვების არ მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...., ფართობი 13 220 კვ.მ.) საბაზრო ღირებულება, რომელსაც კვეთს „.... ...-....“ და „...-...“ მაგისტრალური გაზსადენი, 2019 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 671 896 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (2.9360) შეადგენდა 1 972 687 ლარს.
10. ყაზბეგის რაიონში, დაბა ..... მდებარე, ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარმოდგენილი შეზღუდვების არ მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: .... ფართობი: 13 220 კვ.მ) საბაზრო ღირებულება, რომელსაც კვეთს 110 ათას ვოლტიანი (110 კვ) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, 2019 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 466 880 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (2.9360) შეადგენს 1 370 760 ლარს (ტ.1,ს.ფ. ....).
11. მოსარჩელის მოთხოვნა
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ მოპასუხისათვის, 123 265 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება მოითხოვა.
12. მოპასუხის პოზიცია
12.1. მოპასუხემ, წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ამასთან, მის ხანდაზმულობაზე მიუთითა.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე კომპანიას, მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
14. მხარეთა სააპელაციო საჩივრები
14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ (პირველმა აპელანტმა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, კომპანიამ (მეორე აპელანტმა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
15.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა იმ ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობოდა, რომ ხაზობრივი ნაგებობის არსებობით, მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა შეზღუდვა, რის გამოც მას, როგორც მესაკუთრეს ეზღუდებოდა სარგებლობის უფლება.
15.3. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე მიუთითა, კერძოდ, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ,,საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის გამო, მესაკუთრის მოთხოვნა კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე განხორციელებადია. უპირველესად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოსარჩელის საკუთრების კანონიერება შედავებული არ არის, ქონება ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო მისი ოჯახის მფლობელობაში და ამ ფაქტზე რაიმე გავლენას ვერ იქონიებს უფლების დამდგენი დოკუმენტების გაცემის დრო, ისევე, როგორც მოთხოვნის წარმატებულობას ვერ შეაფერხებს მოსარჩელის კუთვნილ მიწაზე წარმოებული მშენებლობის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის არარსებობა, რამდენადაც, უდავოა, რომ საკუთრებით სარგებლობის ხელისშემშლელ ფაქტორს სწორედ მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების არსებობა ქმნის და საფრთხის განხორციელება რეალურია, მიწით/შენობით მოსარგებლის სიცოცხლისათვის საფრთხის წარმომშობია. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელის საკუთრებას ფაქტობრივად დაკარგული აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება კომპენსაციის დაკისრების საკითხს, სააპელაციო პალატამ მართალია, მოთხოვნა დელიქტური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმით - სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით დაასაბუთა, რასაც არ იზიარებს საკასაციო პალატა, რადგანაც, მიიჩნევს, რომ ამ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია. განსახილველი მოთხოვნა გამომდინარეობს სანივთო, კერძოდ, სამეზობლო სამართლიდან. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ანუ მოპასუხე მოსარჩელის მიწის ნაკვეთს იყენებს ამ ნაკვეთზე გატარებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით საკუთარი აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად. ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს), რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, კანონის ანალოგიით უნდა გამოვიყენოთ (სკ-ის 5.1 მუხლი). ამ ნორმის მიზანია, მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, ნორმა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არა აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც ამგვარად ვერ უკავშირდება საჯარო გზებს, მოიპოვებს მეზობელი ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა მის მიწის ნაკვეთზე მოპასუხის კუთვნილი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების გატარების თმენის ვალდებულება. მოსარჩელის ასეთი ვალდებულება, მართალია, ზემოხსენებული კანონიდან გამომდინარეობს, მაგრამ იგივე კანონი მოპასუხესაც აკისრებს გარკვეულ ვალდებულებას, კერძოდ, ეს უკანასკნელი ვალდებულია, შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს მოსარჩელეს. (იხ. სუსგ, საქმე Nას-803-762-2013, 10.10.2014, Nას-516-493-2016, 23.09.2016).
15.4. სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნაზე მიუთითა, ამასთან განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართლზომიერად განისაზღვრა კომპენსაციად 20 000 ლარი.
15.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ფულადი კომპენსაციის ოდენობის გადაწყვეტის დროს გასათვალისწინებელი იყო, რომ მიწის ნაკვეთის ნახევარზე მეტი წარმოადგენდა შეზღუდვისგან თავისუფალ ფართს.
