საქმე № ას-715-2022 27 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,თ-ის ზ-ის ჰ-ლი“
მოწინააღმდეგე მხარე - ა. გ-ლი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინება
საკასაციო მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სახელფასო დავალიანების ანაზრაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების განუხილველად დატოვება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,თ-ის ზ-ის ჰ-მა“, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით, შპს ,,თ-ის ზ-ის ჰ-ლის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,,თ-ის ზ-ის ჰ-მა“, შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, კასატორს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა კასაციის საფუძვლების მითითებით და 1,419.06 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად კასატორს განესაზღვრა ხუთი დღე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინება კასატორის წარმომადგენელ თ. მ-იას ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 17 ივნისს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 18 ივნისიდან და ამოიწურა 2022 წლის 22 ივნისს, რა დროის მანძილზეც არ მომხდარა არც ხარვეზის შევსება, არც შესაბამისი სახის შუამდგომლობის წარმოდგენა.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,თ-ის ზ-ის ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი, დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,თ-ის ზ-ის ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე