Facebook Twitter

საქმე №ას-318-2020 30 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,ბ-ის ნ-ალი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ. ბ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ბ-ის ნ-ლის“ (შემდგომ – ტერმინალი, მოპასუხე, კომპანია, დამსაქმებელი, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო 2013 წლიდან, 2016 წლის 4 ნოემბრიდან იკავებდა ნედლი ნავთობის შენახვისა და დატვირთვის სადგურ ,,კ-მის“ (შემდგომ - სადგური) უფროსის თანამდებობას.

3. მოპასუხე კომპანიაში სამსახურებრივი მოკვლევის შემდგომ, 2018 წლის 6 თებერვალს მოსარჩელე საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლდა. მოსარჩელეს არ მუიძღვოდა ბრალი გამოვლენილ დარღვევებში. ამასთან, იდენტური უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მიუხედავად, მისი კოლეგისაგან განსხვავებით, დამსაქმებელმა მოსარჩელის მიმართ გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ფორმა, მაშინ, როცა დარღვევებზე პასუხისმგებელ პირს განესაზღვრა თანამდებობრივი დაქვეითება.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2017 წლის დასაწყისში გამოვლინდა ნავთობპროდუქტების ხარისხის გაუვარგისებისა და დანაკლისის ფაქტები, ამის გამო ფაქტობრივი მდგომარეობის გამოსავლენად საჭირო გახდა ტერმინალში დასაწყობებული ნავთობპროდუქტების არაგეგმური ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის თანახმად, გამოვლინდა პროდუქტების დანაკლისი, სორტნაწუნისა და გადახარისხების ფაქტები.

5. 2018 წლის 29 იანვარს გაიმართა დისციპლინური კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილეს ტერმინალის შიდა საგამოძიებო კომისიის მოკვლევის შედეგები - 2018 წლის №… აქტი, რომლითაც გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურებრივი ინსტრუქციის თანახმად, ვალდებულებებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. დისციპლინური კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალურმა დირექტორმა, გამოსცა ბრძანება მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თანამდებობრივი ვალდებულების არაერთგზის შეუსრულებლობის, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებისა და საზოგადოების შინაგანაწესის პირობების უხეში დარღვევის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2018 წლის 6 თებერვლის ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; დასაქმებული დამსაქმებელ კომპანიაში ნედლი ნავთობის შენახვისა და გადატვირთვის სადგურ ,,კ-ის“ უფროსის თანამდებობაზე აღდგა; დამსაქმებელს 2018 წლის 9 თებერვლიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 5000 ლარი დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა; მოსარჩელის მოთხოვნა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აპელანტის მოთხოვნა:

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

9. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა სარწმუნო მტკიცებულებები სადგურ „კ-ში“ გამოვლენილ დარღვევებში მოსარჩელის ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ, ჯერ კიდევ სამსახურებრივი გამოძიების პროცესში და დისციპლინური კომისიის მიერ საკითხის გარკვევისას, ასევე სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას, მოსარჩელე მიუთითებდა გამოვლენილ დარღვევებში მისი ბრალეულობის გამომრიცხავ რამდენიმე გარემოებაზე, რაც მოპასუხემ ვერ უარყო/გააქარწყლა. მაგალითისათვის, მოსარჩელის განმარტებით, მიღებული ნავთობპროდუქტის დანაკლისს განაპირობებდა ის გარემოება, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელის, საამქროს უფროსის – მ. გ-ის (შემდგომ - საამქროს უფროსი) დავალებით, მიღებული ნავთობპროდუქტების განთავსება ცალკეულ შემთხვევაში, დადგენილი წესის დარღვევით ხდებოდა არა ექსკლუზიურ რეზერვუარებში, არამედ ბუფერულ რეზერვუარებში, რომლის კონტროლი სცილდებოდა მოსარჩელის უფლებამოსილების სფეროს. ამ გარემოების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ბუფერულ რეზერვუარებში ნავთობის ჩატვირთვის ფაქტი კი, დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით (აღრიცხვის ჟურნალის ასლი - ტომი 2, ს. ფ…-..). მოსარჩელის მტკიცებით, ტვირთის მიღებისა და აღრიცხვის პროცესს, კონკრეტულ შემთხვევებში, აწარმოებდა მისი უშუალო ხელმძღვანელი - საამქროს უფროსი ისე, რომ მას არ აწვდიდა შესაბამის ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, მას არ გააჩნდა კონტროლის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს ადასტურებენ ტერმინალის სხვა თანამშრომლებიც (მაგ. მოსარჩელის მოადგილის, მოწმის სახით დაკითხული ჯ.ქ-ის ჩვენების მიხედვით, ის იღებდა დავალებებს უშუალოდ საამქროს უფროსისგან, რაც არ უნდა ეცნობებინა მოსარჩელისათვის). მოპასუხე მხარეს ამ გარემოების გასაქარწყლებლად რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ აქვს. გარდა ამისა, თანამშრომლები საამქროს უფროსის მიერ კომპანიაში შექმნილ არაჯანსაღ სამუშაო გარემოზე მიუთითებდნენ.

10. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციამ დასაქმებულის მიმართ ისე გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ფორმა, რომ არ შეაფასა გამოვლენილ დარღვევებში დასაქმებულის ბრალეულობის ხარისხი, დასაქმებულის მითითების მიუხედავად, არ იმსჯელა და არ შეაფასა, არსებობდა თუ არა მოვალეობათა ჯეროვნად შესრულების დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, რაც გამორიცხავდა ან შეამსუბუქებდა დასაქმებულის პასუხისმგებლობას. ასევე არ იმსჯელა შედარებით უფრო მსუბუქი სანქციის დაკისრების მიზანშეწოლობაზე.

11. ამასთან, პალატამ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე მითითებით, გაიზიარა მოსარჩელის მითითება დამსაქმებლის მხრიდან არათანაბარ, დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, რაც გამოიხატა იმით, რომ შრომის ფაქტობრივად თანაბარი პირობების, იდენტური უფლება - მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის, სამოქმედო არეალში (სადგურებში - „კ-მი“ და „ხ-აია ს-და“) გამოვლენილი იდენტური დარღვევების მიუხედავად, კომპანიაში დასაქმებული ორი კოლეგისაგან განსხვავებით, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ფორმა, მაშინ, როცა დარღვევებზე უშუალოდ პასუხისმგებელ პირს - საამქროს უფროსს განესაზღვრა თანამდებობრივი დაქვეითება, ხოლო მეორე კოლეგა - სადგურ „ხ-ია ს-დას“ უფროსი, სადაც იდენტური დარღვევები გამოვლინდა, საერთოდ არ დაექვემდებარა პასუხისმგებლობას. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მსგავსად მისი კოლეგებიც ერთი წლის მანძილზე სახდელდადებული იყვნენ ერთხელ, მათ შორის საამქროს უფროსს გაცილებით უფრო მკაცრი სახდელი ჰქონდა დადებული (მოსარჩელეს გამოცხადებული ჰქონდა შენიშვნა, ხოლო საამქროს უფროსს - სასტიკი საყვედური). რაიმე ობიექტური გარემოება, რაც გაამართლებდა მოსარჩელესთან მიმართებით განსხვავებულ, მკაცრ მოპყრობას, დამსაქმებელს არ მიუთითებია. ამ გარემოებების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არამართლზომიერად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

კასატორის მოთხოვნა:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივრი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი, რომ მოსარჩელე მასზე სარჩელში საერთოდ არ უთითებდა. ამასთან, სასამართლოს არ მიუთითებია დისკრიმინაციის ნიშანზე. შესაბამისად, მოპასუხე არ იყო ვალდებული, ემტკიცებინა დისკრიმინაციის არარსებობა.

14. მოპასუხე არის მოგებაზე ორიენტირებული მეწარმე სუბიექტი, რომელსაც სჭირდება მაღალხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა კლიენტებისათვის. ნავთობპროდუქტების დანაკარგებითა და ხარისხის გაუარესებით არა მხოლოდ პირდაპირი ზიანი ადგება კომპანიას, არამედ საქმიანი რეპუტაციაც ზიანდება და რთულდება ახალი ნავთობპროდუქტის მოზიდვა.

15. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება მოვალეობების შესრულების ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებლობის თაობაზე. ტერმინალის რეზერვუარებში ნავთობროდუქტების ხარისხის შესანარჩუნებლად და დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით თანამშრომლებისათვის შექმნილია ყველა პირობა, მათ აქვთ აუცილებელი აღჭურვილობა.

16. რაც შეეხება მოსარჩელისა და საამქროს უფროსის შედარებასა და განსხვავებულ მოპყრობას, თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, ამ უკანასკნელის მოვალეობებში შედიოდა სტრუქტურული ერთეულების საერთო ხელმძღვანელობითი და მაკონტროლებელი ფუნქცია. ის არ აკონტროლებდა არცერთ რეზერვუარს, არ იღებდა ნავთობს, არ ევალებოდა ნავთობის ხარისხის უშუალო უზრუნველყოფა და ნავთობის ტანკერებზე გადატვირთვა/გაცემა. ბუნებრივია, საამქროს უფროსი პასუხისმგებელი იყო აღმოჩენილ დარღვევებზე, თუმცა მისი პასუხისმგებლობა გამოწვეული იყო უმოქმედობით - სათანადო კონტროლის განუხორციელებლობით. მეორე მხრივ, სწორედ მოსარჩელეს გააჩნდა რეზერვუარზე უშუალო კონტროლი და მხოლოდ მას შეეძლო იმ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, რასაც შეეძლო აღმოჩენილი დარღვევების გამოწვევა. სადგურ ,,კ-ში'' პროდუქტების დანაკლისმა შეადგინა - 41 648 ტონა, რამაც ტერმინალისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია. ეს დანაკლისი შეიძლება გამოეწვია მხოლოდ იმას, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა თავის პირდაპირ თანამდებობრივ მოვალეობებს, არ ატყობინებდა ზემდგომ ხელმძღვანელობას პროდუქტის დანაკარგებისა და სორტსაწუნის არსებობის ფაქტების შესახებ.

17. კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო დარღვევების თანაზომიერი. დადგინდა დარღვევები, რომელთა მიმართებითაც განისაზღვრა პასუხისმგებელი პირები, მათი თანამდებობების, პასუხისმგებლობის ხარისხის, მოქმედებებსა/უმოქმედობასა და შედეგს შორის კავშირის, ბრალეულობის, დარღვევის მიმართ წარმოების დროს დაფიქსირებული დამოკიდებულების გათვალისწინებით, დამსაქმებელმა მიიღო ყველა პირის მიმართ ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელიც არ ყოფილა დისკრიმინაციული. დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დანაკლისებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნავთობროდუქტების შესაძლო მითვისების გამო.

18. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ ნავთობის სორტნაწუნის არსებობაში, ნავთობროდუქტების დანაკლისში, მიღებული/გაცემული ტვირთების შესაბამის ჟურნალსა და ელექტრონულ პროგრამაში არასრულყოფილად/შეცდომით აღრიცხვის ფაქტებში მოსარჩელე იყო ბრალეული პირი, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით ნაკისრი ვალდებულებები.

19. განაცდურის დაკისრებისას, სასამართლომ არ გამოიკვლია და შესაბამისად, არ გაითვალისწინა, რომ იმ რანგის თანამდებობაზე, რომელიც ეკავა მოსარჩელეს, 2018 წლის 1 მარტიდან შეიცვალა თანამდებობრივი სარგო და, ნაცვლად 5000 ლარისა, თანამდებობრივი სარგო 2800 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, თუკი მოსარჩელე არ გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან, მისი შრომის ანაზღაურება 2018 წლის 1 მარტიდან იქნებოდა 2800 ლარი და არა - 5000 ლარი. აქედან გამომდინარე, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შემთხვევაში, მისი ოდენობა სასამართლოს უნდა განესაზღვრა თვეში 2800 ლარით 2018 წლის მარტიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიდის დასკვნამდე, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) - 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

23. კასატორი დასაქმებულის ძირითად დარღვევად მიუთითებს, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დანაკლისს, სორტნაწუნის ფაქტსა და ამ ფაქტების შესახებ ზემდგომი ხელმძღვანელობისთვის შეუტყობინებლობას, ელექტრონულ პროგრამაში დასაქმებულების მიერ შეყვანილი მონაცემების შესაბამისობის კონტროლის არარსებობას.

24. პალატა განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით, სასამართლო აფასებს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტს, დარღვევის ხარისხს, დარღვევის სიხშირეს, დასაქმებულის ბრალეულობას, იმ სამართლებრივ შედეგს, რაც დარღვევას მოჰყვა. როდესაც სუბიექტს ბრალად ვალდებულების დარღვევა ერაცხება, აუცილებელია, დადგინდეს ვალდებულების დამრღვევი სუბიექტისათვის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეიძლება, ბრალად შეერაცხოს ვალდებულება, რომელიც მას არ წარმოშობია. მნიშვნელობა აქვს დასაქმებულის ბრალის ფორმასაც, რადგან ხშირად სწორედ ეს უკანასკნელი ახდენს სამართლებრივ შედეგზე გავლენას.

25. პალატა მიიჩნევს, რომ რაკი სადგურის უფროსს (მოსარჩელე) და მის ზემდგომს (სადგურ „კ-მის“ უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, სადგურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუქი ნავთობრპოდუქტების მიღებისა და გადატვირთვის საამქროს უფროსი) - საამქროს უფროსს იდენტური მოვალეობები ეკისრებოდათ (თანამდებობრივი ინსტრუქციების თანახმად, როგორც საამქროს უფროსი, ისე სადგურის უფროსი პასუხისმგებელი იყო შემდეგზე: შრომითი ხელშეკრულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მუშაკისათვის დაკისრებული ვალდებულებების დროული და ხარისხიანი შესრულება (პუნქტი 4.1), საამქროს საქმიანობის შედეგები და ეფექტურობა (პუნქტი 4.3), მუქ ნავთობპროდუქტების ატვირთვისა და შენახვის ოპერაციის შესრულებაზე დროული და ხარისხიანი შესრულება მათზე არსებულ დოკუმენტებზე მონაცემების შესაბამისობით (პუნქტი 4.5), საამქროს ჟურნალებში შეტანილი მონაცემების შესაბამისობა სისტემა „პელოგას“ ტერმინალის მონაცემებთან (პუნქტი 4.6), მუქი ნავთობპროდუქტების ოდენობა და ხარისხი (პუნქტი 4.7), საამქროს სამეურნეო საქმიანობის დადგენილი ანგარიშის შედგენა, წამომადგენლობა მის სისწორესა და დროულ წარდგენაზე (პუნქტი 4.11), ინვენტარიზაციის გამოვლენილ დანაკლისზე, საამქროს ფასეულობების ზედმეტ მატერიალურ ხარჯებზე და დარღვევებზე (პუნქტი 4.12), თავისი ფუნქციური ვალდებულებების შეუსრულებლობაზე (პუნქტი 4.14) - ტ. 1, ს.ფ. …-…), დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების კვლევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა დარღვევებში/გადაცდომაში სწორედ მის ბრალეულობას აქვს. ამ მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტნზია არ წარმოუდგენია.

26. 05.06.2017 წლისა და 01.07.2017 წლის ინვენტარიზაციის აქტების საფუძველზე, ტერმინალში გამოვლენილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დანაკლისისა და სორტნაწუნის ფაქტების გამო, ტერმინალის გენერალური დირექტორის 19.07.2017 წლის ბრძანებით, მოსარჩელეს გამოეცხადა „შენიშვნა“, ხოლო საამქროს უფროსს – „სასტიკი საყვედური“. შესაბამისად, საწარმოს ხელმძღვანელობამ ნავთობის, ნავთობპროდუქტების დანაკლისისა და სორტნაწუნის არსებობაზე ძირითად პასუხისმგებელ პირად საამქროს უფროსი მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შემდეგ საამქროს უფროსისა და სადგურის უფროსის მოვალეობები არ შეცვლილა. შესაბამისად, გაუგებარია, შემდგომში რამ გამოიწვია დარღვევებზე ძირითად პასუხისმგებელ პირად მოსარჩელის მიჩნევა.

27. კასატორის მითითების თანახმად, ნავთობპროდუქტების არაგეგმური ინვენტარიზაციის მიზნითა და ფაქტობრივი მდგომარეობის გამოსავლენად, შექმნილი სამსახურებრივი გამოძიების კომისიის აქტის საფუძველზე დადგინდა, რომ დანაკლისი გამოწვეული იყო სწორედ მოსარჩელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო. პალატა არ იზიარებს საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამ შეფასებას, რადგან დასკვნიდან საპირისპირო დგინდება. გამოკითხული თანამშრომლებიდან ყველა მათგანი მიუთითებს, რომ საამქროს უფროსი თავად ხელმძღვანელობდა ყველა ოპერაციას, დარღვევებთან დაკავშირებული ფაქტების აღწერისას მთავარ აქცენტს სწორედ საამქროს უფროსის ქმედებეზე აკეთებენ, არცერთი მათგანი არ ახსენებს მოსარჩელეს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ანდა მაკონტროლებელ პირს. მათი განმარტებით, ყველა ნავთობის მიღებისა თუ გადასხმის სადავო ოპერაციას ხელმძღვანელობდა საამქროს უფროსი (მაგ. 02.06.2017 წლის ფაქტთან დაკავშირებით საამქროს უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ მან მიმართა საამქროს უფროსს დარღვევის შესახებ (რეზერვუარში დიდი რაოდენობით წყლის აღმოჩენის შესახებ), რომელიც ამ საკითხით არ დაინტერესებულა. მაშინ როდესაც ყველა ამ ოპერაციას მანამდე და შემდეგ ხელმძღვანელობდა საამქროს უფროსი. საამქროს უფროსი ოპერატორის განმარტებით, ამ დარღვევის თაობაზე მიმართა საამქროს უფროსის მოადგილეს, რომელმაც განაცხადა, რომ ჩამოცილებულია სასაქონლო ოპერაციებში მონაწილეობის მიღებისაგან და გადაამისამართა საამქროს უფროსთან. ამ უკანასკნელმა მიღებული ინფორმაცია რეაგირების გარეშე დატოვა. უფროსი ოპერატორისვე განმარტებით, საამქროს უფროსი თავად ხელმძღვანელობდა ყველა სასაქონლო ოპერაციას. დასკვნიდანვე დგინდება, რომ 01.03.2017 წლის ნედლი ნავთობის ინვენტარიზაციისა და შენახვის აქტზე მოსარჩელემ ხელი არ მოაწერა, რადგან, აქტის შესაბამისად, ის არ ემთხვეოდა გამოთვლებს, აკლდა პროდუქტი. მოსარჩელის ნაცვლად, ინვენტარიზაციის აქტს ხელი მოაწერა საამქროს უფროსმა. დასკვნის თანახმად, ამ ფაქტს ადასტურებს საამქროს სასაქონლო-სავაჭრო ოპერაციების სპეციალისტიც. ამ უკანასკნელის განმარტებითვე, საამქროს უფროსის უშუალო მითითებით ხდებოდა ნავთობის გადასხმა. იგი მიუთითებდა, რომ პროდუქტი ბუფერულ რეზერვუარებში ჩაესხათ, როდესაც ექსკლუზიურ რეზერვუარებში თავისუფალი ადგილი იყო. ოპერაციების სპეციალისტი იმასაც განმარტავს, რომ რეზერვუარში წყლის დიდი რაოდენობის შესახებ ინფორმირებული იყო საამქროს უფროსი, მაგრამ მას არავითარი ზომა არ მიუღია. საამქროს უფროსი ოპერატორის (ესტაკადა N..) გამოკითხვით გაირკვა, რომ ოპერაციები საამქროს უფროსის უშუალო განკარგულებით სრულდებდა, არასწორი ოპერაციების შესახებ მას ყველა ოპერატორი ატყობინებდა, თუმცა ოპერატორების აზრი საამქროს უფროსს არ აინტერესებდა. მთავარი ოპერატორიც განმარტავს ტუმბოებთან არსებული პრობლემების შესახებ ატყობინებდა საამქროს უფროსს (იხ. ტ. 1. ს.ფ. …-..). მნიშვნელოვანია, რომ თავად საამქროს უფროსიც თავის ახსნა-განმარტებაში არ მიუთითებს, რომ ეს ქმედებები მოსარჩელის მოვალეობებში შედიოდა. მისი მტკიცებით, ტანკერიდან პროდუქტის მიღების აქტის ხელმოწერაზე ვალდებული პირი საამქროს უფროსის მოადგილე იყო. ტანკერის დატვირთვის ოპერაციებიც მას ეხებოდა. თავად საამქროს უფროსის მოადგილეც ადასტურებს ამ ფაქტს და განმარტავს, რომ სასაქონლო-სატრანსპორტო ოპერაციების შესახებ აქტებს თავად აწერდა ხელს, ვიდრე საამქროს უფროსი „ჩამოაცილებდა ამ საქმისაგან“. მნიშვნელოვანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტიც, რომ დანაკლისი დაფიქსირდა საამქროს დაქვემდებარებაში მყოფ სხვა სადგურზეც (სადაც მოსარჩელეს კავშირი არ ჰქონია).

28. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის საგამოძიებო კომისიის დასკვნით დგინდება, რომ საამქროსი უფროსის, საამქროს უფროსის მოადგილისა და სადგურის უფროსის მოვალეობები და პასუხისმგებლობის სფერო დოკუმეტურადაც კი არ იყო გამიჯნული, ხოლო თანამშრომელთა გამოკითხვითა და კომისიის გამოკვლევით დადგინდა, რომ მოსარჩელე ფაქტობრივადაც არ იყო პასუხისმგებელი დარღვევაზე, რადგან საამქროს უფროსი ზოგ შემთხვევაში თავად ხელმძღვანელობდა ოპერაციებს და უშუალო მითითებებს აძლევდა თანამშრომლებს, დანარჩენ შემთხვევაში კი, ეწოდებოდა ინფორმაცია პრობლემებისა თუ დარღვევების შესახებ.

29. რაც შეეხება თავად დისციპლინური კომისიის სხდომის ოქმს, ირკვევა, რომ კომისიამ თავისი გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ძირითადად საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და მისი წევრების დისციპლინური კომისიის სხდომაზე გაკეთებულ განმარტებებს დააფუძნა. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე მთავარ პრობლემად გამოყო თანამებობრივი ვალდებულებების ზეპირად დაყოფის პრაქტიკა, სამეწარმეო მონაკვეთების (საამქროების, სადგურების) თანამშრომლებსა და თანამდებობის პირებს შორის, რაც, ბუნებრივია, მოსარჩელეს ვერ შეერაცხება ბრალად. იმ პირობებში კი, როდესაც თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, მათი პასუხისმგებლობის სფერო იდენტური იყო, ბუნებრივიცაა, რომ ვალდებულებები ფაქტობრივად ექნებოდათ გაყოფილი. საგამოძიებო კომისიის დასკვნით კი დადგინდა, რომ იმ ოპერაციებს, სადაც დარღვევები გამოვლინდა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა და აკონტროლებდა საამქროს უფროსი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით გამოვლენილ დარღვევებში მოსარჩელის ბრალეულობა არ დასტურდება. თავმჯდომარემ კოლექტივში ნორმალური სამუშაო კლიმატის არარსებობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ძირითადად გამოწვეული იყო საამქროს უფროსსა და მის მოადგილეს შორის დაძაბული ურთიერთობით. ამ ფაქტთან მოსარჩელის კავშირი მით უფრო არ დგინდება. ნიშანდობლივია, რომ კომისიის წევრის მოხსენების მიხედვით, გამოვლინდა მიზეზთა რიგი, რომელმაც გამოიწვია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დანაკლისი, მათ შორის, ტვირთის მიღების აქტის არასრულყოფილი გაფორმება, აქტის ხელმოწერა პირის მიერ, რომელიც კომისიამ ვერ გამოავლინა.

30. ოქმში აღნიშნულია, რომ საამქროს უფროსს, მის მოადგილესა და სადგურის უფროსის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური სახდელი, თუმცა სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. პალატა, კიდევ ერთხელ, მიუთითებს, რომ საამქროს უფროსს სასტიკი საყვედური, ხოლო სადგურის უფროსს შენიშვნა გამოეცხადა. ამდენად, არც კომისიის ოქმიდან არ ირკვევა, რა გახდა დარღვევებზე პასუხისმგებელ პირად სწორედ მოსარჩელის მიჩნევის საფუძველი და რატომ გამოიყენა საწარმომ პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ მის მიმართ.

31. ამასთან, კასატორი ადასტურებს, რომ საამქროს უფროსი პასუხისმგებელი იყო აღმოჩენილ დარღვევებზე, თუმცა ვერ ადასტურებს მოსარჩელის თანაბრალეულობის იმ ხარისხს, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ მის მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმის გამოყენება ადეკვატური და თანაზომიერი სახდელი იყო, მაშინ, როდესაც საამქროს უფროსს პასუხისმგებლობის ფორმად განესაზღვრა თანამდებობრივი დაქვეითება.

32. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია დასაქმებულის უფლების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი - შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნება უპირატესია მის შეწყვეტასთან შედარებით. აღნიშნული მოიაზრებს იმას, რომ ყველაზე მძიმე სანქცია - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებელმა მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანი, არსებითი და მძიმეა, რომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: დამსაქმებლის მხრიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მისი ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით (შდრ. სუსგ. საქმე №ას-1276-1216-2014, 18.03. 2015 წელი; №ას-787-736-2017, 10.11.2017 წელი).

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის საკმარისად დასაბუთებული, დამსაქმებელმა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად არსებული გარემოების მტკიცება, შრომით დავებში არსებული სტანდარტით, ვერ უზრუნველყო. შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (შდრ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03.2015 წელი; №ას-922-884-2014, 16 04.2015 წელი).

34. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ რეზერვუარზე უშუალო კონტროლს მოსარჩელე ახორციელებდა და მხოლოდ მას შეეძლო იმ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, რასაც შეეძლო აღმოჩენილი დარღვევების გამოწვევა, არასაკმარისი მტკიცებულებაა დასაქმებული ბრალეულობის დადგენისათვის და ვერ აბათილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც საწინააღმდეგოს ადასტურებს. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გარკვეული დარღვევები მოსარჩელეს, შესაძლოა, ჰქონდა (რასაც თავადაც აღიარებს), რაც უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გაამართლებდა, თუმცა, რაკი დასაქმებულის მიერ მითითებული დარღვევები მოსარჩელეს ბრალად ვერ შეერაცხება, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ადეკვატურ და პროპორციულ ღონისძიებად ვერ მიიჩნევა.

35. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ განაცდურის დაკისრებისას, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და, შესაბამისად, არ გაითვალისწინა, რომ იმ რანგის თანამდებობაზე, რომელიც ეკავა მოსარჩელეს, 2018 წლის 1 მარტიდან შეიცვალა თანამდებობრივი სარგო და, ნაცვლად 5000 ლარისა, თანამდებობრივი სარგო 2800 ლარით განისაზღვრა, საკასაციო პალატა მიუთითებს, სსსკ-ის 219-ე მუხლზე, რომლის პირველ ნაწილის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მხარეები, ფაქტებისა თუ მტკიცებულებების წარდგენისას, შეზღუდული არიან საქმის მოსამზადებელი პერიოდით. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად დაშვება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ დროისათვის დასრულებულია მხარეთა პოზიციებისა თუ მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლო უკვე შეგროვებული მასალების არსებითად გამოკვლევის გზით გადაწყვეტს საქმეს, თავის მხრივ, მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ ახალი გარემოებების მითითება და გაზიარება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზით მათი მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენის შეუძლებლობისას. სასამართლო კი განიხილავს და საქმის გადაწყვეტისას ითვალისწინებს მხოლოდ ამ წესით საქმეზე დართულ მტკიცებულებებს. სსსკ-ის 219-ე მუხლისა და 380-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ახალი გარემოება, რადგან ის დაგვიანებით, საპატიო მიზეზის გარეშე წარედგინა სასამართლოს.

36. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ბ-ის ნ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე