საქმე №ას-527-2022 23 ივნისი, 2022 წელი, თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,თ-ი ს-ი მ-ალ“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ. კ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ. კ-ძე (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) 2017 წლის სექტემბრიდან, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ე-ტ ბ-ის ჰ-ში“ დასაქმდა.
2. მხარეებს შორის 2018 წელს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება 24-საათიანი მორიგეობისათვის 249.60 ლარით (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, ანუ ხელზე ასაღები - 195.70 ლარით) განისაზღვრა.
3. შპს „ე-ტ ბ-ის ჰ-მა“ 2019 წლის 1 აგვისტოდან შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა შპს „თ-ი ს-ი მ-ალ“ (შემდგომ - დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი).
4. 2019 წლის 1 აგვისტოს დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, 24-საათიანი მორიგეობის შრომის ანაზღაურება გაიზარდა და შეადგინა 312 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, ანუ ხელზე ასაღები - 244.60 ლარი).
5. დასაქმებულმა 2019 წლის აპრილში იმორიგევა 4 დღე და შრომის ანაზღაურების სახით უნდა მიეღო 998.4 ლარი; მაისში - 7 დღე და უნდა ანაზღაურებოდა 1747.2 ლარი; ივნისში - 5 დღე და უნდა მიეღო 1248 ლარი; იმავე წლის ივლისში - 4 დღის მორიგეობისთვის ეკუთვნოდა შრომის ანაზღაურება - 998.4 ლარი; 2019 წლის სექტებერში - 4 დღიანი მორიგეობისათვის - 1248 ლარი; 2020 წლის მარტში 4-დღიანი მორიგეობისათვის - 1248 ლარი; იმავე წლის მაისში 5-დღიანი მორიგეობისათვის - 1560 ლარი; 2020 წლის ივნისში 4-დღიანი მორიგეობის გამო ერგებოდა 1248 ლარი, იმავე წლის ივლისში კი - 5-დღიანი მორიგეობისთვის შრომის ანაზღაურების სახით უნდა მიეღო 1560 ლარი (ზემოაღნიშნული თანხები დაანგარიშებულია საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით).
6. დამსაქმებელმა დასაქმებულს 2020 წლის 29 სექტემბერს აუნაზღაურა 2019 წლის სექტემბრის ხელფასის ნაწილი - ხელზე ასაღები 489.25 ლარი, 2020 წლის 10 ივლისს - 2020 წლის მარტის ხელფასის ნაწილი - 489.21 ლარი, 2021 წლის 26 თებერვალს - 2020 წლის მაისის ხელფასის ნაწილი - 611.52 ლარი, 2021 წლის 14 იანვარს - 2020 წლის ივნისის ხელფასის ნაწილი - 489.21 ლარი, 2021 წლის 2 მარტს - 2020 წლის ივლისის ხელფასის ნაწილი - 700 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
.
7. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების - 8337 ლარისა და პირგასამტეხლოს (დაყოვნების დროიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ოდენობით) მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი არაკვალიფიციური შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით 8336.43 ლარის (2019 წლის აპრილის - 998.4 ლარის, 2019 წლის მაისის - 1747.2 ლარის, 2019 წლის ივნისის - 1248 ლარის, 2019 წლის ივლისის - 998.4 ლარის, 2019 წლის სექტემბრის - 636.43 ლარის, 2020 წლის მარტის - 624 ლარის, იმავე წლის მაისის - 780 ლარის, 2020 წლის ივნისის - 624 ლარის, 2020 წლის ივლისის - 680 ლარის) გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. აგრეთვე, დაეკისრა: 2019 წლის აპრილის სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველთვიურად 998.4 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) 0.07% 2019 წლის 25 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2019 წლის მაისის სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 1747.2 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) 0.07% 2019 წლის 25 ივნისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2019 წლის ივნისის სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 1248 ლარის 0.07% 2019 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2019 წლის ივლისის სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 998.4 ლარის 0.07% 2019 წლის 25 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2019 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 636.43 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) 0.07% 2019 წლის 25 ოქტომბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2020 წლის მარტის სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 624 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) 0.07%, 2020 წლის 25 აპრილიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 2020 წლის მაისის სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 780 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) 0.07% 2020 წლის 25 ივნისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2020 წლის ივნისის სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 624 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) 0.07% 2020 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე და 2020 წლის ივლისის სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 680 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) 0.07% 2020 წლის 25 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო სასამართლომ შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების მასზე გაუმართლებლად დაკისრების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა დამსაქმებელს, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარადგინა დასაბუთებული არგუმენტები, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, რისი გათვალისწინებითაც დასაქმებულისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სამართლებრივი წინამძღვრები არსებობდა.
13. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის 41.4 მუხლზე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის 31.3 მუხლი) მითითებით, მართებულად მიიჩნია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაც.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ (მოწინააღმდეგე მხარემ) სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა, პირველი ინსტანციის სასამართლომ კი არასწორად შეკრიბა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოპასუხეს (დამსაქმებელს) დააკისრა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ამას მოსარჩელე ითხოვდა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 248-ე მუხლის უხეში დარღვევაა.
16. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი. მართალია, წინამდებარე დავა შრომითი დავაა, თუმცა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური შემთხვევა უკავშირდება მხოლოდ დისკრიმინაციისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის დავებს.
17. კასატორს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრებისას არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მეტყველებდა მოპასუხის არაბრალეულობაზე, კერძოდ, მოპასუხე წარმოადგენს კლინიკას, რომლის მიერ გაღებული ხარჯსა და შრომის ანაზღაურებას სახელმწიფო რიცხავს 3-4 თვის დაგვიანებით, რისი გათვალისწინებითაც, ვადის გადაცილებაში დამსაქმებლის ბრალეულობა არ იკვეთება.
18. კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებულ სახელფასო დავალიანებასაც და განმარტავს, რომ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტით სახელფასო დავალიანების არარსებობა დასტურდებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.
24. კასატორის (მოპასუხის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევასა და მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებას, ამასთან, კასატორის მითითებით, სახელფასო ანგარიშსწორების დაყოვნებაში დამსაქმებლის ბრალეულობა არ იკვეთება, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დამსაქმებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისას არ გაითვალიწინა.
25. საკასაციო პალატა არ იზიარებს მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში, კერძოდ, რაკი მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც სახელფასო დავალიანების არარსებობას დაადასტურებდა.
26. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სახელდობრ კი, მან ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების - სახელფასო დავალიანების ოდენობის უტყუარობის გაქარწყლება. რაც შეეხება ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამიდან წარმოდგენილ ბარათს, საკასაციო პალატა სადავო გარემოების დასადასტურებლად აღნიშნულს არსებით მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან მასში მითითებული გადარიცხვების დრო და თანხის ოდენობა არ ემთხვევა საბანკო ამონაწერებით დასაქმებულის მიერ მიღებულ შემოსავლებს, ამასთან, ნიშანდობლივია, რომ არ ირკვევა მის შედგენაზე უფლებამოსილი პირიც და მტკიცებულებაზე არ არის აღნიშნული დირექტორისა და ბუღალტრის ხელმოწერა, მაშინ, როდესაც ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით კი, ეკონომიკური მოვლენების დამადასტურებელ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს როგორც წერილობით, ისე - ელექტრონულად ხელს აწერს სუბიექტის ხელმძღვანელობისათვის პასუხისმგებელი პირი, ბუღალტერი ან სუბიექტის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა პირები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენიზას, სახელფასო დავალიანების არარსებობის თაობაზე.
27. რაც შეეხება სახელფასო დავალიანების დაყოვნებაში დამსაქმებლის არაბრალეულობას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ნორმა ადგენს შრომითი ხელშეკრულების მხარეთა ფუნდამენტურ ვალდებულებებს - დასაქმებულისთვის სამუშაოს შესრულებისა და დამსაქმებლისათვის ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას. ეს არის შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტები, რომელთა გარეშეც შრომითი ხელშეკრულების არსებობა გამორიცხულია. შრომითი ურთიერთობის არსებობის ინდიკატორი სწორედ სამუშაოს შემსრულებლისათვის ანაზღაურების გადახდაა, დასაქმებულისათვის ანაზღაურების ვალდებულება კი, დამსაქმებელს ეკისრება.
28. საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს კასატორის არგუმენტზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 248-ე მუხლი დაარღვია და დამსაქმებელს იმაზე მეტი თანხა დააკისრა, ვიდრე დასაქმებული ითხოვდა (კასატორის განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ შემცირდა), რადგან აღნიშნული საკითხი დამსაქმებელს სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია (იხ. სააპელაციო საჩივარი). სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ვინაიდან სააპელაციო პალატას კასატორის მიერ მითითებული საკითხი არ შეუფასებია, იგი ვერც ზემდგომი ინსტანციის მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
29. საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უარყოფს დამსაქმებლის პოზიციას და განმარტავს, რომ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ისევე, როგორც ხელფასის ოდენობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება და ფაქტობრივად შესრულებულია სამუშაო, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, შრომის ანაზღაურება არ დასტურდება, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, განჩინება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-370-370-2018, 2 აგვისტო, 2018 წელი; №ას-45-45-2018, 18 მაისი, 2018 წელი; №ას-138-138-2018, 17 აპრილი, 2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივსამართლებრივად დაუსაბუთებელია.
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1429-2020, 2022 წლის 18 მარტის განჩინება; №ას-1068-2021, 2022 წლის 18 მარტის განჩინება; №ას-1798-2019, 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება; №ას-359-2021, 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება).
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,თ-ი ს-ი მ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს ,,თ-ი ს-ი მ-ლს“ (ს/ნ ---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №…., სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 473.70 ლარის (საგადასახადო დავალება … / გადახდის თარიღი 04.04.2022), 70% - 331.59 და სახელმწიფო ბაჟის 185.30 ლარის (საგადასახადო დავალება …. / გადახდის თარიღი 19.05.2022), 70% - 129.71 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
ვლადიმერ კაკაბაძე