15.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუკი აუცილებელი გზის ვალდებულებით დატვირთულ მიწის ნაკვეთს აქვს ღირებულებითი დანიშნულება, თმენისათვის კომპენსაცია შესაძლოა განისაზღვროს მისი საბაზრო ფასით, რადგან უძრავი ქონების შეფასების კრიტერიუმს სწორედ მისი საბაზრო ფასი წარმოადგენდა. ხაზობრივი ნაგებობის არსებობისას, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე გავრცელებული შეზღუდვების გამო მიწის სათანადო დანიშნულებით გამოყენება შეზღუდული იყო, რის გათვალისწინებითაც უნდა განსაზღვრულიყო თმენის ფულადი კომპენსაცია.
15.7. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხის შესაგებელში მითითებული შედავების, ხანდაზმულობის თაობაზე განმარტა, რომ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა, რომელსაც ადგილი ჰქონდა არ უკავშირდება ხანდაზმულობას და შესაბამისად ამ არგუმენტით სარჩელისგან თავის დაცვა გაუმართლებელია.
16. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
16.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, არასწორად განსაზღვრა კომპენსაციის ოდენობა.
16.3. კასატორის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე გაზსადენის შეზღუდვებით გათვალისწინებული საბაზრო ღირებულების ფასსხვაობით იყო განსაზღვრული და 123 265 ლარს შეადგენდა, ხოლო, ის რომ აღნიშნული თანხა არაგონივრული იყო სასამართლოს სათანადოდ არ დაუსაბუთებია.
17. კომპანიის საკასაციო საჩივარი
17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამაც, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
17.2. მეორე კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მეწარმე პირს წარმოადგენს, რომელსაც შეძენილი ნივთის შესახებ წინა მესაკუთრისთვის უნდა წაეყენებინა პრეტენზიები. თუმცა, ფაქტია, რომ არც ხელშეკრულების დადების მომენტში და არც შემდეგ მას პრეტენზია არ გამოუთქვამს გამყიდველის წინააღმდეგ.
17.3. მეორე კასატორის განმარტებით სასამართლომ, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად არასწორი ნორმა შეარჩია, ვინაიდან, სადავო ურთიერთობა არ წარმოადგენს აუცილებელი გზით სარგებლობის შეუძლებლობის შემთხვევას, და შესაბამისად არც სსკ-ის 180-ე მუხლის გამოყენება იყო საჭირო.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2021 წლის 10 ივნისის განჩინებებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმება, ხდება საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამასთან გასათვალისწინებელია სსსკ-ის 396-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოებები. შემოწმების ფაქტობრივ საფუძველს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასა და სხდომის ოქმებში ასახული ახსნა-განმარტებები და უკვე დასახელებული ფაქტები/გარემოებები წარმოადგენს. ამასთან, დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ასეთი გარემოებებისა და ახსნა/განმარტებების გარდა, საკასაციო სასამართლო დამატებით იმსჯელებს მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ ფაქტებზე, ესაა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ს/კ: .... პირობებიანი აუქციონის პრივატიზების შედეგად დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთზე, რომელსაც კვეთს მაგისტრალური გაზსადენი, ს/კ: ...; გაზსადენი, ს/კ: .... და ელექტროგადამცემი ხაზი, ს/კ: .....
23. „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილების თანახმად, ნაკვეთი მდებარეობს მაგისტრალური გაზსადენის დაცვის პირველ (ვრცელდება მაგისტრალური გაზსადენის ღერძიდან 4 მეტრზე ორივე მხარეს), მეორე (ვრცელდება დაცვის პირველი ზონის გარე საზღვრიდან 21 მეტრზე ორივე მხარეს) და უსაფრთხოების მესამე (ვრცელდება დაცვის მეორე ზონის გარე საზღვრიდან 175 მეტრზე ორივე მხარეს) ზონებში. დასახელებული დადგენილების თანახმად დაცვის პირველ და მეორე ზონაში მაგისტრალური გაზსადენის (DN 1200 მმ-იანი) ღერძიდან ორივე მხარეს 25 (ოცდახუთი) მეტრში იკრძალება ყოველგვარი სამშენებლო და სხვა ნებისმიერი სამუშაოები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური გაზსადენის ნორმალური ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე, მოპასუხე კომპანია, რომელიც ახორციელებს N....საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მაგისტრალური გაზსადენის ოპერირებას, არ არის წინააღმდეგი აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მაგისტრალური გაზსადენის ღერძიდან 25 მეტრის შემდეგ, (უსაფრთხოების მესამე ზონაში) დარჩენილ 10 596 კვ.მ ფართობზე განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები (სასტუმროს კომპლექსი), რაც მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს. მაგისტრალური გაზსადენის, რომელიც კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, დაცვის ზონაში მოქცეული N...მიწის ნაკვეთის ნაწილის ფართი შეადგენს 13 220 – 10 596=2 624 კვ.მ-ს. დაცვის პირველ ზონაში, ოპერატორ კომპანიასთან შეთანხმებით, შესაძლებელია ერთწლიანი კულტურების და ბუჩქოვანი მცენარეების დარგვა, ხოლო დაცვის მეორე ზონაში დაბალი ტანის ხეხილის გაშენება. ამავე ზონაში ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის (არაკაპიტალური) ღობის მოწყობა. ამასთანავე, კომპანიას უფლება აქვს, უპირობოდ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში დაუბრკოლებლად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, შევიდეს მაგისტრალური გაზსადენის 50 (ორმოცდაათი) მეტრიან დერეფანში, გეგმიურ-პროფილაქტიკური ან სხვა გადაუდებელი (ავარიული სიტუაცია) სამუშაოების ჩატარების მიზნით (ტ.1,ს.ფ. ...);
24. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 13 220 კვ.მ ღირებულებამ შეადგინა 2 095 952 ლარი, ხოლო, ამავე ნაკვეთის ღირებულება ხაზობრივი ნაგებობებით 1 972 687 ლარი იყო, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის საკომპენსაციოდ 123 265 ლარის დაკისრების შესახებ, ნაკვეთის საბაზრო ღირებულებასა და ნაკვეთის ხაზობრივი ნაგებობებით ღირებულებას შორის სხვაობას წარმოადგენდა.
25. საკასაციო სასამართლო კომპანიის პრეტენზიების პასუხად, რომ მხარემ ნაკლიანი ნივთი შეიძინა და მას პრეტენზიები წინა მესაკუთრის მიმართ უნდა დაეყენებინა, ამასთან, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა არასწორად შეარჩია, დაუსაბუთებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, ნაკვეთი ხაზობრივი ნაგებობებით დატვირთულ მდგომარეობაში შეიძინა, თუმცა აღნიშნული არ ართმევს უფლებას მოპასუხეს მოსთხოვოს ფულადი კომპენსაცია საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეზღუდული უფლებით სარგებლობის თმენისთვის.
26. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში/გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ სსკ 180-ე მუხლით „თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს“ წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. (იხ. სუსგ-ები საქმე №ას-744-801-2011, 13 ოქტომბერი, 2011 წელი; ას-786-2020, 20.01.2022).
27. ამასთან, აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის „თმენის ვალდებულებას“ აკისრებს. შესაბამისად, კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის კი, მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია, არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი (სუსგ საქმე №ას-803-762-2013, 10 ოქტომბერი, 2014 წელი).
28. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 175-ე მუხლზე „1. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. 2. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.“ მიუთითებს და განმარტავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს კვეთს მოპასუხის საკუთრებაში არსებული მილი, რომლის თმენის ვალდებულებაც ეკისრება მესაკუთრეს, თუმცა, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
29. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო სასამართლო უპირობოდ ვერ გაითვალისწინებს მოსარჩელის გაანგარიშების მეთოდს და საბოლოოდ მიღებულ საკომპენსაციო თანხის ოდენობას ვერ ჩათვლის გონივრულ ოდენობად, ხოლო, საპირისპიროდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრულ კომპენსაციას განსახილველი დავის გარემოებების გათვალისწინებით გონივრულ ოდენობად მიიჩნევს.
30. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით ისეთი ხასიათის უფლება, რომლის მიმართაც ხანდაზმულობა ვერ გავრცელდება.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. შ-ისა და სს „ს-ს ნ-სა და გ-ს კ-ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ე. შ-ეს (---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი --) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. მ-ის (---) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №---, გადახდის თარიღი 2021 წლის 31 მაისი), 5 164 ლარის 70% - 3 614.8 ლარი;
3. სს „ს-ს ნ-ისა და გ-ს კ-ას“ (---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №---, გადახდის თარიღი 2021 წლის 6 აპრილი), 1 000 ლარის 70% - 700 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე