Facebook Twitter

საქმე №ა-3337-შ-98-2022 30 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. ი-ლი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ი-ლი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის, დ-ის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის, დ-ის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ. ი-სა და ა. ი-ლს შორის, 2015 წლის 13 იანვარს, ჰ-ის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის № ….). ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა საპენსიო უფლებების განაწილების საკითხი.

2. ა. ი-ის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის, დ-ის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. გერმანიის, დ-დის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 25 ივნისიდან.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. მოწინაღმდეგე მხარე საოჯახო საქმის მოსარჩელე იყო, რომელიც წარმოდგენილი იყო საპროცესო წარმომადგენლით. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განქორწინება დასაბუთებას არ საჭიროებს, ვინაიდან დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირების ერთი და იმავე შინაარსის განცხადებები და გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის გაცხადებულ სურვილს არ ეწინააღმდეგება.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, ა. ი-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის, დ-დის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის, დ-ის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ. ი-სა და ა. ი-ლს შორის, 2015 წლის 13 იანვარს, ჰ-ის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის № …) გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2021 წლის 25 ივნისიდან. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, განქორწინების ნაწილში, 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ა. ი-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის, დ-ის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, დ-ის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შწყვეტილ იქნა 2015 წლის 13 იანვარს, ჰ-ის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის № …..).

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე